ელენთა

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ელენთა Lien (splen) Spleen

ელენთა – lien (splen) – იმუნური სისტემის ყველაზე მსხვილი ორგანოა; მდებარეობს მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, შუასაძგიდსა და კუჭს შორის, აქვს ყავის მარცვლის ფორმა, ერთ მხარეზე შედრეკილი, მეორეზე – გამოდრეკილი ზედაპირებით.

ელენთა

ელენთის სიგრძე 12 სმ, სიგანე – 7 – 8 სმ, სისქე 3 – 4 სმ-ია, იწონის დაახლოებით 150 – 200 გ-ს, თუმცა მისი ზომა და წონა ინდივიდუალური და საკმაოდ ცვალებადია. ელენთა მოლურჯო – მოწითალო ფერის და რბილი კონსისტენციის ორგანოა; განაკვეთზე ჩანს, რომ იგი შედგება თეთრი და წითელი ნივთიერებისგან. თავისი სიგრძივი ღერძით ელენთა მდებარეობს ქვედა ნეკნების თითქმის პარალელურად და მიმართულია ზემოდან ქვემოთ და უკნიდან წინ.

ელენთა

ელენთაში არჩევენ: გარეთა, გამოდრეკილ და შუასაძგიდისაკენ მიმართულ – შუასაძგიდისმხრივ ზედაპირს – facies diaphragmatica, და შეზნექილ, კუჭისა და სხვა ორგანოებისაკენ მიმართულ – ვისცერულ ზედაპირს – facies visceralis; ორ კიდეს – შედარებით ბლაგვ ქვემო კიდეს – margo inferior, რომელიც უკან და ქვემოთაა მიმართული და მახვილ ზემო კიდეს – margo superior, რომელიც წინ და ზემოთაა მიმართული; ელენთაში არჩევენ აგრეთვე უკანა ბოლოს – cxtremitas posterior, რომელიც მიმართულია უკან ხერხემლისაკენ, და წინა ბოლოს – extremitas anterior, რომელიც მიმართულია წინ, მარცხენა ნეკნთა რკალისაკენ. ელენთა თავისი ფართო ზომით პროეცირდება გულმკერდზე, მარცხენა IX და XI ნეკნებს შორის, შუა აქსილარულ ხაზზე: მისი უკანა ბოლო 3 – 4 სმ-ით ვერ აღწევს ხერხემლის სვეტამდე, წინა ბოლო პროეცირდება გულმკერდზე, წინა აქსილარულ ხაზზე.
ელენთის შუასაძგიდისმხრივი ზედაპირი გამოდრეკილი და გლუვია; ვისცერული ზედაპირი მცირედ შედრეკილია და აქვს მასთან მომიჯნავე ორგანოების ანაბეჭდები; შუაში არის ღარი – ელენთის კარი – liilus lienis, საიდანაც პარენქიმაში შედიან ნერვები და სისლძარღვები. ელენთის კარის ლატერალურად მდებარე ნაწილს ესაზღვრება კუჭი და მას კუჭისმხრივი ზედაპირი – facies gastrica ეწოდება; ელენთის ვისცერული ზედაპირის მედიალური ნახევარი ებჯინება მარცხენა თირკმელსა და მარცხენა თირკმლზედა ჯირკვალს და მას თირკმლისმხრივი ზედაპირი – facies renalis ეწოდება. ელენთის მედიალური ნახევრის წინა ბოლოს ებჯინება პანკრეასის კუდი; ქვემოთ მდებარეობს კოლინჯისმხრივი ზედაპირი – facies colica.

ელენთა

ელენთა გარედან დაფარულია ვისცერული პერიტონეუმით; მის გარეშეა დარჩენილი მხოლოდ ელენთის კარის უბანი ვისცერულ ზედაპირზე. ელენთის კარიდან მიემართება ორი იოგი – კუჭ – ელენთის იოგი – lig. gastrolienale და შუასაძგიდ – ელენთის იოგი – lig. phrenicolienale; ორივე იოგი წარმოადგენს კუჭის დორსალური ჯორჯლის მარცხენა ნაწილს და მონაწილეობენ ელენთის ფიქსაციაში.
ელენთის აგებულება. ელენთას ფარავს სეროზული გარსი – tunica serosa, და შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოვანი გარსი – tunica fibrosa. ფიბროზული გარსიდან ორგანოს სისქეში მიემართებიან ძგიდეები – ელენთის ხარიხები – trabeculae lienis, რომლებიც ქმნიან ელენთის შემაერთებელქსოვილოვან ჩონჩხს – სტრომას. ხარიხებს შორის სივრცე შევსებულია ელენთის პულპით – pulpa lienis; პულპა შედგება ნაზი რეტიკულური ქსოვილისაგან, რომლის უჯრედები ამოვსებულია სისხლის სხვადასხვა უჯრედებით, და სისხლძარღვთა მჭიდრო ქსელისაგან. არჩევენ თეთრ და წითელ პულპას. ელენთაში არტერიების გაყოლებაზე არსებობს მომრგვალო ფორმის კუნძულები –  ელენთის ლიმფური ფოლიკულები – folliculi lymphatic lienales. ელენთის არტერიები გადადიან გაფართოებულ ვენებში, საიდანაც სისხლის წითელი სხეულაკები ხვდებიან ელენთის სინუსებში – sinus lienis. ელენთის ლიმფური ფოლიკულები ქმნიან ელენთის თეთრ პულპას, რომელიც ელენთის საერთო მასის 18 – 21%-ს შეადგენს. დანარჩენი 75 – 85% კი უკავია წითელ პულპას და იგი უმთავრესად წითელი ბურთულებისაგან შედგება.
ინერვაცია: plexus lienalis.
სისხლმომარაგება: a. lienalis.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.