მუცლის ფასციები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მუცლის ფასციები Fasciae of abdomen

მუცლის კედლის ფარგლებში განვითარებულია შემდეგი ფასციები:

1. მუცლის ზედაპირული ფასცია – მუცლის კედლის ზემო ნაწილში იგი თხელია, ქვემოთ კი სქელდება და გამოირჩევა ელასტიკური ბიჭკოების არსებობით. შუა ხაზზე ზედაპირული ფასცია შეზრდილია თეთრ ხაზთან, ქვემოთ კი – საზარდულის იოგთან. ქვემო ნაწილში, სიმფიზის ზემოთ, წარმოქმნილია ჭიმები, რომელსაც სასქესო ასოს იოგები ეწოდება; ესენია: ა) ასოს მშვილდისებრი იოგი- fundiforme penis, რომელიც იწყება ბოქვენის სიმფიზიდან და იძლევა ორ ფეხს, რომლებიც გასდევენ სასქესო ასოს გვერდებზე და ბ) ასოს საკიდი იოგი – lig. suspensorium penis (ქალებში – სავნებოს საკიდი იოგი – lig. suspensorium clitoridis), გადაჭიმულია ბოქვენის სიმფიზიდან ასოს ზურგამდე – Dorsum penis. ამ იოგების მიდამოში ფასციის ჭიმები ნაწილობრივ გამაგრებულია მუცლის სწორი – M. rectus abdominis და მუცლის გარეთა ირიბი კუნთების – M. obliquus externus abdominis მყესოვანი კონებით.

მუცლის ფასციები

2. თეძოს ფასცია – fascia iliaca (განხილულია მენჯისა და ბარძაყის ფასციებში)

3. განივი ფასცია – fascia transversalis ფარავს მუცლის განივი კუნთის შიგნითა ზედაპირს და მუცლის სწორი კუნთის უკანა ფურცლის შიგნითა ზედაპირს, რკალოვანი ხაზის – linea arcuata ქვემოთ კი – სწორი კუნთის შიგნითა და უკანა ზედაპირებს. ქვემოთ იგი შეზრდილია საზარდულის იოგთან. ჭიპის არეში განივი ფასცია – fascia transversalis შედარეით მკვრივია და მას ჭიპის ფასცია ეწოდება.

თეთრი ხაზის ქვემო ნაწილში სიგრძივი კონების კონცენტრაციის ხარჯზე იქმნება თეთრი ხაზის საყრდენი – adminiculum lineae albae, რომელიც ამაგრებს მუცლის თეთრი ხაზის ქვემო ნაწილს. საზარდულის მიდამოში განივი ფასცია ქმნის ძაბრისებრ გამობერილობას, რომელშიც მოთავსებულია პერიტონეუმის ბუდისებრი მორჩი – Processus vaginalis peritonei და რომელიც გრძელდება სათესლე ბაგირაკის მიმართულებით სათესლე პარკში და ფარავს სათესლე ბაგირაკსა და სათესლე ჯირკვალს; აღნიშნულ გამობერილობას შიგნითა სათესლე ფასცია – fascia spermatica interna ეწოდება. ეს ოვალური ფორმის ჩაღრმავება განივი ფასციის ზედაპირზე წარმოადგენს საზარდულის ღრმა რგოლს – anulus inguinalis profundus. აღნიშნული რგოლის მედიალური კიდეს, რომელიც განსაკუთრებითაა გამოხატული,  ორმოთაშორისი იოგი – lig. interfoveolare ეწოდება.

მუცლის ფასციები

სუბპერიტონეული ფასციის – Fascia subperitonealis შიგნითა ზედაპირს ესაზღვრება პერიტონეუმი – peritoneum.

მუცლის წინა კედლის პერიტონეუმზე განლაგებულია ნაოჭები, რომელთა მიმართულება ემთხვევა იოგებისა და სისხლძარღვების მიმართულებას. შუა ხაზის გაყოლებაზე, შარდის ბუშტის მწვერვალიდან ჭიპისაკენ, მიემართება ჭიპის შუა ნაოჭი – plica umbilicalis mediana, რომელიც იქმნება ჩანასახის ობლიტერირებული შარდსავალის – urachus გასწვრივ. შარდის ბუშტის გვერდითი ზედაპირიდან ჭიპისაკენ მიემართება ჭიპის მედიალური ნაოჭი – plica umbilicalis medialis, რომელიც იქმნება ნაყოფის ობლიტერირებული ჭიპის არტერიის – a. umbilicalis გასწვრივ. არსებობს ასევე წყვილი ჭიპის ლატერალური ნაოჭი – plica umbilicalis lateralis, რომლებიც მიემართებიან ქვემო ეპიგასტრული სისხლძარღვების (a. et vv. epigastricae inferiores). გასწვრივ.
მუცლის წინა კედლის შიგნითა ზედაპირის ქვემო ნაწილში მდებარეობს ჩაღრმავებები. ესენია: საზარდულის ლატერალური ფოსო – fossa inguinalis lateralis, რომელიც შეესაბამება საზარდულის ღრმა რგოლს. ჭიპის შუა ნაოჭსა – plica umbilicalis medialis და ჭიპის ლატერალურ ნაოჭს – plica umbilicalis lateralis შორის მდებარეობს საზარდულის მედიალური ფოსო – fossa inguinalis medialis, რომელიც შეესაბამება საზარდულის არხის გარეთა რგოლს. ჭიპის მედიალურსა და შუა ნაოჭებს შორის მდებარეობს ბუშტზედა ფოსო – fossa supravesicalis. ეს ფოსოები ხშირად წარმოადგენენ თიაქრების განვითარების ადგილს.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.