სარძევე ჯირკვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სარძევე ჯირკვალი Mamma (glandula mammaria); Mammary (lactiferous) gland

სარძევე ჯირკვალი, ძუძუ – mamma, მდებარეობს გულმკერდის დიდი კუნთისა და ნაწილობრივ წინა დაკბილული კუნთის ზედაპირზე, შუა და იღლიის ხაზებს შუა სივრცეში, მე – 3 – 6, ზოგჯერ კი მე-7 ნეკნის დონემდე. სარძევე ჯირკვლის – mamma, ან glandula mammaria, ფორმა და ზომა დამოკიდებულია ჯირკვლოვანი და ცხიმოვანი ქსოვილის განვითარების ხარისხზე, ასევე ასაკზე და  ორგანიზმის ფუქციონალურ მდგომარეობაზე (ორსულობა, ძუძუთი კვება).

სარძევე ჯირკვალი

მარჯვენა და მარცხენა  ჯირკვლებს შუა აღინიშნება ჩაღრმავება. სარძევე ჯირკვლის შუა ადგილას, მე-5 ნეკნის დონეზე და დვრილის (ლავიწშუა) ხაზიდან linea mamillaris (medioclavicularis), ოდნავ გარეთ მდებარეობს დვრილის ბაკი – areola mammae, მის ცენტრში კი – ძუძუს დვრილია – papilla mammae.

დვრილიც და ბაკიც პიგმენტირებულია. სარძევე ჯირკვალი შედგება სხეულის, ცხიმოვანი და ფიბროზული ქსოვილისაგან. სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) სხეული – corpus mammae, შედგება 15 – 20 სარძევე ჯირკვლის წილისაგან – lobi glandulae mammariae,  რომელიც ცხიმოვან ქსოვილშია მოქცეული. თითოეულ წილს აქვს საკუთარი რძის სადინარი – ductus lactiferus, რომელიც მიემართება დვრილისაკენ; დვრილში შესვლამდე წარმოქმნის თითისტარისებრ გაფართოებას – რძის სინუსს – sinus lactiferus. სადინრის ბოლო შევიწროებული ნაწილი  იხსნება დვრილის მწვერვალზე სარძევე ხვრელით. ხვრელების რიცხვი ნაკლებია წილების რაოდენობაზე – 8-დან 15-მდეა. სარძევე ჯირკვლის თითოეული წილი და მთლიანად მისი სხეული ცხიმოვან ქსოვილშია მოქცეული. სარძევე ჯირკვალი მოთავსებულია შემაერთებელქსოვილოვან კაფსულაში;  კაფსულიდან ჯირკვლის სისქეში მიემართებიან წილებშუა ძგიდეები. ჯირკვლის უკანა ზედაპირი გლუვია და გამოცალკევებულია კაფსულის ფურცლით ქვემოთ მდებარე გულმკერდის დიდი კუნთის ფასციიდან. კაფსულის საშუალებით ჯირკვალი ფიქსირებულია (,,დაკიდებულია”) ლავიწზე. დვრილის ბაკზე დაახლოებით 15-მდე რუდიმენტული ჯირკვალი –  ე. წ. დვრილისებრი ბაკის ჯირკვალია – glandulae areolares, რომლებიც სადინრით გარეთ იხსნებიან.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.