ზემო კიდურის სარტყლის კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ზემო კიდურის სარტყლის კუნთები    mm. cinguli membri superioris;  Muscles of shoulder [thoracic] girdle

ზემო კიდურის სარტყლის კუნთებია:

1. დელტისებრი კუნთი – m. deltoideus
2. ქედზედა კუნთი – m . supraspinatus
3. ქედქვედა კუნთი – m. infraspinatus
4. მცირე მრგვალი კუნთი – m. teres minor
5. დიდი მრგვალი კუნთი – m. teres major
6. ბეჭქვეშა კუნთი – m. subscapularis

ზემო კიდურის კუნთები

1. დელტისებრი კუნთი – m. deltoideus ფარავს მხრის სახსარს; აქვს სამკუთხედის ფორმა, რომლის ფუძე ზემოთაა მიმართული, წვერო კი – ქვემოთ; შედგება საკმაოდ მსხვილი კუნთოვანი ბოჭკოებისაგან, რომლებიც მარაოსებურად იკრიბებიან წვერვალთან. დელტისებრი კუნთი იწყება ლავიწიდან და ბეჭიდან და უმაგრდება მხრის დელტისებრ ხორკლს – tuberositas deltoidea humeri. კუნთის ქვემო ზედაპირსა და მხრის დიდ ბორცვს – tuberculum majus humeri შორის მდებარეობს დელტისებრი კუნთქვეშა აბგა – bursa subdeltoidea.
მოქმედება: სწევს მხარს წინ და მცირედ ატრიალებს შიგნით (პრონაცია), განზიდავს მხარს გარეთა მხარეზე, ჰორიზონტალურ სიბრტყემდე, სწევს ხელს უკან და ახდენს მის მცირე სუპინაციას.
ინერვაცია: n. axillaris (C5-C6).
სისხლმომარაგება: aa. circumflexa humeri posterior, thoracoacromialis, profunda brachii.

2. ქედზედა კუნთი – m. supraspinatus, სამწახნაგა ფორმისაა და მთლიანად ავსებს ქედზედა ფოსოს – Fossa supraspinata; იწყება ბეჭის დორსალურ ზედაპირზე და უმაგრდება მხრის ძვლის დიდ ბორცვს.
მოქმედება: ატრიალებს მხარს გარეთ.
ინერვაცია: n. suprascularis (C5-C6).
სისხლმომარაგება: aa. suprascapularis, circumflexa scapulae.

3. ქედქვედა კუნთი – m. infraspinatus სამკუთხა ფორმის, ბრტყელი კუნთია, ავსებს მთლიანად ქედქვედა ფოსოს – Fossa infraspinata. ზედა ნაწილში კუნთს ფარავს: ლატერალური მხრიდან – დელტისებრი კუნთი – m. deltoideus, მედიალური მხრიდან – ტრაპეციული კუნთი – m. trapezius, ქვედა ნაწილში – ზურგის უგანიერესი კუნთი – m. latissimus dorsi და დიდი მრგვალი კუნთი – m. teres major. შუა ნაწილში კუნთს ფარავს საკუთარი ფასცია. ქედქვედა კუნთი იწყება ქედქვედა ფოსოდან და ბეჭის უკანა ზედაპირიდან, მიემართება ლატერალურად, მისი კონები გადადიან მყესში, რომელიც უმაგრდება მხრის დიდ ბორცვს. მხრის ძვალთან დამაგრების ადილზე მდებარეობს ქედქვედა კუნთის მყესქვეშა აბგა – B. subtendinea m. infraspinati.
მოქმედება: ხელს სწევს უკან და მხარს ატრიალებს გარეთ.
ინერვაცია: n. suprascapularis (C5-C6)
სისხლმომარაგება: aa. circumflexa scapulae, suprascapularis.

129

4. მცირე მრგვალი კუნთი – m. teres minor წარმოადგენს მოგრძო ჭიმს, რომლის კუნთოვანი კონები ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული. კუნთი ზემო კიდით მჭიდროდ ესაზღვრება ქედქვედა კუნთს – m. infraspinatus; მისი უკანა ნაწილი დაფარულია დიდი მრგვალი კუნთით – m. teres major, წინა კი – დელტისებრი კუნთით – m. deltoideus. მცირე მრგვალი კუნთი იწყება ბეჭის ლატერალური კიდედან – margo lateralis scapulae, მიემართება ლატერალურად და გადადის მოკლე და საკმაოდ ძლიერ მყესში, რომელიც შეზრდილია მხრის სახსრის სასახსრე ჩანთის უკანა ზედაპირთან და უმაგრდება მხრის ძვლის დიდ ბორცვს – tuberculum majus humeri.

მოქმედება: ატრიალებს მხარს გარეთ (სუპინაცია) და განზიდავს უკან.
ინერვაცია: n. axillaris (C5).
სისხლმომარაგება: a. circumflexa scapulae.

5. დიდი მრგვალი კუნთი – m. teres major, ბრტყელი კუნთია; უკანა ნაწილში კუნთს ფარავს ზურგის უგანიერესი კუნთი – m. latissimus dorsi, გარეთა ნაწილში – caput longum m. tricipitis brachii è m. deltoideus, ხოლო შუა ნაწილში – დაფარულია თხელი ფასციით. კუნთი იწყება ბეჭის ქვემო კუთხის – angulus inferior scapulae გარეთა კიდიდან, და ქედქვედა კუნთის ფასციიდან, მიემართება გარეთა მხარეზე, უმაგრდება მხრის მცირე ბორცვის ქედს – crista tuberculi minoris humeri. მიმაგრების ადგილზე მდებარეობს დიდი მრგვალი კუნთის მყესქვეშა აბგა – bursa subtendinea musculi teretis majoris.
მოქმედება: ატრიალებს მხარს შიგნით (პრონაცია) და სწევს მას უკან.
ინერვაცია: n. subscapularis (C5-C7).
სისხლმომარაგება: a. subscapularis.

ზემო კიდურის კუნთები
6. ბეჭქვეშა კუნთი – m. subscapularis, მთლიანად ავსებს ბეჭქვეშა ფოსოს და წარმოადგენს სამკუთხა ფორმის ბრტყელ კუნთს. სამკუთხედის ფუძე მდებარეობს ბეჭის მედიალური კიდის პარალელურად, მწვერვალი კი იქმნება კონვერგირებული კუნთოვანი კონებით და მიმართულია გარეთ, მხრის ძვლისაკენ. კუნთში არჩევენ ორ შრეს – ზედაპირულსა და ღრმას. ზედაპირული კონები იწყება ბეჭის სანეკნე ზედაპირიდან – facies costalis scapulae,  ღრმა – ბეჭქვეშა ფასციიდან – fascia subscapularis, რომელიც უმაგრდება ბეჭქვეშა ფოსოს კიდეებს. კუნთი მიემართება ლატერალურად, გადადის მყესში, რომელიც შეზრდილია მხრის სახსრის სასახსრე ჩანთის წინა ზედაპირთან და უმაგრდება მხრის მცირე ბორცვსა – tuberculum minus და მხრის მცირე ბორცვის ქედს – crista tuberculi minoris. მიმაგრების ადგილზე მდებარეობს ბეჭქვეშა კუნთის მყესქვეშა აბგა – bursa subtendinea musculi subscapularis, რომელიც უკავშირდება მხრის სახსრის სასახსრე ღრუს.
მოქმედება: ატრიალებს მხარს შიგნით (პრონაცია) და მონაწილეობს მის ტანისაკენ მოზიდვაში.
ინერვაცია: n. subscapularis (C5-C7).
სისხლმომარაგება: a. subscapularis.

ზემო კიდურის კუნთები

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.