პერიტონეუმი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. პერიტონეუმი Peritoneum

პერიტონეუმი – peritoneum, მუცლის ღრუს თხელი სეროზული გარსია; აქვს გლუვი, პრიალა, ერთგვაროვანი ზედაპირი. პერიტონეუმი ფარავს მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს კედლებს, ასევე მათში მოთავსებული ორგანოების თავისუფალ ზედაპირებს მეტ-ნაკლები ხარისხით. პერიტიონეუმს აქვს რთული მიკროსკოპული აგებულება. მისი ძირითადი ელემენტია შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც შედგება გარკვეული სტრუქტურის მკაცრად ორიენტირებული შრეებისაგან, და მეზოთელური უჯრედების შრე.

198

გავრცელების მიხედვით პერიტონეუმი ორ ნაწილად იყოფა: მუცლის კედლის ამომფენი – პარიეტული პერიტონეუმი – peritoneum parietale; და ცალკეული ორგანოების მფარავი – ვისცერული პერიტონეუმი – peritoneum viscerale. ნებისმიერი ორგანოს ვისცერული პერიტონეუმი დაკავშირებულია პარიეტულ პერიტონეუმთან, შედეგად, ყველა ეს ორგანო ამა თუ იმ ხარისხით ფიქსირებულია მუცლის ღრუს კედლებთან. ორგანოთა უმრავლესობა დაკავშირებულია მუცლის ღრუს უკანა კედელთან. ორგანო, რომელსაც პერიტონეუმი ფარავს ყველა მხრიდან მდებარეობს ინტრაპერიტონეულად; ორგანო, რომელიც პერიტონეუმით დაფარულია სამი მხრიდან და დაფარული არ არის მხოლოდ ერთი მხრიდან, მდებარეობს მეზოპერიტონეულად; ორგანო, რომლის მხოლოდ ერთი, გარეთა ზედაპირია დაფარული, მდებარეობს რეტროპერიტონეულად. ინტრაპერიტონელად მდებარე ორგანოებს აქვთ ჯორჯალი, რომელიც მათ აკავშირებს პარიეტულ პერიტონეუმთან. ჯორჯალი წარმოადგენს პერიტონეუმის ორმაგ ფურცელს – დუბლიკატურას. ჯორჯლის თავისუფალი ბოლო მოიცავს ორგანოს (ნაწლავს) და თითქოს კიდებს მას, ხოლო მეორე ბოლო მიიმართება მუცლის კედლისაკენ. ჯორჯლის ფურცლებს შორის მოთავსებულია ორგანოს სისხლძარღვები, ლიმფური ძარღვები და ნერვები. ჯორჯლის მიმაგრების ხაზს მუცლის კედელზე ჯორჯლის ფესვი – radix mesenterii ეწოდება. ორგანოსთან მიახლოებისას მისი ფურცლები იშლება ორივე მხარეზე, ტოვებს მხოლოდ ვიწრო ზოლს მიმაგრების ადგილზე, რომელსაც შიშველი არე – area nuda ეწოდება. სეროზული გარსი – tunica serosa, უშუალოდ არ ეხება ორგანოს ან მუცლის კედელს, არამედ მათგან გამოცალკევებულია ლორწქვეშა შემაერთებელი ქსოვილით – tela suhserosa.
ინტრაპერიტონეულად მდებარე ორგანოებია: კუჭი, წვრილი ნაწლავი (გარდა თორმეტგოჯა ნაწლავისა), განივი და სიგმოიდური კოლინჯი, სწორი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილი, ჭიანაწლავი, ელენთა, საშვილოსნო, საშვილოსნოს ლულები.

197

მეზოპერიტონეულად მდებარე ორგანოებს მიეკუთვნება: ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ასწვრივი და დასწვრივი კოლინჯი, სწორი ნაწლავის შუა ნაწილი.
რეტროპერიტონელად მდებარე ორგანოებია: თორმეტგოჯა ნაწლავი (გარდა მისი საწყისი ნაწილისა), პანკრეასი (გარდა კუდისა), თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვალი, შარდსაწვეთები.
მუცლის ღრუს პერიტონეუმით შემოსაზღვრულ  სივრცეს პერიტონეუმის ღრუ – cavum peritonei ეწოდება. მუცლის ღრუს უკანა კედლის პარიეტული პერიტონეუმი მუცლის ღრუს განაცალკევებს რეტროპერიტონეული სივრცისაგან – spatium retroperitorieale. ორივე ეს სივრცე წარმოქმნის მუცლის ღრუს – cavum abdominale. მუცლის ღრუს მოსაზღვრე ორგანოებსა და ღრუს კედლებს შორის სივრცე ნაპრალისებრია და შეიცავს მცირე რაოდენობით სეროზულ სითხეს (liquor peritonei).
მუცლის წინა კედლის პარიეტული პერიტონეუმი წარმოქმნის რიგ ნაოჭებს. შუა ხაზზე, ჭიპს ქვემოთ მდებარეობს ჭიპის შუა ნაოჭი – Plica umbilicalis mediana, რომელიც მიიმართება ჭიპიდან შარდის ბუშტის მწვერვალამდე; ამ ნაოჭში მდებარეობს შემაერთებელქსოვილოვანი ჭიმი, რომელიც წარმოადგენს ობლიტერირებულ სადინარს – urachus. ჭიპიდან შარდის ბუშტის გვერდითი კედლებისაკენ მიიმართება ჭიპის მედიალური ნაოჭი – Plica umbilicalis medialis, რომელშიც მოთავსებულია ჭიპის არტერიის წინა ნაწილები. ამ ნაოჭების გარეთ მდებარეობს ჭიპის ლატერალური ნაოჭი – Plica umbilicalis lateralis. ეს ნაოჭები შეიცავენ ქვემო ეპიგასტრულ არტერიებს – aa.. epigastricae inferiores, რომლებიც კვებავენ მუცლის სწორ კუნთებს. ჩამოთვლილი ნაოჭების ძირში იქმნება ფოსოები. შუა ნაოჭის ორივე მხარეზე ბუშტის ზემო კიდის მაღლა, მდებარეობს ბუშტზედა ფოსოები – fossae supravesicales; მედიალურ და ლატერალურ ნაოჭებს შორის მდებარეობს საზარდულის მედიალური ფოსოები – fossae inguinales mediates; ლატერალური ნაოჭების გარეთ მდებარეობს საზარდულის ლატერალური ფოსოები – fossae inguinales laterales. ეს ფოსოები მდებარეობენ საზარდულის ღრმა რგოლის მოპირდაპირედ. მუცლის წინა კედლის პარიეტული პერიტონეუმი ჭიპის ზემოთ წარმოქმნის ღვიძლის ნამგლისებრ იოგს – lig. falciforme hepatis. მუცლის კედლიდან და შუასაძგიდიდან ნამგლისებრი იოგი ეშვება ქვემოთ ღვიძლის შუასაძგიდისმხრივი  ზედაპირისაკენ, სადაც ორივე ფურცელი გადადის ღვიძლის შუასაძგიდისმხრივი ზედაპირის ვისცერულ პერიტონეუმში. ნამგლისებრი იოგის თავისუფალ ქვემო კიდეში მდებარეობს მრგვალი იოგი – lig. teres hepatis; იგი მიიმართება ღვიძლის ვისცერულ ზედაპირზე ღვიძლის კარისაკენ. ნამგლისებრი იოგის ფურცლები უკან გადადიან ღვიძლის გვირგვინოვან იოგში – lig. ñîãînarium hepatis. გვირგვინოვანი იოგის ფურცლები ღვიძლის კიდეებზე წარმოქმნიან მარჯვენა და მარცხენა სამკუთხა იოგებს – lig. triangulare dextrum და lig. triangulare sinistrum. ღვიძლის ვისცერული პერიტონეუმი ქვედა მხრიდან ფარავს ნაღვლის ბუშტს. ღვიძლის ვისცერული ზედაპირიდან მიიმართება იოგი კუჭის მცირე სიმრუდისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაწილისაკენ; იგი წარმოადგენს პერიტონეუმის ფურცლის დუბლიკატურას. ამ იოგის მარცხენა ნაწილი მიემართება კუჭის მცირე სიმრუდისაკენ და მას ღვიძლ – კუჭის იოგი – lig. hepalogastricum ეწოდება. ღვიძლ-კუჭის იოგის ფურცლებს შორის, მცირე სიმრუდის გასწვრივ, მოთავსებულია კუჭის არტერიები და ვენები  – arteriae et venae gastricae dextra et sinistra, ნერვები, ასევე რეგიონული ლიმფური კვანძები. იოგის მარჯვენა ნაწილი მიიმართება ღვიძლის კარიდან თორმეტგოჯა ნაწლავისა და პილორუსის ზემო კიდისაკენ; მის ბოლო ნაწილს ეწოდება ღვიძლ – თორმეტგოჯა ნაწლავის იოგი – lig. hepatoduodenale; მასში მოთავსებულია ნაღვლის საერთო სადინარი, ღვიძლის საერთო არტერია და მისი ტოტები, კარის ვენა, ლიმფური ძარღვები, კვანძები და ნერვები. მარჯვნივ ღვიძლ-თორმეტგოჯა ნაწლავის იოგი წარმოქმნის ბადექონის ხვრელის – foramen epiploicum წინა კიდეს. კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავთან მიახლოებისას იოგის ფურცლები იშლება და განლაგდება ამ ორგანოების წინა და უკანა კედლებზე. ორივე იოგი – lig. hepatogastricum და lig. hepatoduodenale, ასევე კუჭ-შუასაძგიდის იოგი – lig. gaslrophrenicum, ქმნიან მცირე ბადექონს – Omentum minus. ღვიძლის მარჯვენა წილის ქვემო კიდესა და მარჯვენა თირკმლის ზემო ბოლოს შორის პერიტონეუმი წარმოქმნის ღვიძლ-თირკმლის იოგს – lig. hepatorenale. კუჭის წინა და უკანა ზედაპირების ვისცერული პერიტონეუმის ფურცლები კუჭის დიდ სიმრუდეზე გადადის კუჭ-კოლინჯის იოგში – lig. gastrocolicum, გრძელდება ქვემოთ დიდი ბადექონის – omentum majus სახით. დიდი ბადექონი ეშვება ქვემოთ მცირე მენჯის ზემო შესავლის დონემდე. აქ მის მიერ წარმოქმნილი ორი ფურცელი ბრუნდება უკან, მიიმართება ზემოთ, დასწვრივი ფურცლების უკან. ეს ორი ფურცელი შეზრდილია წინა ფურცლებთან. განივი კოლინჯის დონეზე დიდი ბადექონის ოთხივე ფურცელი უერთდება ბადექონისეულ ზონარს – tenia omentalis, რომელიც მდებარეობს ნაწლავის წინა ზედაპირზე. აქ ბადექონის უკანა (შებრუნებითი) ფურცლები შორდებიან წინა ფურცლებს, უერთდებიან განივი კოლინჯის ჯორჯალს – mesocolon transrersum, და მიიმართებიან დორსალურად მუცლის უკანა კედელზე ჯორჯლის მიმაგრების ხაზამდე. ამგვარად, ბადექონის წინა და უკანა ფურცლებს შორის განივი კოლინჯის დონეზე იქმნება ჯიბე. margo anterior pancreatis-თან მიახლოებისას ბადექონის უკანა ორი ფურცელი იშლება: ზემო ფურცელი გადადის ბადექონის აბგის უკანა კედელში (პანკრეასის ზედაპირზე) პერიტონეუმის პარიეტული ფურცლის სახით, ქვემო ფურცელი – გადადის განივი კოლინჯის ჯორჯლის ზემო ფურცელში.

193

დიდი ბადექონის ნაწილს, რომელიც მოთავსებულია კუჭის დიდ სიმრუდესა და განივ კოლინჯს შორის, ეწოდება კუჭ-კოლინჯის იოგი – lig. gastrocolicum; ეს იოგი განივ კოლინჯს აფიქსირებს კუჭის დიდ სიმრუდესთან. კუჭ-კოლინჯის იოგის ფურცლებს შორის დიდი სიმრუდის გასწვრივ მდებარეობს მარჯვენა და მარცხენა კუჭ-ბადექონის არტერიები და ვენები, ასევე რეგიონული ლიმფური კვანძები. კუჭ-კოლინჯის იოგი წინიდან ფარავს განივ კოლინჯს; ამიტომ, მუცლის ღრუს გახსნის დროს საჭიროა დიდი ბადექონი გადავწიოთ ზემოთ ნაწლავის გამოსაჩენად. დიდი ბადექონი წინიდან ფარავს წვრილ და მსხვილ ნაწლავებს; იგი მდებარეობს მუცლის წინა კედლის უკან. ბადექონსა და მუცლის წინა კედელს შორის იქმნება ვიწრო ნაპრალი – ბადექონის წინა სივრცე. დიდი ბადექონი წარმოადგენს კუჭის გაჭიმულ ჯორჯალს – mesogastrium. მარცხნივ იგი გრძელდება კუჭ-ელენთის იოგში – lig. gastrolienale, და შუასაძგიდს- ელენთის იოგში – lig. phrenicolienale. კუჭ-ელენთის იოგის პერიტონეუმის წინა ფურცელი გადადის ელენთაზე, ფარავს მას ყველა მხრიდან, ბრუნდება უკან და გრძელდება შუასაძგიდ – ელენთის იოგის ფურცლის სახით. კუჭ-ელენთის იოგის უკანა ფურცელი აღწევს ელენთის კარს, უხვევს მუცლის უკანა კედლისაკენ შუასაძგიდ – ელენთის მეორე ფურცლის სახით.
განივი კოლინჯის ჯორჯალი იწყება მუცლის უკანა კედელზე თორმეტგოჯა ნაწლავის დასწვრივი ნაწილის, პანკრეასის თავისა და სხეულის, მარცხენა თირკმლის დონეზე; ნაწლავთან მიახლოებისას ჯორჯლის ორი ფურცელი იშლება და შემოეხვევა ნაწლავს ირგვლივ. გვერდებიდან განივი კოლინჯის ჯორჯალი იწყება კოლინჯის ნაკეცებიდან – flexurae colicae, და ვრცელდება მუცლის ღრუს მთელს სიგანეზე. განივი კოლინჯი ჯორჯალთან ერთად მდებარეობს მეათე ნეკნების ბოლოების დონეზე და მუცლის ღრუს ყოფს ორ სართულად: ზემო სართულზე განლაგებულია კუჭი, ღვიძლი, ელენთა, პანკრეასი, თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაწილები; ქვემო სართულზე – წვრილი ნაწლავები, თორმეტგოჯა ნაწლავის ქვემო ნაწილი და მსხვილი ნაწლავი. კოლინჯის მარცხენა ნაკეცი შეერთებულია შუასაძგიდთან ჰორიზონტალურად მდებარე ნაოჭით – შუასაძგიდ-კოლინჯის იოგით – lig. phrenicocolicum. განივი კოლინჯის ჯორჯლის ქვემო ფურცელი ფესვიდან გადადის პერიტონეუმის კედლისმიერ ფურცელში, რომლითაც ამოფენილია ჯორჯლის წიაღები. მუცლის ღრუს ქვემო სართულის უკანა კედლის მფარავი პერიტონეუმი შუაში გადადის წვრილი ნაწლავის ჯორჯალში – mesenterium. ჯორჯლის ფესვი – radix mesenterii, მიიმართება მუცლის უკანა კედლიდან წელის მეორე მალამდე, მარცხნივ ქვემოთ და მარჯვნივ – გავა-თეძოს სახსრამდე (თეძოს ნაწლავის ბრმა ნაწლავში გადასვლის ადილი). ფესვის სიგრძე 17 სმ; ჯორჯლის ფესვი თავის გზაზე გადაკვეთს თორმეტგოჯა ნაწლავის ასწვრივ ნაწილს, შემდეგ მუცლის აორტას წელის მეოთხე მალის დონეზე, ქვემო ღრუ ვენას და მარჯვენა შარდსაწვეთს. ფესვის გასწვრივ მიიმართება ჯორჯლის ზემო სისხლძარღვები, რომლებიც ჯორჯლის ფურცლებს შუა გზავნიან ტოტებს ნაწლავის კედლისაკენ. გარდა ამისა, ჯორჯლის ფურცლებს შუა გაივლის ლიმფური ძარღვები, ნერვები და რეგიონული ლიმფური კვანძები. ამგვარად, მუცლის ღრუს უკანა კედლის პერიტონეუმი წვრილი ნაწლავის ჯორჯლით გაყოფილია ორ ნაწილად: ჯორჯლის მარჯვენა და მარცხენა  სინუსები – sinus mesenterici dexter et sinister. მარჯვენა სინუსის პარიეტული პერიტონეუმი მარჯვნივ გადადის ასწვრივი კოლინჯის ვისცერულ პერიტონეუმში, მარცხნივ და ქვემოთ  – წვრილი ნაწლავის ჯორჯლის მარჯვენა ფურცელში, ზემოთ – განივი კოლინჯის ჯორჯალში – mesocolon transversum.
ჯორჯლის მარცხენა სინუსის პარიეტული პერიტონეუმი მარცხნივ გადადის დასწვრივი კოლინჯის ვისცერულ პერიტონეუმში, ზემოთ – განივი კოლინჯის ჯორჯალში – mesocolon transversum, ქვემოთ – სიგმოიდური კოლინჯის ჯორჯალში. პერიტონეუმი მარჯვნიდან ფარავს  ასწვრივ კოლინჯს სამი მხრიდან, მისგან მარჯვნივ ამოფენს მუცლის უკანა და გვერდით კედლებს, წარმოქმნის მარჯვენა ლატერალურ არხს – canalis lateralis dexter; წინ იგი გადადის მუცლის წინა კედლის პარიეტულ პერიტონეუმში, ზემოთ – შუასაძგიდის მარჯვენა ნახევრის პერიტონეუმში; ქვემოთ –  მარჯვენა თეძოს ფოსოსა და ბრმა ნაწლავის პერიტონეუმში, საზარდულის ნაოჭის არეში – მუცლის წინა კედელზე; ასწვრივი კოლინჯის მარჯვნივ იგი წარმოქმნის განივად განლაგებულ ნაოჭებს, რომლებიც კოლინჯის მარჯვენა ნაკეცს – flexura coli dextra აკავშირებს მუცლის გვერდით კედელთან, და მარჯვენა შუასაძგიდ-კოლინჯის იოგს, რომელიც სუსტადაა განვითარებული, ან საერთოდ არ არის. ქვემოთ, თეძოს ნაწლავის ბრმა ნაწლავთან შეერთების ადგილას, წარმოიქმნება თეძო – ბრმა ნაწლავის ნაოჭი – plica ileocecalis. იგი მდებარეობს ბრმა ნაწლავის მედიალურ კედელს, თეძოს ნაწლავის წინა კედელსა და პარიეტულ პერიტონეუმს შორის, ასევე აკავშირებს ბრმა ნაწლავის მედიალურ კედელს თეძოს ნაწლავის ქვემო კედელთან და ჭიანაწლავის ფუძესთან. ჭიანაწლავის ზემო კიდეს, თეძოს ნაწლავსა და ბრმა ნაწლავის ფსკერის მედიალური ნაწილის კედელს შორის მდებარეობს ჭიანაწლავის ჯორჯალი – mesoappendix. ჯორჯალში მდებარეობს მკვებავი სისხლძარღვები – a. et v. appendiculares, ასევე რეგიონული ლიმფური კვანძები და ნერვები. ბრმა ნაწლავის ფსკერის ლატერალურ ნაწილსა და თეძოს ფოსოს პარიეტულ პერიტონეუმს შორის მდებარეობს ბრმა ნაწლავის ნაოჭები – plica cecales.

196

ჯორჯლის მარცხენა სინუსის პარიეტული პერიტონეუმი მარჯვნივ გადადის წვრილი ნაწლავის ჯორჯლის მარცხენა ფურცელში. თორმეტგოჯა-მლივი ნაკეცის – flexura duodenojejunalis მიდამოში პარიეტული პერიტონეუმი მლივი ნაწლავის საწყისი მარყუჟის ირგვლივ წარმოქმნის ნაოჭს – თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაოჭი – plica duodenalis superior (plica duodenojejunalis), რომელიც შემოუვლის ნაწლავს ზემოდან და მარცხნივ. დასწვრივი კოლინჯის მარცხნივ მდებარეობს პერიტონეუმის ნაოჭი, რომელიც კოლინჯის მარცხენა ნაკეცს აკავშირებს შუასაძგიდთან, – ე. წ. შუასაძგიდ-კოლინჯის იოგი – lig. phrenicocolicum; მარცხნივ პარიეტული პერიტონეუმი გადადის ვისცერულ პერიტონეუმში, რომელიც ფარავს დასწვრივ კოლინჯს სამი მხრიდან. დასწვრივი კოლინჯის მარცხნივ, წარმოქმნის რა მარცხენა ლატერალურ არხს – canalis lateralis sinister, პერიტონეუმი ამოფენს მუცლის ღრუს უკანა და გვერდით კედლებს და გადადის მის წინა კედელზე; ქვემოთ პერიტონეუმი გადადის თეძოს ფოსოს, მუცლის წინა კედლისა და მცირე მენჯის პარიეტულ პერიტონეუმში. მარცხენა თეძოს ფოსოში პერიტონეუმი წარმოქმნის სიგმოიდური კოლინჯის ჯორჯალს – mesocolon sigmoideum. ამ ჯორჯლის ფესვი მიიმართება ზემოდან ქვემოთ და მარჯვნივ სასაზღვრო ხაზამდე და აღწევს გავის მესამე მალის წინა ზედაპირს; აქ იქმნება მოკლე ჯორჯალი სწორი ნაწლავის ზემო ნაწილისათვის. სიგმოიდური კოლინჯის ჯორჯალში გაივლის მკვებავი სისლძარღვები – a. et vv. sigmoideae; ასევე ლიმფური ძარღვები, კვანძები და ნერვები. პერიტონეუმის ნაოჭები, იოგები, ჯორჯალი და ორგანოები მუცლის ღრუში ქმნიან ერთიმეორესაგან, და, ასევე მუცლის ღრუსაგან შედარებით იზოლირებულ ჯიბეებს, წიაღებს (სინუსებს), აბგებს. როგორც ზემოთ იყო აღწერილი, მუცლის ღრუ იყოფა სამ ძირითად ტერიტორიად: ზემო სართული, ქვემო სართული, მცირე მენჯის ღრუ. ზედა სართული ქვედა სართულისაგან განცალკევებულია წელის მეორე მალის დონეზე, ჰორიზონტალურად  მდებარე განივი კოლინჯის ჯორჯლით. ქვემო სართული მცირე მენჯიდან გამოყოფილია სასაზღვრო ხაზით. ზემო სართულის ზემო საზღვრად ითვლება შუასაძგიდი, ქვედა საზღვარია – განივი კოლინჯი თავისი ჯორჯლით; მენჯის ღრუს ქვემო საზღვარს წარმოადგენს მისი ფსკერის პერიტონეუმის ნაოჭი (მამაკაცებში სწორ-ნაწლავ – ბუშტის, ქალებში – სწორნაწლავ – საშვილოსნოსი – plica rectouterina). მუცლის ღრუს ზემო სართულზე განარჩევენ პერიტონეუმის სამ აბგას: ღვიძლის აბგა – bursa hepatica, რომელიც მოთავსებულია ზემო სართულის მარჯვენა ნახევარში, კუჭწინა აბგა – bursa pregastrica, რომელიც მოთავსებულია ზემო სართულის მარცხენა ნახევარში, ბადექონის აბგა – bursa omentalis, რომელიც კუჭის უკანაა მოთავსებული.
ღვიძლის აბგა – bursa hepatica, წარმოადგენს ნაპრალისებრ სივრცეს, რომელიც მოიცავს ღვიძლის თავისუფალ ნაწილს. მასში არჩევენ: ღვიძლის ზემო ნაპრალს და ღვიძლის ქვემო ნაპრალს (პრაქტიკულ მედიცინაში მიღებულია ტერმინები: შუასაძგიდის ქვემო სივრცე და ღვიძლის ქვემო სივრცე). ღვიძლის ზემო სივრცე მარცხნივ კუჭწინა აბგისაგან შემოსაზღვრულია ნამგლისებრი იოგით; უკან იგი მოსაზღვრულია გვირგვინოვანი იოგის ფურცლით. ღვიძლის ქვემო ნაპრალი მოსაზღვრულია: ზემოდან ღვიძლის ვისცერული ზედაპირით, უკნიდან – პარიეტული პერიტონეუმით და ღვიძლ-თირკმლის იოგით – lig. hepatorenale. ლატერალურად ღვიძლის ქვემო ნაპრალი უკავშირდება მარჯვენა ლატერალურ არხს, წინიდან – ბადექონის წინა სივრცეს, სიღრმეში – ბადექონის ხვრელის გავლით –  ბადექონის აბგას, მარცნივ – კუჭწინა აბგას. კუჭწინა აბგა – bursa pregastrica მდებარეობს შუასაძგიდის მარცხენა გუმბათის ქვეშ. კუჭწინა აბგა ზემოდან მოსაზღვრულია შუასაძგიდით, მარჯვნიდან – ნამგლისებრი იოგით, მარცხნიდან – შუასაძგიდ-კოლინჯის იოგით, უკნიდან – მცირე ბადექონითა და კუჭ-ელენთის იოგით. წინიდან კუჭწინა ბაგა უკავშირდება ბადექონის წინა ნაპრალს, მარჯვნიდან – ღვიძლის ქვემო და ბადექონის აბგებს; მარცხნივ იგი უკავშირდება მარცხენა ლატერალურ არხს.
ბადექონის აბგა – bursa omentalis, მდებარეობს კუჭის უკან. მარჯვნივ იგი ვრცელდება ბადექონის ხვრელამდე, მარცხნივ – ელენთის კარამდე. ბადექონის აბგას წინა კედელს ქმნის: მცირე ბადექონი, კუჭის უკანა კედელი, კუჭ-კოლინჯის იოგი, ზოგჯერ კი დიდი ბადექონის ზემო ნაწილი; ბადექონის უკანა კედელს ქმნის: მუცლის ღრუს უკანა კედელზე მდებარე პარიეტული პერიტონეუმით დაფარული ორგანოები, მარჯვნივ – ქვემო ღრუ ვენა, მუცლის აორტა, მისგან გამომავალი ფაშვის ღეროთი, მარცხენა თირკმელზედა ჯირკვალი, მარცხენა თირკმლის ზემო ბოლო, ელენთის სისხლძარღვები და ქვემოთ – პანკრეასის სხეული. ბადექონის აბგის ზემო კედელს ქმნის: ღვიძლის კუდიანი წილი; ქვემო კედლად ითვლება განივი კოლინჯი და მისი ჯორჯალი. ამგვარად, ბადექონის აბგა წარმოადგენს პერიტონეუმის ნაპრალს, რომელიც ჩაკეტილია ყველა მხრიდან, გარდა ერთისა: ესაა ბადექონის ხვრელი – foramen epiploicum, რომელიც მდებარეობს აბგის მარჯვენა ნაწილში, ღვიძლ – თორმეტგოჯა ნაწლავის იოგის უკან. ხვრელი დაახლოებით 1 -2 თითის სიგანისაა. მისი წინა კედელია ღვიძლ – თორმეტგოჯა ნაწლავის იოგი მასში მოთავსებული სისხლძარღვებითა და ნაღვლის საერთო სადინრით. უკანა კედელს წარმოადგენს ღვიძლ-თირკმლის იოგი, რომლის  უკან მოთავსებულია ქვემო ღრუ ვენა და მარჯვენა თირკმლის ზემო ბოლო. ქვემო კედელია თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაწილი. ხვრელთან მიმდებარე უახლოეს ნაწილს ბადექონის აბგის კარიბჭე – vestibulum bursae omentalis ეწოდება; ზემოდან იგი შემოსაზღვრულია ღვიძლის კუდიანი წილით  და ქვემოდან – პანკრეასის თავით. ღვიძლის კუდიანი წილის უკან მოთავსებულია ბადექონის ზემო ჯიბე – recessus superior omentalis, რომელიც ქვემოთ გახსნილია კარიბჭის მხარეს. კარიბჭის ქვემოთ, მდებარეობს ბადექონის ქვემო ჯიბე – recessus inferior omentalis. კარიბჭის მარცხნივ ბადექონის აბგის ხვრელი ვიწროვდება კუჭ-პანკრეასის ნაოჭით – plica gastropancreatica. მარცხნივ ქვემო ჯიბის გაგრძელებას წარმოადგენს წიაღი, რომელიც მდებარეობს კუჭ-ელენთის იოგსა – lig. gastrolienale და შუასაძგიდ – კოლინჯის იოგს – lig. phrenicolienale შორის და ეწოდება ელენთის ჯიბე – recessus lienalis.
მუცლის ღრუს ქვედა სართულის უკანა კედელზე მდებარეობს ჯორჯლის ორი წიაღი და ორი გვერდითი (ლატერალური) არხი. ჯორჯლის წიაღები განლაგებულია წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ორივე მხარეზე: მარჯვნივ მდებარეობს ჯორჯლის მარჯვენა წიაღი, მარცხნივ – ჯორჯლის მარცხენა წიაღი. ჯორჯლის მარჯვენა წიაღი მოსაზღვრულია: ზემოდან – განივი კოლინჯის ჯორჯლით, მარჯვნიდან – ასწვრივი კოლინჯით, მარცხნიდან და ქვემოდან – წვრილი ნაწლავის ჯორჯლით. ამგვარად, მარჯვენა ჯორჯლის სინუსს აქვს სამკუთხა ფორმა და ჩაკეტილია ყველა მხრიდან. მისი ამომფენი პარიეტული პერიტონეუმიდან კონტურირდება: მარჯვენა თირკმლის ქვემო ბოლო, მას ესაზღვრება თორმეტგოჯა ნაწლავის ქვემო ნაწილი, და პანკრეასის თავის ქვემო ნაწილი. ქვემოთ მარჯვენა წიაღში მოჩანს მარჯვენა შარდსაწვეთი და თეძო-კოლინჯის არტერია ვენასთან ერთად. მარცხენა ჯორჯლის წიაღი მოსაზღვრულია: ზემოდან – განივი კოლინჯის ჯორჯლით, მარცხნიდან – დასწვრივი კოლინჯით, მარჯვნიდან – წვრილი ნაწლავის ჯორჯლით. მარცხენა ჯორჯლის წიაღს აქვს არასწორი ოთხკუთხა ფორმა და ქვემოთ გახსნილია. მარცხენა ჯორჯლის წიაღის პარიეტული პერიტონეუმიდან კონტურირდება: ზემოთ – მარცხენა თირკმლის ქვემო ნახევარი, ქვემოთ და მედიალურად – ხერხემლის წინ – მუცლის აორტა და მარჯვნივ – ქვემო ღრუ ვენა და თეძოს საერთო სისლხძარღვის საწყისი ნაწილები. ხერხემლის მარცხნივ მოჩანს სათესლის (საკვერცხის) მარცხენა არტერია, მარცხენა შრადსაწვეთი და ჯორჯლის ქვემო არტერიები და ვენები. ჯორჯლის მარცხენა წიაღის ზემოთ, მლივი ნაწლავის დასაწყისის ირგვლივ, თორმეტგოჯა-მლივი ნაკეცისა – flexura duodenojejunalis და თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაოჭს – plica duodenalis superior (plica duodenojejunalis), შორის მდებარეობს ნაპრალი, რომელშიც არჩევენ თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო და ქვემო ჯიბეებს – recessus duodenales superior et inferior. თეძო-ბრმა ნაწლავის ნაოჭის ქვემოთ მდებარეობს თეძო-ბრმა ნაწლავის ზემო და ქვემო ჯიბე – recessus ileocecalis superior, recessus ileocecalis inferior. ზოგჯერ ბრმა ნაწლავის ქვეშ მოთავსებულია ბრმა ნაწლავის უკანა ჯიბე – recessus retrocecalis. ასწვრივი კოლინჯის მარჯვნივ მდებარეობს მარჯვენა ლატერალური არხი, რომელიც მოსაზღვრულია გარედან მუცლის გვერდითი კედლის პარიეტული პერიტონეუმით, მარცხნიდან – ასწვრივი კოლინჯით; ქვემოთ არხი უკავშირდება თეძოს ფოსოს და მცირე მენჯის ღრუს. ზემოთ მარჯვენა არხი უკავშირდება ღვიძლის აბგის ღვიძლის ქვედა და ღვიძლის ზემო სივრცეებს. დასწვრივი კოლინჯის მარცხნივ მდებარეობს მარცხენა ლატერალური არხი; იგი მარცხნიდან მოსაზღვრულია მუცლის გვერდითი კედელის ამომფენი პარიეტული პერიტონეუმით. ქვემოთ არხი იხსნება თეძოს ფოსოში და შემდეგ მცირე მენჯის ღრუში. ზემოთ და მარცხნივ იგი უკავშირდება კუჭწინა აბგას. ქვემოთ სიგმოიდური კოლინჯის ჯორჯლის მუხლებს შორის მდებარეობს სიგმოიდური კოლინჯის ნაკეცის ჯიბე – recessus intersigmoideus. ასწვრივი და დასწვრივი კოლინჯის გაყოლებაზე ლატერალური არხები ზოგჯერ გადაღობილია მეტ-ნაკლებად გამოხატული პერიტონეუმის ნაოჭებითა და კოლინჯის გვერდითი ღარებით – suici paracolici.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.