ხორხი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ხორხი Larynx

ხორხი – larynx, მდებარეობს კისრის წინა ნაწილში, კისრის მესამე მალის დონიდან მეშვიდე მალის დონემდე; გვერდებიდან და, ნაწილობრივ, წინიდან მას ესაზღვრება ფარისებრი ჯირკვალი, უკან – ხახის ხორხისეული ნაწილი.

ხორხი ფარ-ინის აპკით – membrana thyrohyoidea, დაკავშირებულია ინის ძვალთან და მისი გადანაცვლებისას, ინისზედა და ინისქვედა კუნთების შეკუმშვის დროს, იცვლის მდებარეობას (მაგ., ყლაპვის დროს). მამაკაცის ხორხი უფრო დიდია ვიდრე ქალისა. ეს განსხვავება განსაკუთრებით ვლინდება სქესობრივი მომწიფებისას. ხორხის ჩონჩხი შედგება ერთმანეთთან სახსრებითა და იოგებით შეერთებული 3 კენტი და 4 წყვილი ხრტილისაგან.

ხორხი

კენტი ხრტილებია:  ფარისებრი ხრტილი – cartilago thyreoidea,  ბეჭდისებრი ხრტილი – cartilago cricoidea; ხორხსარქველი – epiglottis.

წყვილი ხრტილებია: ციცხვისებრი ხრტილი – cartilagines arythaenoideae; რქისებრი ხრტილი – cartilago cornicunata; სოლისებრი ხრტილი – ñartilago cuneiformis;  ხორბლისებრი ხრტილი – cartilagines triticeae.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იოგოვან აპარატს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბგერის წარმოქმნაში; ეს არის შემაერთებელქსოვილოვანი აპარატი და მას ხორხის ფიბროზულ – ელასტიკური აპკი – membrana fibroelastica laryngis ეწოდება; აპკი შედგება ორი ნაწილისაგან: ელასტიკური კონუსი – conus elasticus და ოთხკუთხა აპკი – membrana quadrangularis.

ხორხი

ელასტიკური კონუსი მდებარეობს ლორწოვანი გარსის ქვეშ; იგი მოყვითალო ფერის ფირფიტაა და გადაჭიმულია ხორხის სამ ხრტილს შორის; ელასტიკური კონუსის ზემო ნაპირი ქმნის მბგერავ იოგს – ligamentum vocale. ოთხკუთხა აპკი დაცხრილული, ცხიმით გაჟღენთილი ელასტიკური ფირფიტაა; მისი ქვემო ნაპირი ქმნის კარიბჭის იოგს – ligamentum vestibulare. ხორხი შიგნიდან დაფარულია ლორწოვანი გარსით, რომელიც შიგნითა ზედაპირზე ქმნის ორ წყვილ საგიტალურ ნაოჭს; ქვემო ნაოჭებს ეწოდება მბგერავი ნაოჭები – plicae vocales, ზემო ნაოჭებს – კარიბჭის ნაოჭები – plicae vestibulares. ნაოჭებს შორის მოთავსებულია ორი ყრუ პარკი, რომლებსაც ხორხის პარკუჭები ეწოდება – ventriculi laringis. პარკუჭში შესავალი ხვრელი ზემოდან და ქვემოდან მოსაზღვრულია ცრუ და ნამდვილი მბგერავი ნაოჭებით. მარჯვენა და მარცხენა ნამდვილ მბგერავ ნაოჭებს შორის სივრცე ვიწრო და ცვალებადია და მას ყია – rima glottidis ეწოდება;ხორხი მთლიანად ხორხის ქვემო ნაწილს კი – ყიისქვედა ღრუ – cavum infraglotticum ეწოდება და ქვემოთ სასულეში გრძელდება. პარკუჭების ლორწოვანის ჯირკვლები გამოყოფენ ლორწოს და მბგერავ ნაოჭებს იცავენ გამოშრობისაგან. მბგერავი ნაოჭების ლორწოვანი გარსი თეთრი ფერისაა; დანარჩენ ნაწილებში ხორხის ლორწოვანი ვარდისფერია და მოფენილია მოციმციმე ეპითელით.
კვება: A. laryngea superior; Ramus cricothyroideus; A. laryngea inferior; V. laryngea superior; V. laryngea inferior
ინერვაცია: N. laryngeus superior; N. laryngeus inferior

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.