ქვემო კიდურის ფასციები და სინოვიური ბუდეები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ქვემო კიდურის ფასციები და სინოვიური ბუდეები Fasciae and synovial sheath of lower limb

კანჭის ფასციები
კანჭის ფასცია – fascia cruris წარმოადგენს ბარძაყის განიერი ფასციის უშუალო გაგრძელებას, მაგრამ გამოხატულია გაცილებით სუსტად. კანჭის ფასცია სიღრმეში გზავნის ორ კუნთთაშუა ძგიდეს: წინასა და უკანას, რომლებიც ქმნიან ფასციურ ბუდეებს წინა, უკანა და ლატერალური ჯგუფის კუნთებისათვის. უკანა ფასციური ბუდე ფრონტალურად მიმავალი ძგიდით იყოფა ზედაპირულ და ღრმა ბუდეებად. კუნთთაშუა წინა ძგიდე – septum intermusculare anterius, გამოყოფს წინა ჯგუფის კუნთებს ლატერალურისაგან, ხოლო კუნთთაშუა უკანა ძგიდე – septum intermusculare poslerius მოთავსებულია ლატერალურ და უკანა ჯგუფის კუნთებს შორის. კანჭის წინა ზედაპირის ქვემო მესამედში კანჭის ფასცია სუსტადაა განვითარებული. ამიტომ კარგად ჩანს განივი კონები, რომლებიც ქმნიან გამშლელი კუნთების [მყესების] ზემო საბმელს – retinaculum mm. extensorum superius, რომელიც გაჭიმულია დიდი წვივის წინა ქედსა – crista anterior tibiae და მცირე წვივის ლატერალურ ზედაპირს – facies lateralis fibulae შორის. ქვემო მესამედში, გოჯის მიდამოში, კანჭის ფასცია ქმნის გამშლელი კუნთების [მყესების] ქვემო საბმელს – retinaculum mm. extensorum inferius, რომელშიც არჩევენ ერთ ლატერალურ და ორ მედიალურ ფეხს (ზემოს და ქვემოს). კანჭის ლატერალურ ზედაპირზე ფასცია ქმნის მცირე წვივის კუნთების ზემო და ქვემო საბმელებს – retinacula mm.peroneorum (fibularium) superius et inferius. კანჭისა და ტერფის ძვლებთან ერთად ეს იოგები ამაგრებენ მცირე წვივის გრძელ და მოკლე კუნთების მყესებს. ზემო საბმელი გაჭიმულია ლატერალურ გოჯსა – malleolus lateralis და ქუსლის ძვალს შორის. საბმელის კონების ერთი ნაწილი ჩაწნულია კანჭის ფასციის ღრმა ფურცელში. ქვემო საბმელი მოთავსებულია ქუსლის ძვლის ლატერალურ ზედაპირზე და ქმნის ძვალ – ფიბროზულ არხებს, რომლებშიც მოთავსებულია მცირე წვივის კუნთები. მედიალური გოჯის – malleolus medialis მიდამოში კანჭის ფასცია ქმნის მომხრელების საბმელს – retinaculum mm.flexorum, რომელიც გაჭიმულია მედიალურ გოჯსა და ქუსლის ძვალს შორის. ეს საბმელი მონაწილეობს ოთხი ცალკეული ფიბროზული არხის წარმოქმნაში. მათგან სამში მოთავსებულია დიდი წვივის უკანა კუნთის – m. tibialis posterior, ცერის გრძელი მომხრელი კუნთის – m. flåõîr hallucis longus, თითების გრძელი მომხრელი კუნთის – m. flexor digitorum longus მყესები, ხოლო ერთში – მოთავსებულია დიდი წვივის უკანა არტერია და ვენა და დიდი წვივის ნერვი.

ტერფის ფასციები
ტერფის ფასციები – fasciae pedis წარმოადგენს კანჭის ფასციის – fascia cruris უშუალო გაგრძელებას. ტერფის ზურგის ზედაპირზე ფასცია თხელია; ფასცია იყოფა ორ ფურცლად, რომლებიც ქმნიან ბუდეებს ტერფზურგის ზედაპირული კუნთებისათვის. ამ ფასციის ღრმა ფურცელი განაცალკევებს ძვალთაშუა კუნთებს თითების გამშლელებისაგან.

ტერფის ფასციები

ტერფძირის მხარეზე ზედაპირული ფასცია შედარებით უფრო სქელია ვიდრე ტერფზურგზე, ამასთან, შუა ნაწილში ტერფძირის ფასცია მკვეთრად სქელდება და შედგება სიგრძივ მიმავალი ფიბროზული კონებისაგან და მას ტერფძირის აპონევროზი – aponeurosis plantaris ეწოდება.

ტერფის ფასციები

დისტალურ ნაწილში ფიბროზული კონები, რომლებიც ქმნიან აპონევროზს, ღებულობენ განივ მიმართულებას და მას განივი კონები – fasciculi transversi ეწოდება. ტერფძირის აპონევროზის ბოჭკოების უმეტესი ნაწილი იწყება ქუსლის ბორცვიდან – tuber calcanei, მიემართება წინ და იყოფა 5 კონად (თითების შესაბამისად). თავის გზაზე აპონევროზი შეზრდილია აქ გამავალ თითების მოკლე მომხრელ კუნთთან – m. flexor digitorum brevis. ქუსლის ბორცვის მიდამოში აპონევროზის კონების ერთი ნაწილი წარმოადგენს კანჭის სამთავა კუნთის მყესის გაგრძელებას. ტერფძირის აპონევროზის გარეთა ზედაპირი შეზრდილია კანთან. კონებს შორის სივრცე ამოვსებულია ცხიმოვანი შემაერთებელი ქსოვილით. ტერფძირის ღრმა ფასცია შეზრდილია წინა ტერფის ძვლებთან და ტერფის ძვალთაშუა დორსალურ ფასციასთან ერთად ქმნის ოთხ წინატერფშუა სივრცეს, რომლებშიც მოთავსებულია ძვალთაშუა კუნთები – mm. interossei. ტერფძირის აპონევროზი და ტერფძირის ღრმა ფასცია ერთმანეთთან შეერებულია ორი გასწვრივი ძგიდით, რომლებიც ქმნიან სამ ფასციურ ბუდეს: მედიალურს, ლატერალურსა და შუას; თითოეული მათგანი შეიცავს ტერფძირის ზედაპირის შესაბამისი ჯგუფის კუნთებს. შუა ბუდის ორივე მხარეზე განლაგებულია ტერფძირის მედიალური და ლატერალური ღარები – sulcus plantaris medialis et lateralis.

ტერფის ფასციები

ტერფის კუნთების მყესების სინოვიური ბუდეები
კანჭის დისტალურ ნაწილში და ტერფის მიდამოში განლაგებულია კანჭის კუნთების გრძელი მყესების სინოვიური ბუდეები. არჩევენ სამ წინა ბუდეს, რომლებიც განლაგებულია გამშლელი კუნთების [მყესების] ქვემო საბმელის – retinaculum mm. extensorum inferius ქვეშ. თითოეულ მათგანში მოთავსებულია დიდი წვივის წინა კუნთი – m. tibialis anterior, თითების გრძელი გამშლელი კუნთი – m. extensor digitorum longus და მცირე წვივის მესამე კუნთი – m. peroneus tertius და ცერის გრძელი გამშლელი კუნთი – m. extensor hallucis longus. ლატერალურ ზედაპირზე, მცირე წვივის საბმელის – retinaculum peroneorum ქვეშ მოთავსებულია მცირე წვივის კუნთების საერთო ბუდე – vagina synovialis mm.peroneorum (fibularium) communis, რომელიც შეიცავს მცირე წვივის კუნთების მყესებს.

კოჭ-წვივის სახსრის მედიალურ ზედაპირზე, მომხრელი კუნთებისტერფის ფასციები და სინოვიური ბუდეები [მყესების] საბმელის – retinaculum mm. flexorum ქვეშ მოთავსებულია სამი დამოუკიდებელი სინოვიური ბუდე. დიდი წვივის უკანა კუნთის მყესის სინოვიურ ბიდეში vagina synovialis tendinis m. tibialis posterioris მოთავსებულია დიდი წვივის უკანა კუნთის – m. tibialis posterior მყესი; შედარებით უკან მდებარეობს თითების გრძელი მომხრელი კუნთის მყესების ბუდე – vagina tendinis m.flexoris digitorum longi, და კიდევ უკან – ფეხის ცერის გრძელი მომხრელი კუნთის მყესის ბუდე – vagina synovialis tendinis m.flexoris hallucis longi ცერის გრძელი გამშლელი კუნთისათვის.

ტერფძირის ზედაპირზე ფეხის თითების მყესების ბუდეები – vaginae tendinum digitales pedis შეზრდილია ძვალ – ფიბროზული არხების კედლებთან, რომლებიც განლაგებულია თითების ფალანგების გასწვრივ. ამ არხებში მოთავსებულია თითების მომხრელების მყესები. მათგან ყველაზე გრძელია ფეხის ცერის გრძელი გამშლელი კუნთის მყესი – vagina tendinis m.extensoris hallucis longi.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.