მიოლოგია

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მიოლოგია   Myology

კუნთი – musculus მამოძრავებელი აპარატის აქტიური ელემენტია. ჩონჩხის კუნთი წარმოქმნილია განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოებით. თითოეული კუნთოვანი ბოჭკო შედგება მრავალბირთვიანი არადიფერენცირებული ციტოპლაზმისაგან, ანუ სარკოპლაზმისაგან, რომელიც შეიცავს მრავალ დიფერენცირებულ განივზოლიან მიოფიბრილს. კუნთოვანი ბოჭკოს პერიფერიული ნაწილი გარშემოხვეულია გამჭირვალე გარსით, ანუ სარკოლემით, რომელიც შეიცავს კოლაგენურ ფიბრილებს. სხვადასხვა რაოდენობის კუნთოვანი ბოჭკოები ქმნიან სხვადასხვა ოდენობისა და ფორმის კუნთოვან კონებს.  ბოჭკოების მცირე ჯგუფები გარშემოხვეულია შემაერთებელქსოვილოვანი გარსით – ენდომიზიუმით – endomysium, შედარებით დიდი კომპლექსები კი წარმოდგენილია ფაშარ შემაერთებელ ქსოვილში, ე. წ. შიგნითა პერიმიზიუმში – perimysium internum მოთავსებული კუნთოვანი ბოჭკოების კონებით; ერთად შეერთებული რამდენიმე კონა ქმნის კუნთს.

მიოლოგია

მთლიანად კუნთს გარედან აკრავს გარეთა პერიმიზიუმი – perimysium externum. კუნთის ყველა შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურა, სარკოლემიდან გარეთა პერიმიზიუმამდე, უწყვეტადაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

მიოლოგია

კუნთს გარედან აკრავს შემაერთებელი ქსოვილის ნაზი და გაჭირვალე გარსი – ფასცია – fascia. კუნთების უმრავლესობას აქვს მუცელი – venter, და ორი ბოლო, რომელთაგან ერთი კუნთის დასაწყისია და მას თავი – caput, ეწოდება, მეორეს ბოლოს კი კუდი – cauda. კუნთის ორივე ბოლოში შემაერთებელი ქსოვილი ქმნის შემაერთებელქსოვილოვან მყესს – tendo, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული კუნთის სხულთან, მეორე ბოლოთი კი უმაგრდება ძვალს. მყესი შედგება კოლაგენური ბოჭკოების კონებისაგან, რომლებიც გაჭიმულნი არიან კუნთის მთელს სიგრძეზე, ერთმანეთის პარალელურად. ცალკეული კონები გარშემოხვეულია შემაერთებელქსოვილოვანი გარსით – ენდოტენდინიუმით, რომელიც უშუალოდ გადადის მთლიანად მყესის მფარავ გარეთა გარსში – პერიტენდინიუმში – peritendineum; ბრტყელ მყესს აპონევროზს – aponeurosis უწოდებენ.
არჩევენ კუთების სამ ძირითად ტიპს:
ა) პარალელური ტიპი – კუნთოვანი კონები განლაგებულია კუნთის გრძივი ღერძის პარალელურად (მაგალითად, თერძის კუნთი – m. sartorius);
ბ) ფრთისებრი ტიპი – პარალელური კუნთოვანი კონები ქმნიან კუთხეს კუნთის ღერძთან. არჩევენ ერთფრთიან კუთებს – mm. unipennati, რომელთა კუნთოვანი კონები ფიქსირებულია მყესის ერთ მხარეზე (მაგალითად, ხელის ცერის გრძელი მომხრელი – m.flåõîã pollicis longus); ორფრთიან კუნთებს – mm. bipennati, სადაც კონები ფიქსირებულია მყესის ორივე მხარეზე (მაგალითად, ტერფის ცერის გრძელი მომხრელი – m. flexor hallucis longus); მრავალფრთიანი კუნთები – mm. multipennati, რომლებშიც კუნთოვანი კონები  მიჯრილნი არიან ერთმანეთთან (მაგალითად, დელტისებრი კუნთი – m. deltoideus);
გ) სამკუთხა ტიპის კუნთები – სხვადასხვა მიმართულების კუნთოვანი კონები ერთდებიან ერთ საერთო მყესში (მაგალითად, საფეთქლის კუნთი – m. temporalis).
ზოგიერთ კუნთს აქვს ორი ან მეტი თავი. კუნთს, რომელსაც ორი თავი აქვს ორთავა კუნთი ეწოდება – biceps, შესაბამისად არსებობს სამთავა – m. triceps, და ოთხთავა – m. quadriceps კუნთები. არსებობენ კუნთები, რომლებსაც აქვთ მყესით განცალკევებული ორი მუცელი და მათ ორმუცელა კუნთებს – mm. digastrici უწოდებენ. ზოგიერთ კუნთს აქვს რამდენიმე მყესოვანი ძგიდე – intersectio tendineae.
კუნთების დამხმარე აპარატებია: ფასციები, მყესების სინოვიური და ფიბროზული ბუდეები, სინოვიური აბგები და სესამოიდური ძვლები.

ფასციები – fasciae, წარმოქმნიან შემაერთებელქსოვილოვან შალითებს, რომლებშიც შეხვეულია ცალკეული კუნთები ან კუნთთა ჯგუფები. ფასციები წარმოადგენენ სხვადასხვა სიგრძისა და სისქის შემაერთებელქსოვილოვან ფირფიტებს, მრავალი კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოთი, რომელთა მიმართულებას განსაზღვრავს მოცემულ ფასციასთან დაკავშირებული კუნთის, ან კუნთთა ჯგუფის ფუნქციური თავისებურებები. იქ სადაც, ფასციები კუნთებს შორის განლაგებულნი არიან კუნთთაშუა ძგიდეების septa intermuscularia სახით, ეზრდებიან ძვლისაზრდელას და  ქმნიან ძვალ – ფიბროზულ ბუდეს, რომლის კედელს ემაგრება კუნთები.
მყესების ფიბროზული ბუდეები – vaginae fibrosae tendineae კიდურის განსაკუთრებით მოძრავ ნაწილებში არიან განლაგებულნი, მაგალითად, მტევნისა და ტერფის მოდამოებში და ხელს უწყობენ მყესების მოძრაობას მკაცრად განსაზღვრული მიმართულებით. ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი ქმნის ფიბროზულ და ძვალ – ფიბროზულ ბუდეებსა და არხებს, რომლებშიც მოთავსებულია სინოვიური ბუდეები – vaginae synoviales tendinum. თითოეული სიმოვიური ბუდე შედგება ორი ერთმანეთში გარდამავალი ფირფიტისაგან: გარეთა პარიეტული – lamina parietali, რომელიც შეზრდილია ფიბროზული ბუდის შიგნითა ზედაპირთან და შიგნითა – ვისცერული – lamina visceralis, რომელიც შეზრდილია მყესის გარეთა გარსთან – peritendineum. ფირფიტების ერთმანეთში გადასვლის ადგილზე იქმნება დუბლიკატურა, ანუ ე. წ. მყესის ჯორჯალი, მეზოტენდინიუმი – mesotendineum, რომელშიც გადიან სისხლძარღვები და ნერვები. სინოვიური ბუდის ფირფიტები გლუვია და ფარავს სინოვია, რაც აადვილებს მყესის თავისუფალ მოძრაობას.
სინოვიური აბგები – bursae synoviales, წარმოადგენენ სითხით ამოვსებულ ღრუებს და განლაგებულნი არიან მყესების, კუნთისა და კანის ყველაზე მეტად მოძრავ ნაწილებში. აბგა მოთავსებულია მყესსა და ძვალს შორის; აბგის საშუალებით მცირდება ხახუნი, სუსტდება და ნელდება მექანიკური ინსულტები. კუნთების მყესების ქვემოთ მოთავსებულ აბგებს bursae synoviales subtendinea ეწოდება; ხოლო აბგებს, რომლებიც განლაგებულნი არიან იმ ადგილებში, სადაც მეტია ხახუნი ძვალსა და კანს შორის, bursae synoviales subcutaneae ეწოდება. სახსართან ახლოდ მდებარე ზოგიერთი აბგა უკავშირდება მათ სასახსრე ღრუს.
სესამოიდური ძვლები – ossa sesamoideri, წარმოადგენენ ბრტყელ მრგვალ წარმონაქმნებს, რომლებიც მოთავსებულნი არიან ზოგიერთი მყესის სისქეში. სესამოიდური ძვლის ერთი ზედაპირი დაფარულია ხრტილით და ენაწევრება სასახსრე ზედაპირს. სესამოიდური ძვლები განლაგებულნი არიან მყესების კუნთებზე მიმაგრების ადგილებზე და ზრდიან კუნთების მოქმედების დიაპაზონსა და იცავენ მყესს სასახსრე ზედაპირთან შეხებისაგან.
თითოეულ კუნთში გადის მისი მკვებავი ერთი ან მეტი ნერვი და სისხლძარღვები.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.