მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ანგიოლოგია Angiology

სისხლძარღვთა სისტემას ყოფენ სისხლის გამტარ და ლიმფის გამტარ ნაწილებად. სისხლისა და ლიმფის გამტარი ორგანოებია: გული, სისხლძარღვები და ლიმფური ძარღვები.

ანგიოლოგია

გული – cor, სისხლძარღვთა სისტემის ცენტრალური ორგანოა; იგი წარმოადგენს ღრუ კუნთოვან ორგანოს და შედგება მარცხენა არტერიული და მარჯვენა ვენური ნახევრებისაგან. გულის თითოეული ნახევარი შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული წინაგულებისა – atrium cordis, და პარკუჭებისაგან – venlriculus cordis. წინაგულებში სისხლი შედის ვენების საშუალებით, პარკუჭებიდან კი გამოდის არტერიების საშუალებით.

სისხლძარღვებში არტერიული და ვენური სისხლის მოძრაობის მიმართულების მიხედვით სისხლძარღვები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: არტერიები – arteriae, ვენები – venae, და კაპილარები – vasa capillaria. არტერიებისა და ვენების კედლები შედგება სამი გარსისაგან: შიგნითა გარსი – tunica intima, შუა გარსი – tunica media, და გარეთა გარსი – tunica externa.
სისხლძარღვის შიგნითა გარსი – tunica intima შედგება შემაერთებელი ქსოვილისაგან, სუბენდოთელური და ენდოთელური უჯრედებისაგან.
შუა, ანუ კუნთოვანი გარსი – tunica media, წარმოქმნილია ძირითადად გლუვი კუნთოვანი ბოჭკოებისაგან, ასევე შემაერთებელქსოვილოვანი და ელასტიკური ელემენტებისაგან.
გარეთა გარსი – tunica externa, შედგება კოლაგენური ბოჭკოებისა და ელასტიკური ბოჭკოების გასწვრივი კონებისაგან. არტერიებისა და ვენების კედლის აგებულებაში არსებობს რიგი განსხვავებები. ვენების კედელი უფრო თხელია, ვიდრე არტერიისა; ვენებში კუნთოვანი გარსი სუსტადაა განვითარებული. ვენებს, განსაკუთრებით კი საშუალო და წვრილ ვენებს, აქვთ სარქველები.

არტერია და ვენა

კუნთოვანი ან ელასტიკური ელემენტების განვითარების მიხედვით არჩევენ: ელასტიკური ტიპის არტერიებს (აორტა, ფილტვის ღერო), კუნთოვან – ელასტიკური ტიპის არტერიებს (საძილე არტერია, ბარძაყისა და ასეთივე კალიბრის სხვა არტერიები) და კუნთოვანი ტიპის არტერიებს (ყველა დანარჩენი არტერია).
კაპილარების კედელი შედგება ენდოთელური უჯრედების ერთი შრისაგან. სისხლძარღვთა კალიბრი და სისქე იცვლება გულიდან დაცილების, ასევე ორგანოებსა და ქსოვილებში მათი დატოტანების მიხედვით. თითოეულ ორგანოში სისხლძარღვის დატოტიანებას, მათ არქიტექტონიკას აქვს რიგი თავისებურებები. სისხლძარღვები ერთმანეთთან შეერთებისას წარმოქმნიან ანასტომოზებს;  დამაკავშირებელ ტოტებს – vasa anastomotica ეწოდება. რიგ შემთხვევებში სისხლძარღვთა შორის ანასტომოზები იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ იქმნება არტერიული ან ვენური ბადე – rete arteriosum და rete venosum, ან სისხლძარღვთა წნული – plexus vasculosus. სისხლძარღვოვან ღეროსთან პარალელურად მდებარე ანასტომოზები ერთმანეთთან აკავშირებენ მის მეტ-ნაკლებად დაშორებულ ნაწილებს და ორგანოებსა და ქსოვილებში არსებულ სისხლძარღვებს.  კოლატერალური სისხლის მიმოქცევაში მონაწილე სისხლძარღვებს კოლატერალური სისხლძარღვები – vasa collateralia ეწოდება; მათ შეუძლიათ აღადგინონ სისხლის მიმოქცევა სისხლის მოძრაობის გაძნელების დროს სხეულის ამა თუ იმ ნაწილში. გვხვდება ასევე არტერიებისა და ვენების დამაკავშირებელი, ე. წ. არტერიულ-ვენური ანასტომოზები – anastomoses arleriovenosae, რომლებშიც სისხლი არტერიებიდან უშუალოდ გადადის ვენებში (ხელის თითები, თირკმლის კაფსულა). არტერიულ-ვენური ანასტომოზები წარმოქმნიან ე. წ. დერივატულ აპარატს – apparatus derivatorius. არტერიული და ვენური სისტემის ზოგიერთ ადგილას გვხვდება ე. წ. საოცარი ბადე – rete mirahile; იგი წარმოადგენს კაპილართა ქსელს, რომლებშიც მომტანი და გამტანი სისხლძარღვები ერთი ტიპისაა, მაგალითად, თირკმლის სისხლძარღვოვან გორგალში – glomerulus renalis მომტანი არტერიული სისხლძარღვი იყოფა კაპილარებად, რომლებიც შემდგომ ხელახლა იკრიბებიან არტერიულ სისხლძარღვში.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka