პანკრეასი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. პანკრეასი Pancreas

პანკრეასი (კუჭუკანა ჯირკვალი) – pancreas, შერეული ხასიათის ჯირკვალია. მდებარეობს კუჭის უკან, მუცლის უკანა კედელზე, გულმკერდის ქვედა (XI – XII) და წელის ზედა (I – II) მალების დონეზე. მუცლის წინა კედელზე პანკრეასი პროეცირდება ჭიპის დონიდან  5 – 10 სმ-ით ზევით.

პანკრეასი

პანკრეასი შედგება სამი ნაწილისაგან: პანკრეასის თავი – caput pancreatis, პანკრეასის სხეული – corpus pancreatis, პანკრეასის კუდი – cauda pancreatis. თავსა და სხეულს შორის შევიწროებულ ნაწილს პანკრეასის ყელი ეწოდება. პანკრეასში არჩევენ წინა და უკანა ზედაპირებს, სხეულის მიდამოში დამატებით – ქვემო ზედაპირს, და სამ კიდეს: წინა, ზემო და ქვემო კიდეებს. პანკრეასის სიგრძე 16 – 22 სმ, სიგანე 3 – 9 სმ (თავის არეში), სისქე 2 – 3 სმ, იწონის დაახლოებით 70 – 80 გ-ს. ჯირკვალი არის რბილი კონსისტენციის, აქვს მოვარდისფრო-ნაცრისფერი შეფერილობა და დაწოლილი S-სებრი ფორმა; მისი მარჯვენა ნაწილი (თავი) მდებარეობს წელის I – II მალების დონეზე, ხოლო შუა (სხეული) და მარცხენა (კუდი) ნაწილებს აქვს ირიბი მიმართულება მარცხნივ და ზემოთ, ისე, რომ კუდი მდებარეობს მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, XI-XII ნეკნების დონეზე.

პანკრეასი

პანკრეასის თავი – caput pancreatis, მდებარეობს წელის პირველი და მეორე მალების მარჯვნივ. იგი ჯირკვლის ყველაზე ფართო ნაწილია; მისი მარჯვენა ბოლო წარმოქმნის კავისებრ მორჩს – processus uncinatus. ჯირკვლის ყელის ქვემო კიდეზე მდებარეობს პანკრეასის ნაჭდევი – incisura pancreatis, რომელიც კავისებრ მორჩს განაცალკევებს პოანკრეასის თავის დანარჩენი ნაწილებისაგან და გრძელდება ყელის უკანა ზედაპირზე ირიბი ღარის სახით; მასში მოთავსებულია ჯორჯლის ზემო არტერია და ჯორჯლის ზემო ვენა. პანკრეასის თავს ესაზღვრება თორმეტგოჯა ნაწლავი რომელიც მასზე ნალივითაა შემოხვეული. ზემო ნაწილით იგი ესაზღვრება პანკრეასის თავს ზემოდან და ნაწილობრივ წინიდან, დასწვრივი ნაწილით – pars descendens მოიცავს მარჯვენა კიდეს, ხოლო ქვედა ნაწილით – pars inferior – ქვედა კიდეს. ჯირკვლის თავისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დასწვრივ ნაწილს შორის ნაპრალის ზემო ნახევარში ეშვება ნაღვლის საერთო სადინარი – ductus choledochus. პანკრეასის თავი უკან ესაზღვრება თირკმლის მარჯვენა ვენას, თირკმლის არტერიასა და ქვემო ღრუ ვენას; ყელის მიდამოში კავის მარცხენა კიდით იგი ესაზღვრება შუასაძგიდის მარჯვენა ფეხს და მუცლის აორტას. პანკრეასის თავის წინა ზედაპირი დაფარულია კედლისმიერი პერიტონეუმით; შუაში მას კვეთს განივი კოლინჯის ჯორჯლის ფესვი; თავის ქვემო, პერიტონეუმით დაფარული ნაწილი მდებარეობს განივი კოლინჯის ჯორჯლის ფესვის ქვემოთ. პანკრეასის ყელი მარჯვნივ ესაზღვრება თორმეტგოჯა-მლივ ნაკეცს – Flexura duodenojejunalis; პანკრეასის ნაჭდევის – incisura pancreatis მიდამოში, ქვემო კიდიდან გამოდიან ჯორჯლის ზემო სისხლძარღვები.

პანკრეასი

პანკრეასის სხეული – corpus pancreatis, მდებარეობს წელის პირველი მალის დონეზე. აქვს პრიზმის ფორმა და მასზე არჩევენ სამ ზედაპირს – წინა, უკანა და ქვემო, სამ კიდეს – ზემო, წინა და ქვემო. წინა ზედაპირი – facies anterior, მიმართულია წინ და ზემოთ; ქვემოდან მას მოსაზღვრავს წინა კიდე – margo anterior, ზემოდან – ზემო კიდე – margo superior. უკანა ზედაპირი – facies posterior, მიქცეულია უკან; მას შემოსაზღვრავს პანკრეასის ზემო და ქვემო კიდეები – margo superior et inferior. ვიწრო ქვემო ზედაპირი – facies inferior, მიმართულია ქვემოთ და შემოსაზღვრულია წინა და ქვემო კიდეებით. წინა კიდეზე დამაგრებულია განივი კოლინჯის ჯორჯლის ფესვი და დიდი ბადექონის – omentum majus ფურცლები. ზემო ფურცელი წინა კიდის გასწვრივ გადადის კედლისმიერ პერიტონეუმში, რომელიც ფარავს პანკრეასის წინა ზედაპირს და ამოფენს ბადექონის აბგის – bursa omental უკანა კედელს. ჯირკვლის სხეულის წინა ზედაპირი მიმართულია კუჭის უკანა ზედაპირისაკენ. სხეულის მარჯვენა ნაწილი მდებარეობს ხერხემლის წინ და წარმოქმნის ბადექონისეულ ბორცვს – tuber omentale; იგი მდებარეობს კუჭის (მცირე სიმრუდის) ზემო კიდის დონეზე, მიმართულია მცირე ბადექონისაკენ და ესაზღვრება ღვიძლის მარცხენა წილის თანამოსახელე  –  ღვიძლის ბადექონისეულ ბორცვს – tuber omentale hepatis.
ჯირკვლის სხეულის უკანა ზედაპირი ესაზღვრება მუცლის აორტას, ფაშვის წნულს, მარცხენა თირკმლის ვენას; მარცხნივ ჯირკვლის სხეული ესაზღვრება მარცხენა თირკმელზედა ჯირკვალს და მარცხენა თირკმელს. ჯირკვლის უკანა ზედაპირზე გაივლის ელენთის არტერია, ქვემოთ კი – ელენთის ვენა. პანკრეასის ქვემო ზედაპირი მდებარეობს განივი კოლინჯის ჯორჯლის ფესვის ქვემოთ. მარცხნივ ქვემო ზედაპირს ესაზღვრებს წვრილი ნაწლავის მარყუჟები და განივი კოლინჯის უბანი. ქვემო ზედაპირს უკანისაგან განაცალკევებს ბლაგვი უკანა კიდე. წინა ზედაპირს უკანისაგან განაცალკევებს მახვილი ქვემო კიდე, რომლის გასწვრივაც გაივლის ელენთის არტერია. ბადექონისეული ბორცვის მიდამოში ზემო კიდიდან კუჭის მცირე სიმრუდისაკენ მიიმართება პერიტონეუმის ნაოჭი, რომელშიც გადის კუჭის მარცხენა არტერია.
პანკრეასის კუდი – cauda pancreatis, მიიმართება ზემოთ და მარცხნივ, და, შედის კუჭ-ელენთის იოგის – lig. gastrolienale ფურცლებს შორის; ჯირკვლის კუდი აღწევს ელენთის მედიალურ ზედაპირს და ესაზღვრება მას. ქვემოთ ის ესაზღვრება განივი კოლინჯის მარცხენა ნაკეცს.
პანკრეასის სადინარი – ductus pancreaticus მდებარეობს ჯირკვლის ნივთიერების სისქეში, ზემო და ქვემო კიდეებს შორის, უფრო ახლოს უკანა ზედაპირთან, ვიდრე წინა ზედაპირთან. პანკრეასის სადინარში იხსნება პანკრეასის ჯირკვლოვანი წილების წვრილი სადინარები. აღწევს რა თავის მარჯვენა კიდეს, პანკრეასის სადინარი ხვრეტს თორმეტგოჯა ნაწლავის უკანა კედელს და ნაღვლის საერთო სადინართან ერთად იხსნება თორმეტგოჯას ღრუში. თავის ზემო ნაწილის მიდამოში ხშირად განვითარებულია მეორე, პანკრეასის დამატებითი სადინარი – ductus pancreaticus accessorius, რომელიც დამოუკიდებლად იხსნება თორმეტგოჯაში მთავარი სადინარის ზემოთ და მარცხნივ, თორმეტგოჯა ნაწლავის პატარა დვრილის – papilla duodeni minor მწვერვალზე.

პანკრეასი

პანკრეასში გაფანტულია პატარა ჯირკვლოვანი წილაკები, რომლებიც განცალკევებულია პანკრეასის ჯირკვლოვანი ქსოვილისაგან. მათ არა აქვთ სადინრები და პანკრეასის კუნძულები – insulae pancreatis ეწოდება.
ინერვაცია: plexus celiacus, hepaticus, mesentericus superior.
კვება: aa. hepatica communis, mesenterica superior, lienalis.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.