პირის ღრუ

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. პირის ღრუ   Cavum oris;  Oral cavity

პირის ღრუ – cavum oris, წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი აპარატის დასაწყის ნაწილს; თავად პირის ღრუ იწყება პირის ნაპრალით – rima oris, რომელიც მდებარეობს ჰორიზონტალურ სიბრტყეში და მოსაზღვრულია ზემო და ქვემო ტუჩებით – labium superioris et inferioris.

პირის ღრუ

პირის კუთხეებში – angulus oris ზემო და ქვემო ტუჩი გადადის ერთმანეთში და ქმნის ტუჩების შესართავს – comissura labiorum. პირის ღრუ იყოფა ორ ნაწილად: წინა, გარეთა ნაწილი – პირის კარიბჭე – vestibulum oris და უკანა, შიგნითა ნაწილი – საკუთრივ პირის ღრუ – cavum oris proprium. პირის კარიბჭე წინიდან და გვერდებიდან მოსაზღვრულია ტუჩებითა და ლოყებით, შიგნითა მხრიდან – ღრძილებითა და კბილებით. ღრუ დაფარულია ლორწოვანი გარსით, რომელიც ტუჩებიდან და ლოყებიდან გადადის ღრძილებზე, ღრძილებიდან კი – პირის ღრუში. პირის კარიბჭეში შუა ხაზზე. ტუჩებსა და ღრძილებს შორის ლორწოვანი გარსი ქმნის ზემო და ქვემო ტუჩების ლაგამებს – frenulum labiorum superius et inferius. დიდ ძირითად კბილებსა და ქვედა ყბის ასწვრივ ტოტებს შორის არსებული ხვრელით პირის კარიბჭე უერთდება საკუთრივ პირის ღრუს. პირის ღრუ მოსაზღვრულია: ზემოდან – მაგარი და რბილი სასით, ქვემოდან – ენითა და პირის ღრუს ძირის ლორწოვანით, უკნიდან – ხახის პირით, წინიდან და გვერდებიდან – კბილებითა და ღრძილებით. პირის ღრუს ზემო კედელს ქმნის სასა, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: წინა ნაწილი, ანუ მაგარი სასა – palatum durum და უკანა ნაწილი, ანუ რბილი სასა – palatum molle. ამასთანავე, სასა წარმოადგენს პირისა და ცხვირის ღრუების ერთგვარ გამყოფ ძგიდეს. მაგარი სასა შეადგენს სასის 2/3 ნაწილს; იგი შედგება შემდეგი ძვლოვანი ნაწილებისაგან: ზედაყბის ძვლების სასის მორჩები და სასის ძვლების ჰორიზონტალური ფირფიტები; ზემოდან იგი დაფარულია ძვლისაზრდელათი, მის ქვემოთ კი ლორწოვანი გარსია, რომელიც ქმნის განივ ნაოჭებს – plicae transversae. რბილი სასის ძირითადი ნაწილია სასის ფარდა – velum palatinum, რომელიც შუა ხაზის მიმართულებით, უკან და ქვემოთ ქმნის ნაქს – uvula. რბილი სასის ლორწოვანი ქვეშ მოთავსებულია სასის ლორწოვანი ჯირკვლები – glandulae palatinae.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.