სასულე

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სასულე Trachea

სასულე – trachea,  წარმოადგენს ცილინდრული ფორმის ღრუ ორგანოს; იწყება კისრის VI-VII მალის დონიდან; კისრის ქვემო ნაწილიდან ტრაქეა გრძელდება როგორც კისრის ნაწილი, შემდეგ apertura thoracis superior გავლით გადადის გულმკერდის ღრუში. დასაწყისში სასულე მდებარეობს საყლაპავის წინ, გულმკედის ღრუში კი მოთავსებულია მსხვილი სისხლძარღვების უკან. სასულეს სიგრძე 9 – 15 სმ, სიგანე 1,5 – 2,7 სმ-ია.

სასულე

გულმკერდის მეოთხე მალის დონეზე სასულე იყოფა მთავარ მარჯვენა და მარცხენა ბრონქად – bronchi principals dexter et sinister. სასულეს ორად გაყოფის ადგილს სასულეს გაორკაპება (ბიფურკაცია) – bifurcatio tracheae ეწოდება. შიგნითა მხრიდან ბიფურკაცია წარმოადგენს ნახევარმთვარის ფორმის გამონაშვერს – სასულეს კორძს – carina tracheae. მარჯვენა მთავარი ბრონქი თითქოს სასულეს გაგრძელებას წარმოადგენს; იგი შედარებით მოკლე და განიერია; მარცხენა ბრონქი კი შედარებით გრძელი (4 – 5 სმ) და ვიწროა და სასულესთან ქმნის უფრო მახვილ კუთხეს. სასულესა და პირველადი ბრონქების საფუძველს წარმოადგენს ხრტილოვანი რგოლები – სასულეს ხრტილები – cartilagines tracheales; ეს რგოლები მთლიანი არ არის და მათი უკანა ბოლოები შემაერთებელქსოვილოვანი ფირფიტითაა ერთმანეთთან დაკავშირებული; ეს ფირფიტა წარმოქმნის სასულესა და პირველადი ბრონქების კედლის უკანა ნაწილს და მას სასულეს აპკისებრი კედელი – paries membranaceus.  ეწოდება. სასულეს ხრტილების რაოდენობა 16 – 20; მარჯვენა ბრონქისა – 6 – 8, მარცხენასი – 9 – 12. ხრტილები ერთმანეთს უკავშირდებიან სასულეს ბეჭდისებრი იოგებით – ligg. anularia (trachealia), რომლებიც უკანა ნაწილში გადადიან სასულესა და ბრონქების აპკისებრ კედელში. აპკისებრი კედელი შეიცავს განივი და გასწვრივი მიმართულების გლუვკუნთოვან ბოჭკოებს, რომლებიც წარმოქმნიან სასულეს კუნთებს – m.. tracheales. სასულესა და ბრონქების შიგნითა ზედაპირი ამოფენილია ლორწოვანი გარსით – tunica mucosa, რომელიც ლორწქვეშა ქსოვილით – tela submucosa ფაშრადაა შეერთებული ხრტილებთან. სასულეს ლორწოვან გარსს ნაოჭების არა აქვს, დაფარულია მრავალშრიანი მოციმციმე ეპითელით და შეიცავს სასულეს ჯირკვლებს – glandulae tracheales; ბრონქების ლორწოვან გარსში ამ ჯირკვლებს ბრონქების ჯირკვლები – glandulae bronchiales ეწოდება. როგორც სასულეში, ასევე ბრონქებში ეს ჯირკვლები უპირატესად მოთავსებულნი არიან ხრტილთაშუა სივრცეებისა და სასულესა და ბრონქების აპკისებრი კედლის ლორწქვეშა ქსოვილში და ნაკლები რაოდენობით – ხრტილებს უკან. თითოეული ბრონქი შედის შესაბამის ფილტვში, სადაც იგი იტოტება და წარმოქმნის ბრონქულ ხეს. მარჯვენა ბრონქი იყოფა სამ ტოტად, მათგან ერთი ტოტი მდებარეობს არტერიების ზემოთ, დანარჩენი ორი – არტერიების ქვემოთ; მარცხენა ბრონქი იძლევა ორ ტოტს და ორივე არტერიის ქვევითაა მოთავსებული. თითოეულ ბრონქი ჰაერს აწვდის ფილტვის წილებს. შემდგომში თითოეული ბრონქი, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფილტვში იყოფა უფრო წვრილ ბრონქებად, რომლებიც არ შეიცავენ არც ხრტილებსა და არც ჯირკვლებს. უწვრილეს მილებს, რომელთა დიამეტრი დაახლოებით 1 მმ-ია, წილოვანი ბრონქები – bronchus lobulares ეწოდება. წილოვანი ბრონქებიც იტოტება 12 – 18 საბოლოო ბრონქიოლად. ეს უკანასკნელი კი იყოფა სასუნთქ ბრონქიოლებად – bronchioli respiratorii. სასუნთქი ბრონქიოლები ჰაერს აწვდიან ფილტვის შედარებით მცორე ზომის უბნებს, ე. წ. აცინუსებს – acini. აქ სასუნთქი ბრონქიოლები იტოტება, ფართოვდება და ქმნის 2 – 9 ალვეოლურ მილაკებს – ductuli alveolares, რომელთა კედელი გამობერილია ბუშტუკებით – ფილტვის ალვეოლებით – alveoli pulmonis. ალვეოლების საერთო რაოდენობა თითოეულ ფილტვში ასობით მილიონია, მათი სასუნთქი ზედაპირის საერთო ფართი კი ათეულობით კვადრატულ მეტრს შეადგენს. ბრონქების დატოტიანებასთან ერთად იცვლება მათი კედლების აგებულება. მთავარ ბრონქებში ხრტილოვანი ქსოვილი ჭარბადაა წარმოდგენილი, შედარებით წვრილ ბრონქებში – ნაკლებად. ხრტილოვანი ქსოვილის კლებასთან ერთად მატულობს შემაერთებელი ქსოვილის რაოდენობა. ბრონქიოლებს ხრტილოვანი ქსოვილი არა აქვთ; მათი კედელი შეიცავს ცირკულარულ გლუვკუნთოვან ბოჭკოებს; ალვეოლების კედლების შემადგენლობაში შედის ელასტიკური ბოჭკოები; კედლის ზედაპირზე კი უხვადაა კაპილარულ სისხლძარღვთა ქსელი. ბრონქული ხის ტოტების შიგნითა ზედაპირი ამოფენილია ლორწოვანი გარსით, დაფარულია მრავალშრიანი მოციმციმე ცილინდრული ეპითელით, რომელიც თანდათანობით გადადის ორშრიან, და საბოლოოდ, ერთშრიან კუბურ მოციმციმე ეპითელში; ლორწოვანი გარსი დიდი რაოდენობით შეიცავს ბრონქების ჯირკვლებს – glandulae bronchiales. ბრონქიოლებს ჯირკვლები არა აქვთ. ალვეოლების სადინრებისა და ალვეოლების კედელი დაფარულია ე. წ. სასუნთქი, რესპირატორული, ეპითელით, რომელსაც წვრილი, უბირთვო, ზოგად კი ბირთვიანი ფირფიტების სახე აქვს და დაფარულია სისხლძარღვთა კაპილარული ქსელით.
ინერვაცია: ï.. laryngeus recurrens (ï.. laryngeus inferior), rr. bronchiales anteriores et posteriores (ï.. vagus), tr. sympathicus.
კვება: aa. tracheales, mediastinales, bronchiales.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.