მხრის კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მხრის კუნთები Mm. brachii;  Muscles of arm

მხრის კუნთები იყოფა წინა და უკანა ჯგუფის კუნთებად. წინა ჯგუფს შეადგენენ უპირატესად მომხრელი კუნთები (ორთავა კუნთი – M.biceps brachii, ნისკარტ – მხრის კუნთი – m. coracobrachialis, მხრის კუნთი – M.brachialis);
მეორე ჯგუფს – გამშლელები (სამთავა კუნთი – m. triceps brachii; იდაყვის კუნთი – M.anconeus)

მხრის კუნთები

მხრის წინა ჯგუფის კუნთები

1. მხრის ორთავა კუნთი – M.biceps brachii, თითისტარისებრი, მომრგვალო ფორმის კუნთია; აქვს ორი თავი (გრძელი და მოკლე), უკავია მხრის წინა მიდამო და მდებარეობს უშუალოდ კანქვეშ. მხრის ორთავა კუნთის გრძელი თავი – Caput longum  მდებარეობს ლატერალურად; იწყება გრძელი მყესებით ბეჭის ზედა სასახსრე ბორცვიდან – tuberculum supraglenoidale scapulae, გაივლის მხრის ძვლის თავის ზემოთ მხრის სასახსრე ღრუს და წვება ბორცვთაშუა ღარში – sulcus intertubercularis; შემდეგ გადადის კუნთის მუცელში. მოკლე თავი – caput breve, მდებარეობს მედიალურად. იწყება ბეჭის ნისკარტისებრი მორჩიდან, მიემართება ქვემოთ და გადადის კუნთის მუცელში, რომელიც იდაყვის ფოსოსთან ვიწროვდება, გადადის მყესში და უმაგრდება სხივის ძვლის ბორცვს – tuberositas radii. მყესის პროქსიმალური ბოლოს გამოეყოფა ნაწილი კონებისა თხელი ფირფიტის სახით – მხრის ორთავა კუნთის – m. bicipitis brachii აპონევროზი, რომელიც გადადის იდაყვის მხარეზე და შეწნულია წინამხრის ფასციაში. მხრის ორთავა კუნთის გვერდებზე თითქმის სიმეტრიულად მიემართება მხრის მედიალური და ლატერალური ღარები – sulcus bicipitalis medialis et sulcus bicipitalis lateralis.
მოქმედება: ხრის ხელს იდაყვის სახსარში და ეხმარება წინამხარს სუპინაციაში.
ინერვაცია: n. musculocutaneus (C5-C6).
სისხლმომარაგება: rr. musculares a. axillaris და a. brachialis.

2. ნისკარტ – მხრის კუნთი – m. coracobrachialis, ბრტყელი კუნთია და დაფარულია მხრის ორთავა კუნთის მოკლე თავით. იწყება ბეჭის ნისკარტისებრი მორჩიდან – processus coracoideus და უმაგრდება მხრის ძვლის მედიალურ ზედაპირს შუა ადგილას. კუნთის დასაწყისში მდებარეობს ნისკარტ – მხრის აბგა – bursa musculi coracobrachialis.
მოქმედება: ხელს სწევს ზევით და მოაქვს შუა ხაზისაკენ.
ინერვაცია: n. musculocutaneus (C6 – C7).
სისხლმომარაგება: aa. circumflexae humeri anterior et posterior.

3. მხრის კუნთი – M.brachialis, საკმაოდ განიერი, ხორციანი, თითისტარისებრი ფორმის კუნთია; მდებარეობს ორთავა კუნთის ქვეშ, მხრის ქვემო ნახევრის წინა ზედაპირზე. კუნთი იწყება მხრის ძვლის დისტალური ნახევრის გარეთა და წინა ზედაპირებიდან და უმაგრდება იდაყვის ხორკლს – tuberositas ulnae.
მოქმედება: ხრის წინამხარს და ჭიმავს იდაყვის სახსრის სასახსრე ჩანთას.
ინერვაცია: n. musculocutaneus (C5-C6).
სისხლმომარაგება: aa. brachialis et recurrens radialis.

მხრის კუნთები

მხრის უკანა ჯგუფის კუნთები

1. მხრის სამთავა კუნთი – m. triceps brachii, მოთავსებულია მხრის მთელ უკანა ზედაპირზე, ბეჭიდან იდაყვის მორჩამდე. კუნთს აქვს სამი თავი: გრძელი, გვერდითი და მედიალური. ზემოთ, კუნთის დაწყების ადგილზე, თავებს ფარავს დელტისებრი კუნთი – M.deltoideus. გრძელი თავი – Caput longum იწყება ბეჭის ქვედა სასახსრე ბორცვიდან – tuberculum infraglenoidale scapulae, მიიმართება ქვემოთ, გაივლის დიდ და მცირე მრგვალ კუნთებს – m. teres minor et m.teres major შორის სივრცეს, წვება გარეთა თავის გვერდით. ლატერალური თავი – Caput laterale, იწყება მხრის უკანა ზედაპირიდან – facies posterior humeri და მხრის მედიალური და ლატერალური კუნთთაშუა ძგიდეებიდან – septa intermuscularia brachii mediale et laterale. ლატერალური თავის კუნთოვანი კონები მიემართებიან შიგნით და ქვემოთ. მედიალური თავი – Caput mediale, დაფარულია ლატერალური და, ნაწილობრივ, გრძელი თავებით; იგი იწყება მხრის უკანა ზედაპირიდან – facies posterior humeri, და მხრის მედიალური და ლატერალური კუნთთაშუა ძგიდეებიდან – septa intermuscularia brachii mediale et laterale. სამივე თავი ერთდება და ქმნის თითისტარისებრი ფორმის მუცელს, რომელიც ქვემოთ გადადის მყესში და მაგრდება იდაყვის მორჩზე – Olecranon. მედიალური თავის კუნთოვანი კონების ნაწილი ჩაწნულია იდაყვის სახსრის სასახსრე ჩანთაში.
მოქმედება: გრძელი თავის ხარჯზე ხდება ხელის უკან მოძრაობა და მხრის მოზიდვა ტანისაკენ.
ინერვაცია: n. radialis (C7-C8).
სისხლმომარაგება: aa. circumflexa humeri posterior, profunda brachii, collaterales ulnares.

2. იდაყვის კუნთი – M. anconeus, პირამიდული ფორმის პატარა კუნთია, და წარმოადგენს მხრის სამთავა კუნთის მედიალური თავის გაგრძელებას. მისი მწვერვალი იწყება მხრის ლატერალური ზედაროკიდან – epicondylus lateralis humeri და სხივის გვერდითი იოგიდან – lig. collaterale radiale, ფუძე კი, რომელიც შედგება მწვერვალიდან რადიალურად გამომავალი კონებისაგან, უმაგრდება იდაყვის მორჩის – Olecranon უკანა ზედაპირს.
მოქმედება: შლის წინამხარს იდაყვის სახსარში.
ინერვაცია: n. radialis (C7-C8).
სისხლმომარაგება: a.interossea recurrens.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.