კბილები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. კბილები Dentes;  Teeth

კბილები – dentes, ძვლოვანი ორგანოებია, რომლებიც გამაგრებულია ზედა და ქვედა ყბების კბილბუდეებში. კბილი და ალვეოლა (კბილბუდე) – alveola ერთმანეთს უკავშირდება ე. წ. ჩაჭდეულობის – gomphosis (junctura fibrosa) საშუალებით. ადამიანს კბილები ორჯერ ეცვლება. პირველი პერიოდის კბილებს მოსაცვლელ კბილებს – dentes decidui უწოდებენ. მოსაცვლელი კბილები ოცია: აქედან ოთხი საჭრელი კბილია, ორი – ეშვი, ოთხ – ოთხი – ძირითადი კბილები ყოველ ყბაზე. მეორე პერიოდის კბილებს მუდმივ კბილებს უწოდებენ – dentes permanentes. მათი რიცხვი ოცდათორმეტია. თითოეული კბილი შედგება სამ ნაწილისაგან: კბილის გვირგვინი – corona dentis, კბილის ყელი – collum (cervix) dentis, და კბილის ფესვი – radix dentis, რომელიც კბილბუდეშია. ფესვების რაოდენობა განხვავებულია.

კბილი

კბილის ძირითადი მასა წარმოქმნილია კბილის დენტინით – dentinum. გვირგვინის ნაწილში დენტინი დაფარულია მინანქრით – enamelum, ხოლო ყელისა და ფესვის ნაწილში – დუღაბით – cementum. კბილის ფესვს ფარავს კბილის ძვლისაზრდელა, ე. წ. პერიოდონტი – periodontium, რომელიც ფესვს ამაგრებს კბილბუდეში. კბილის გამაგრებაში დიდ როლს ასრულებს ღრძილები – gingivae, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, რომელიც ფარავს ორივე ყბის ალვეოლურ მორჩს და მჭიდროდაა შეზრდილი ძვლისაზრდელასთან, ასევე პერიოდონტთან. კბილის გვირგვინის შიგნით მოთავსებულია კბილის ღრუ – cavum dentis, რომელიც გრძელდება კბილის ფესვის არხში – canalis radicis dentis. ფესვის მწვერვალზე – apex radicis dentis არხი იხსნება კბილის მწვერვალის ხვრელით – foramen apicis radicis dentis. ამ ხვრელით კბილის ღრუში მოთავსებულ ფაშარ შემაერთებელ ქსოვილში, ე. წ. კბილის პულპაში – pulpa dentis, შედის სისხლძარღვები და ნერვები. განასხვავებენ გვირგვინის პულპას – pulpa coronale, და ფესვის პულპას – pulpa radicularis. გვირგვინის ფორმის მიხედვით კბილები იყოფა: 4 საჭრელი კბილი – dentes incisivi, 2 ეშვი – dentes canini, 4 მცირე ძირითადი კბილი (ანუ პრემოლარი) – dentes premolares, და 6 დიდი ძირითადი კბილი (ანუ მოლარი) – dentes molares.

კბილის გვირგვინს აქვს 5 ზედაპირი: შიგნითა, ენისკენ მიმართული ენისმხრივი ზედაპირი – facies lingualis; გარეთა – კარიბჭისმხრივი (სახისმხრივი) ზედაპირი – facies vestibularis (facialis), დაფარული ზედაპირი – facies occlusalis, რომელიც თანკბილივისას იფარება ანტაგონისტი კბილის იმავე ზედაპირით; მეზობელ კბილებთან საკონტაქტო, ე. წ. შემხები ზედაპირები – facies contactus, რომელთაგან წინ მდგომ კბილთან მომიჯნავე ზედაპირს ეწოდება მედიალური ზედაპირი – facies medialis, ხოლო მომდევნო კბილისაკნ მიმართულს  – დისტალური ზედაპირი – facies distalis. ძირითად კბილებს აქვთ საღეჭი ზედაპირი – facies masticatoria, რომელზედაც დართულია ბორცვები. მცირე ძირითადი კბილების საღეჭ ზედაპირს აქვს ორი ტუჩისა და ენის ბორცვები, დიდ ძირითად კბილებს – ორი ლოყისა და ორი ენის ბორცვი. ეშვებს აქვთ საჭრელი ბორცვი, ხოლო საჭრელ კბილებს – საჭრელი კიდე – margo incisalis. საჭრელ კბილებსა და ეშვებს თითო ფესვი აქვთ; მცირე ძირითად კბილებს ასევე თითო ფესვი აქვთ. ზოგჯერ ზედა ყბის მცირე ძირითადი ფესვი გაორკაპებულია. ზედა ყბის დიდ ძირითად კბილებს სამი ფესვი აქვთ; ქვედა ყბის დიდ ძირითად კბილებს კი – ორი ფესვი.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.