სათესლე ბუშტუკი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სათესლე ბუშტუკი Vesicula seminalis;  Seminal vesicle

სათესლე ბუშტუკი – vesicula seminalis, წყვილი, ღრუ ორგანოა. მდებარეობს შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის, წინამდებარე ჯირკვლის ზემოთ. სათესლე ბუშტუკის სიგრძე 12 სმ, სისქე 6 – 7 მმ-ია.

სათესლე ბუშტუკი

იგი სპირალურად დახვეულია საკუთარი ღერძის გარშემო და წარმოქმნის ნაკეცებს; ამის გამო, ფრონტალურ განაკვეთზე სათესლე ბუშტუკს ფიჭისებრი შესახედაობა აქვს. გაუშლელ მდგომარეობაში სათესლე ბუშტუკის სიგრძე დაახლოებით 5 სმ, სიგანე – 2 სმ და სისქე – 1 სმ-ია. მასში განარჩევენ: ზემოთ და ლატერალურად მიმართულ გაგანიერებულ ნაწილს – სათესლე ბუშტუკის ფუძეს – basis, სხეულს – corpus და ქვემოთ და მედიალურად მიმართულ ვიწრო ნაწილს – საწრეტ სადინარს – ductus excretorius.

223

სათესლე ბუშტუკის კედელი შედგება სამი გარსისაგან: გარეთა შემაერთებელქსოვილოვანი, შუა – კუნთოვანი და შიგნითა ლორწოვანი. ბუშტუკის ღრუ ამოფენილია ლორწოვანი გარსით – tunica mucosa. გარედან თითოეული ბუშტუკი დაფარულია ადვენტიციური გარსით – tunica adventitia. სათესლე ბუშტუკები წინა ზედაპირით ესაზღვრება შარდის ბუშტის ძირს, უკანა ზედაპირით – სწორი ნაწლავის ამპულას. წინამდებარე ჯირკვლის ფუძესთან ბუშტუკის საწრეტი სადინარი უერთდება სათესლე სადინარს და ქმნის მშხეპავ სადინარს – ductus ejaculatorius, რომელიც გაივლის წინამდებარე ჯირკვალს და ნაპრალისებრი ხვრელით იხსნება შარდსადენის წინამდებარე ნაწილის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე, სათესლე გორაკის – colliculus seminalis გვერდზე. სათესლე ბუშტუკი გამოყოფს მოყვითალო ფერის სეკრეტს, რომელიც ათხიერებს თესლს და აადვილებს სპერმატოზოიდების მოძრაობას.
ინერვაცია: plexus hypogastrici superior et inferior.
სისხლმომარაგება: aa. rec tales superior et media, vesicalis inferior, ductus deferentis.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.