შარდსაწვეთი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. შარდსაწვეთი Ureter

შარდსაწვეთი – ureter, პერიტონეუმის უკან მდებარე წყვილი, მილოვანი ორგანოა, რომელიც თირკმლის მენჯს აკავშირებს შარდის ბუშტთან. შარდსაწვეთის სიგრძე 30 – 35 სმ-ია; დიამეტრი არათანაბარია: მენჯიდან გამოსვლის ადგილზე, მცირე მენჯის შესასვლელთან და შარდის ბუშტის კედლის გავლისას 3 – 4 მმ, ხოლო ამ შევიწროებებს შორის შარდსაწვეთის დიამეტრი აღწევს 9 მმ-ს.

თირკმელიშარდსაწვეთში არჩევენ 2 ნაწილს: მუცლისა და მენჯის ნაწილებს. მუცლის ნაწილი – pars abdominalis, მენჯიდან გამოსვლისას წარმოქმნის ნაკეცს, მიიმართება ქვევით და მედიალურად; გაივლის დიდი სუკის კუნთის წინა ზედაპირზე მენჯის სასაზღვრო ხაზამდე. მენჯის ნაწილი – pars pelvina, გაივლის მცირე მენჯის პერიტონეუმის უკან, უხვევს წინ, მედიალურად და ქვევით. აღწევს რა შარდის ბუშტის ფუძეს, ხვრეტს მის კედელს და ირიბი მიმართულებით იხსნება ბუშტში ნაპრალისებრი ხვრელით. შარდსაწვეთის კედელი შედგება სამი შრისაგან: შემაერთებელქსოვილოვანი, ადვენტიციური გარსი, კუნთოვანი გარსი და ლორწოვანი გარსი. ადვენტიციური გარსი – tunica adventitia, შედგება ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისაგან, ელასტიკური ბოჭკოების შერევით.

საშარდე სისტემა

შარდსაწვეთი გარშემოხვეულია სუსტად განვითარებული ფასციით, რომელიც წარმოადგენს თირკმლის ფასციის გაგრძელებას. კუნთოვანი გარსი – tunica muscularis, შედგება სამი შრისაგან: შიგნითა გასწვრივი, შუა ცირკულარული და გარეთა გასწვრივი შრეებისაგან. ლორწოვანი გარსი – tunica mucosa, ქმნის ნაოჭებს, რაც შარდსაწვეთის სანათურს აძლევს ვარსკვლავისებრ ფორმას; შარდსაწვეთის ქვემო ნაწილებთან ახლოს ნაოჭები სწორდება. ლორწოვანი გარსის სისქეში, შარდსაწვეთის ზემო ნაწილში, აღინიშნება მცირე რაოდენობის წვრილი მილოვან – ალვეოლური ჯირკვლები. მამაკაცებში შარდსაწვეთის მენჯის ნაწილი მდებარეობს სათესლე სადინრის გვერდით, შემდეგ გადაკვეთს მას და შედის შარდის ბუშტში; შესვლის ადგილი შეესაბამება სათესლე ბუშტუკის მწვერვალს.

საშარდე სისტემა (ქალის)

ქალებში შარდსაწვეთი მცირე მენჯის კედლის გაყოლებაზე ეშვება ქვევით, გადაკვეთს საშვილოსნოს არტერიის დასაწყისს, შემდეგ მიიმართება მედიალურად, ქვევით და წინ, გაივლის საშვილოსნოსირგვლივ შემაერთებელ ქსოვილში და აქ, საშვილოსნოს ყელის დონეზე გადაკვეთს საშვილოსნოს არტერიას. შემდგომ შარდსაწვეთი გადაკვეთს საშოს წინა გვერდით კედელს და შედის შარდის ბუშტში.
ინერვაცია: plexus renalis, hypogastricus, testicularis (ovaricus), uretericus;
სისხლმომარაგება: aa.. renalis, testicularis (ovarica).

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.