მსხვილი ნაწლავი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მსხვილი ნაწლავი Intestinum crassum large intestine

მსხვილი ნაწლავი – intestinum crassum, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბოლო ნაწილია; იწყება წვrილი ნაწლავის ბოლოდან, თეძო – ბრმა ნაწლავის სარქვლიდან, და მთავრდება უკანა გასავლის ხვრელით. მსხვილი ნაწლავი შედგება სამი ნაწილისაგან: ბრმა ნაწლავი – cecum, კოლინჯი – colon და სწორი ნაწლავი – rectum. კოლინჯი თავის მხრივ იყოფა ოთხ ნაწილად: ასწვრივი კოლინჯი – Colon ascendens, განივი კოლინჯი – Colon transversum, დასწვრივი კოლინჯი – Colon descendens და სიგმოიდური კოლინჯი – Colon sigmoideum. მსხვილი ნაწლავის სიგრძე 100 – 150 სმ-ია; მისი დიამეტრი საწყის ნაწილში (ბრმა ნაწლავი) დაახლოებით 7 – 8 სმ-ია, ხოლო ბოლოში (დასწვრივი ნაწლავის დისტალურ ნაწილში) – 4 – 5 სმ. წვრილი ნაწლავისაგან იგი განსხვავდება თავისი მდებარეობით, ფორმითა და აგებულებით.

მსხვილი ნაწლავიძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია: მისი შედარებით დიდი დიამეტრი (4 – 5 სმ), კუნთოვანი შრეების დამახასიათებელი გალაგება, ასევე კუნთოვანი ზონრების, კოლინჯის გამობერილობებისა და ბადექონის დანამატების არსებობა. გასწვრივი კუნთოვანი კონები მსხვილ ნაწლავზე წარმოქმნიან 3 – 4 მმ სიგანის, განცალკევებულ სამ გასწვრივ ზონარს, ე. წ. კოლინჯის ზონრებს – teniae coli, რომლებიც თანაბარი მანძილით არიან ერთმანეთისაგან დაცილებული; ესენია: თავისუფალი ზონარი – tenia libera, ბადექონისეული ზონარი – tenia omentalis, ჯორჯლისეული ზონარი – tenia mesocolica. სამივე ზონარი იწყება ჭიანაწლავის ძირთან, მისდევს კოლინჯს და თავდება სწორი ნაწლავის დასაწყისში. სწორი ნაწლავის დასაწისში სამივე ზონარი თანაბრად იფანტება და ქმნის გასწვრივ კუნთოვან შრეს; მსხვილი ნაწლავის კედელი ზონრებს შუა სივრცეში ქმნის ბრმა ნაწლავიდამახასიათებელ გამობერილობებს, რომლებსაც უწოდებენ კოლინჯის ციცხვებს – haustrae coli. ისინი ერთიმეორესაგან განცალკევებულნი არიან განივი ღარებით, რომლებიც ნაწლავის ღრუში გამოიბერებიან კოლინჯის ნამგლისებრი ნაოჭების – plicae semilunares coli სახით. ამგვარად, ნაწლავის ყოველ მოცემულ დონეზე მდებარეობს სამი გამობერილობა  და სამი ზონარი. კოლინჯის კედელზე ღარების შესაბამისად მდებარეობს ბადექონის დანამატები – appendices epiploicae; რომლებიც ასწვრივ, დასწვრივ და სიგმოიდურ ნაწლავზე წარმოქმნის ორ რიგს,  განივზე – ერთს, ხოლო ბრმა ნაწლავზე – არ წარმოქმნიან. ზოგჯერ მეზობელი ბადექონის დანამატები ერთდებიან და წარმოქმნიან ერთიან ნაოჭს. მსხვილი ნაწლავი წვრილისაგან განსხვავდება ფერითაც: მსხვილ ნაწლავი ნაცრისფერია, წვრილი კი – ვარდისფერი. მსხვილი ნაწლავის თითოეული ნაწილს აქვს თავის დამახასიათებელი თავისებურებები.

მსხვილი ნაწლავიბრმა ნაწლავი მდებარეობს ინტრაპერიტონეულად, დაფარულია სეროზული გარსით ყოველ მხრიდან, მაგრამ არა აქვს ჯორჯალი. ასწვრივი კოლინჯი სეროზული გარსით დაფარულია წინიდან და გვერდებიდან; მდებარეობს ინტრაპერიტონეულად, აქვს ჯორჯალი – mesocolon transversum.  დასწვრივი კოლინჯი, ისევე როგორც ასწვრივი მდებარეობს მეზოპერიტონეულად; სიგმოიდური კოლინჯი ინტრაპერიტონეულადაა და აქვს ჯორჯალი – mesocolon sigmoideum.
სწორ  ნაწლავს თავდაპირველად უკავია ინტრაპერიტონეული მდებარეობა, აქვს სწორი ნაწლავის ჯორჯალი; ქვემოთ ის მეზოპერიტონეულადაა, და ბოლოს, მისი საბოლოო ნაწილი ექსტრაპერიტონეულადაა მოთავსებული.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.