საღეჭი კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. საღეჭი კუნთები mm. masseter; Mastication muscles

საღეჭი კუნთების შეკუმშვისას ხდება ქვედა ყბის გადაადგილება და ღეჭვის აქტის შესრულება. თითოეულ საღეჭ კუნთს აქვს მოძრავი წერტილი ქვედა ყბაზე და უძრავი წერტილი, ანუ დასაწყისი – ქალას ძვლებზე.
არსებობს საღეჭი კუნთების ოთხი წყვილი:
1. საღეჭი კუნთი – m. masseter
2. საფეთქლის კუნთი – m. temporalis
3. მედიალური ფრთისებრი კუნთი – m. pterygoideus medialis
4. ლატერალური ფრთისებრი კუნთი – m. pterygoideus lateralis

საღეჭი კუნთები

1. საღეჭი კუნთი – m. masseter იწყება ყვრიმალის რკალის ქვემო კიდიდან ორი ნაწილით: ზედაპირული და ღრმა ნაწილებით. ზედაპირული ნაწილი – pars superficialis იწყება მყესოვანი კონებით ყვრიმალის რკალის წინა და შუა ნაწილებიდან; ღრმა ნაწილი- pars profunda იწყება ყვრიმალის რკალის შუა და უკანა ნაწილებიდან. ზედაპირული ნაწილის კუნთოვანი კონები მიემართებიან ირიბად ქვემოთ და უკან, ღრმა კონები კი – ქვემოთ და წინ. საღეჭი კუნთის ორივე ნაწილი უერთდება ერთმანეთს და უმაგრდება ქვედა ყბის ტოტის გარეთა ზედაპირსა და მის კუთხეს საღეჭი ხორკლის – tuberositas masseterica მიდამოში.
მოქმედება: ზემოთ სწევს ქვემოთ დაწეულ ქვედა ყბას; კუნთის ზედაპირული ნაწილი მონაწილეობს ყბის წინ გამოწევაში.
ინერვაცია: n. massetericus (n. trigeminus).
სისხლმომარაგება: àà. facialis, masseterica, transversa faciei.

2. საფეთქლის კუნთი – m. temporalis ავსებს საფეთქლის ფოსოს – fossa temporalis; იწყება სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის საფეთქლისმხრივი ზედაპირიდან – Facies temporalis და საფეთქლის ძვლის ქიცვიდან – Pars squamosa. კუნთის კონები მიემართებიან ქვემოთ, კონვერგირდებიან და ქმნიან ძლიერ მყესს, რომელიც გაივლის ყვრიმალის რკალიდან შიგნით და უმაგრდება ქვედა ყბის გვირგვინისებრ მორჩს – Processus coronoideus.
მოქმედება: კუნთის ყველა კონის შეკუმშვისას ზევით იწევს დაწეული ქვედა ყბა; უკანა კონები წინ გამოწეულ ქვედა ყბას უკან სწევენ.
ინერვაცია: nn. temporales profundi (n. trigeminus).
სისხლმომარაგება: aa. temporales profunda et superficialis.

საღეჭი კუნთები

3. ლატერალური ფრთისებრი კუნთი – m. pterygoideus lateralis იწყება ორი ნაწილით, ანუ ორი თავით: ზედა და ქვედა თავებით. კუნთის ზემო თავი იწყება სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის საფეთქელქვედა ქედიდან – crista infratemporalis და შიგნითა ზედაპირიდან და უმაგრდება საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის სასახსრე ჩანთის მედიალურ ზედაპირსა და სასახსრე დისკოს. ქვედა თავი იწყება სოლისებრი ძვლის ფრთისებრი მორჩის ლატერალური ფირფიტის – Lamina lateralis processus pterygoidei გარეთა ზედაპირიდან, მიემართება უკან, უმაგრდება ქვედა ყბის ფრთისებრ ღრმულს – fovea pterygoidea. კუნთის ზედა და ქვედა თავებს შორის არსებობს ნაპრალი, რომელშიც გაივლის ლოყის ნერვი – n. buccalis.

მოქმედება: ქვედა ყბას გადაანაცვლებს მოპირდაპირე მხარეზე; კუნთის ორმხრივი შეკუმშვისას ქვედა ყბა გამოდის წინ.
ინერვაცია: n. pterygoideus lateralis (n. trigeminus).
სისხლმომარაგება: a. maxillaris.

4. მედიალური ფრთისებრი კუნთი – m. pterygoideus medialis იწყება სოლისებრი ძვლის ფრთისებრი ფოსოდან – fossa pterygoidea, მიემართება უკან და ქვემოთ, უმაგრდება ქვედა ყბის ფრთისებრ ხორკლს – tuberositas pterygoidea.
მოქმედება: ქვედა ყბას სწევს მოპირდაპირე მხარეზე; ორმხრივი შეკუმშვისას ქვედა ყბას სწევს წინ და ზემოთ სწევს დაწეულ ქვედა ყბას.
ინერვაცია: n. pterygoideus medialis (n. trigeminus).
სისხლმომარაგება: აა. alveolares, buccalis, facialis.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.