ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები Central organs of  endocrine system

ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოებია:
1. ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები
2. ჰიპოფიზი – Hypophysis
3. ჯალღუზისებრი სხეული – Corpus pineale

ჰიპიოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები
ჰიპოთალამუსი – Hypothalamus წარმოადგენს ორგანიზმის ენდოკრინული ფუნქციის უმაღლეს ნერვულ ცენტრს. იგი აკონტროლებს და ერთმანეთთან აკავშირებს ორგანიზმის ყველა ვისცერულ ფუნქციებსა და რეგულაციის ენდოკრინულ მექანიზმებს აერთიანებს ნერვულთან. ნერვული და ენდოკრინული სისტემების ურთიერთკავშირის სუბსტრატს წარმოადგენს ნეიროსეკრეციული უჯრედები, რომლებიც განლაგებულია ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციულ ბირთვებში.

ჰიპოთალამურ – ადენოჰიპოფიზურ სისტემაში აკუმულირდება ჰიპოთალამუსის შუა და უკანა ნაწილებში გამომუშავებული ადენოჰიპოფიზტროპული ნეიროჰორმონები;  ნეიროჰიპოფიზში (ჰიპოფიზის უკანა წილი) კი აკუმულირდება ჰიპოთამალუსის წინა მიდამოს ბირთვებში გამომუშავებული ნეიროჰორმონები – ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი.

ამგვარად, ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები – სუპრაოპტიკური – nucleus supraopticus, პარავენტრიკულური – nucleus paraventricularis,  ვენტრომედიალური (წინა გვერდითი) – nucleus ventromedialis და ძაბრის (ინფუდიბულური) – nucleus infudibularis – გამოიმუშავებენ და გამოყოფენ სპეციფიკურ ნეიროსეკრეტს, რომელიც ზემოქმედებს ჰიპოფიზზე. აღნიშნული მექნიზმით ხორციელდება ნერვული სისტემის მარეგულირებელი გავლენა ენდოკრინულ სისტემაზე.

259

ჰიპოფიზი – (hypophysis, სინ.: ტვინის დანამატი), მომრგვალო ფორმის კენტი ორგანოა და მდებარეობს სოლისებრი ძვლის თურქული კეხის – Sella turcica თანამოსახელე ფოსოში. მისი ზომები ინდივიდუალურია: სიგრძე საგიტალურ სიბრტყეში – 8 – 10 მმ, სიგანე (ფრონტალურ სიბრტყეში) – 12 – 15 მმ, სიმაღლე – 5 მმ; წონა დაახლოებით 0,5 – 0,7 გ-ია.

ჰიპოფიზი შედგება განსხვავებული წარმოშობისა და სტრუქტურის ორი წილისაგან – წინა წილი – lobus anterior, ანუ ადენოჰიპოფიზი, რომელიც ჰიპოფიზის მთლიანი მასის დაახლოებით 70 – 80%-ია, და უკანა წილი – lobus posterior, ანუ ნეიროჰიპოფიზი.

წინა წილში არჩევენ სამ ნაწილს: ზედა – ძაბრისეული ნაწილი – Pars infundibularis, ქვედა – დისტალური ნაწილი – Pars distalis და უკანა – შუამდებარე ნაწილი – Pars intermedia.

ჰიპოფიზი ზემოდან დაფარულია თურქული კეხის შუასაძგიდით – diaphragma sellae turcicae; შუასაძგიდის ცენტრში მცირე ხვრელია, რომლის საშუალებითაც ჰიპოფიზი უკავშირდება თავის ტვინის რუხი ბორცვს.

ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციულ ბირთვებთან ერთად ჰიპოფიზი ქმნის ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზურ სისტემას, რომელიც აკონტროლებს პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედებას.

267
ჯალღუზისებრი სხეული, ანუ ეპიფიზი (ტვინის ზედა დანამატი) – CORPUS PINEALE კვერცხისებრი ფორმის, მორუხო – წითელი ფერის კენტი ორგანოა; მდებარეობს დიდი ტვინის ჰემისფეროების ქვეშ.

ეპიფიზი წვრილი ფეხებით, ე. წ. სადავეებით – habelunae – უკავშირდება მხედველობის ბორცვს და გრძელდება მხედველობის ბორცვის ზონრებში – stria thalamicae.
ეპიფიზის სიგრძე მოზრდილის ადამიანის ორგანიზმში 7,5 მმ-ია, სიგანე – 5,8 მმ, სისქე – 4,4.
ეპიფიზი თავის მაქსიმალურ განვითარებას აღწევს 7 წლის ასაკში, შემდეგ კი ხდება მისი უკუგანვითარება და ჯირკვლოვანი ქსოვილი იცვლება შემაერთებელი ქსოვილით. ხშირად ჯირკვალში გროვდება კალციუმისა და ფოსფორის მარილები და იქმნება უწვრილესი გროვები, რომლებსაც ტვინის ქვიშას – acervulus უწოდებენ.

ეპიფიზის ფუნქცია ბოლომდე შესწავლილი არ არის; დადგენილია რომ ეპიფიზში გამომუშავდება მელატონინი, რომელიც გავლენას ახდენს კანის პიგმენტის გამომუშავებაზე და ითვლება ჰიპოფიზის შუამდებარე ნაწილის ჰორმონის ინტერმედინის ანტაგონისტად. ეპიფიზს უკავშირებენ აგრეთვე ორგანიზმში მიმდინარე სადღეღამისო ციკლების რეგულირებას და სტრესული სიტუაციების დროს ორგანიზმის მიერ დაცვითი რეაქციების განხორციელებას. ჯალღუზისებრი სხეული გავლენას ახდენს ასევე ჰიპოთალამუსის სეკრეციულ ბირთვებზე.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.