ბარძაყის კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ბარძაყის კუნთები Mm. femoris Muscles of femoris

ბარძაყის კუნთები – mm. femoris – იყოფა წინა, მედიალურ და უკანა ჯგუფის კუნთებად. პირველ ჯგუფში უპირატესად გამშლელი კუნთებია, მეორე ჯგუფში – მომზიდველი კუნთები, მესამეში – მომხრელები.

ბარძაყის წინა ჯგუფის კუნთები:

1. თერძის კუნთი – m. sartorius
2. ბარძაყის ოთხთავა კუნთი – m. quadriceps femoris
3. მუხლის სახსრის კუნთი – m. articularis genus

ბარძაყის მედიალური ჯგუფის კუნთები:

1. ნაზი კუნთი – m. gracilis
2. გრძელი მომზიდველი კუნთი – m. adductor longus
3. მოკლე მომზიდველი კუნთი – m. adductor brevis
4. დიდი მომზიდველი კუნთი – m. adductor magnus
5. მცირე მომზიდველი კუნთი – m. pectineus

ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთები:

1. ნახევრად მყესოვანი კუნთი – m. semitendinosus
2. თითისტარა კუნთი –  m. semimembranosus
3. ბარძაყის ორთავა კუნთი – m. biceps femoris

ბარძაყის წინა ჯგუფის კუნთები
1. თერძის კუნთი – m. sartorius – ადამიანის სხეულის ყველაზე გრძელიბარძაყის კუნთები კუნთია.

თერძის კუნთი მდებარეობს ბარძაყის წინა ზედაპირზე, სპირალისებურად მიემართება ქვემოთ, გადადის მის შიგნითა ზედაპირზე, შემდეგ შემოუვლის მედიალურ ზედაროკს – epicondylus medialis და გადადის კანჭის წინა მედიალურ ზედაპირზე. კუნთი იწყება თეძოს წინა ზემო წვეტიდან – spina iliaca anterior superior, მიემართება ირიბად ქვემოთ, გადადის ბრტყელ მყესში და უმაგრდება დიდი წვივის ხორკლს – tuberositas tibiae; კონების ერთი ნაწილი ჩაწნულია კანჭის ზემო ნაწილის ფასციაში

ფუნქცია: კუნთი ხრის ბარძაყსა და წვივს, აბრუნებს ბარძაყს გარეთ, წვივს – შიგნით.

ინერვაცია: n. femoralis (plexus lumbalis) (L2-L3). სისხლმომარაგება: aa. circumflexa femoris lateralis, genus suprema, a. femoralis-ის კუნთოვანი ტოტები.

2. ბარძაყის ოთხთავა კუნთი – m. quadriceps femoris – მოთავსებულია ბარძაყის წინა ლატერალურ ზედაპირზე, ქვემოთ კი გადადის მის ლატერალურ მხარეზე. კუნთის თითოეული თავი იწყება დამოუკიდებლად, მუხლის მიდამოსთან ოთხივე თავი შედის საერთო მყესში, რომელიც გადადის კვირისტავის წინა ზედაპირზე და უმაგრდება დიდი წვივის ხორკლს – tuberositas tibiae.

ბარძაყის კუნთებია) ბარძაყის სწორი კუნთი – m. rectus femoris – მოთავსებულია ბარძაყის წინა ზედაპირზე და ყველაზე გრძელია აღნიშნული ოთხი თავიდან; იწყება თეძოს წინა ქვემო წვეტიდან – spina iliaca anterior inferior და ტაბუხის ბუდის – acetabulum ზემო კიდედან; მიემართება ქვემოთ, გადადის ვიწრო მყესში, რომელიც შეზრდილია კვირისტავის ფუძესთან და წინა ზედაპირთან. მყესი აღწევს დიდ წვივს და უმაგრდება დიდი წვივის ხორკლს – tuberositas tibiae. კვირისტავის – patella ქვემოთ ამ მყესს კვირისტავის იოგი – lig. patellae ეწოდება.

ბ) ბარძაყის მედიალური განიერი კუნთი – m. vastus medialis – უკავია ბარძაყის ქვემო ნახევრის წინა მედიალური ზედაპირი. მისი კუნთოვანი კონები მიემართებიან ირიბად ზემოდან ქვემოთ და შიგნიდან წინისაკენ. წინიდან მას ფარავს ბარძაყის სწორი კუნთი. კუნთი იწყება ბარძაყის ხორკლიანი ხაზის მედიალური ბაგიდან – labium mediale lineae asperae femoris, მიემართება ქვემოთ, გადადის განიერი მყესში, რომელიც ნაწილობრივ ჩაწნულია საერთო მყესში სწორ კუნთთან ერთად, ნაწილობრივ კი უმაგრდება კვირისტავის მედიალურ კიდე და ქმნის კვირისტავის მედიალურ იოგს – retinaculum patellae mediale;

გ) ბარძაყის ლატერალური განიერი კუნთი – m. vastus lateralis – უკავია ბარძაყის მთლიანი წინა ლატერალური ზედაპირი. ზემოთ იგი დაფარულია განიერი ფასციის გამჭიმავი კუნთით – m.tensor fasciae latae, წინიდან – ბარძაყის სწორი კუნთით – m. rectus femoris. კუნთის კუნთოვანი ბოჭკოები მიემართებიან ზემოდან ქვემოთ და შიგნიდან წინისაკენ. კუნთი იწყება დიდი ციბრუტიდან – trochanter major, ციბრუტთაშუა ხაზიდან – linea intertrochanterica და ხორკლიანი ხაზის ლატერალური ბაგიდან – labium laterale linea asperae; მიემართება ქვემოთ და გადადის განიერი მყესში, რომელიც ნაწილობრივ უერთდება სწორი კუნთის მყესს საერთო მყესში, ნაწილობრივ კი უმაგრდება კვირისტავის ლატერალურ კიდეს და ქმნის კვირისტავის ლატერალურ იოგს – retinaculum patellae laterale;

დ) ბარძაყის შუამდებარე განიერი კუნთი – m. vastus intermedius – მოთავსებულია ბარძაყის წინა ზედაპირზე, ბარძაყის ლატერალურ განიერ კუნთსა და ბარძაყის მედიალურ განიერ კუნთებს – mm. vasti medialis et lateralis შორის, უშუალოდ ბარძაყის სწორი კუნთის – m. rectus femoris ქვეშ. იწყება ბარძაყის ძვლის წინა ზედაპირიდან, დაწყებული ციბრუტთაშუა ხაზიდან – linea intertrochanterica, მიემართება ქვემოთ, გადადის განიერ მყესში, რომელიც თავის დისტალურ ნაწილში უერთდება ბარძაყის სწორი კუნთის – m. rectus femoris მყესს და გადადის ოთხთავა კუნთის საერთო მყესში.

ბარძაყის კუნთებიკუნთის ოთხივე თავი, რომლებიც ქმნიან ბარძაყის ოთხთავა კუნთს, უმაგრდებიან კვირისტავს სხვადასხვა ნაწილებზე და აქვთ აბგები: ა) კვირისტავწინა კანქვეშა აბგა – bursa subcutanea prepatellaris – მდებარეობს კვირისტავის წინ კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილის სისქეში; ბ) კვირისტავზედა აბგა – bursa suprapatellaris – მდებარეობს ოთხთავა კუნთის მყესის ქვეშ, კვირისტავის ზემოთ; გ) კვირისტავქვეშა კანქვეშა აბგა – bursa subcutanea infrapatellaris – მოთავსებულია კვირისტავის იოგის წინ; დ) კვირისტავქვედა ღრმა აბგა – bursa infrapatellaris profunda – მდებარეობს კვირისტავის იოგის დიდი წვივის ხორკლთან მიმაგრების ადგილთან.

ფუნქცია: ოთხთავა კუნთი ყველა თავის შეკუმშვისას შლის კანჭს, მონაწილეობს ბარძაყის მოხრაში (ბარძაყის სწორი კუნთის ხარჯზე)
ინერვაცია: n. femoralis (plexus lumbalis) (L2-L4).
სისხლმომარაგება: àà. circumflexa femoris lateralis, profunda femoris.

3. მუხლის სახსრის კუნთი – m. articularis genus – ბრტყელი ფირფიტაა, შედგება რამდენიმე კარგად გამოხატული კუნთოვანი კონისაგან; მდებარეობს ბარძაყის წინა ზედაპირზე, ბარძაყის შუამდებარე განიერი კუნთის – m. vastus intermedius ქვეშ. კუნთი იწყება ბარძაყის ძვლის ქვემო მესამედის წინა ზედაპირიდან, მიემართება ქვემოთ, უმაგრდება მუხლის სახსრის სასახსრე ჩანთის წინა და გვერდით ზედაპირებს.
ფუნქცია: ჭიმავს მუხლის სახსრის სასახსრე ჩანთას.
ინერვაცია: n. femoralis.  ბარძაყის კუნთებისისხლმომარაგება: a. circumflexa femoris lateralis, rr. perforantes a. profundae femoris.

ბარძაყის მედიალური ჯგუფის კუნთები
1. ნაზი კუნთი – m. gracilis – გრძელი კუნთია, მდებარეობს კანქვეშ, ყველაზე მედიალურად ამ ჯგუფის კუნთებს შორის. კუნთი იწყება ბოქვენის ძვლის წინა ზედაპირიდან, მიემართება ქვემოთ, გადადის გრძელ, თხელ მყესში, რომელიც უმაგრდება დიდი წვივის ხორკლს – tuberositas tibiae. ჯერ კიდევ დამაგრებამდე ნაზი კუნთის მყესი უერთდება თერძის კუნთისა – m. sartorius და ნახევრად მყესოვანი კუნთის – m. semitendinosus მყესებს, ასევე კანჭის ფასციას – fascia cruris და ქმნის ე. წ. ზედაპირულ ბატის ფეხს. აქვე მდებარეობს ბატის ფეხის აბგა – bursa anserina cruris.
ფუნქცია: მოზიდავს ბარძაყს, ასევე მონაწილეობს კანჭის მოხრაში, აბრუნებს ფეხს გარეთა მხარეზე.

ინერვაცია: n. obturatorius-ის წინა ტოტი.

სისხლმომარაგება: aa. pudenda externa, obturatoria, profunda femoris.

2. გრძელი მომზიდველი კუნთი – m. adductor longus – ბრტყელი სამკუთხა ფორმის კუნთია, მდებარეობს ბარძაყის წინა მედიალურ ზედაპირზე. კუნთი იწყება მოკლე ძლიერი მყესით ბოქვენის ძვლიდან, მიემართება ქვემოთ და უმაგრდება ხორკლიანი ხაზის მედიალურ ბაგეს – labium mediale lineae asperae.
ფუნქცია: მოზიდავს ბარძაყს, მონაწილეობს მის მოხრაში და გარეთ ბრუნვაში.
ინერვაცია: n. obturatorius (L2-L3) – ის წინა ტოტი.
სისხლმომარაგება: aa. obturatoria, pudenda externa, profunda femoris.

ბარძაყის კუნთები 3. მოკლე მომზიდველი კუნთი – m. adductor brevis – აქვს სამკუთხედის ფორმა და მდებარეობს ზემოთ აღწერილ კუნთზე უფრო ღრმად. კუნთი იწყება ბოქვენის ძვლის ქვემო ტოტის წინა ზედაპირიდან; მიემართება ქვემოთ და გარეთ, უმაგრდება ხორკლიანი ხაზის მედიალურ ბაგეს – labium mediale lineae asperae.
ფუნქცია: მოზიდავს ბარძაყს, მონაწილეობს მის მოხრაში და გარეთ ბრუნვაში.
ინერვაცია: n. obturatorius (L2-L4) – ის წინა ტოტი.

სისხლმომარაგება: a. obturatoria, aa. perforantes.

4. დიდი მომზიდველი კუნთი – m. adductor magnus – მდებარეობს გრძელი და მოკლე მომზიდველ კუნთებზე უფრო ღრმად. კუნთი იწყება ძლიერი და მოკლე მყესებით ბოქვენის ქვემო ტოტიდან და საჯდომი ძვლის ტოტიდან საჯდომ ბირცვამდე – tuber ischiadicum. შემდეგ კუნთოვანი კონები იშლებიან მარაოსებურად ქვემოთ და უმაგრდებიან ხორკლიანი ხაზის მედიალურ ბაგეს – labium mediale lineae asperae femoris. დისტალური კონების ნაწილი გადადის თხელ მყესში და უმაგრდება ბარძაყის მედიალურ ზედაროკს – epicondylus medialis femoris.
ფუნქცია: მოზიდავს ბარძაყს, აბრუნებს მას გარეთ.
ინერვაცია: n. obturatorius (L2-L3)-ის უკანა ტოტი და n. ischiadicus (L4-L5)-ის ტოტები.
სისხლმომარაგება: aa. obturatoria, perforantes.

ბარძაყისკუნთები5. მცირე მომზიდველი კუნთი – m. adductor minimus – იწყება ბოქვენის ძვლის ქვემო ტოტის წინა ზედაპირიდან და საჯდომი ძვლის ტოტიდან და უმაგრდება ბარძაყის ხორკლიანი ხაზის მედიალურ ბაგეს. კუნთს აქვს სამკუთხა ფორმა და მდებარეობს მოკლე მომზიდველი კუნთის წინ.

ფუნქცია: ხრის, მოზიდავს და აბრუნებს ბარძაყს გარეთ.
ინერვაცია: n. obturatorius -ის უკანა ტოტი.
სისხლმომარაგება: aa. obturatoriae, perforantes.

6. ქედის კუნთი – m. pectineus – ბრტყელი, ოთხკუთხა ფორმის კუნთია. იწყება ბოქვენის ზემო ტოტიდან და ქედიდან, მიემართება ქვემოთ და გარეთ და უმაგრდება ქედის ხაზს – linea pectinea.

ფუნქცია: ხრის და მოზიდავს ბარძაყს, აბრუნებს მას გარეთ.
ინერვაცია: n.femoralis -ის ტოტები.
სისხლმომარაგება: aa. obturatoria, pudenda externa, profunda femoris.

ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთები
1. ნახევრად მყესოვანი კუნთი – m. semitendinosus – გრძელი, თხელი კუნთია, მდებარეობს ბარძაყის უკანა ზედაპირის მედიალურ კიდესთან.ბარძაყის კუნთები კუნთის პროქსიმალური ნაწილი დაფარულია დიდი დუნდულა კუნთით – m. gluteus maximus. ხშირად კუნთი შუა ნაწილში წყდება ირიბად მიმავალი მყესოვანი ძგიდით – intersectio tendinea. ნახევრად მყესოვანი კუნთი იწყება საჯდომი ბორცვიდან – tuber ischiadicum და მიემართება ქვემოთ, გადადის გრძელ მყესში, რომელიც მიემართება დიდი წვივის ძვლის წინა მედიალურ ზედაპირისაკენ და უმაგრდება დიდი წვივის ხორკლს – tuberositas tibiae. მყესის საბოლოო კონების ნაწილი ჩაეწვნება კანჭის ფასციაში, მონაწილეობს ე. წ. ზედაპირული ბატის ფეხის წარმოქმნაში.

ფუნქცია: შლის ბარძაყს, ხრის კანჭს და აბრუნებს მას შიგნით; მონაწილეობს ტორსის გაშლაში.
ინერვაცია: n. tibialis – ის ტოტები.
სისხლმომარაგება: aa. perforantes.

2. თითისტარა კუნთი – m. semimembranosus – მოთავსებულია ბარძაყის უკანა ზედაპირის მედიალურ კიდეზე. კუნთი იწყება საჯდომი ბორცვიდან – tuber ischiadicum, ეშვება ქვემოთ, გადადის მყესში, რომელიც მიემართება დიდი წვივის წინა მედიალური ზედაპირისაკენ. ამ ადგილზე მყესი ფართოვდება და იშლება სამ ტოტად, რომლებიც ქმნიან ბატის ღრმა ფეხს. შიგნითა კონა მდებარეობს ჰორიზონტალურად და მთავრდება დიდი წვივის მედიალურ როკზე – condylus medialis tibiae; შუა კონა ასევე აღწევს მედიალურ როკს, გადადის მუხლქვეშა კუნთის მფარავ ფასციაში; გარეთა კონა აღწევს მუხლის სახსრის სასახსრე ჩანთას და გადადის მუხლქვეშა ირიბ იოგში – lig. popliteum obliquum. მყესის გაყოფის ადგილზე იქმნება თითისტარა კუნთის აბგა – bursa m. semimembranosi.
ფუნქცია: შლის ბარძაყს, ხრის კანჭს, აბრუნებს მას შიგნით.
ინერვაცია: n. tibialis (L4-L5; S1).
სისხლმომარაგება: aa. circumflexa femoris medialis, perforantes, poplitea.

ბარძაყის კუნთები 3. ბარძაყის ორთავა კუნთი – m. biceps femoris – მოთავსებულია ბარძაყის უკანა ზედაპირის ლატერალურ კიდესთან და აქვს ორი თავი – გრძელი და მოკლე, რომლებიც ერთდებიან ერთ საერთო მუცელში. გრძელი თავი – caput longum იწყება საჯდომი ბორცვიდან – tuber ischiadicum; მოკლე თავი – caput breve იწყება ბარძაყის ხორკლიანი ხაზის ლატერალური ბაგიდან – labium laterale lineae asperae. გრძელი თავის დასაწყისთან მდებარეობს ბარძაყის ორთავა კუნთის ზემო აბგა – bursa m. bicipitis femoris superior. ორივე თავი ერთდება და ქმნის ძლიერ მუცელს, რომელიც მიემართება ქვემოთ, გადადის გრძელ მყესში და უმაგრდება მცირე წვივის თავს – capitulum fibulae. ნაწილი კონებისა მიემართება ჰორიზონტალურად, ფიქსირდება დიდი წვივის ზემო სასახსრე ზედაპირის კიდეზე, ნაწილი კი მიემართება ქვემოთ და ჩაეწვნება კანჭის ფასციას. კუნთის მყესსა და მცირე წვივის გვერდით იოგს – lig. collaterale fibulare შორის მდებარეობს ბარძაყის ორთავა კუნთის მყესქვეშა აბგა – bursa subtendinea m. bicipitis femoris inferior.
ფუნქცია: შლის ბარძაყს, ხრის კანჭს, აბრუნებს მას გარეთ.
ინერვაცია: გრძელი თავი – n.tibialis და n. ischiadicus (S1-S2), მოკლე თავი – n. peroneus communis და n. ischiadicus (L4-L5; S1).
სისხლმომარაგება: aa. circumflexa femoris medialis, perforantes, poplitea.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.