ზურგის ღრმა კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ზურგის ღრმა კუნთები   Deep muscles of back

ზურგის ღრმა (საკუთარი) კუნთები იყოფა გრძელ და მოკლე კუნთებად.

ზურგის გრძელი კუნთები:

I. თავის სალმუნის კუნთი – m. splenius capitis იწყება ქედის იოგიდან – ligamentum nuchae და კისრის III – გულმკერდის III მალების წვეტიანი მორჩებიდან და მთავრდება ქედის ზემო ხაზის განაპირა ნაწილებზე და დვრილისებრი მორჩის – processus mastoideus უკანა კიდის გასწვრივ.

ზურგის კუნთები

II. კისრის სალმუნის კუნთი – m. splenius cervicis იწყება გულმკერდის III-V მალების წვეტიანი მორჩებიდან და მთავრდება კისრის ზედა 2 – 3 მალის განივი მორჩების უკანა ბორცვებზე.

მოქმედება: ორმხრივი შეკუმშვისას თავსა და კისერს სწევს უკან, ერთ მხარეზე შეკუმშვისას – ატრიალებს მათ გვერდითი მხარისაკენ.
ინერვაცია: n. occipitalis major et nn. cervicales III-IV.

III. ტანის გამმართველი კუნთი – m. erector trunci ზურგის ყველაზე გრძელი და ძლიერი კუნთია და გასდევს ხერხემალს მთელს სიგრძეზე. ეს კუნთი იწყება თეძოს ქედის – crista iliaca უკანა ნაწილიდან, გავის ძვლის დორსალური ზედაპირიდან, წელის ქვედა მალების წვეტიანი მორჩებიდან და, ნაწილობრივ, გულმკერდ – წელის ფასციის ზედაპირული ფურცლიდან; კუნთი მიემართება ზემოთ და წელის მიდამოში იყოფა სამ ნაწილად:
1. ლატერალურად მდებარე თეძო – ნეკნების კუნთი – m. iliocostalis;
2. მედიალურად მდებარე წვეტიანი კუნთი – m. spinalis;
3. მათ შორის მდებარე უგრძესი კუნთი – m. longissimus.

1. თეძო – ნეკნების კუნთი – m. iliocostalis, თავისი მრავალრიცხოვანი კუნთოვანი და მყესოვანი კბილებით უმაგრდება ნეკნების კუთხეებსა და კისრის ქვედა მალების განივ მორჩებს; ტოპოგრაფიულად იგი იყოფა: ა) წელის თეძო – ნეკნების კუნთი – m. iliocostalis lumborum; ბ) გულმკერდის თეძო – ნეკნების კუნთი – M. iliocostalis thoracis; გ) კისრის თეძო – ნეკნების კუნთი – M. iliocostalis cervicis.

ა) წელის თეძო – ნეკნების კუნთი – m. iliocostalis lumborum იწყება გულმკერდ – წელის ფასციიდან და გავის ლატერალური ქედის – Crista sacralis lateralis უკანა ნაწილიდან, მიემართება გვერდით მხარეზე და ზემოთ, იძლევა 8 – 9 კბილს, რომლებიც თხელი ვიწრო მყესებით უმაგრდებიან ქვედა 8-9 ნეკნის კუთხეებს.

ბ) გულმკერდის თეძო – ნეკნების კუნთი – m. iliocostalis thoracis, იწყება ქვედა 5-6 ნეკნის კუთხეებთან ახლოს, მიემართება ირიბად ზემოთ და გარეთ და მყესებით უმაგრდება ზედა 5-7 ნეკნის კუთხეებს;

გ) კისრის თეძო – ნეკნების კუნთი – m. iliocostalis cervicis, იწყება ზედა 5-7 ნეკნის კუთხეებიოდან, მიემართება ასევე ირიბად ზემოთ და ლატერალურად და სამი კბილით უმაგრდება კისრის IV, V და VI მალების განივი მორჩების ბორცვებს.
ინერვაცია: nn. spinales (C3-C9; Th1-Th12; L1).

2. უგრძესი კუნთი – m. longissimus მდებარეობს წინა კუნთის მედიალურად, გავიდან ქალას ფუძემდე. ტოპოგრაფიულად მასში არჩევენ სამ ნაწილს: ა) გულმკერდის უგრძესი კუნთი – m. longissimus thoracis – იწყება წელისა და გულმკერდის ქვედა 6-7 მალის განივი მორჩებიდან, მიემართება ზემოთ, უმაგრდება ქვედა 10 ნეკნის კუთხეებსა და გულმკერდის ყველა მალის განივი მორჩების უკანა ნაწილებს; ბ) კისრის უგრძესი კუნთი – m. longissimus cervicis იწყება გულმკერდის ზედა 4-5 მალისა და კისრის მალების განივი მორჩებიდან – processus transversus, მიემართება ზემოთ, უმაგრდება განივ მორჩებს აქსისიდან კისრის მეხუთე მალამდე; გ) თავის უგრძესი კუნთი – m. longissimus capitis იწყება გულმკერდის ზედა 3 და კისრის ქვედა 3-4 მალების განივი მორჩებიდან, მიემართება ზემოთ და უმაგრდება დვრილისებრი მორჩის – processus mastoideus უკანა კიდეს.
ინერვაცია: nn. spinales (C1-C8; Th1-Th12; L1-L5; S1-S2).

ზურგის კუნთები

3. წვეტიანი კუნთი – m. spinalis მდებარეობს წვეტიანი მორჩების გასწვრივ და ტოპოგრაფიულად იყოფა სამ ნაწილად: ა) გულმკერდის წვეტიანი კუნთი – m. spinalis thoracis – იწყება წელის ზედა 2-3 და გულმკერდის ქვედა 2-3 მალების წვეტიანი მორჩებიდან – processus spinosus, მიემართება ზემოთ, მაგრდება გულმკერდის VIII-II მალების წვეტიან მორჩებზე; ბ) კისრის წვეტიანი კუნთი – m. spinalis cervicis, იწყება გულმკერდის ზედა 2 და კისრის ქვედა 2 წვეტიანი მორჩებიდან, მიემართება ზემოთ, და მთავრდება კისრის ზედა მალების (IV-დან II-მდე) წვეტიან მორჩებზე; გ) თავის წვეტიანი კუნთი – m. spinalis capitis ეს კუნთი ხშირად არ არსებობს; იწყება გულმკერდის ზედა და კისრის ქვედა მალების წვეტიანი მორჩებიდან, მიემართება ზემოთ, მაგრდება კეფის გარეთა შემაღლების – Protuberantia occipitalis externa მახლობლად.
მოქმედება: ტანის გამმართაველი კუნთი – m. erector trunci  წარმოადგენს ხერხემლის ძლიერ გამშლელ კუნთს და სხეულს უნარჩუნებს ვერტიკალურ მდგომარეობას. ცალმხრივი შეკუმშვისას განიზიდავს ხერხემალსა და თავს. კონების ერთი ნაწილით კუნთი (m. iliocostalis thoracis) ქვემოთ სწევს ნეკნებს.
ინერვაცია: nn. spinales (C1-C8; Th1-Th12; L1-L5; S1-S2).

IV. განივ – წვეტიანი კუნთი – m. transversospinalis დაფარულია ტანის გამმართაველი კუნთით; ხერხემლის მთელს სიგრძეზე ავსებს წვეტიან და განივ მორჩებს შორის ღრმულებს; მასში არჩევენ სამ ნაწილს:

1. ნახევრად წვეტიან კუნთი – m. semispinalis იწყება შესაბამისი მალების განივი მორჩებიდან და უმაგრდება 5 ან 6 მალის გამოტოვებით ზედა მალების წვეტიან მორჩებს; იგი შედარებით ზედაპირულად მდებარეობს;

2. მრავალწილოვანი კუნთები – m. multifidus – განლაგებულია ხერხემლის მთელს სიგრძეზე, განივ და წვეტიან მორჩებს შორის; მეზობელ მალას უკავშირდება ორი – სამი მალის გამოტოვებით; ფარავს ნახევრად წვეტიანი კუნთი

3. მბრუნველი კუნთები – mm. rotatores – ყველაზე ღრმად მდებარე კუნთია; მეზობელ მალას უმაგრდება ერთი მალის გამოტოვებით

ნახევრად წვეტიან კუნთი ტოპოგრაფიულად სამ ნაწილად იყოფა:

ა) გულმკერდის ნახევრად წვეტიანი კუნთი – m. semispinalis thoracis – მისი კონები მოთავსებულია გულმკერდის ზედა 7 მალის წვეტიან მორჩებსა და ქვედა 6 მალის განივ მორჩებს შორის; ამასთან, თითოეული კონა მაგრდება 6-7 მალის გამოტოვებით;

ბ) კისრის ნახევრად წვეტიანი კუნთი – m. semispinalis cervicis მდებარეობს გულმკერდის ზედა მალების განივ მორჩებსა და კისრის ქვედა 6 მალის წვეტიან მორჩებს შორის; მაგრდება 5 მალის გამოტოვებით;

გ) თავის ნახევრად წვეტიანი კუნთი – m. semispinalis capitis მდებარეობს გულმკერდის ზედა 5 მალისა და კისრის ქვედა 3-4 მალების განივ მორჩებს შორის, – ერთის მხრივ, და კეფის ძვლის ქედის არეს შორის – მეორეს მხრივ. ამ კუნთში არჩევენ ლატერალურ და მედიალურ ნაწილებს.
მოქმედება: შლის ხერხემლის ზემო ნაწილებს და თავს სწევს უკან ან აკავებს მას გადაწეულ მდგომარეობაში; ცალმხრივი შეკუმშვისას ხდება უმნიშვნელო ბრუნვა.
ინერვაცია: nn. spinales (C2-C8; Th1-Th12).

2. მრავალწილოვანი კუნთი – m. multifidi დაფარულია ნახევრად წვეტიანი კუნთით, წელის მიდამოში კი – უგრძესი კუნთის წელის ნაწილით; მისი კონები გასდევს ხერხემლის სვეტს მთელს გაყოლებაზე, მალების განივ და წვეტიან მორჩებს შორის (კისრის მეორე მალამდე); მეზობელ მალას უკავშირდება ორი – სამი მალის გამოტოვებით. ამ კუნთის კუნთოვანი კონები იწყება გავის უკანა ზედაპირიდან, თეძოს ქედის უკანა ნაწილიდან, წელის მალების დვრილისებრი მორჩებიდან – processus mamillaris, გულმკერდის მალების განივი მორჩებიდან – processus transversus და კისრის ქვედა 4 მალის სასახსრე მორჩებიდან – processus articularis და მთავრდებიან ყველა მალის წვეტიან მორჩზე, გარდა ატლასისა.

3. მბუნველი კუნთები – mm. rotatores განივ – წვეტიანი კუნთის ყველაზე ღრმა ნაწილია და ტოპოგრაფიულად იყოფა სამ ნაწილად: ა) კისრის მბრუნველი კუნთები – mm. rotatores cervicis; ბ) გულმკერდის მბრუნველი კუნთები – mm. rotatores thoracis; გ) წელის მბრუნველი კუნთები – mm. rotatores lumborum.
ეს კუნთები იწყებიან ატლასის გარდა ყველა მალის განივი მორჩიდან და წელის მალების დვრილისებრი მორჩებიდან – processus mamillaris; თითო მალის გამოტოვებით უმაგრდებიან ზემოთ მდებარე მალების წვეტიან მორჩებს, მათი რკალების მომიჯნავე ნაწილებსა და მეზობელი მალების რკალების ფუძეებს.
მოქმედება: განივ – წვეტიანი კუნთები ორმხრივი შეკუმშვისას შლიან ხერხემალს, ხოლო ცალ მხარეზე შეკუმშვისას – აბრუნებს ხერხემალს.
ინერვაცია: nn. spinales (C2-C8; Th1-Th12; L1-L5).

ზურგის მოკლე კუნთები

1. წვეტთაშუა კუნთები – mm. interspinales მოკლე, წყვილი კუნთოვანი კონებია; განლაგებულია ორი მეზობელი მალის წვეტიან მორჩებს შორის. არჩევენ კისრის წვეტთაშუა კუნთებს – mm. interspinales cervicis; გულმკერდის წვეტთაშუა კუნთებს – mm. interspinales thoracis (ხშირად არ არის) და წელის წვეტთაშუა კუნთებს – mm. interspinales lumborum.

მოქმედება: შლის ხერხემლის სვეტს და უნარჩუნებს მას გასწორებულ მდგომარეობას.
ინერვაცია: nn. spinales (C3-L5).

2. განივ მორჩთაშუა კუნთები – mm. intertransversarii მოკლე კუნთებია; განლაგებულია ორი მეზობელი მალის განივ მორჩებს შორის. არჩევენ კისრის უკანა და წინა განივ მორჩთაშუა კუნთებს – mm. intertransversarii posteriores et anteriores cervicis, გულმკერდის განივ მორჩთაშუა კუნთებს – mm. intertransversarii thoracis და წელის მედიალურ და ლატერალურ განივ მორჩთაშუა კუნთებს – mm. inlertransversarii laterales et mediales lumborum.

მოქმედება: ხერხემალს უნარჩუნებს სწორ მდგომარეობას, ხოლო ერთ მხარეზე შეკუმშვისას ხრის მას გვერდით მხარეზე.
ინერვაცია: nn. spinales (C1-C6; L1-L4).

3. ნეკნების ამწევი კუნთები – mm. levatores costarum – არსებობენ მხოლოდ გულმკერდის მიდამოში; აქვთ მარაოსებურად გაშლილი კონები, რომლებიც იწყებიან წარზიდული მალისა – Vertebra prominens და გულმკერდის ზედა 11 მალის განივი მორჩებიდან, მიემართებიან ირიბად და ლატერალურად და უმაგრდებიან ქვემოთ მდებარე ნეკნების კუთხეებს. ამ კუნთებს ზემოდან ფარავს ზურგის გამმართველი კუნთი – m. erector spinae. ხშირად გულმკერდის ქვემო ნაწილში კუნთოვანი კონები მაგრდებიან ერთი ნეკნის გამოტოვებით. ასეთ კუნთებს ნეკნების ამწევი გრძელი კუნთები – mm. levatores costarum longi, ეწოდება, განსხვავებით ნეკნების ამწევი მოკლე კუნთებისაგან – mm. levatores costarum breves, რომლებიც უკავშირდებიან მეზობელ  ქვემოთ მდებარე ნეკნებს.
მოქმედება: ზემოთ სწევენ ნეკნებს.
ინერვაცია: nn. spinales, nn. intercostales (C8; Th1-Th11).

ზურგის კუნთები

4. კეფისქვეშა კუნთების ჯგუფი – ყველაზე ღრმად მდებარე, მოკლე, სუსტი კუნთებია. მათ მიეკუთვნება:

ა) თავის დიდი უკანა სწორი კუნთი – m. rectus capitis posterior major იწყება აქსისის წვეტიანი მორჩიდან – processus spinosus და უმაგრდება კეფის ძვლის ქედის ქვემო ხაზის – linea nuchae inferior ლატერალურ ნაწილს;

ბ) თავის მცირე უკანა სწორი კუნთი – m. rectus capitis posterior minor მიემართება ატლასის უკანა ბორცვიდან – tuberculum posterius atlantis კეფის ძვლის ქედის ქვემო ხაზის – linea nuchae inferior მედიალურ ნაწილამდე;

გ) თავის ქვემო ირიბი კუნთი – m. obliquus capitis inferior გაჭიმულია აქსისის წვეტიან მორჩსა – processus spinosus axis და ატლასის განივ მორჩს – processus transversus atlantis შორის;

დ) თავის ზემო ირიბი კუნთი – m. obliquus capitis superior მიემართება ატლასის განივი მორჩიდან კეფის ძვლის ქედის ქვემო ხაზის – linea nuchae inferior ლატერალურ ნაწილამდე.
მოქმედება: თავს ამოძრავებს უკან ორმხრივი შეკუმშვისას, უკან და გვერდით მხარეზე – ცალმხრივი შეკუმშვისას; ამასთან ქვემო ირიბი და ნაწილობრივ, უკანა დიდი სწორი კუნთები ატრიალებენ თავს.
ინერვაცია: n. suboccipitalis, n. cervicalis II.

სისხლმომარაგება: ზურგის ღრმა კუნთები მარაგდებიან aa. intercostales, lumbales, sacrales, ხოლო კისრის უკანა მიდამო მარაგდება – aa. occipitalis, c ervicalis profunda, vertebralis.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.