გულმკერდის ღრმა კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდის ღრმა კუნთები Deep muscles of thorax

გულმკერდის ღრმა კუნთები მოკლე ბრტყელი კუნთებია, ავსებენ ნეკნთაშუა სივრცეებს და იყოფიან გარეთა, შიგნითა და ყველაზე შიგნითა კუნთებად. ესენია:
ნეკნთაშუა გარეთა კუნთები – mm. intercostales externi
ნეკნთაშუა შიგნითა კუნთები – mm. intercostales intemi
ნეკნთაშუა ყველაზე შიგნითა კუნთები – mm. intercostales intimi
ნეკნქვეშა კუნთები – mm. subcostales
გულმკერდის განივი კუნთი – m. transversus thoracis

გულმკერდის კუნთები

1. ნეკნთაშუა გარეთა კუნთები – mm. intercostales externi ავსებენ ნეკნთაშუა სივრცეებს; თითოეული კუნთი იწყება ნეკნის ქვემო კიდიდან, მიემართება ირიბად ქვემოთ და წინისაკენ და მთავრდება ქვემოთ მდებარე ნეკნის ზემო კიდეზე. ეს კუნთები არ არის ნეკნების ხრტილოვან ნაწილებში და ამ ადგილს ავსებს ნეკნთაშუა გარეთა აპკი – membrana intercostalis externa. გულმკერდის კედლის უკანა ნაწილში ნეკნთაშუა გარეთა კუნთები ესაზღვრებიან ნეკნების ამწევ კუნთებს – mm. levatores costarum.

მოქმედება: ნეკნთაშუა კუნთები საკმაოდ ძლიერი კუნთებია და მონაწილეობენ სუნთქვის აქტში (ჩასუნთქვა).
ინერვაცია: nn. intereostales (Th1-Th11).
სისხლმომარაგება: aaa. intereostales, thoracica interna, musculophrenica.

2. ნეკნთაშუა შიგნითა კუნთები – mm. intercoslales interni იწყებიან ნეკნის ზემო კიდიდან, მიემართებიან ირიბად ზემოთ და წინ და მთავრდებიან ზემოთ მდებარე ნეკნის ქვემო კიდის გასწვრივ. ნეკნთაშუა შიგნითა კუნთები არ არის ნეკნთაშუა სივრცის უკანა ნაწილში და ამ ადგილს ავსებს ნეკნთაშუა შიგნითა აპკი – membrana intercostalis interna. კვება და ინერვაცია ისეთივეა, როგორც ნეკნთაშუა გარეთა კუნთებში.

3. ნეკნთაშუა ყველაზე შიგნითა კუნთები – mm. intercostales intimi განლაგებულია ნეკნთაშუა შიგნითა კუნთების შიგნითა ზედაპირზე, აქვთ იმავე მიმართულების ბოჭკოები და უმაგრდებიან მომიჯნავე ნეკნების შიგნითა ზედაპირებს.
ინერვაცია: nn. intereostales (Th1-Òh11).
სისხლმომარაგება ისეთივეა, როგორც mm. intereostales extemi.

4. ნეკნქვეშა კუნთები – mm. subcostales განლაგებულია ქვედა ნეკნების შიგნითა ზედაპირზე, მათ უკანა ბოლოებზე. აქვთ ისეთივე დასაწყისი და მიმართულება, როგორიც ნეკნთაშუა შიგნითა კუნთებს, მაგრამ განსხვავდებიან იმით, რომ მათი კონები მაგრდებიან ერთი ნეკნის გამოტოვებით.

მოქმედება: ნეკნთაშუა შიგნითა და ნეკნქვეშა კუნთები მონაწილეობენ სუნთქვის აქტში (ამოსუნთქვა).
ინერვაცია: nn. intereostales (Th1-Òh11).
სისხლმომარაგება: aa. intereostales.

გულმკერდის კუნთები

5. გულმკერდის განივი კუნთი – m. transversus thoracis ბრტყელი თხელი, მარაოსებრი ფორმის კუნთია, მდებარეობს ხრტილოვანი ნეკნების უკანა ზედაპირზე. იწყება მკერდის ძვლის სხეულის ქვემო ნაწილისა და მახვილისებრი მორჩის შიგნითა ზედაპირიდან. კუნთის კონები მიემართებიან ირიბად ზემოთ და ლატერალურად, უმაგრდებიან III-IV ნეკნების შიგნითა ზედაპირს.
მოქმედება: მონაწილეობს სუნთქვის აქტში (ამოსუნთქვა).
ინერვაცია: nn. intercostales (Th2-Th6).
სისხლმომარაგება: aa. intercostales.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.