ასო

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ასო Penis

სასქესო ასო – penis, შედგება: წყვილი ასოს მღვიმოვანი სხეულისაგან – corpus cavernosum penis, და ერთი ასოს ღრუბლისებრი სხეულისაგან – corpus spongiosum penis. სასქესო ასოში არჩევენ სამ ნაწილს: ასოს ფესვი – radix penis, ასოს სხეული – corpus penis, და ასოს თავი – glans penis. სასქესო ასოს სხეულს აქვს წინა, ანუ ზემო ზედაპირი – ასოს ზურგი – dorsum penis, და უკანა, შარდსადენისმხრივი ზედაპირი – facies urethralis. ასოს თავი სხეულისაგან მოსაზღვრულია ასოს თავის ყელით – collum glandis; ასოს თავის უკანა გაგანიერებულ კიდეს ასოს თავის გვირგვინი – corona glandis ეწოდება. თავის წინა ბოლოზე გამოდის შარდსადენის გარეთა ხვრელი – ostium urethrae externum.

სასქესო ასო

ასოს კანი თხელია, გაცალკევებულია მის ქვემოთ მდებარე ფასციისაგან და ამიტომ კანი  ადვილად მოძრაობს. თავის კანი ასევე თხელია, მაგრამ მჭიდროდაა შეზრდილი მღვიმოვანი სხეულის თეთრ გარსთან და უძრავია. ყელის არეში სასქესო ასოს კანი ქმნის ნაოჭს, რომელიც ფარავს ასოს თავს და მას ჩუჩას – preputium უწოდებენ. ჩუჩა შედგება ორი ფურცლისაგან: შიგნითა ფურცელი თხელია და შეზრდილია ასოს თავის მღვიმოვან ქსოვილთან, ხოლო გარეთა ფურცელი კი შედარებით სქელია და თავისუფალი. კანი ასოს ბოლოში, მის ქვემო ზედაპირზე ქმნის ჩუჩის ლაგამს – frenulum preputii.
ასოს მღვიმოვანი სხეულები – corpora cavernosa penis, ცილინდრული ფორმისაა, წამახვილებული წინა უკანა ბოლოებით, რომლებიც მჭიდროდაა შეზრდილი ასოს თავთან. მღვიმოვანი სხეულების ფესვები შორდება ერთმანეთს და ქმნის ასოს ფეხებს – crus penis, რომლებიც დამაგრებულია ბოქვენის ძვლის დასწვრივ ტოტებთან. ასოს თითოეულ მღვიმოვან სხეულს აქვს ფიბროზული გარსი – tunica fibrosa, რომელიც სხეულებს შორის სქელდება და ქმნის ასოს ძგიდეს – septum penis. მღვიმოვანი სხეულების შეზრდის ადგილზე, ზემო ზედაპირზე მოთასებულია ზემო ღარი, რომელიც შეიცავს ასოს სისხლძარღვებს; ქვემო ზედაპირზე კი – ქვემო ღარია, რომელიც შეიცავს ასოს ღრუბლისებრ სხეულს.სასქესო ასო

მღვიმოვანი სხეული დაფარულია მღვიმოვანი სხეულის თეთრი გარსით – tunica albuguinea corporis cavernosi, მისი სისქე დაახლოებით 2 მმ-ია; თეთრი გარსიდან შიგნით მიიმართება მღვიმოვანი სხეულის ხარიხები – trabeculae corporis cavernosi. რომლებიც ერთმანეთისაგან განაცალკევებს მღვიმოვანი სხეულების მღვიმეებს – cavernae corporis cavernosi. თითოეული მღვიმოვანი სხეულის შიგნით ცენტრში გაივლის სასქესო ასოს არტერია – arteria profunda penis. მღვიმოვანი სხეულებიდან სისხლი გადადის სასქესო ასოს ღრმა დორსალურ ვენაში – vena dorsalis penis profunda, რომელიც მდებარეობს სასქესო ასოს ზურგზე, სასქესო ასოს ორ დორსალურ არტერიას შორის – aa. dorsales penis.

სასქესო ასოს ღრუბლისებრი სხეული – corpus spongiosum penis, მოცულობით გაცილებით ნაკლებია ვიდრე მღვიმოვანი სხეული; მასში გაივლის შარდსადენი. ღრუბლისებრი სხეული უკანა ნაწილში ქმნის ასოს ბოლქვს – bulbus penis; ღრუბლისებრი სხეულის წინა ნაწილი გადადის ასოს თავში; შარდსადენი ბოლქვში შედის ზემოდან და მიიმართება ღრუბლისებრი სხეულის მთელს გაყოლებაზე თავის მწვერვალამდე, სადაც იგი იხსნება შარდსადენის გარეთა ხვრელით – ostium urethrae externum. ღრუბლისებრ სხეულს ფარავს თხელი თეთრი გარსი. თავის თეთრი გარსიდან შარდსადენის კედლისაკენ მიიმართება თავის ძგიდეები – septum glandis. მღვიმოვანი სხეულის თეთრი გარსი გარედან დაფარულია სასქესო ასოს ზედაპირული ფასციით – fascia penis superficialis. ბოქვენის სიმფიზის წინა ზედაპირიდან სასქესო ასოს ზურგისაკენ მიიმართება ასოს საკიდი იოგი – ligamentum suspensorium penis, რომელიც გამოდის მუცლის ზედაპირული ფასციიდან და შედის თეთრ გარსში. მეორე – ასოს მშვილდისებრი იოგი – ligamentum fundiforme penis, მუცლის თეთრი ხაზიდან მიიმართება ქვევით და მოიცავს სასქესო ასოს გვერდებიდან; მშვილდისებრი იოგის ბოჭკოები შედიან სათესლე პარკში და ეწვნებიან ხორციან გარსში.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.