სანერწყვე ჯირკვლები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სანერწყვე ჯირკვლები Glandulae salivare;  Salivary glands

პირის ღრუსა და პირის კარიბჭეს სადინრების საშუალებით უკავშირდება სამი წყვილი მსხვილი სანერწყვე ჯირკვალი; ესენია: ყბაყურის ჯირკვალი, ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლები.

სანერწყვე ჯირკვლები

ყბაყურის ჯირკვალი – glandula parotis, არასწორი სამკუთხა ფორმისაა; მისი ერთი ნაწილი მდებარეობს საღეჭ კუნთზე, ნაწილი კი მოთავსებულია ქვედა ყბის უკანა ფოსოში – fossa retromandibularis. ქვემოთ ის შესაძლოა ეხებოდეს ყბისქვეშა ჯირკვალს – glandula submandibularis.. სიღრმეში ჯირკვალი ესაზღვრება სადგისისებრ მორჩს, სადგის-ინისა და სადგის-ენის კუთებს, ასევე შიგნითა საძილე არტერიასა და შიგნითა საუღლე ვენას. ჯირკვალს ფარავს ყბაყურის ჯირკვლის ფასცია – fascia parotidea. ჯირკვლის წინა კიდის ზემო ნაწილთან გამოდის ყბაყურის ჯირკვლის სადინარი – ductus parotideus და მიიმართება თითქმის ჰორიზონტალურად, ყვრიმალის რკალის პარალელურად, საღეჭი კუნთის გარეთა ზედაპირზე; აღწევს მის წინა კიდეს, და corpus adiposum buccae გავლით ხვრეტს ლოყის კუნთს და იხსნება პირის კარიბჭეში, ზემო მეორე დიდი ძირითადი კბილის დონეზე, ყბაყურის ჯირკვლის დვრილში – papillae parotidea. ყბაყურის ჯირკვლის სადინრის გაყოლებაზე გვხვდება ცვალებადი ზომის დამატებითი ყბაყურა ჯირკვალი – glandula parotis accessoria. ყბაყურის ჯირკვალში გაივლის გარეთა საძილე არტერიის ტოტები, ქვედაყბისუკანა ვენა და სახის ნერვის ტოტები.

ინერვაცია: rr. parotidei ï… auriculotemporalis (ganglion oticum); a. temporalis superficialis.-ის თანმხლები ნერვები.
კვება: rr. parotidei aa. temporalis superficialis et maxillaris.

სანერწყვე ჯირკვლები

ენისქვეშა ჯირკვალი – glandula sublingualis, მდებარეობს უშუალოდ პირის ღრუს ძირის ლორწოვანი გარსის ქვეშ, ყბა-ინის კუნთზე – m. mylohyoideus.  ჯირკვალი წინა ბოლოთი ესაზღვრება ქვედა ყბის სხეულის შიგნითა ზედაპირს, ხოლო უკანა ბოლოთი – ყბისქვეშა ჯირკვალს. ჯირკვალს აქვს მრავალრიცხოვანი მოკლე სადინრები – მცირე ენისქვეშა სადინრები – ductus sublingualis minores, რომლებიც იხსნებიან ენისქვეშა ნაოჭში – plica sublingualis. გარდა მცირე სადინრებისა, ჯირკვალს აქვს ერთი დიდი ენისქვეშა სადინარი – ductus sublingualis major, რომელიც გაივლის ჯირკვლის შიგნითა ზედაპირს და დამოუკიდებლად, ან ყბისქვეშა ჯირკვლის სადინართან ერთად იხსნება ენისქვეშა კორძზე – caruncula sublingualis.

ინერვაცია: chorda tympani, ganglion submandibulare და a. facialis-ის თანმხლები ნერვები.
კვება: aa. sublingualis, submentalis.

ყბისქვეშა ჯირკვალი – glandula submandibularis, მდებარეობს ქვედაყბისქვეშა სამკუთხედში – trigonum submandibulare, კისრის ფასციის ზედაპირული ფურცლის ბუდეში. ზემო ზედაპირით ეხება  ყბა-ინის კუნთს – m. mylohyoideus. უკანა ნაწილი აღწევს შიგნითა ფრთისებრ კუნთს და  ეხება ყბაყურისა და ენისქვეშა ჯირკვლებს. ყბისქვეშა ჯირკვლის გამომტანი სადინარი ე. წ. ყბისქვეშა სადინარი – ductus submandibularis, იწყება ჯირკვლის უკანა ნაწილიდან, მიიმართება ენისქვეშა ჯირკვლის შიგნითა ზედაპირის გასწვრივ წინ და ზემოთ და იხსნება ენისქვეშა კორძის – caruncula sublingualis ხვრელში.
ინერვაცია: chorda tympani, ganglion submandibulare და a. facialis-ის თანმხლები ნერვები.
კვება: aa. facialis, lingualis.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.