საზარდულის არხი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. საზარდულის არხი Canalis inguinalis    Inguinal canal

საზარდულის არხი –  canalis inguinalis წარმოადგენს ნაპრალს მუცლის კედლის ქვემო ნაწილში. მამაკაცებში მასში მოთავსებულია სათესლე ბაგირაკი – funiculus spermaticus, ქალებში – საშვილოსნოს მრგვალი იოგი- lig. teres uteri. არხს აქვს ირიბი მიმართულება. საზარდულის ზედაპირული რგოლიდან, რომელიც მოთავსებულია ბოქვენის ძვლის ზემო ტოტის წინა ნაწილის ზემოთ, არხი მიემართება ირიბად ლატერალურად ზემოთ და რამდენადმე უკან, საზარდულის ღრმა რგოლისაკენ; არხის სიგრძე 4 – 5 სმ-ია.

საზარდულის არხი

საზარდულის არხის კედლებს ქმნის: ა) წინას – მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზი; ბ) უკანას – მუცლის განივი ფასცია; გ) ქვემოს – საზარდულის იოგის ღარი; დ) ზემოს – მუცლის განივი კუნთისა და შიგნითა ირიბი კუნთების ქვემო კიდეები.
საზარდულის ზედაპირული რგოლი – anulus inguinalis super ficialis, მდებარეობს ბოქვენის ძვლის ზეოთ, აქვს ოვალური ხვრელის ფორმა (2,5 – x 1 – 2,5 სმ), რომელიც ზემოდან და ქვემოდან მოსაზღვრულია საზარდულის იოგის მედიალური და ლატერალური ფეხებით – crus mediale et crus laterale, ლატერალურად – ფეხთაშუა ძაფებით – fibrae intercrurales, მედიალურად და ქვემოდან – შებრუნებული იოგით – lig. reflexum. ამ ხვრელში მდებარეობს სათესლე ბაგირაკი – funiculus spermaticus, (მამაკაცებში), ქალებში – საშვილოსნოს მრგვალი იოგი – lig. teres uteri.

საზარდულის ღრმა რგოლი – anulus inguinalis profundus იქმნება მუცლის განივი ფასციის ძაბრისებრი ჩაღრმავებით, რომელიც მოსაზღვრულია: მედიალურად  ორმოთაშორისი იოგით – lig. interfoveolare. საზარდულის იოგის უკანა კედელი გამაგრებულია მუცლის განივი კუნთის აპონევროზის ქვემო კიდის ბოჭკოებით, რომლებიც მაგრდებიან ბოქვენის ძვლის ბორცვსა და ქედზე და  ქმნიან საზარდულის ნამგალს [შემაერთებელი მყესი] – falx inguinalis (tendo conjunctions). საზარდულის ღრმა რგოლის მედიალურად მდებარეობს სისხლძარღვები – ქვემო ეპიგასტრული არტერიები და ვენები – a. et vv. epigastricae inferiores, რომლებსაც შეესაბამება ჭიპის ლატერალური ნაოჭი – plica umbilicalis lateralis.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.