ხელის მტევნის კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ხელის მტევნის კუნთები Muscles of hand

მტევნის კუნთები იყოფა ორ ჯგუფად: 1. ხელისგულის ზედაპირის კუნთები და 2. დორსალური (ხელზურგის) ზედაპირის კუნთები.

ხელისგულის ზედაპირის კუნთებს შორის არჩევენ: ცერის შემაღლების კუნთებს (thenar-ის მიდამო), ნეკის შემაღლების კუნთებს (hypothenar-ის მიდამო) და შუა ჯგუფის კუნთებს.

მტევნის კუნთები

ცერის შემაღლების კუნთები:

1. ცერის მოკლე განმზიდველი კუნთი – m. abductor pollicis brevis
2. ცერის მოკლე მომხრელი კუნთი – m. flexor pollicis brevis
3. ცერის პირისპირ დამყენებელი კუნთი – m. opponens pollicis
4. ცერის მომზიდველი კუნთი – m. adductor pollicis

ნეკის შემაღლების კუნთები:

1. ნების მოკლე კუნთი – m.palmaris brevis
2. ნეკის განმზიდველი კუნთი – m. abductor digiti minimi
3. ნეკის მოკლე მომხრელი კუნთი – m. flexor digiti minimi brevis
4. ნეკის პირისპირ დამყენებელი კუნთი – m. opponens digiti minimi

შუა ჯგუფის კუნთები:

1. ჭიაყელა კუნთები – mm. lumbricales
2. ძვალთაშუა პალმარული კუნთები – mm. interossei palmares

მტევნის დორსალური ზედაპირის კუნთებია:
ხელზურგის (დორსალური) ძვალთაშუა კუნთები – mm. interossei dorsales

ცერის შემაღლების კუნთები:
1. ცერის მოკლე განმზიდველი კუნთი – m. abductor pollicis brevis, მდებარეობს ცერის შემაღლების გვერდით მხარეზე, უშუალოდ კანქვეშ. იწყება ცერის გრძელი განმზიდველი კუნთის – m. abductor pollicis longus მყესიდან, წინამხრის ფასციიდან – fascia antebrachii, ნავისებრი ძვლის ბორცვიდან – Tuberculum oss. scaphoidei და მომხრელების საბმელიდან – retinaculum flexorum; უმაგრდება ცერის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს გერდითი მხრიდან; მისი მყესი შეიცავს სესამოიდურ ძვალს.

მოქმედება: განზიდავს ცერს და მონაწილეობს პროქსიმალური ფალანგის მოხრაში.
ინერვაცია: n. medianus (C6-C7).
სისხლმომარაგება: r. palmaris superficialis a. radialis.

მტევნის კუნთები

2. ცერის მოკლე მომხრელი კუნთი – m.flexor pollicis brevis, მდებარეობს ზემოთ აღწერილი კუნთის ქვეშ, ასევე უშუალოდ კანქვეშ. იწყება მომხრელების საბმელიდან – retinaculum flexorum, ტრაპეციული, თავდიდა, ტრაპეცოიდური ძვლებიდან და ნების პირველი ძვლის ფუძიდან; მიემართება დისტალურად და უმაგრდება ცერის სესამოიდურ ძვლებს.
მოქმედება: ხრის ცერის პროქსიმალურ ფალანგს.
ინერვაცია: ზედაპირული კონები – n. medianus (C6-C7), ღრმა – n. ulnaris (C8 – Th1).

სისხლმომარაგება: r. palmaris superficialis a. radialis, arcus palmaris profundus.

3. ცერის პირისპირ დამყენებელი კუნთი – m. opponens pollicis, – აქვს თხელი სამკუთხა ფირფიტის ფორმა და მოთავსებულია ცერის მოკლე განმზიდველი კუნთის – m. abductor pollicis brevis ქვეშ. კუნთი იწყება ტრაპეციული ძვლის ხორკლიდან – tuberositas ossis multanguli და მომხრელების საბმელიდან – retinaculum flexorum და უმაგრდება ნების პირველი ძვლის გარეთა კიდეს.
მოქმედება: მოზიდავს ცერს და უპირისპირებს თითებს.
ინერვაცია: n. medianus (C6-C7).

სისხლმომარაგება: r. palmaris superficialis a. radialis, arcus palmaris profundus.

4. ცერის მომზიდველი კუნთი – m. adductor pollicis,  ყველაზე ღრმად მდებარე კუნთია ცერის მაღლობის კუნთთა შორის. იწყება ორი თავით: ა) ირიბი თავი – caput obliquum, იწყება მაჯის სხივისებრი იოგიდან – lig. carpi radiatum, თავდიდა ძვლიდან – os capitatum და ნების II და III ძვლების პალმარული ზედაპირებიდან; ბ) განივი თავი – caput transversum იწყება ნების მესამე ძვლის პალმარული ზედაპირიდან და ნების მეორე და მესამე ძვლების თავებიდან. კუნთოვანი კონები უმაგრდებიან ცერის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს, იდაყვის სესაომოიდურ ძვალსა და ნებ – ფალანგის სახსრის სასახსრე ჩანთას.
მოქმედება: მოზიდავს ცერს და მონაწილეობს მისი პროქსიმალური ფალანგის მოხრაში.
ინერვაცია: n. ulnaris
სისხლმმარაგება: arcus palmares superficialis et profundus.

მტევნის კუნთები

ნეკის შემაღლების კუნთები:
1. ნების მოკლე კუნთი – m.palmaris brevis, თხელი ფირფიტაა; იწყება ხელგულის აპონევროზის შიგნითა კიდედან და მომხრელების საბმელიდან – retinaculum flexorum და ჩაეწვნება ნეკის შემაღლების კანში.

მოქმედება: ჭიმავს ხელგულის აპონევროზს და ანაოჭებს ნეკის შემაღლების კანს.
ინერვაცია: n. ulnaris [(C7), C8, Th1.
სისხლმომარაგება: a. ulnaris.

2. ნეკის განმზიდველი კუნთი – m. abductor digiti minimi, – უკავია ყველაზე მედიალური მდებარეობა ამ ჯგუფის კუნთებს შორის. მოთავსებულია უშუალოდ კანქვეშ და, ნაწილობრივ, ნების მოკლე კუნთის – m. palmaris brevis ქვეშ. კუნთი იწყება ცერცვისებრი ძვლიდან – os pisiforme, მაჯის იდაყვისაკენ მომხრელი კუნთის – m. flexor carpi ulnaris მყესიდან და მომხრელების საბმელიდან – retinaculum flexorum;  უმაგრდება ნეკის პროქსიმალური ფალანგის ფუძის იდაყვისეულ კიდეს.
მოქმედება: განზიდავს ნეკს და მონაწილეობს მისი პროქსიმალური ფალანგის მოხრაში.
ინერვაცია: n. ulnaris [(C7), C8 Th1.
სისხლმომარაგება: a. palmaris profundus a. ulnaris.

3. ნეკის მოკლე მომხრელი კუნთი – m. flexor digiti minimi brevis, – მდებარეობს ზემოთ აღწერილი კუნთის ლატერალურად და ზემოდან დაფარულია ნების მოკლე კუნთით – m. palmaris brevis და კანით. იწყება კავიანი ძვლის კავიდან – Hamulus oss. hamati, მომხრელების საბმელიდან – retinaculum flexîrum, მიემართება დისტალურად, უმაგრდება ნეკის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს ხელგულის მხრიდან.

მოქმედება: ხრის ნეკის პროქსმალურ ფალანგს და მონაწილეობს მის მოზიდვაში.
ინერვაცია: n. ulnaris (C7-C8).
სისხლმომარაგება: a. palmaris profundus a. ulnaris.

4. ნეკის პირისპირ დამყენებელი კუნთი – m. opponens digiti minimi, იწყება კავიანი ძვლის კავიდან – Hamulus oss. hamati და მომხრელების საბმელიდან – retinaculum flexorum და უმაგრდება ნების მეხუთე ძვლის იდაყვისეულ კიდეს.
მოქმედება: ცერის საპირისპიროდ აყენებს ნეკს.
ინერვაცია: n. ulnaris (C7-C8).
სისხლმომარაგება: a. palmaris profundus a. ulnaris.

შუა ჯგუფი
1. ჭიაყელა კუნთები – mm. lumbricales, პატარა თითისტარისებრი კუნთებია, რიცხვით 4; თითოეული მათგანი იწყება თითების ღრმა მომხრელი კუნთის – m. flexor digitorum profundus შესაბამისი მყესის ლატერალური კიდიდან და უმაგრდება (საჩვენებელი თითიდან ნეკამდე), პროქსიმალური ფალანგების ფუძეებს დორსალური მხრიდან. აქ იგი ჩაწნულია საჩვენებელი, შუა, უსახელო და ნეკის დორსალურ აპონევროზში.

მოქმედება: ხრის აღნიშნული ოთხი თითის პროქსიმალურ ფალანგებს და შლის  იმავე თითების შუა და დისტალურ ფალანგებს.
ინერვაცია: პირველი და მეორე – n. medianus, მესამე და მეოთხე – n. ulnaris (C8 Th1).
სისხლმომარაგება: arcus palmaris superficialis.

2. ხელგულის (პალმარული) ძვალთაშუა კუნთები – mm. interossei palmares, თითისტარის ფორმის სამი კუნთოვანი კონაა, რომლებიც განლაგებულია ნების ძვლებს შორის შუალედებში. პირველი ძვალთაშუა კუნთი მდებარეობს ხელგულის სხივისმხრივ ნახევარზე და იწყება ნების მეორე ძვლის იდაყვისმხრივ ზედაპირზე, უმაგრდება საჩვენებელი თითის ნებ – ფალანგის სახსრის იდაყვისმხრივ მხარეს და ჩაეწვნება მის დორსალურ აპონევროზში. მეორე და მესამე ძვალთაშუა კუნთები მდებარეობენ ხელგულის იდაყვისმხრივ ნახევარზე და იწყებიან ნების მეოთხე და მეხუთე ძვლების სხივისკენა ზედაპირზე და უმაგრდებიან უსახელო თითისა და ნეკის ნებ – ფალანგის სახსრების სასახსრე ჩანთებს.

მოქმედება: ხრიან პროქსიმალურ ფალანგებს და შლიან საჩვენებელი და უსახელო თითების შუა და დისტალურ ფალანგებს, მოზიდავენ ამ თითებს შუა თითისაკენ.
ინერვაცია: n. ulnaris (C8 Th1).
სისხლმომარაგება: arcus palmaris profundus.

მტევნის დორსალური ზედაპირის კუნთები
დორსალური ძვალთაშუა კუნთები – mm. interossei dorsales, თითისტარისებრი ფორმის, ორფრთიანი კუნთებია, რიცხვით 4; მოთავსებულნი არიან მტევნის ზურგის ძვალთაშუა შუალედებში. თითოეული კუნთი იწყება ორი თავით, ერთმანეთისაკენ მიმართული ნების ორი მეზობელი ძვლების ფუძეების გვერდითი ზედაპირებიდან და უმაგრდებიან –  პირველი და მეორე კუნთი – საჩვენებელი და შუა თითების სხივისკენა კიდეს, ხოლო მესამე და მეოთხე – შუა და უსახელო თითების იდაყვისეულ კიდეს.
მოქმედება: ხრის II – IV თითების პროქსიმალურ ფალანგებს და შლის შუა და დისტალურ ფალანგებს.
ინერვაცია: n. ulnaris (C8 Th1).
სისხლმომარაგება: arcus palmaris profundus.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.