შარდსადენი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. შარდსადენი Urethra

მამაკაცის შარდსადენი – urethra masculina, საშუალოდ 20 – 23 სმ სიგრძისაა. არჩევენ მის 3 ნაწილს: წინამდებარე ნაწილი – pars prostatica, აპკისებრი ნაწილი – pars membranacea, და ღრუბლისებრი ნაწილი – pars spongiosa. შარდსადენი იწყება შარდის ბუშტიდან შარდსადენის შიგნითა ხვრელით – ostium urethrae internum, და თავდება ასოს მწვერვალზე შარდსადენის გარეთა ხვრელით – ostium urethrae externum. შარდსადენის ნაწილს შიგნითაშარდსადენი ხვრელიდან სათესლე გორაკამდე – colliculus seminalis, ეწოდება უკანა ურეთრა, ხოლო მის დისტალურად მდებარე ნაწილს – წინა ურეთრა. მსვლელობისას შარდსადენი წარმოქმნის S-ებრ ხვეულს. მისი პირველი ნადრეკი მდებარეობს ბოქვენის სიმფიზის ქვემოთ, შეიცავს წინამდებარე, აპკისებრ ნაწილს და მიმართულია უკან. მეორე ნადრეკი ბოქვენის სიმფიზის წინაა და მას უკავშირდება ასოს საკიდი იოგი – lig. suspensorium penis.

შარდსადენის  წინამდებარე ნაწილი – pars prostatica, მოთავსებულია წინამდებარე ჯირკვალში; იგი სიგრძით 3 – 4 სმ-ია და იწყება ვიწრო ნაწილით  შარდსადენის შიგნითა ხვრელიდან (შარდსადენის პირველი შევიწროებული ნაწილი).  შარდსადენი შუა ნაწილში წარმოქმნის გაგანიერებას (პირველი გაგანიერება). ლორწოვანი გარსის უკანა კედელზე, დაწყებული შარდის ბუშტის ნაქიდან – uvul a vesicae urinariae, მიიმართება შარდსადენის ქედი – crista urethralis, რომელიც შუა ნაწილში გადადის სათესლე გორაკში – colliculus seminalis; დისტალურად ეს ნაკეცი აღწევს აპკისებრ ნაწილს. სათესლე გორაკის მწვერვალზე მოთავსებულია ბრმა ორმო – წინამდებარეს საშვილოსნო – utriculus prostaticus, რომელიც წარმოადგენს მამაკაცის განუვითარებელ საშვილოსნოს. შარდსადენის ქედის ორივე მხარეს იხსნება თესლის მშხეპავი სადინრები. შარდსადენის ლორწოვანი სათესლე გორაკის ორივე მხარეს  წარმოქმნის ნაოჭებს; მათ მიერ შემოსაზღვრულ ღარში, რომელსაც ეწოდება წინამდებარეს წიაღი – sinus prostaticus, იხსნება წინამდებარეს სადინრები – ductuli prostatici; ნაწილი სადინრებისა იხსნება სათესლე გორაკზე.

შარდსადენი

აპკისებრი ნაწილი – pars membranacea, – შარდსადენის ყველაზე მოკლე ნაწილია, სიგრძით 1,5 – 2 სმ. იგი მჭიდროდაა ფიქსირებული შარდ-სასქესო დიაფრაგმასთან. შარდსადენის ამ ნაწილის პროქსიმალური უბანი ყველაზე ვიწროა (მეორე შევიწროებული ნაწილი), დისტალური ნაწილი კი – გაგანიერებულია. შარდსადენის შიგნითა ხვრელსა და მისი წინამდებარე ნაწილის პროქსიმალური ნაწილს ეხვევა შარდსადენის მომჭერი კუნთი, რომლის ბოჭკოები წარმოადგენს შარდის ბუშტის სამკუთხედის კუნთების გაგრძელებას და ჩაეწვნებიან წინამდებარე ჯირკვლის კუნთოვან ნივთიერებაში. შარდსადენის აპკისებრი ნაწილსა და წინამდებარე ნაწილის დისტალურ უბანს ეხვევა შარდსადენის სფინქტერის – m. sphincter urethrae. განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოები. ეს ბოჭკოები წარმოადგენენ შორისის ღრმა განივი კუნთის  ნაწილს, რის გამოც აპკისებრი ნაწილი ფიქსირებულია მენჯიდან გამოსვლისას და მისი მოძრაობა შეზღუდულია; ამასთან, შარდ-სასქესო დიაფრაგმის ბოჭკოების ნაწილი გადადის შარდსადენის წინამდებარე და ღრუბლისებრ ნაწილზე, და ამგვარად, აპკისებრი ნაწილი კიდევ უფრო ნაკლებმოძრავი ხდება.
ღრუბლისებრი ნაწილი – pars spongiosa, –  შარდსადენის ყველაზე გრძელი ნაწილია, სიგძით 17 – 20 სმ. იწყება გაგანიერებული ნაწილით (მეორე გაგანიერება), რომელიც მდებარეობს სასქესო ასოს ბოლქვში. ბოლქვისებრი ნაწილის უკანა კედელზე იხსნება ბოლქვ-შარდსადენის ჯირკვლების ხვრელები. შარდსადენის გარეთა ხვრელის პროქსიმალურად მდებარეობს შარდსადენის ნავისებრი ფოსო – fossa navicularis urethrae, რომელიც წარმოადგენს შარდსადენის მესამე გაგანიერებას. ზემო კედლის ლორწოვანი გარსი აქ წარმოქმნის ნავისებრი ფოსოს სარქველს – valvula fossae navicularis. ღრუბლისებრი ნაწილის ზემო კედელზე მდებარეობს განივი ნაოჭები, რომლებიც მოსაზღვრავენ შარდსადენის ლაკუნებს – lacunae urethrales; ამ ლაკუნებში იხსნება შარდსადენის ჯირკვლები – glandulae urethrales.

შარდსადენი

შარდსადენს მთელ გაყოლებაზე გააჩნია სიგრძივი ნაოჭები, რომლებიც განაპირობებენ მის ჭიმვადობას. შარდსადენის სანათური წინამდებარე და აპკისებრი ნაწილების დონეზე ნახევარმთვარისებრია. ღრუბლისებრი ნაწილის გაყოლებაზე, პროქსიმალურ ნაწილში სანათურს აქვს ვერტიკალური ხვრელის ფორმა, დისტალურში – განივი ხვრელის, ხოლო თავის მიდამოში – S-სებრი ხვრელის. შარდსადენის გარსი შედგება ელასტიკური ბოჭკოებისაგან. კუნთოვანი გარსი გამოხატულია მხოლოდ წინამდებარე და აპკისებრ ნაწილში; ღრუბლისებრ ნაწილში ლორწოვანი გარსი შეზრდილია ღრუბლისებრ ქსოვილთან. შარდსადენის წინამდებარე ნაწილში ლორწოვანი გარსს აქვს გარდამავალი ეპითელიუმი, აპკისებრში – მრავალშრიანი პრიზმული, ღრუბლისებრი ნაწილის დასაწყისში – ერთშრიანი პრიზმული, ხოლო დანარჩენ უბნებში – მრავალბირთვიანი პრიზმული.
ქალის შარდსადენი – urethra feminina, განცალკევებულია სასქესო აპარატისაგან; მამაკაცის შარდსადენთან შედარებით მოკლე და განიერია და აქვს სწორი, საშოს ღერძის პარალელური მიმართულება. სიგრძე 2 – 4,5 სმ-ის ფარგლებშია. შარდსადენის კედელი შედგება: ლორწოვანი გარსისა – tunica mucosa, ლორწქვეშა შრისა – tunica submucosa და კუნთოვანი გარსისაგან – tunica muscularis. კუნთოვანი გარსი ორი შრისაგან შედგება: შიგნითა გასწვრივი – stratum longitudinale და გარეთა ირგვლივი – stratum circulare შრეებისაგან. ირგვლივი შრე შარდსადენის დასაწყისში წარმოქმნის შარდსადენის შიგნითა მომჭერს – m. sphincter urethrae internus.
ინერვაცია: plexus hypogastricus, lumbosacralis.
სისხლმომარაგება: aa.. pudendae interna et extema.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.