კუჭი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. კუჭი  Ventriculus (s. gaster) Stomach, venter

კუჭი – ventriculus (s. gaster), ღრუ ორგანოა, რომლის უმეტესი ნაწილი (3/4) მდებარეობს მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, ნაწილი კი (1/4) ეპიგასტრულ მიდამოშია. კუჭის ფორმა და ზომა ცვალებადია და დამოკიდებულია მისი ავსების ხარისხზე, კედლების ფუნქციურ მდგომარეობაზე (შეკუმშვა, მოდუნება), ასაკზე და სხვ.

კკუჭი

კუჭის სიგრძე მისი გრძივი ღერძის მიმარულებით 21 – 25 სმ-ია; ტევადობა – 3 ლ; კუჭი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: შესავალი, ანუ კარდიის ხვრელი – ostium cardiacum, ძირი – fundus ventriculi, სხეული – corpus ventriculi,   გასავალი, ანუ პილორუსი – pylorus. კარდიის ხვრელთან ახლომდებარე უბანს კარდიის ნაწილს – Pars cardiaca უწოდებენ. კარდიის ნაწილის მარცხნივ და ზემოთ მდებარეობს გამობერილი კუჭის ძირი – fundus (fornix) ventriculi. კუჭის ყველაზე დიდი ნაწილია კუჭის სხეული – corpus ventriculi, რომელიც ზემოთ გადადის ძირში, მარჯვნივ კი – თანდათანობით ვიწროვდება და გადადის კუჭის პილორუსის ნაწილში – pars pylorica. კუჭის გასავალი ანუ პილორუსის ნაწილი, მთავრდება პილორუსის ხვრელით – ostium pyloricum, რომლის შემდეგაც იწყება უკვე თორმეტგოჯა ნაწლავი. პილორუსის ნაწილი შედგება შედარებით ფართო პილორუსის მღვიმისაგან – antrum pyloricum და ვიწრო – პილორუსის არხისაგან – canalis pyloricus, რომლის დიამეტრი თორმეტგოჯა ნაწლავის დიამეტრის ტოლია. პილორუსის ნაწილი მიმართულია კუთხით კუჭის სხეულისადმი ქვემოდან ზემოთ და მარჯვნივ.

კუჭი

 

კუჭის სხეული პილორუსის მღვიმესთან – antrum pyloricum საზღვარზე წარმოქმნის ღრუს ყველაზე ქვემო ნაწილს. ზემოთ აღწერილი კუჭის ეს ფორმა, რომელიც ჩანს რენტგენოლოგიური გამოკვლევისას, ყველაზე ხშირია და ჰგავს თევზის საჭერ ანკესს.

კუჭის წინა ზედაპირი შეადგენს მის წინა კედელს – paries anterior, უკანა ზედაპირი – უკანა კედელს – paries posterior. კუჭის ზემო კიდეს, რომელიც წარმოქმნის საზღვარს წინა უკანა კედლებს შორის, აქვს რკალისებრი შედრეკილი ფორმა და მას კუჭის მცირე სიმრუდეს – curvatura ventriculi minor უწოდებენ; ქვემო კიდე, რომელიც შეადგენს კუჭის კედლების ქვემო საზღვარს, აქვს გამოდრეკილი ფორმა და მას კუჭის დიდ სიმრუდეს – curvatura ventriculi major უწოდებენ. კუჭის ძირისა და პილორუსის ნაწილის საზღვარზე მცირე სიმრუდე ქმნის კუთხის ნაჭდევს – incisura angularis. დიდ სიმრუდეზე კუჭის სხეულსა და პიროსუსის ნაწილს შორის მკვეთრი საზღვარი გამოხატული არ არის. მხოლოდ საკვების გადამუშავებისას სხეული გამოცალკევებულია პილორუსის ნაწილისაგან ღრმა ნაოჭით, რაც კარგად ჩანს რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს. დიდ სიმრუდეზე მდებარეობს ნაჭდევი, რომელიც განაცალკევებს კარდიის ნაწილს კუჭის ძირისაგან და მას კარდიის ნაჭდევი – incisura cardiaca ეწოდება.
კუჭის კედელი შედგება სამი გარსისაგან: გარეთა – სეროზული, შუა – კუნთოვანი და შიგნითა – ლორწოვანი. სეროზული გარსი – tunica serosa, ფარავს კუჭს ყოველი მხრიდან; დაუფარავი რჩება მხოლოდ მცირე და დიდი სიმრუდეების გასწვრივ ვიწრო ადგილი, სადაც მდებარეობს კუჭის სისხლძარღვები და ლიმფური ძარღვები, კუჭის ნერვები და რეგიონული ლიმფური კვანძები. სეროზული გარსით დაფარული არ არის კუჭის უკანა კედელის მცირე ნაწილი, კარდიის ნაწილის მარცხნივ, სადაც კუჭი ეხება შუასაძგიდს. მცირე სიმრუდის მარცხენა ნაწილიდან გამომავალი სეროზული გარსი მიიმართება შუასაძგიდისაკენ, წარმოქმნის კუჭ-შუასაძგიდის იოგს – ligamentum gastrophrenicum; მისი მარჯვენა ნაწილი კი მიიმართება ღვიძლის ქვემო ზედაპირისაკენ, წარმოქმნის ღვიძლ-კუჭის იოგს – ligamentum hepatogastricum. შემდეგ ეს უკანასკნელი მარჯვნივ  უშუალოდ გადადის იოგში, რომელიც აკავშირებს თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაწილს ღვიძლის კართან, ე. წ. ღვიძლ – თორმეტგოჯა იოგში – ligamentum hepatoduodenale. ეს სამი იოგი ერთად შეადგენენ მცირე ბადექონს – omentum minus. დიდი სიმრუდიდან მარცხნივ გამომავალი სეროზული გარსის ნაოჭი აკავშირებს კუჭის ძირს ელენთასთან და წარმოქმნის კუჭ-ელენთის იოგს – ligamentum gastrolienale; მასში მოთავსებულია ელენთის სისხლძარღვები და ნერვები. პილორუსის ნაწილისა და კუჭის სხეულის დიდი სიმრუდიდან განივი კოლინჯისაკენ მიიმართება კუჭ-კოლინჯის იოგი – ligamentum gastrocolicum. განივი კოლინჯის ქვემოთ ეს ნაოჭი ეშვება ნაწლავის მარყუჟების წინ მცირე მენჯამდე, და ქმნის დიდი ბადექონის – omentum majus წინა ორ ფურცელს.
კუჭის კუნთოვანი გარსი – tunica muscularis, შედგება სამი შრისაგან: გარეთა – გასწვრივი, შუა ირგვლივი და შიგნითა ირიბი შრეებისაგან. გარეთა, გასწვრივი შრე – stratum longitudinale, წარმოადგენს საყლაპავის თანამოსახელე შრის გაგრძელებას და ყველაზე სქელია მცირე სიმრუდის არეში. კუჭის სხეულის კუჭის პილორუსის ნაწილში გადასვლის ადგილას (incisura angularis) მისი ბოჭკოები მარაოსებურად იშლება და კუჭის წინა და უკანა კედლებზე და გადადის ირგვლივ შრეში. დიდი სიმრუდისა და კუჭის ძირის მიდამოში გასწვრივი კუნთოვანი კონები წარმოქმნიან შედარებით თხელ შრეს, მაგრამ იკავებენ შედარებით დიდ ფართს. შუა, ირგვლივი შრე – stratum circulare, წარმოადგენს საყლაპავის ირგვლივი შრის გაგრძელებას; იგი შედარებით სუსტადაა გამოხატული ძირის მიდამოში და პილორუსის დონეზე წარმოქმნის პილორუსის სფინქტერს – m.. sphincter pylori.
შიგნითა შრე შედგება ირიბი ბოჭკოებისაგან – fibrae obliquae. მისი კონები წარმოქმნიან ცალკეულ ჯგუფებს: კუჭის შესავლის მიდამოში ირიბი ბოჭკოების კონები მარყუჟისებურად მოიცავენ მას, და გადადიან კუჭის სხეულის წინა და უკანა ზედაპირზე. ამ მარყუჟის შეკუმშვა განაპირობებს კარდიის ნაჭდევის – incisura cardiaca არსებობას. მცირე სიმრუდესთან ახლოს ირიბი კონები ღებულობენ გასწვრივ მიმართულებას.
კუჭის ლორწოვანი გარსი – tunica mucosa, ისევე როგორც კუნთოვანი, წარმოადგენს საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაგრძელებას. საყლაპავის ლორწოვანსა და კუჭს შორის საზღვარი კარგადაა გამოხატული დაკბილული ფორმის ზოლის სახით.

კუჭი

პილორუსის დონეზე ლორწოვანი გარსი წარმოქმნის მუდმივ ნაოჭს. კუჭის ლორწოვანი გარსის სისქე 1,5 – 2 მმ-ია; იგი წარმოქმნის მრავალრიცხოვან კუჭის ნაოჭებს – plicae gastricae, რომლებიც მოთავსებული არიან კუჭის უკანა კედელზე. მცირე სიმრუდესთან ახლოს განლაგებულია გრძელი გასწვრივი ნაოჭები, რომლებიც შემოსაზღვრავენ სიმრუდის ლორწოვანი გარსის გლუვ უბანს – კუჭის გზას. კუჭის ლორწოვან გარსს გააჩნია საკუთარი ლორწოვანი გარსის კუნთოვანი ფირფიტა – lamina muscularis mucosae, და tunica muscularis-გან გამოცალკევებულია კარგად განვითარებული ფაშარი ლორწქვეშა ქსოვილით – tela submucosa. ამ ორი შრის არსებობა განაპირობებს ნაოჭების წარმოქმნას. კუჭის ლორწოვანი გარსი დაყოფილია მცირე ზომის უბნებად, ე. წ. კუჭის არეებად – areae gastricae. მათ ზედაპირზე ჩანს ჩაღრმავებები, კუჭის ორმოები – foveolae gastricae; მათ ირგვლივ კი განლაგებულია ხაოიანი ნაოჭები – plicae villosae, რომლებიც კარგადაა გამოხატული პილორუსის ნაწილში. თითოეულ ორმოში იხსნება კუჭის ჯირკვლების 1 – 2 სადინარი. განარჩევენ კუჭის საკუთარ ჯირკვლებს – glandulae gastricae (propriae), რომლებიც მდებარეობენ ძირისა და სხეულის მიდამოში, და პილორუსის ჯირკვლები – glandulae pyloricae. ლორწოვან გარსში მდებარეობს ასევე კუჭის ლიმფური ფოლიკულები – folliculi lymphatici gastrici.

კუჭის ტოპოგრაფია: კუჭის უდიდესი ნაწილი მდებარეობს მარცხენა ფერდქევშა მიდამოში და მცირე ნაწილი – ეპიგასტრულ მიდამოში. კუჭის შესავალი მდებარეობს ხერხემლის სვეტის მარცხნივ გულმკერდის Õ ან XI მალების დონეზე, გამოსასვლელი – ხერხემლის მარჯვნივ, გულმკერდის XII ან წელის პირველი მალის დონეზე. მცირე სიმრუდის ზემო ნაწილი მდებარეობს ხერხემლის მარცხენა კიდის გასწვრივ, ქვემო ნაწილი კვეთს ხერხემლის სვეტს მარცხნიდან მარჯვნივ. კუჭის უკანა კედელი ძირის მიდამოში ესაზღვრება ელენთას, უკანა ზედაპირის დანარჩენი ნაწილით კი – მუცლის უკანა კედელზე მდებარე ორგანოებს: მარცხენა თირკმელზედა ჯირკვალს, მარცხენა თირკმლის ზემო ბოლოს, პანკრეასს, აორტასა და მისგან გამომავალ სისხლძარღვებს. კუჭი მდებარეობას იცვლის სუნთქვის დროს და მეზობელი ღრუს ორგანოების ავსების მიხედვით. კუჭის ყველაზე ნაკლებმოძრავი წერტილებია მისი შესავალი და  გასავალი ნაწილები, დანარჩენი ნაწილები კი მოძრავია. დიდი სიმრუდის ყველაზე ქვედა წერტილი (ქვედა პოლუსი) კუჭის ანკესისებური ფორმისა და მისი ვერტიკალური მდებარეობისას ზოგჯერ აღწევს თეძოს ქედებს შორის ხაზამდე და მის ქვემოთ. კუჭის ძირი მდებარეობს შუასაძგიდის მარცხენა ნახევრის გუმბათის ქვეშ. მცირე სიმრუდე და წინა ზედაპირის ზემო ნაწილი ესაზღვრება ღვიძლის მარცხენა წილის ქვემო ზედაპირს. კუჭის სხეულის ქვემო წინა ზედაპირი და პილორუსის ნაწილი ესაზღვრება შუასაძგიდის ნეკნებისეულ ნაწილსა და მუცლის წინა კედელს. დიდი სიმრუდე მარცხენა ნაწილით ესაზღვრება ელენთის ვისცერულ ზედაპირს; დანარჩენ ნაწილში იგი ესაზღვრება განივ კოლინჯს. თუკი კუჭს აქვს რქის ფორმა და უფრო განივი მდებარეობა, დიდი სიმრუდე თავსდება მეათე ნეკნების ბოლოების შემაერთებელი ხაზის დონეზე, ან ჭიპის დონეზე.
კუჭის ინერვაცია: plexus gastrici (plexus celiacus);
კუჭის სისხლმომარაგება ხორციელდება მცირე სიმრუდის მხრიდან კუჭის მარჯვენა და მარცხენა არტერიებით – aa.. gastricae dextra et sinistra, დიდი სიმრუდის მხრიდან – კუჭ-ბადექონის მარჯვენა და მარცხენა არტერიებით – aa.. gastroepiploicae dextra et sinistra, ძირის მიდამოში – კუჭის მოკლე არტერიებით – aa.. gastricae breves.
ლიმფის მიმოქცევა ხორციელდება რეგინულ ლიმფური კვანძებში, რომლებიც განლაგებულია მცირე და დიდ სიმრუდეზე.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.