წვრილი ნაწლავი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. წვრილი ნაწლავი Intestinum tenue;  Small intestine

წვრილი ნაწლავი – intestinum tenue, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილია, რომელიც იწყება კუჭის პილორუსიდან და მთავრდება თეძო-ბრმა ნაწლავის ხვრელით, იქ სადაც წვრილი ნაწილი გადადის მსხვილ ნაწლავში.

წვრილი ნაწლავი

წვრილ ნაწლავში არჩევენ სამ ნაწილს: თორმეტგოჯა ნაწლავი – duodenum, მლივი ნაწლავი – jejunum და თეძოს ნაწლავი – ileum. ბოლო ორი ნაწილი შეადგენს წვრილი ნაწლავის  ჯორჯლოვან ნაწილს. თორმეტგოჯა ნაწლავი თითქმის მთლიანად მდებარეობს რეტროპერიტონეულად, ხოლო ჯორჯლოვანი ნაწილი კი მდებარეობს ინტრაპერიტონეულად და აქვს ჯორჯალი – mesenterium.  წვრილი ნაწლავი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ყველაზე გრძელი ნაწილია (5 მ). მის ჯორჯლოვან ნაწილს უკავია მუცლის ღრუს თითქმის მთელი ქვედა სართული და ნაწილობრივ მცირე მენჯის ღრუ. წვრილი ნაწლავის დიამეტრი არათანაბარია: პროქსიმალურ ნაწილში 4 – 6 სმ-ია, დისტალურში – 2,5 – 3 სმ.

190

თორმეტგოჯა ნაწლავი – duodenum, იწყება გულმკერდის მეთორმეტე ან წელის პირველი მალის დონეზე, ხერხემლის სვეტის მარჯვნივ; აქედან ეშვება ქვევით და წელის პირველი ან მეორე მალის დონეზე გადადის მლივ ნაწლავში. თორმეტგოჯა ნაწლავი შედგება სამი ნაწილისაგან: ზემო ნაწილი – pars superior, მეორე – დასწვრივი ნაწილი – pars descendens, და ქვემო ნაწილი – pars inferior, რომელშიც თავის მხრივ გამოირჩევა – ჰორიზონტალური ნაწილი – pars horizontalis (inferior), და ასწვრივი ნაწილი – pars ascendens. ზემო ნაწილის გადასვლისას დასწვრივ ნაწილში წარმოიქმნება თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაკეცი – flexura duodeni superior; დასწვრივი ნაწილის გადასვლისას ჰორიზონტალურში წარმოიქმნება თორმეტგოჯა ნაწლავის ქვემო ნაკეცი – flexura duodeni inferior,  და, ბოლოს, თორმეტგოჯა ნაწლავის გადასვლისას მლივ ნაწლავში წარმოიქმნება თორმეტგოჯა – მლივი ნაკეცი – flexura duodenojejunalis. თორმეტგოჯა ნაწლავის სიგრძე 27 – 30 სმ-ია. მისი დიამეტრი დასწვრივ ნაწილში 4,7 სმ; ზემო ნაწილი წარმოქმნის გაფართოებას და ეწოდება თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვი.

191

თორმეტგოჯა ნაწლავის კედელი შედგება სამი გარსისაგან – გარეთა სეროზული, შუა – კუნთოვანი და შიგნითა – ლორწოვანი. სეროზული გარსი – tunica serosa ფარავს ნაწლავის დასწვრივ ნაწილს წინ და გვერდებიდან; უკანა კედელს სეროზული გარსი არა აქვს და შემაერთებელი ქსოვილით მიმაგრებულია მუცლის უკანა კედელთან.
კუნთოვანი გარსი – tunica muscularis, შედგება ორი შრისაგან – გარეთა – გასწვრივი და შიგნითა – ირგვლივი.

192

თორმეტგოჯას შიგნითა – ლორწოვანი გარსი – tunica mucosa, შედგება ეპითელური შრისა და ლორწქვეშა ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისაგან, რომელიც ლორწოვან გარსს განაცალკევებს კუნთოვანი გარსისაგან. ლორწოვანი გარსი ზემო ნაწილში წარმოქმნის გასწვრივ ნაოჭებს, დასწვრივ და ქვემო ნაწილებში – ირგვლივ ნაოჭებს – plicae circulares. თორმეტგოჯა ნაწლავის დასწვრივი ნაწილის უკანა კედელზე მდებარეობს ერთად-ერთი გასწვრივი ნაოჭი – plica longitudinalis duodeni; მის დისტალურად აღინიშნება მორგვისმაგვარი შემაღლება – თორმეტგოჯას დიდი დვრილი – papilla duodeni major, რომლის მწვერვალზე მდებარეობს ნაღვლის სართო სადინრისა და პანკრეასის სადინრის ხვრელები. გასწვრივი ნაოჭის ზემოთ თორმეტგოჯას პატარა დვრილის – papilla duodeni minor მწვერვალზე მდებარეობს პანკრეასის დამატებითი სადინრის ხვრელი.
თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი, ისევე როგორც წვრილი ნაწლავის დანარჩენი ნაწილისა, თავის ზედაპირზე წარმოქმნის ნაწლავის ხაოებს – villi intestinales, რომელთა რიცხვი 1მმ2 -ზე 40-მდეა.

182

თორმეტგოჯას ხაოებს ფოთლისებრი ფორმა აქვთ და სიმაღლე 0,5 – 1,5 მმ, სისქე – 0,2 – 0,5 მმ-ია. მლივ ნაწლავში ხაოებს ცილინდრული ფორმა აქვთ, თეძოს ნაწლავში კი – ქინძისთავისებრი. ხაოს ირგვლივ ლორწოვანი გარსი წარმოქმის კრიპტებს, რომლებშიც იხსნება ნაწლავის ჯირკვლის – glandulae intestinales ხვრელები. თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი, ხაოები და კრიპტები ამოფენილია ერთშრიანი პრიზმული ან ცილინდრული ეპითელით; თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწქვეშა ქსოვილში მდებარეობს თორმეტგოჯა ნაწლავის ჯირკვლები – glandulae duodenales. თორმეტგოჯას ლორწოვანის მთელ გაყოლებაზე მოთავსებულია განკერძოებული ლიმფური ფოლიკულები – folliculi lymphatici solitarii.

მლივი და თეძოს ნაწლავი – წვრილი ნაწლავის თავისუფალი, მოძრავი ნაწილია და მუცლის ღრუში ქმნის მრავალ მარყუჟს, რომელიც წვრილი ნაწლავის ჯორჯლით – mesenterium ჩამოკიდებულია ხერხემალზე. მლივი ნაწლავის დასაწყისი მდებარეობს ხერხემლის მარცხნივ, წელის მეორე მალის დონეზე. თეძოს ნაწლავის ბოლო მდებარეობს მარჯვენა თეძოს ფოსოსთან, გავა-თეძოს სახსრის დონეზე, სადაც წვრილი ნაწლავი უერთდება მსხვილ ნაწლავს. აქ, ამ საზღვარზე ლორწოვანი გარსი ქმნის თეძო – ბრმა სარქველს – valva ileocecalis.

181

წვრილი ნაწლავის კედელი შედგება სამი გარსისაგან: გარეთა – სეროზული, რომელიც ფარავს ნაწლავს ყველა მხრიდან და გადადის ჯორჯალში; შუა – კუნთოვანი, რომელიც შედგება ორი შრისაგან – გარეთა გასწვრივი და შიგნითა ირგვლივი; შიგნითა – ლორწოვანი გარსი წარმოქმნის განივ ნაოჭებს, რომელთა რაოდენობა ზემოდან ქვემო მიმართულებით კლებულობს და თეძოს ნაწლავის ბოლოში თიითქმის აღარ გვხვდება. ლორწოვანში გაფანტულია განკერძოებული ლიმფური ფოლიკულები – folliculi lymphatici solitarii. ზოგ ადგილებში ეს ფოლიკულები ქმნიან გროვებს და მათ შეჯგუფული ლიმფური ფოლიკულები – folliculi lymphatici aggregati ეწოდება. წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე გალაგებულია ნაწლავის ხაოები და ლორწოვანი ჯირკვლები – glandulae intestinales.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.