კოლინჯი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. კოლინჯი Colon

კოლინჯი – colon, თავისი მდებარეობით გარს ერტყმის წვრილი ნაწლავების მარყუჟებს და შემოსაზღვრავს მუცლის ღრუს მარჯვენა თეძოს ფოსოდან მარცხენა გავა-თეძოს სახსრამდე. კოლინჯი სამი ნაწილისაგან შედგება: ასწვრივი კოლინჯი, განივი კოლინჯი, დასწვრივი კოლინჯი, სიგმოიდური კოლინჯი. ასწვრივი კოლინჯი მდებარეობს მარჯვნივ, განივი – ზემოთ, დასწვრივი მარცხნივ, სიგმოიდური – მარცხნივ და ნაწილობრივ ქვემოთ.

კოლინჯი

ასწვრივი კოლინჯი – colon ascendens, იწყება მარჯვენა თეძოს ფოსოდან. ბრმა ნაწლავისაგან იგი გამოყოფილია ორი ღარით, რომლებიც შეესაბამებიან თეძო-ბრმა ნაწლავის სარქვლის ლაგამს. ასწვრივი კოლინჯი უკანა ზედაპირით მოთავსებულია მუცლის უკანა კედელზე, მარჯვნივ; თავდაპირველად იგი წელის კვადრატული კუნთის წინაა, შემდეგ მარჯვენა თირკმლის წინ და აღწევს ღვიძლის მარჯვენა წილის ქვემო ზედაპირამდე; აქ იგი უხვევს მარცხნივ, ქმნის კოლინჯის მარჯვენა ნაკეცს – flexura coli dextra და გადადის განივ კოლინჯში. ასწვრივი კოლინჯის სიგრძე 20 სმ-მდეა. ასწვრივ კოლინჯზე კოლინჯის ზონრები განლაგებულია შემდეგნაორად: წინა ზედაპირზე – თავისუფალი ზონარი – tenia libera, უკანა გვერდითზე – ბადექონისეული ზონარი – tenia omentalis, უკანა მედიალურზე – ჯორჯლისეული ზონარი – tenia mesocolica.

კოლინჯი

განივი კოლინჯი – colon transversum, იწყება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, მეათე ნეკნის ხრტილის დონეზე, flexura coli dextra-დან იგი მიიმართება ირიბად მარჯვნიდან მარცხნივ და ზემოთ მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში; აქ IX ნეკნის ხრტილის ან მერვე ნეკნთაშუა დონეზე იგი მთავრდება კოლინჯის მარცხენა ნაკეცთან – flexura coli sinistra, და გადადის დასწვრივ კოლინჯში. განივი კოლინჯის სიგრძე 50 სმ-ია; იგი ყველაზე გრძელია კოლინჯის ნაწილებს შორის; აქვს საკუთარი ჯორჯალი – mesocolon transversum. რომელიც იწყება მუცლის უკანა კედელზე, კედლისმიერი პერიტონეუმიდან. განივი კოლინჯის წინა ზედაპირზე, მიმაგრებულია კუჭ-კოლინჯის იოგი – lig. gastrocolicum. ეს იოგი იწყება კუჭის დიდი სიმრუდიდან და თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაწილიდან; იგი ემაგრება განივი კოლინჯის ბადექონისეულ ზონარს – tenia omentalis, გრძელდება ქვემოთ უკვე როგორც დიდი ბადექონი – omentum majus, და ფარავს წვრილ ნაწლავებს. დიდი ბადექონის ასეთი მდებარეობის გამო, განივი კოლინჯი მუცლის ღრუს გახსნის დროს არ ჩანს, ან ოდნავ ჩანს, და მხოლოდ მისი ზემოთ გადაწევისას, მასთან ფიქსირებულ განივ კოლინჯთან ერთად, ჩანს მისი უკანა ზედაპირი.

კოლინჯი

კოლინჯის მარცხენა ნაკეცი – flexura coli sinistra,  მდებარეობს მარცხენა ფერდქვეშა არეში, უფრო ზემოთ და ღრმად, ვიდრე მარჯვენა ნაკეცი, – ელენთის ქვემო პოლუსთან. განივი კოლინჯის მარცხენა ბოლო დასწვრივი კოლინჯის დასაწყისთან წარმოქმნის მახვილ კუთხეს, რომლის მწვერვალი ფიქსირებულია შუასაძგიდ-კოლინჯის იოგით – lig. phrenicocolicum.

დასწვრივი კოლინჯი – colon descendens, მდებარეობს მუცლის უკანა კედელზე, ხერხემლის მარცხნივ. დასწვრივი კოლინჯი იწყება მარცხენა ნაკეციდან და ეშვება ქვევით, აღწევს მარცხენა თეძოს ქედამდე და გადადის სიგმოიდურ კოლინჯში. დასწვრივი კოლინჯის სგრძე აღწევს 22,5 სმ. დიამეტრი წინა ნაწილებთან შედარებით ნაკლები აქვს და სიგმოიდურ კოლინჯში გადასვლის ადგილზე 4 სმ-ია. გამობერილობების რაოდენობა და მათი სიღრმე კლებულობს, კუნთოვანი ზონრებისა და ბადექონის დანამატების მდებარეობა ისეთივეა, როგორც ასწვრივ კოლინჯში.

სიგმოიდური კოლინჯი – colon sigmoideum, მსხვილი ნაწლავის ჯორჯლისეული ნაწილია და წარმოადგენს დასწვრივი კოლინჯის გაგრძელებას. სიგმოიდური კოლინჯი მდებარეობს მარცხენა თეძოს ფოსოში, იწყება თეძოს ქედის – crista iliaca უკანა კიდიდან. იგი წარმოქმნის ორ მარყუჟს, მიიმართება მარჯვნივ (მედიალურად) და ქვემოთ, გადაუვლის სასაზღვრო ხაზს და შედის მცირე მენჯის ღრუში, სადაც გავის მესამე მალის დონეზე გადადის სწორ ნაწლავში. სიგმოიდური ნაწლავის სიგრძე საშუალოდ 54 სმ-ია, დიამეტრი 4 სმ; სიგმოიდური კოლინჯი წარმოქმნის ორ მარყუჟს, რომელთაგან ერთი – პროქსიმალური, რომელიც მდებარეობს თეძოს კუნთზე, გამობერილი ნაწილით მიმართულია ქვემოთკენ; მეორე, დისტალური, რომელიც მდებარეობს სუკის დიდ კუნთზე, მიმართულია ზემოთ. სიგმოიდური ნაწლავის ნაწილი მდებარეობს სასაზღვრო ხაზის ქვემოთ მცირე მენჯში და გადადის სწორ ნაწლავში – rectum. სიგმოიდური ნაწლავის ჯორჯლის – mesocolon sigmoideum ფესვის ხაზი კოლინჯის ორ მარყუჟთან შესაბამისად წარმოქმნის ორ კუთხეს: პროქსიმალურსა და დისტალურს. დისტალური კუთხის მწვერვალთან იქმნება სიგმოიდური კოლინჯის ნაკეცის ჯიბე – recessus intersigmoideus. სიგმოიდური კოლინჯის ჯორჯლის ფესვი თავის გზაზე გადაკვეთს თეძოსა და სუკის კუნთებს, ასევე მარცხენა თეძოს საერთო სისხლძარღვებსა და მარცხენა შარდსაწვეთს; ჯორჯლის ფესვი გადაუვლის მარცხენა გავა-თეძოს სახსრის მიდამოს და გადადის გავის ზემო მალების წინა ზედაპირზე. გავის მესამე მალის დონეზე სიგმოიდური კოლინჯის ჯორჯალი მთავრდება სწორი ნაწლავის მოკლე ჯორჯლის დასაწყისთან.
სრულად სამივე გარსისაგან – სეროზულის, კუნთოვანისა და ლორწოვანისაგან  შედგება მსხვილი ნაწლავის მხოლოდ ის ნაწილები, რომლებიც მდებარეობენ ინტრაპერიტონეულად, კერძოდ: ბრმა ნაწლავი (არა ყოველთვის), განივი კოლინჯი, სიგმოიდური კოლინჯი  და სწორი ნაწლავის ზემო მესამედი; სეროზული გარსით დაფარულია ასწვრივი და დასწვრივი კოლინჯის, ზოგჯერ კი ბრმა ნაწლავის სამი ზედაპირი: ლატერალური, წინა და მედიალური ზედაპირები. მსხვილი ნაწლავის მეზოპერიტონეულად მდებარე ნაწილებს – ასწვრივ და დასწვრივ კოლინჯს, უკანა კედელზე აქვთ სეროზულ გარსს მოკლებული უბანი; მსხვილი ნაწლავის ჯორჯლისეული ნაწილებს – განივ და სიგმოიდურ კოლინჯს აქვთ ასევე სეროზულ გარსს მოკლებული ზოლი.
კუნთოვანი გარსი – tunica muscularis, მსხვილი ნაწლავის მთელ გაყოლებაზე წარმოქმნის ორ შრეს – გარეთა გასწვრივსა და შიგნითა – ირგვლივს.
ლორწოვანი გარსი – tunica mucosa, შედგება ეპითელური საფარის, საკუთარი შემაერთებელქსოვილოვანი შრისა და ლორწოვანი გარსის კუნთოვანი ფირფიტისაგან – lamina muscularis mucosae, რომლის ქვეშ მოთავსებულია ლორწქვეშა ქსოვილი – tela submucosa. ლორწოვანი გარსის ეპითელური ქსოვილი შედგება ცილინდრული უჯრედებისაგან. ლორწოვანი გარსი შეიცავს ნაწლავის ჯირკვლებს – glandulae intestinales, მაგრამ ხაოების გარეშე. ლორწოვანის გარსის მთელს გაყოლებაზე გალაგებულია ერთეული ლიმფური ფოლიკულები – folliculi lymphatici solitarii. განივი ღარების შესაბამისად ლორწოვანი ქმნის კოლინჯის ნამგლისებურ ნაოჭებს – plicae semilunares coli.
თეძო – ბრმა ნაწლავის ხვრელთან – ostium ileocecale, მდებარეობს ნაწლავის კედლის ორი მუდმივი ნაოჭი, რომლის შემადგენლობაში ძირითადია ირგვლივი კუნთოვანი შრე. ისინი წარმოქმნიან თეძო – ბრმა ნაწლავის სარქველს – valva ileocecalis; ხვრელის კიდეები გრძელდება თეძო – ბრმა ნაწლავის სარქვლის ლაგამის – frenulum valvae ileocecalis სახით, რომელიც მდებარეობს ბრმა ნაწლავისა და ასწვრივი კოლინჯის საზღვარზე. სარქვლის ძირში ირგვლივი კუნთოვანი შრე მეტადაა განვითარებული და წარმოქმნის მომჭერს. ბრმა ნაწლავთან ჭიანაწლავის სანათურის შეერთების ადგილზე მდებარეობს ჭიანაწლავის ხვრელი – ostium appendices vermiformis.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.