წინამდებარე ჯირკვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. წინამდებარე ჯირკვალი Prostata Prostate gland, prostate

წინამდებარე ჯირკვალი – prostata, კუნთოვან-ჯირკვალოვანი კენტი ორგანოა. მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში შარდის ბუშტის ქვეშ. წინამდებარე ჯირკვალში გაივლის შარდსადენის წინამდებარე ნაწილი – pars prostatica, ასევე მშხეპავი სადინარი.

223

წინამდებარე ჯირკვალს წაბლის ფორმა აქვს; მასში განარჩევენ: ქვევით, შარდ-სასქესო შუასაძგიდისაკენ მიმართულ მწვერვალს – apex prostalae და შარდის ბუშტისაკენ მიმართულ ფუძეს – basis prostatae. ჯირკვლის წინა ზედაპირი – facies anterior, მიმართულია ბოქვენის სიმფიზისაკენ; უკანა ზედაპირი – facies posterior, მიმართულია სწორი ნაწლავის ამპულისაკენ; ქვემო-ლატერალური ზედაპირი – facies inferolaterales, მიმართულია ყითას ამწევი კუნთისაკენ – m. levator ani. წინამდებარე ჯირკვალი შედგება მარჯვენა და მარცხენა წილებისაგან – lobus dexter et lobus sinister. წილები გაყოფილია სუსტად გამოხატული ღარით და წინამდებარეს ყელით – isthmus prostatae (შუა წილი – lobus medius).

პროსტატა

წინამდებარეს ყელი მოიცავს –  წინიდან შარდის ბუშტის ყელის შესვლის ადგილსა და  უკნიდან – მარჯვენა და მარცხენა მშხეპავ სადინრებს შორის უბანს; ხანში შესულ ასაკში ყელი მნიშვნელოვნად მატულობს ზომაში და მას შუა წილს უწოდებენ (lobus medius). ჯირკვლის წინა ნაწილში გაივლის შარდსადენი, ხვრეტს ჯირკვლის მწვერვალს, ისე, რომ ჯირკვლის დიდი ნაწილი მდებარეობს შარდსადენის ქვეშ, ხოლო მცირე ნაწილი – მის ზემოთ. ჯირკვლის ფუძის სისქეში გაივლის მშხეპავი სადინრები – ductus ejaculatorii. წინამდებარე ჯიკვლის სიგრძე 4 სმ, სიგანე – 3 სმ, სისქე – 2 სმ-ია; წონა დაახლოებით 20 გ-ია. ჯირკვლის ზომა და წონა ასაკთან ერთად იცვლება და სრულ განვითარებას აღწევს 17 წლის ასაკში.

წინამდებარე ჯირკვალი შედგება ჯირკვლოვანი ნივთიერებისაგან – substantia glandularis, და კუნთოვანი ნივთიერებისაგან – substantia muscularis. ამასთან, ჯირკვლოვანი ნივთიერება224 არათანაბრადაა განაწილებული ჯირკვალში – სწორი ნაწლავის მიმართულებით იგი სჭარბობს შემაერთებელქსოვილოვანს, ხოლო შარდსადენის მიმართულებით სჭარბობს კუნთოვანი ნივთიერება. ჯირკვლოვანი ნივთიერება უპირატესად მდებარეობს შარდსადენის წინამდებარე ნაწილის ირგვლივ; იგი შედგება 30 – 50 წინამდებარეს მილაკებისაგან – ductuli prostatici, რომლებიც ამოფენილია ორრიგა კუბური ეპითელიუმით. შედარებით გრძელი მილაკები მდებარეობენ ჯირკვლის უკანა და ლატერალურ ნაწილში, და მხოლოდ მათი უმნიშვნელო ნაწილია განლაგებული წინ. ჯირკვლის ყველაზე წინა ნაწილი შეიცავს მხოლოდ კუნთოვან ნივთიერებას. ჯირკვალს ფარავს კაფსულა, საიდანაც ჯირკვალში მიიმართება შემაერთებელქსოვილოვანი ელასტიკური ბოჭკოები და გლუვი კუნთები, რომლებიც წარმოქმნიან მის ჩონჩხს. ჯირკვლის მწვერვალი, რომელიც შეიცავს განივზოლიან კუნთოვან ბოჭკოებს, შორისის ღრმა განივი კუნთის ბოჭკოებთან ერთად ქმნის შარდსადენის სფინქტერს – m.. sphincter urethrae. წინამდებარეს მილაკები, დაახლოებით 30, იხსნება შარდსადენის წინამდებარე ნაწილის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე, სათესლე გორაკის ირგვლივ, ასევე მასზე. ჯირკვლის წინა ზედაპირი მდებარეობს შარდსადენის წინ და მიმართულია ბოქვენის სიმფიზისაკენ. ბოქვენის სიმფიზსა და წინამდებარეს შორის მოთავებულია ბოქვენ-წინამდებარეს იოგები – ligameiita pubo-prostatica (puho vesicalia), რომლებითაც ფიქსირებულია წინამდებარე. ჯირკვლის წინ ფუძისაკენ მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემო კედელი. ფუძის უკანა ნაწილს ლატერალურად ესაზღვრება სათესლე ბუშტუკების სხეულები, უფრო მედიალურად კი – თესლის გამომტანი სადინრების ამპულები. ჯირკვლის უკანა ზედაპირი ესაზღვრება ძგიდეს, რომელიც განაცალკევებს მას სწორი ნაწლავის ამპულისაგან. ჯირკვლის ქვემო – ლატერალური ზედაპირები ესაზღვრება ორივე mm. levatores ani, მედიალურ კიდეებს. ჯირკვლის კაფსულის ქვეშ მოთავსებულია ვენები, რომლებიც მიეკუთვნება წინამდებარეს ვენურ წნულს; მას უერთდება სასქესოს ასოს ღრმა დორსალური ვენა.
წინამდებარე ჯირკვალი გამოიმუშავებს ცილოვან სითხეს, რომელიც ათხიერებს თესლს.
ინერვაცია: plexus hypogastricus.
სისხლმომარაგება: aa.. rectalis media, vesicalis inferior.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.