შორისი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. შორისი Perineum

ვიწრო გაგებით შორისის – perineum, ქვეშ იგულისხმება ყითას წინა კიდესა და გარეთა სასქესო ორგანოების უკანა კიდეს შორის არსებული უბანი. ტოპოგრაფიულ ანატომიაში შორისს უწოდებენ მცირე მენჯის ქვემო გასავლის მიდამოს. შორისს აქვს სამკუთხა ფორმა. წინიდან იგი მოისაზღვრება ბოქვენის სიმფიზის ქვემო კიდით, უკნიდან – კუდუსუნის მწვერვალით და გვერდებიდან – ბოქვენისა და საჯდომი ძვლებით და გავა-კუკუხოს იოგებით – ligg. sacrotuberalia.

შორისი

შორისის მიდამო – regio perinealis, წარმოქმნის მენჯის ფსკერს და იყოფა წინა – შარდ-სასქესო მიდამოდ – regio urogenitalis, და უკანა – ყითას მიდამოდ – regio analis. მცირე მენჯიდან გამოსასვლელი დახურულია კუნთებით, ფასციებით, ცხიმოვანი ქსოვილითა და კანით. შარდ-სასქესო მიდამოში მდებარეობს გარეთა სასქესო ორგანოები, შარდსადენი და შარდ-სასქესო შუასაძგიდი – diaphragma urogenitale. მამაკაცებში შარდ-სასქესო შუასაძგიდში გადის შარდსადენი, ხოლო ქალებში – შარდსადენი და საშო. ყითას მიდამოში – regio analis, მდებარეობს ყითას არხი – canalis analis, ყითას გარეთა სფინქტერი – m. sphincter ani externus, და მენჯის შუასაძგიდი – diaphragma pelvis. შარდ-სასქესო – diaphragma urogenitale,  და მენჯის შუასაძგიდები – diaphragma pelvis, წარმოქმნიან მენჯის ფსკერს.

237

შორისის კუნთებს ყოფენ ორ ჯგუფად: ნაწლავის ბოლო ნაწილის კუნთები, რომლებიც მიეკუთვნებიან ყითას მიდამოს და გარეთა სასქესო ორგანოების კუნთები, რომლებიც მიეკუთვნებიან შარდ-სასქესო მიდამოს. მენჯის შუასაძგიდი – diaphragma pelvis, წარმოიქმნება კუდუსუნის კუნთებით – mm. coccygei dexter et sinister; ყითას ამწევი გარეთა მარჯვენა და მარცხენა კუნთებით, ყითას სფინქტერით – m. sphincter ani externus, ყითას ამწევი კუნთების ფასციებით და კუდუსუნის ფასციებით

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.