კისრის ფასციები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. კისრის ფასციები Fascia of neck

კისრის მიდამოში მდებარეობს კისრის ფასცია – fascia cervicalis, რომელშიც არჩევენ სამ ფირფიტას.
ზედაპირული ფირფიტა – Lamina superficialis ფარავს კისრის ყველა კუნთსა და ყბისქვეშა ჯირკვალს – gl. submandibularis;
სასულესწინა ფირფიტა – Lamina pretrachealis წარმოქმნის ბუდეს ინის ძვალს ქვემოთ მდებარე ყველა კუნთისათვის, ასევე გარს აკრავს ნერვულ – სისხლძარღვოვან კონასა და კისრის ორგანოებს;
ხერხემლისწინა ფირფიტა – lamina prevertehralis წარმოქმნის ბუდეს ხერხემლისწინა ჯგუფის კუნთებისათვის.

კისრის ფასციები
1. კისრის ფასციის ზედაპირული ფირფიტა – lamina superficialis, წარმოადგენს კისრის მიდამოსა და გულმკერდის საკუთარი ფასციის გაგრძელებას. ფასციის ქვემო ნაწილი დამაგრებულია ლავიწის წინა კიდეზე და მკერდის ტარზე. ზემოთ აწევისას ფასცია იხლიჩება, წარმოქმნის ბუდეს მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთისათვის; აღწევს ინის ძვალს, უმაგრდება მას და გადადის ინის ძვლის ზემოთ მდებარე კისრის კუნთებზე. ზედაპირული ფირფიტა ქმნის ბუდეს აღნიშნული კუნთებისათვის და ყბისქვეშა ჯირკვლისათვის და გრძელდება სახის მიდამოზე. ამასთან, იგი გადადის საღეჭ და ყბა-ყურა ფასციაზე – fascia masseterica et fascia parotidea. კისრის უკანა ნაწილში ზედაპირული ფირფიტა გადადის ზურგისა და მხრის საკუთარ ფასციაში. ტრაპეციული კუნთის – m. trapezius გარეთა კიდესთან იგი იხლიჩება, გარს ეკვრის ამ კუნთს და უმაგრდება ქედის იოგს – lig. nuchae.

2. კისრის ფასციის სასულესწინა ფირფიტა – lamina pretrachealis, იწყება ლავიწის უკანა ზედაპირიდან და მკერდის ტარიდან, მიემართება ზემოთ, წარმოქმნის ბუდეს ფარისებრი ჯირკვლისა და ინის ძვლის ქვემოთ მდებარე კუნთებისათვის. ამ ფირფიტის ზემო ნაწილები ინის ძვლის დონეზე გადადიან ზედაპირულ ფირფიტაში; გარეთა ნაწილები კი გზავნიან მორჩებს კისრის ორგანოებისაკენ (ხორხი, სასულე, ხახა, საყლაპავი), და წარმოქმნიან ე. წ. საძილე ბუდეს – vagina carotica კისრის ნერვულ – სისხლძარღვოვანი კონისათვის. მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის უკანა კიდესთან სასულესწინა ფირფიტა შეზრდილია ზედაპირულ ფირფიტასთან. სასულესწინა ფირფიტის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ბეჭ – ინის კუნთებს შორის და მოსაზღვრულია ზემოდან ინის ძვლით, ქვემოდან კი – ლავიწებითა და მკერდის ტარით, გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით და ქმნის ბეჭ – ლავიწის აპონევროზს.

3. ხერხემლისწინა ფირფიტა – lamina prevertebralis, იწყება ქალას ფუძიდან, მიემართება ქვემოთ, ფარავს კისრის ხერხემლისწინა ჯგუფის კუნთებს. მისი გარეთა ნაწილები შეზრდილია კისრის მალების ნეკნოვან მორჩებთან – Processus costarius. ამგვარად, ფირფიტა კისრის მალებთან ერთად ქმნის ძვალ – ფიბროზულ ბუდეს აღნიშნული ჯგუფის კუნთებისათვის. ფირფიტის ქვემო ნაწილები, გულმკერდის მესამე მალის დონეზე გადადიან მკერდშიგა ფასციაში – fascia endothoracica. პერიფრიაზე ფასცია გადადის კიბისებრ კუნთებზე.

კისრის ფასციებსა და შინაგან ორგანოებს შორის იქმნება ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით ამოვსებული სივრცეები.
1. მკერდზედა აპონევროზშუა სივრცე – spatium interaponeuroticum suprasternale, მდებარეობს მკერდის ძვლის ტარის საუღლე ნაჭდევის ზემოთ, კისრის ფასციის ზედაპირულსა და სასულესწინა ფირფიტებს შორის. ეს სივრცე გრძელდება მარჯვენა და მარცხენა გვერდით ჩაღრმავებაში, რომელიც მდებარეობს მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის უკან.

2. წინა ვისცერული სივრცე – spatium previscerale მდებარეობს კისრის ფასციის სასულესწინა ფირფიტასა და კისრის შინაგან ორგანოებს შორის.

3. უკანა ვისცერული სივრცე – spatium retroviscerale იქმნება კისრის ფასციის ხერხემლისწინა ფირფიტასა და კისრის შინაგან ორგანოებს შორის

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.