nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ენდოკრინული სისტემის პერიფერიული ორგანოები Peripheral organs of  endocrine system

ადენოჰიპოფიზზე დამოკიდებული ჯირკვლები:
1. ფარისებრი ჯირკვალი – glandula thyroidea
2. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერება -
cortex glandula suprarenalis
3. სასქესო ჯირკვლების ენდოკრინული უჯრედები

ჯირკვლები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული ადენოჰიპოფიზზე:
1. თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება – medula suprarenalis
2. ფარისებრახლო ჯირკვლები – glandulae parathyroidae
3. პანკრეასის კუნძულები – insulae pancreatis
4. სხვა ორგანოთა ჰორმონმაპროდუცირებელი უჯრედები

ფარისებრი ჯირკვალი – glandula thyroidea – კისრის წინა ნაწილში, სასულესა და ხორხის საზღვარზე მდებარე ნალისებრი ფორმის ორგანოა; იგი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი ენდოკრინული ჯირკვალია და შედგება სამი წილისაგან: მარჯვენა და მარცხენა წილებისა – lobus dextra et sinistra და შუა წილისაგან, რომელიც აერთებს გვერდით წილებს და მას ფარისებრი ჯირკვლის ყელი – isthmus gl. thyroideae ეწოდება.

ფარისებრი ჯირკვალი

ჯირკვლის გვერდითი წილები მდებარეობს სასულეს მე-5 ხრტილოვანი რგოლიდან ფარისებრი ხრტილის ლატერალური ფირფიტის შუა დონემდე; ჯირკვლის ყელი მდებარეობს სასულეს წინა კედელზე, მე-2 რგოლიდან მე-5 რგოლამდე; ჯირკვლის ყელიდან ინის ძვლისაკენ მიემართება ჯირკვლოვანი მორჩი, რომელსაც პირამიდულ წილს – lobus pyramidalis უწოდებენ.

ჯირკვალი გარედან დაფარულია კისრის ფასციის ვისცერული ფურცლით. ფასცია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით უკავშირდება ფარისებრი ჯირკვლის საკუთარ ფიბროზულ კაფსულას – capsula fibrosa; კაფსულა ჯირკვლის სისქეში გზავნის ძგიდეებს, რომლებიც ქმნიან ფარისებრი ჯირკვლის სტრომას – stroma gl. thyroideae.
ჯირკვლის ქსოვილი შედგება მრავალი დახშული ბუშტუკისაგან, რომლებიც ამოფენილია ერთშრიანი კუბური ეპითელით და მათ ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულები – folliculi gl. thyroideae ეწოდება.

ფარისებრ ჯირკვალს კვებავს გარეთა საძილე და ლავიწქვეშა არტერიის ტოტები: წყვილი ზემო, წყვილი ქვემო და კენტი ფარისებრი არტერიები.

თირკმელზედა ჯირკვალი – glandula suprarnalis - თირკმლების ზემო ბოლოზე მდებარე წყვილი ორგანოა. ჯირკვალი მოთავსებულია რეტროპერიტონეულად, გულმკერდის მე-11 მალის დონეზე. ჯირკვალსა და თირკმლის ზემო ბოლოს შუა ჩაფენილია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი და მათი განცალკევება ადვილია. ჯირკვლის უკანა ზედაპირი ეხება შუასაძგიდს; მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვლის წინა ზედაპირს ესაზღვრება ღვიძლი, მარცხენა თირკმელზედა ჯირკვლის წინა ზედაპირს – კუჭი და პანკრეასი. ჯირკვალს წინა ზედაპირზე აქვს ღარი, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის კარს – hilus უწოდებენ.

თირკმელზედა ჯირკვალი

ჯირკვლის ქსოვილი შედგება ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერებისაგან. ქერქოვანი ნივთიერება შედარებით უფრო მკვრივია და შედგება სამი სხვადასხვა უჯრედოვანი შრისაგან: გორგლოვანი, ბაგირაკოვანი და ბადისებრი შრეებისაგან. თითოეული შრე გამოიმუშავებს განსახვავებული ჯგუფის ჰორმონებს. დადგენილია, რომ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი დამოკიდებულია ადენოჰიპოფიზზე, ტვინოვანი ნივთიერება კი მოქმედებს დამოუკიდებლად. გამომდინარე აქედან, მათ განიხილავენ სხვადასხვა ჯგუფში.

თირკმელზედა ჯირკვალი

სასქესო ჯირკვლების ენდოკრინული უჯრედები - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს მიეკუთვნება სასქესო ორგანოების (როგორც ქალის, ასევე მამაკაცის) ინტერსტიციული შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები. მამაკაცებში ასეთია სათესლის გლანდულოციტები – glandulocitis testis, რომლებიც აქტიურდებიან ადენოჰიპოფიზის მალუთეინიზირებელი ჰორმონით.
ქალებში საკვერცხის ქერქოვანი ნაწილის სისხლძარღვების ტოტები იჭრებიან ფოლიკულის შემაერთებელ ქსოვილში, სადაც თავმოყრილია ინტერსტიციული უჯრედები – interstitiocytis ovarii, რომლებიც გამოიმუშავებენ ესტროგენებს და მცირე რაოდენობით მამაკაცის სასქესო ჰორმონსაც – ანდროგენს.

თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება – medula suprarenalis – მუქი მოწითალო ფერის, რბილი კონსისტენციისაა და შეადგენს ჯირკვლის დაახლოებით 10%-ს. ჯირკვლის ქერქოვანი ნაწილისაგან იგი გამოყოფილია ფიბროზული გარსით. თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება გამირჩევა შედარებით მსხვილი, ქრომაფინური უჯრედებით, რომლებიც წარმოადგენენ სახეშეცვლილ სიმპათიკურ უჯრედებს. ამგვარი უჯრედების გროვები (პარაგანგლიები ანუ ქრომაფინური სხეულაკები) ასრულებენ ენდოკრინული ჯირკვლის როლს და გაფანტული არიან სხვადასხვა მიდამოში. ტვინოვანი ნივთიერება და ქრომაფინური სხეულაკები გამოიმუშავებენ ადრენალინსა და ნორადრენალინს.

ფარისებრახლო ჯირკვლები – glandulae parathyroidae – მცირე ზომის ოვალური ფორმის სხეულაკებია, რომლებიც განლაგებულია ფარისებრი ჯირკვლის გვერდითი წილების უკანა ზედაპირზე და მჭიდროდ არიან მასთან დაკავშირებული. სულ ორი წყვილია – ზემო და ქვემო ფარისებრახლო ჯირკვალი – gl. parathyroidea superior და gl. parathyroidea inferior.

ფარისებრი ჯირკვალი, ფარისებრახლო ჯირკვლები

ჯირკვალი დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი გარსით – capsula gl. parathyroidea, რომელიც ჯირკვლის სისქეში გზავნის ძგიდეებს; კაფსულა და ძგიდეები ერთიანობაში ქმნიან ჯირკვლის სტრომას – stroma gl. parathyroidea. ფარისებრახლო ჯირკვლები გამოიმუშავებენ ჰორმონს, რომელიც არეგულირებს ორგანზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას.

262

პანკრეასის კუნძულები – insulae pancreatis – პანკრეასის ქსოვილში კუნძულების სახით განლაგებული ენდოკრინულ უჯრედებია, რომლებიც მთლიანი ჯირკვლის დაახლოებით 3%-ს შეადგენენ. კუნძულები გაფანტულია მთელს პანკრეასში და განსაკუთრებით მის კუდის ნაწილში. კუნძულები შედგება ეპითელური უჯრედებისაგან. ამ ჯირკვლებს არა აქვთ სადინარი და მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონი – ინსულინი პირდაპირ გადადის სისხლში.

პანკრეასი

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka