გულის ტოპოგრაფია

ადამიანის ნორმალური ანატომია. გულის ტოპოგრაფია Topography of heart

გული – ტოპოგრაფია, გულის საზღვრები, ზედაპირები; მოზრდილი ადამიანის გულის საშუალო სიგრძე, სიგანე, სისქე  >>>>

ლალი დათეშიძე

გული მოთავსებულია პერიკარდში (გულის პერანგი) და მდებარეობს წინა შუასაყრის ქვემო ნაწილში. გულზე არჩევენ: ორ ზედაპირს – მკერდ – სანეკნე ზედაპირი და შუასაძგიდისმხრივი ზედაპირი, ორ კიდეს – მარჯვენა და მარცხენა კიდეებს, ფუძესა და მწვერვალს. გულის მკერდ – სანეკნე ზედაპირი გამოდრეკილია და ნაწილობრივ მიქცეულია მკერდისა და ნეკნის ხრტილებისაკენ, ნაწილობრივ – შუასაყრის პლევრისაკენ.

გული

მკერდ – სანეკნე ზედაპირს შეადგენენ მარჯვენა წინაგულის, მარჯვენა ყურის, ზემო ღრუ ვენის, ფილტვის ღეროს, მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების წინა ზედაპირები, ასევე გულის მწვერვალი და მარცხენა ყურის მწვერვალი.

შუასაძგიდისმხრივი ზედაპირი ოდნავ გაბრტყელებულია, ზემო ნაწილში მიქცეულია საყლაპავისაკენ და გულმკერდის აორტისაკენ, ქვემო ნაწილებით ესაზღვრება შუასაძგიდს. ზემო ნაწილებში შედის მარცხენა წინაგულისა და ნაწილობრივ, მარჯვენა წინაგულის უკანა ზედაპირი. ქვემო ნაწილებს მიეკუთვნება მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების და ნაწილობრივ წინაგულების ქვემო ზედაპირები. გულის გვერდითი ნაწილებიდან მარჯვენა, რომელიც წარმოქმნილია მარჯვენა პარკუჭით, მიმართულია შუასაძგიდისაკენ, მარცხენა, კი რომელიც წარმოქმნილია მარცხენა პარკუჭით, მიქცეულია მარცხენა ფილტვისაკენ.

გულის ფუძე, წარმოქმნილია მარცხენა და ნაწილობრივ მარჯვენა წინაგულით, მიქცეულია ხერხემლის სვეტისაკენ; გულის მწვერვალი, რომელიც წარმოქმნილია მარცხენა პარკუჭით, მიმართულია წინ და პროეცირდება გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნა მეხუთე ნეკნთაშუა არეში, linea mamillaris (medioclavicularis) sinistra ხაზიდან 1,5 სმ-ით შიგნით. გულის მარჯვენა კონტური წარმოქმნილია მარჯვენა წინაგულის მარჯვენა კიდით და ზემოთ – ზემო ღრუ ვენით. გულის მარცხენა საზღვარი წარმოქმნილია მარცხენა პარკუჭით, რომლის კიდე მიმართულია მარცხენა ფილტვისაკენ; მარცხენა პარკუჭის ზემოთ მარცხენა საზღვარს წარმოქმნის მარცხენა ყური, კიდევ ზემოთ – ფილტვის ღერო.

გული მდებარეობს მკერდის ძვლის ქვემო ნახევრის უკან, ხოლო მსხვილი სისხლძარღვები (აორტა, ფილტვის ღერო) – მისი ზემო ნახევრის უკან. როგორც ავღნიშნეთ, გულის ძევს წინა შუასაყარში და წინა შუა ხაზის – linea mediana anterior მიმართ მდებარეობს ასიმეტრიულად: მისი 1/3 მარცხნივაა, ხოლო დაახლოებით ½ ამ ხაზის მარჯვნივ. გულის გრძივი ღერძი ფუძიდან მწვერვალამდე, სხეულის შუა და ფრონტალურ სიბრტყეში წარმოქმნის დაახლოებით 400 კუთხეს. გულის გრძივი ღერძი მიიმართება ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ და უკნიდან წინისაკენ. მარჯვენა გულის უდიდესი ნაწილი მდებარეობს წინ, ხოლო მარცხენა გულის უდიდესი ნაწილი – უკან, ამიტომ მარჯვენა პარკუჭის წინა ზედაპირი ყველაზე ახლოსაა გულმკერდის კედელთან, გულის სხვა ნაწილებთან შედარებით. გულის ღრუებს შორის მარცხენა წინაგულს ყველაზე უკანა მდებარეობა აქვს. სხეულის შუა სიბტყის მარჯვნივ მდებარეობს მარჯვენა წინაგული ორივე ღრუ ვენით, მარჯვენა პარკუჭისა და მარცხენა წინაგულის მცირე ნაწილი; მისგან მარცხნივ – მარცხენა პარკუჭი, მარჯვენა პარკუჭის უდიდესი ნაწილი ფილტვის ღეროთი და მარცხენა წინაგულის დიდი ნაწილი ყურით; აორტის ასწვრივი ნაწილი მდებარეობს შუა ხაზის მარჯვნივ და მარცხნივ. გულისა და მისი ნაწილების მდებარეობა იცვლება სხეულის მდებარეობისა და სუნთქვითი მოძრაობის მიხედვით.

გულის ტოპოგრაფია

გულის საზღვრების პროექცია გულმკერდის კედელზე. მარჯვენა საზღვარი ეშვება ქვევით, მკერდის ძვლიდან 1,5 – 2 სმ-ის დაშორებით, და მიემართება მეხუთე ნეკნის ხრტილის მკერდის ძვალთან შეერთების ადგილამდე; გულის ქვემო საზღვარი მდებარეობს მკერდის ძვლის სხეულის ქვემო კიდის დონეზე და შეესაბამება რკალი, რომელიც მიემართება მერჯვნა მეხუთე ნეკნის ხრტილის შეერთების ადგილიდან, წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მარცხნა მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში, linea mamillaris (medioclavicularis) sinistra-დან 1, 5 სმ-ით შიგნით. გულის მარცხენა საზღვარი გაივლის წერტილიდან, რომელიც მდებარეობს მარცხნა მეორე ნეკნთაშუა სივრცეში, მკერდის ძვლიდან 2 სმ-ით გარეთ; გაივლის ირიბად ქვემოთ და მარცხნივ წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მარცხენა მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში linea mamillaris (medioclavicularis) sinistra-დან 1,5 – 2 სმ-ით შიგნით. მარცხენა ყური პროეცირდება მარცხენა მეორე ნეკნთაშუა არეში; ფილტვის ღერო – მარცხენა მეორე ნეკნთაშუა ხრტილზე, მისი მკერდის ძვალთან მიმაგრების ადგილზე. გულის პროექცია ხერხემლის სვეტზე შეესაბამება გულმკერდის მეხუთე მალის წვეტიანი მორჩის დონეს, ქვემოთ – გულმკერდის მეცხრე მალის წვეტიანი მორჩის დონეს. წინაგულ-პარკუჭის ხვრელის და აორტისა და ფილტვის ღეროს ხვრელის პროექცია გულმკერდის წინა კედელზე. მარცხენა წინაგულ-პარკუჭის ხვრელი მდებარეობს მკერდის ძვლის მარცხნივ მესამე ნეკნთაშუა სივრცეში; სარქვლის ტონები მოისმინება გულის მწვერვალზე. მარჯვენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელი მდებარეობს მკერდის ძვლის უკან, ხაზზე, რომელიც გაივლის მარცხენა მესამე ნეკნის ხრტილის მკერდის ძვალთან შეერთების წერტილიდან მარჯვენა მეექვსე ნეკნის ხრტილის მკერდის ძვალთან შეერთების წერტილამდე; სარქვლის ტონები მოისმინება მარჯვნივ V-VI ნეკნების ხრტილების დონეზე.

აორტის ხვრელი მდებარეობს მკერდის ძვლის უკან, მარცხენა კიდესთან ახლოს, მესამე ნეკნთაშუა დონეზე; აორტის ტონები მოისმინება მკერდის ძვლის მარჯვნივ მეორე ნეკნთაშუა არეში.

ფილტვის ღეროს ხვრელი მდებარეობს მარცხენა მესამე ნეკნის ხრტილის მკერდის ძვალთან შეერთების დონეზე. ფილტვის ღეროს ტონები მოისმინება მკერდის ძვლის მარცხნივ მეორე ნეკნთაშუა არეში.

მოზრდილი ადამიანის გულის სიგრძე საშუალოდ 13 სმ-ია, სიგანე 10 სმ, სისქე – 7 სმ, მარჯვენა პარკუჭის კედლის სისქე – 4 მმ, მარცხენასი – 13 მმ, პარკუჭთაშუა ძგიდის სისქე – 10 მმ.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.