მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ენა  Lingua (s. glossa); Tongue

ენა – lingua (s. glossa), კუნთოვანი ორგანოა. ენაში არჩევენ სამ ნაწილს: ენის წვეტი – apex linguae, ენის სხეული – corpus linguae და ენის ძირი – radix linguae. ენის სხეული წინიდან ბოლოვდება ბრტყელი და მომრგვალებული ენის წვეტით; უკან ენის სხეული ენის ძირისაგან მოსაზღვრულია სასაზღვრო ღარით – sulcus terminalis. სასაზღვრო ღარი შედგება ორი ნახევრისაგან, რომლებიც ენის შუა ხაზზე ერთდებიან წინ გახსნილი ბლაგვი კუთხით. ამ კუთხის მწვერვალზე მდებარეობს ენის ბრმა ხვრელი – foramen cecum linguae, რომელიც წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის სადინრის – ductus thyroglossus ნაშთს. ენის ზემო ზედაპირს ენის ზურგი – dorsum linguae, ეწოდება. მასზე სიგრძივი მიმართულებით მდებარეობს ენის შუა ღარი – sulcus medianus linguae, რომელიც ენას ყოფს მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად. ამ ღარის შესაბამისად ენის სისქეში მდებარეობს ენის ძგიდის – septum linguae შემაერთებელქსოვილოვანი ფირფიტა.

ენა

ენის სხეული გვერდებიდან მოსაზღვრულია ენის კიდეებით – margo linguae. ენის ქვემო ზედაპირი – facies inferior linguae მხოლოდ წინა ნაწილშია თავისუფალი. მისი ლორწოვანი გლუვია და ქმნის ორ ფოჩისებრ ნაოჭს – plicae fimbriatae. ენის ქვემო ზედაპირიდან ღრძილებამდე საგიტალური მიმართულებით მიიმართება ლორწოვანი გარსის ნაოჭი ენის ლაგამი – frenulum linguae. ლაგამის ორივე მხარეზე პირის ღრუს ფსკერზე მდებარეობს ორი მრგვალი ფორმის ბორცვი – ენისქვეშა კორძი – caruncula sublingualis, რომელშიც იხსნება ყბისქვეშა და ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლების სადინრები. ენისქვეშა კორძის უკან, ენის ფუძესთან ლორწოვანი გარსი ფარავს ენისქვეშა ჯირკვალს და წარმოქმნის ენისქვეშა ნაოჭს – plica sublingualis. ამ ნაოჭზე იხსნება ენისქვეშა ჯირკვლის სადინრები – ductus sublinguales minores. გარდა აღნიშნულისა, ლორწოვანი გარსი პირის ღრუში წარმოქმნის ასევე შემდეგ ნაოჭებს: ხორხსარქველ-ენის შუა ნაოჭი – plica glossoepiglottica media, რომელიც გაჭიმულია ენის ძირსა და ხორხსარქველს შორის, შუა ხაზზე; და ხორხსარქველ-ენის ლატერალური ნაოჭები – plica glossoepiglottica laterales, რომელიც წყვილია და გადაჭიმულია ენის ძირსა და ხორხსარქველის გვერდით ნაპირებს შორის.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka