პლევრა

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. პლევრა Pleura

ფილტვები დაფარულია სეროზული გარსით, რომელსაც პლევრა – pleura ეწოდება. არჩევენ პარიეტულ ანუ კედლის ამყოლ პლევრას – pleura parietalis, და ვისცერულ ანუ ფილტვის პლევრას – pleura visceralis (pulmonalis); ვისცერულ და პარიეტულ ფურცლებს შორის არსებულ ნაპრალს პლევრის ღრუ – cavum pleurae ეწოდება. ღრუ ავსებულია მცირე რაოდენობის პლევრის სითხით – liquor pleurale.

პლევრაფილტვის პლევრა უშუალოდ ფარავს ფილტვის პარენქიმას, მჭიდროდაა მასთან შეზრდილი და შედის წილთაშუა ნაპრალების სიღრმეში. პარიეტული პლევრა შეზრდილია გულმკერდის ღრუს კედლებთან და წარმოქმნის: ნეკნების პლევრას – pleura coslalis, შუასაძგიდის პლევრას – pleura diaphragmafica, ასევე შუასაყრის პლევრას – pleura mediastinalis. ფილტვის კარის მიდამოში პარიეტული პლევრა გადადის ფილტვის პლევრაში და  გარდამავალი ნაოჭით ფარავს ფილტვის ფესვს წინ და უკან. ფილტვის ფესვის ქვემოთ პლევრის გადამავალი ნაოჭი წარმოქმნის დუბლიკატურას, რომელსაც ფილტვის იოგი – ligamentum puimonale ეწოდება. ფილტვის მწვერვალის მიდამოში პარიეტული პლევრა წარმოქმნი პლევრის გუმბათს – cupula pleurae, რომელიც ზემო ნაწილში ესაზღვრება პირველი ნეკნის თავს, ხოლო წინა გვერდითი ზედაპირით – კიბისებრ კუნთებს. ორ პარიეტულ ფურცელს შუა მოქცეულ პლევრის ღრუს ნაწილს პლევრის ჯიბეები  – Recessus pleuralis ეწოდება; ესენია: ნეკნ-შუასაძგიდის ჯიბე – recessus costodiaphragmaticus, რომელიც მდებარეობს ნეკნის პლევრის შუასაძგიდის პლევრაზე გადასვლის ადგილზე; ნეკნ-შუასაყრის ჯიბე – recessus costomediastinalis, რომელიც წარმოიქმნება ნეკნის პლევრის შუასაყრის პლევრაზე გადასვლის ადგილზე.

პლევრა

ფილტვის ქვემო საზღვრები არ ემთხვევა პარიეტული პლევრის საზღვრებს. პარიესული პლევრის ქვემო საზღვარი გადის: linea mediana anterior-ზე – VI-VII ნეკნის დონეზე; linea mamillaris-ზე  – VII ნეკნის დონეზე; linea axillaris-ზე – X ნეკნის დონეზე; linea scapularis-ზე – XI-XII ნეკნის დონეზე; linea mediana posterior-ზე – XII ნეკნის დონეზე. ამგვარად, ნეკნ-შუასაძგიდის ჯიბე ყველაზე ღრმა არის linea axillaris-ზე. ორივე ფილტვის პარიეტული პლევრის წინა საზღვარი მიიმართება მკერდ – ლავიწის სახსრებიდან ქვემოთ, მკერდის ძვლის უკან, მეოთხე ნეკნების სამკერდე ბოლოს ქვემო კიდემდე. აქ მარჯვენა ფილტვის პლევრის წინა კიდე გრძელდება ქვემოთ, მეექვსე ნეკნის linea mediana anterior-თან გადაკვეთის ადგილამდე, ხოლო მარცხენა ფილტვის პლევრა მეოთხე ნეკნის დონეზე უხვევს მარცხნივ, შემოხაზავს გულის ნაჭდევის რკალს, გრელდება ქვემოთ მეშვიდე ნეკნის linea mamillaris (linea medioclavicularis).-თან გადაკვეთის ადგილამდე. ორივე ფილტვის წინა კიდეები თავიანთ გზაზე ზემო და ქვემო ნაწილებში სცილდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან: მკერდის ძვლის ტარის უკან – მკერდუკანა ჯირკვლის სამკუთხედს, ხოლო ქვემო ნაწილში – პერიკარდის სამკუთხედს.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.