ბარძაყის არხი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ბარძაყის არხი   Canalis femoralis;  Femoral [crural] canal

ბარძაყის არხი – canalis femoralis – ნორმის პირობებში არ არსებობს. იგი წარმოიქმნება მხოლოდ ბარძაყის თიაქრის განვითარების დროს. ნორმის პირობებში არსებობს მხოლოდ ბარძაყის ღრმა რგოლი – anulus femoralis profundus. მას ფარავს მუცლის განივი ფასციის – fascia transversalis abdominis ნაწილი ბარძაყის ძგიდის – septum femorale სახით, რომელიც მუცლის ღრუს მხრიდან ამოფენილია კედლისმიერი პერიტონეუმით.

ბარძაყის არხიბარძაყის ღრმა რგოლი მედიალური მხრიდან შემოსაზღვრულია შუალედის იოგით – lig. lacunare, ლატერალური მხრიდან – ბარძაყის ვენით, ზემოდან და წინიდან – საზარდულის იოგით – lig. inguinale, ქვემოდან და უკანიდან – ქედის იოგით – lig. pectineale. ბარძაყის ღრმა რგოლი ამოვსებულია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით ან მსხვილი ლიმფური კვანძით. ბარძაყის თიაქრის განვითარების დროს ბარძაყის ძგიდე – septum femorale გამოიბერება, გადაწევს ლიმფურ კვანძს და ქმნის სივრცეს, სადაც გადმოინაცვლებენ შინაგანი ორგანოები, რომლებიც ეშვებიან ქვემოთ, ბარძაყის განიერი ფასციის ზედაპირულსა და ღრმა ფურცლებს შორის. ფასციის ფურცლებს შორის წარმოქმნილი ეს სივრცე არის სწორედ ბარძაყის არხი – canalis femoralis.  მის წინა კედელს ქმნის საზარდულის იოგი – ligamentum inguinale და განიერი ფასციის ნამგლისებრი კიდის ზემო რქა – cornu superius; უკანა კედელს ქმნის განიერი ფასციის – fasciae latae ღრმა ფურცელი, ლატერალურს – ბარძაყის ვენა – v. femoralis. აღწევს რა ბარძაყის განიერი ფასციის ყველაზე სუსტ ადგილს – საჩინო ვენის შესავალს – anulus saphenus, თიაქრის პარკი ჭიმავს დაცხრილულ ფასციას – fascia cribrosa და გამოიბერება კანქვეშ.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.