შარდის ბუშტი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. შარდის ბუშტი Vesica urinaria Urinary bladder

შარდის ბუშტი – vesica urinaria, წარმოადგენს ღრუ, კუნთოვან ორგანოს. მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში, ბოქვენის სიმფიზის უკან. შარდის ბუშტის ფორმა და სიდიდე ცვალებადია და დამოკიდებულია ბუშტის ავსების ხარისხზე. ავსებული შარდის ბუშტს აქვს მსხლისებრი ფორმა. მისი ფართო ნაწილი მიმართულია ზემოთ და უკან, ხოლო ვიწრო – ქვემოთ და წინ. ცარიელ შარდის ბუშტს სამკუთხა ფორმა აქვს; მისი საშუალო ტევადობა 750 სმ3 – ია.

შარდის ბუშტი

შარდის ბუშტში არჩევენ სამ ნაწილს: ბუშტის სხეული – corpus vesicae, ბუშტის მწვერვალი – apex vesicae და ბუშტის ძირი – fundus vesicae. ბუშტის სხეული შეადგენს ბუშტის ძირითად ნაწილს. მწვერვალს წარმოქმნის ბუშტის ზემო წინა ნაწილი, რომელიც კარგად ჩანს ბუშტის ავსებისას; იგი ზემოთ ჭიპის მიმართულებით გადადის ჭიპის შუა იოგში – ligamentum umbilicale medianum, რომელიც შარდის ბუშტს აკავშირებს ჭიპთან; ბუშტის ძირი მამაკაცის ორგანიზმში უკანიდან ეხება სწორ ნაწლავს, ქალების ორგანიზმში – საშოს წინა კედელს. ბუშტის წინა ქვემო ნაწილი შეადგენს მის ყელს – cervix vesicae; ამ ნაწილში მდებარეობს შარდსადენის შიგნითა ხვრელი – ostium urethrae internum, საიდანაც იწყება შარდსადენი. შარდის ბუშტის სხეულში განარჩევენ წინა, უკანა და გვერდით კედლებს; წინა კედელი შეესაბამება მწვერვალსა და ყელს შორის უბანს; იგი მიმართულია ბოქვენის სიმფიზისაკენ, ხოლო ბუშტის ავსებისას მდებარეობს მუცლის სწორი კუნთების უკან; უკანა კედელი მიმართულია ზემოთ მუცლის ღრუში და დაფარულია პერიტონეუმით.

საშარდე სისტემა(ქალის)

ბუშტის კედელი შედგება გლუვი კუნთოვანი ქსოვილისაგან. მისი ღრუ ამოფენილია ლორწოვანი გარსით, გარედან კი დაფარულია ნაწილობრივ შემაერთებელქსოვილოვანი გარსით, ნაწილობრივ – სეროზულით; კუნთოვანი გარსი – tunica muscularis, საკმაოდ სქელია და შედგება ერთმანეთში გარდამვალი სამი შრისაგან: გარეთა, შუა და შიგნითა. კუნთოვანი გარსი შარდის ბუშტის ყელის მიდამოში წარმოქმნის ბუშტის მომჭერ კუნთს – სფინქტერს – m. sphincter vesicae. სამივე კუნთოვანი შრე ბუშტის სხვადასხვა მიდამოში არაერთნაირადაა განვითარებული და საზღვრები მათ შორის მკაფიოდ არ არის გამოხატული. ლორწოვანი გარსი – tunica mucosa, შედგება მრავალშრიანი გარდამავალი ეპითელისაგან, გააჩნია ლორწქვეშა ქსოვილი – tela submucosa, რომელიც მდიდარია ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით; იგი წარმოქმნის მრავალრიცხოვან ნაოჭებს, რომლებიც იმეორებენ კუნთოვანი გარსის კონტურებს. ბუშტის ძირის წინა ნაწილის მიდამოში მდებარეობს სამი ხვრელი: ორი – შარდსაწვეთი ხვრელი – ostia ureterica, ერთი – შარდსადენის შიგნითა ხვრელი. ხვრელები განლაგებულია ბუშტის სამკუთხედის – trigonum vesicae, კუთხეებში, რომელიც წარმოადგენს ბუშტის ყველაზე უფრო ფიქსირებულ ნაწილს. ამ სამკუთხედის საზღვრებში ლორწოვანი გარსი მოკლებულია ლორწქვეშა შემაერთებელ ქსოვილს და მჭიდროდაა შეზრდილი კუნთოვან გარსთან. შარდსაწვეთის ხვრელები – ostia ureterica, წარმოქმნიან სამკუთხედის მარცხენა და მარჯვენა კუთხეებს. ორივე ხვრელი შეერთებულია შარდსაწვეთთაშუა ნაოჭით – plica interureterica, რომელიც წარმოქმნილია ორივე შარდსაწვეთის კუნთების კონებით. სამკუთხედის მწვერვალთან მდებარეობს ნახევარმთვარის ფორმის შარდსადენის შიგნითა ხვრელი – ostium urethrae internum. შარდსადენის უკან ლორწოვანი გარსი წარმოქმნის ბუშტის ნაქს – uvula vesicae, რომელიც გადადის შარდსადენის ქედში – crista urethralis. ბუშტის ზემო უკანა და ნაწილობრივ გვერდითი ზედაპირები დაფარულია პერიტონეუმით: ბუშტიდან მუცლის წინა კედლის უკანა ზედაპირზე გადასვლისას წარმოიქმნება განივი ნაოჭი – plica vesicalis transversa.

საშარდე სისტემა (კაცის)

უკან შარდსაწვეთის შესვლის ადგილზე პერიტონეუმი გადადის ბუშტიდან სწორ ნაწლავზე მამაკაცებში, ხოლო ქალებში – საშვილოსნოზე. შარდის ბუშტი წინა ზედაპირით ეხება ბოქვენის სიმფიზს და ბოქვენის ძვლის ზემო ტოტებს და მათგან გამოყოფილია ბუშტისწინა ფასციის ფურცლით; ავსებულ მდგომარეობაში ბუშტი სცილდება ბოქვენის სინფიზს ზემოთ, და თავსდება მუცლის სწორი კუნთების უკან. მამაკაცებში ბუშტის ძირს ეხება სათესლე ბუშტუკები, თესლის გამომტანი სადინრები და, ნაწილობრივ, წინამდებარე ჯირკვალი; ქალებში ბუშტის ძირს ეხება საშვილოსნოს ყელი და საშოს წინა კედელი. შარდის ბუშტის წინა ქვემო ნაწილი, მისი ყელი, მამაკაცებში აღწევს წინამდებარე ჯირკვლის წინა ზემოთა ზედაპირის უკანა ნაწილს, ქალებთან – შარდ-სასქესო დიაფრაგმას. შარდის ბუშტი გვერდითი კედლები ქვემო ნაწილით ნაწილობრივ ეხება მენჯის ფსკერს, ხოლო ავსებულ მდგომარეობაში – დამხურავ კუნთებს.
ინერვაცია: plexus hypogastrici superior et inferior.
სისხლმომარაგება: aa.. vesicales, rectalis media (ქალებთან a. uterina).

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.