ტერფის კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ტერფის კუნთები Mm. pedis Muscles of foot

ტერფის კუნთები – mm. pedis – იყოფა ტერფის ზურგის კუნთებად და ტერფძირის კუნთებად. ტერფის ზურგის კუნთები ძირითადად გამშლელი კუნთებია, ტერფძირისა – უპირატესად მომხრელები.

ტერფის ზურგის კუნთები

1. თითების მოკლე გამშლელი კუნთი – m.extensor digitorum brevis – ბრტყელი კუნთია, მოთავსებულია უშუალოდ ტერფის ზურგზე. კუნთი იწყება ქუსლის – calcaneus წინა ნაწილის ლატერალური ზედაპირიდან და მიემართება წინ, გადადის ოთხ ვიწრო მყესში. მყესები თავიანთ დისტალურ ნაწილში უერთდებიან თითების გრძელი მომხრელი კუნთის მყესს და უმაგრდებიან II-V თითების პროქსინალური ფალანგების ფუძეებს.
ფუნქცია: შლის II-IV თითებს.
ინერვაცია: n. peroneus profundus (L4-L5;S1).
სისხლმომარაგება: a. tarsea lateralis, r. perforans a. peroneae.

ტერფის კუნთები
2. ფეხის ცერის მოკლე გამშლელი კუნთი – m. extensor hallicis brevis – მდებარეობს ზემოთ აღწერილი კუნთის ქვეშ. იწყება ქუსლის – calcaneus წინა ნაწილის ზემო ზედაპირიდან, მიემართება წინ და მედიალურად, გადადის მყესში და უმაგრდება ცერის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს. დისტალურ ნაწილში მყესი შეზრდილია ფეხის ცერის გრძელი გამშლელი კუნთის – m. extensor hallucis longus მყესთან და მონაწილეობს ტერფის ზურგის აპონევროზის წარმოქმნაში.
ფუნქცია: შლის ფეხის ცერს.
ინერვაცია: n. Peroneus profundus (L4-L5;S1).
სისხლმომარაგება: a. tarsea lateralis, r. perforans a. peroneae.

ტერფძირის კუნთები

ფეხის ცერის შემაღლების კუნთები
1. ფეხის ცერის განზიდველი კუნთი – m. abductor hallucis – მდებარეობს ზედაპირულად და ყველაზე უფრო მედიალურად ამ ჯგუფის კუნთებს შორის. იწყება მომხრელი კუნთების [მყესების] საბმელიდან – retinaculum mm. flexorum, ქუსლის ბორცვის მედიალური მორჩიდან – processus medialis tuberis calcanei და ნავისებრი ძვლის ტერფძირისმხრივი ზედაპირიდან. კუნთი მიემართება წინ, გადადის მყესში, რომელიც შეზრდილია ცერის მოკლე მომხრელი კუნთის – M. flexor hallucis brevis მყესთან და უმაგრდება ცერის მედიალურ სესამოიდურ ძვალს და მისი პროქსიმალური ფალანგის ფუძეს.
ფუნქცია: ხრის და განზიდავს ფეხის ცერს, ამაგრებს ტერფის თაღის მედიალურ ნაწილს.
ინერვაცია: n. plantaris medialis (L5; S1).
სისხლმომარაგება: a. plantaris medialis.

ტერფის კუნთები

2. ფეხის ცერის მოკლე მომხრელი კუნთი – m.flexor hallucis brevis – წინასთან შედარებით მოკლე კუნთია; მდებარეობს უშუალოდ წინა ტერფის პირველ ძვალზე – os metatarsale I. კუნთი იწყება მედიალური სოლისებრი ძვლიდან – os cuneiforme mediale, ნავისებრი ძვლის ტერფძირისმხრივი ზედაპირიდან, დიდი წვივის უკანა კუნთის მყესიდან, ტერფძირის გრძელი იოგიდან – lig. plantare longum. კუნთის მყესი ცერის მომზიდველი კუნთის – m. adductor hallucis მყესთან ერთად უმაგრდება ლატერალურ და მედიალურ სესამოიდურ ძვლებსა და ცერის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს და ამგვარად იყოფა ორ დისტალურ მყესად, რომელთაგან თითოეული მიეკუთვნება ლატერალურ და მედიალურ თავებს.
ფუნქცია: ხრის ცერს.
ინერვაცია: ლატერალური თავი – n. plantaris lateralis (S1-S2), მედიალური თავი – n. plantaris medialis (L5-S2).
სისხლმომარაგება: a. plantaris medialis, arcus plantaris.

3. ფეხის ცერის მომზიდველი კუნთი – m.adductor hallucis – მდებარეობს ღრმად, უშუალოდ წინა ტერფის ძვლებზე და დაფარულია თითების გრძელი და მოკლე მომხრელებით. კუნთი იწყება ორი თავით – განივი და ირიბი თავებით. განივი თავი – caput transversum, იწყება III-V წინატერფ – ფალანგთა სახსრების სასახსრე ჩანთების ტერფძირისმხრივი ზედაპირებიდან, წინა ტერფის II-V ძვლების დისტალური ბოლოებიდან, ტერფძირის აპონევროზიდან – Aponeurosis plantaris, წინა ტერფის ძვლების თავების განივი იოგებიდან. ირიბი თავი – caput obliquum – იწყება კუბური ძვლის – os cuboideum,  ლატერალური სოლისებრი ძვლის – os cuneiforme laterale, წინა ტერფის II-IV ძვლების ფუძეების ტერფძირისმხრივი ზედაპირებიდან, ტერფძირის გრძელი იოგიდან – lig. plantare longum და მცირე წვივის გრძელი კუნთის – m. peroneus longus ბუდიდან. ორივე თავი გადადის საერთო მყესში, რომელიც მაგრდება ლატერალურ სესამოიდურ ძვალზე და ფეხის ცერის პროქსიმალური ფალანგის ფუძეზე.
ფუნქცია: მოზიდავს ცერს და ხრის მას.
ინერვაცია: n. plantaris lateralis (S1-S2).
სისლხმომარაგება: àà. metatarseae plantares et dorsales; rr. perforantes a. arcuatae.

ფეხის ნეკის შემაღლების კუნთები
1. ფეხის ნეკის განმზიდველი კუნთი – m. abductor digiti minimi – მოთავსებულია უშუალოდ ტერფძირის აპონევროზის ქვეშ. კუნთი იწყება ქუსლის ბორცვის მედიალური და ლატერალური მორჩებიდან – processus lateralis et medialis tuberis calcanei და ტერფძირის აპონევროზიდან – aponeurosis plantaris; მიემართება ქვემოთ, გადადის მოკლე მყესში, რომელიც უმაგრდება ნეკის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს ლატერალური მხარეზე.
ფუნქცია:  განზიდავს და ხრის ფეხის ნეკის პროქსიმალურ ფალანგს.
ინერვაცია: n. plantaris lateralis (S1-S2).
სისხლმომარაგება: a. plantaris lateralis.

2. ფეხის ნეკის მოკლე მომხრელი კუნთი – m. flexor digiti minimi brevis – მოთავსებულია წინა კუნთის მედიალურად და, ნაწილობრივ, მის ქვეშ. იწყება წინა ტერფის მეხუთე ძვლიდან – os metatarsale V, ტერფძირის გრძელი იოგიდან – lig. plantare longum და მცირე წვივის გრძელი კუნთის – m. peroneus longus ბუდიდან, მიემართება წინ, გადადის მყესში, რომელიც შეზრდილია ფეხის ნეკის განმზიდველი კუნთის – m. abductor digiti minimi მყესთან და უმაგრდება ფეხის ნეკის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს.
ფუნქცია: ხრის ფეხის ნეკის პროქსიმალურ ფალანგს.
ინერვაცია: n. plantaris lateralis (S1-S2).
სისხლმომარაგება: a. plantaris lateralis.

3. ფეხის ნეკის პირისპირ დამყენებელი კუნთი – m. opponens digiti minimi – იწყება წინა კუნთთან ერთად ტერფძირის გრძელი იოგიდან – lig. plantare longum და მცირე წვივის გრძელი კუნთის – m. peroneus longus მყესის ბუდიდან და უმაგრდება წინა ტერფის მეხუთე ძვლის ლატერალურ კიდეს.
ფუნქცია: მოზიდავს და პირისპირ აყენებს წინა ტერფის მეხუთე ძვალს; წინა კუნთთან ერთად მონაწილეობს ტერფის თაღის ლატერალური ნაწილის გამაგრებაში.
ინერვაცია: n. plantaris lateralis (S1-S2).
სისხლმომარაგება: a. plantaris lateralis.

შუა შემაღლების კუნთები
1. თითების მოკლე მომხრელი კუნთი – m. flexor digitorum brevis – მდებარეობს ტერფის შუა ნაწილში, ტერფძირის აპონევროზის ქვეშ. კუნთი იწყება მოკლე, ძლიერი მყესით ქუსლის ძვლის ბორცვის მედიალური მორჩიდან – processus medialis და ტერფძირის აპონევროზიდან – aponeurosis plantaris. კუნთი მიემართება წინ, მისი კუნთოვანი მუცელი გადადის ოთხ მყესში, რომლებიც განლაგებულნი არიან სინოვიურ არხებში თითების გრძელი მომხრელი კუნთის – m. flexor digitorum longus მყესებთან ერთად. ფეხის II-V თითების პროქსიმალური ფალანგების მიდამოში მოკლე მომხრელი კუნთის მყესი იყოფა ორ ფეხად და უმაგრდება საჩვენებელი თითის შუა ფალანგის ფუძეს. ფეხებს შორის მოთავსებულია თითების გრძელი მომხრელი კუნთის მყესები.
ფუნქცია: ხრის ფეხის II-V თითების შუა ფალანგებს.
ინერვაცია: n. plantaris medialis (L5; S1).
სისხლმომარაგება: àà. tibialis posterior, plantares lateralis et medialis.

ტერფის კუნთები

2. ტერფძირის კვადრატული კუნთი – m. quadratus plantae – მოთავსეულია წინა კუნთის ქვეშ. იწყება ქუსლის ძვლის უკანა ნაწილის ქვემო და მედიალური ზედაპირებიდან ორი თავით, რომლებიც ერთდებიან საერთო მუცელში. კუნთი მიემართება წინ, ვიწროვდება და მაგრდება თითების გრძელი მომხრელი კუნთის – m. flexor digitorum longus მყესის გარეთა კიდესთან.
ფუნქცია: თითების გრძელ მომხრელ კუნთთან ერთად მონაწილეობს დისტალური ფალანგების მოხრაში.
ინერვაცია: n. plantaris lateralis (S1-S2).
სისხლმომარაგება: a. plantaris lateralis.

3. ჭიაყელა კუნთები – mm. lumbricales – მოკლე კუნთებია, რიცხვით 4; მოთავსებულია თითების გრძელი მომხრელი კუნთის – m. flexor digitorum longus მყესებს შორის და დაფარულია თითების მოკლე მომხრელებით. თითოეული კუნთი იწყება თითების გრძელი მომხრელის შესაბამისი მყესიდან, ამასთან სამი ლატერალური – ორი თავით, პირველი – ერთი თავით. კუნთები მიემართებიან წინ, წინატერფ – ფალანგთა სახსრების მიდამოში შემოუვლიან II-V თითებს და გადადიან აღნიშნული თითების დორსალურ ზედაპირზე და ჩაეწვნებიან მათ დორსალურ აპონევროზში. ჭიაყელა კუნთებსა – mm. lumbricales და წინა ტერფის ღრმა განივ იოგს – lig. metatarseum transversum profundum შორის მდებარეობს ჭიაყელა კუნთების აბგები.
ფუნქცია: ხრის ფეხის II-V თითების პროქსიმალურ ფალანგებს, და ამავე დროს შლის იმავე თითების შუა და დისტალურ ფალანგებს.
ინერვაცია: n.plantaris medialis è n.plantaris lateralis (L5;S1-S2).
სისხლმომარაგება: aa. plantares, lateralis et medialis.

4. ძვალთაშუა პლანტარული კუნთები – mm. interossei plantares – მოკლე კუნთებია რიცხვით 3; კუნთები განლაგებულნი არიან წინა ტერფის II-III, III-IV და IV-V ძვლების ძვალთაშუა შუალედებში. თითოეული კუნთი იწყება წინა ტერფის III, IV და V ძვლების მედიალური ზედაპირებიდან და უმაგრდებიან პროქსიმალური ფალანგების ფუძეებს და ნაწილობრივ გადადიან ტერფზურგის აპონევროზში.
ფუნქცია: ხრიან III-V თითების პროქსიმალურ ფალანგებს და შლიან შუა და დისტალურ ფალანგებს, ასევე მოზიდავენ საჩვენებელ თითებს მეორე თითთან.
ინერვაცია: n. plantaris lateralis (S1-S2).
სისხლმომარაგება: arcus plantaris, aa. metatarseae plantares.

5. ტერფზურგის ძვალთაშუა კუნთები – mm. interossei dorsales – რიცხვით ოთხია და ავსებენ ძვალთაშუა შუალედებს ტერფის ზურგის მხარეზე. თითოეული კუნთი იწყება წინა ტერფის ორი მეზობელი ძვლის ერთმანეთისაკენ მიმართული ზედაპირებიდან და მიემართებიან წინ, უმაგრდებიან II-IV თითების პროქსიმალური ფალანგების ფუძეებს და ჩაეწვნებიან ტერფზურგის აპონევროზში.
ფუნქცია: პირველი ძვალთაშუა კუნთი სწევს ფეხის მეორე თითს მედიალური მიმართულებით, მეორე, მესამე და მეოთხე – წევენ II-IV თითებს ლატერალურად, ოთხივე კუნთი ხრის აღნიშნული თითების პროქსიმალურ ფალანგებს და შლის მათ შუა და დისტალურ ფალაგებს.
ინერვაცია: n. plantaris lateralis (S1-S2).
სისხლმომარაგება: arcus plantaris, aa. metatarseae plantares.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.