მუცლის აორტა

ადამიანის ნორმალური ანატომია. მუცლის აორტა Aorta abdominalis Abdominal aorta

მუცლის აორტა – მდებარეობა, ნაწილები; მუცლის აორტის პარიეტული ტოტები, მუცლის აორტის ვისცერული ტოტები >>>

ლალი დათეშიძე

მუცლის აორტა – aorta abdominalis, გულმკერდის აორტის გაგრძელებაა. იწყება გულმკერდის XII მალის დონეზე და გრძელდება წელის IV-V მალამდე. აქ მუცლის აორტა იყოფა ორად: მარჯვენა და მარცხენა თეძოს საერთო არტერიებად – aa.. iliacae communes dextra et sinistra (2). მუცლის აორტის გაყოფის ადგილიდან, აორტის ბიფურკაციიდან – bifurcatio aortae გამოდის და ქვემოთ მიემართება წვრილი ტოტი, გავის შუა არტერია – a. sacralis mediana, რომელიც მდებარეობს გავის წინა ზედაპირზე, შუა ხაზზე და კვებავს მენჯის კუნთებს.

მუცლის აორტა

მუცლის აორტიდან გამოდის ორი ჯგუფის ტოტები: პარიეტული და ვისცერული. მუცლის აორტა მდებარეობს რეტროპერიტონეულად. ზემო ნაწილში მის ზედაპირს ესაზღვება პანკრეასის სხეული და ორი ვენა: პანკრეასის ზემო კიდის გასწვრივ მდებარე ელენთის ვენა – v. lienalis, და ჯირკვლის უკან მდებარე – მარცხენა თირკმლის ვენა – v. renalis sinistra; პანკრეასის სხეულის ქვემოთ, აორტის წინ მდებარეობს თორმეტგოჯა ნაწილავის ქვემო ნაწილი და ბოლოს, მის ქვემოთ – მსხვილი ნაწლავის ჯორჯლის ფესვის დასაწყისი. მუცლის აორტის მარჯვნივ მოთავსებულია ქვემო ღრუ ვენა – v. cava inferior; მუცლის აორტი დასაწყისი ნაწილის უკან – გულმკერდის სადინარის – ductus thoracicus საწყისი ნაწილი – გულმკერდის სადინარის ცისტერნა – cistema ductus thoracici.

მუცლის აორტის პარიეტული ტოტებია:
შუასაძგიდის ქვემო არტერია – a. phrenica inferior, საკმაოდ ძლიერი წყვილი არტერიაა; გამოდის მუცლის აორტის საწყისი ნაწილის წინა ზედაპირიდან გულმკერდის XII მალის დონეზე და მიემართება შუასაძგიდის მყესოვანი ნაწილის ქვემო ზედაპირისაკენ. მარჯვენა არტერია გივლის ქვემო ღრუ ვენის უკან, მარცხენა – სყლაპავი მილის უკან. არტერია იყოფა სამ ტოტად: ა) წინა ტოტი, რომელიც კვებავს შუასაძგიდის უკანა ნაწილებს და ქმნის ანასტომოზს კუნთ – შუასაძგიდის არტერიასთან – a. musculophrenica; ბ) უკანა ტოტი, – კვებავს შუასაძგიდის უკანა ნაწილებს, ქმნის ანასტომოზს ნეკნთაშუა არტერიებთან – aa.. intercostales; გ) თირკმელზედა ზემო არტერია – a. suprarenalis superior, წვრილი ტოტია, გამოდის შუასაძგიდის ქვემო არტერიის საწისი ნაწილიდან და კვებავს თირკმელზედა ჯირკვალს. გზაზე მას გამოეყოფა რამდენიმე წვრილი ტოტი, რომლებიც კვებავენ საყლაპავის ქვემო ნაწილებსა და პერიტონეუმს.

წელის არტერიები – aa.. lumbales, 4 წყვილი არტერიაა; გამოდიან მუცლის აორტის უკანა კედლიდან წელის 1-IV მალების სხეულების დონეზე. ისინი მიემართებიან განივად, ლატერალური მხარისაკენ; ორი ზემო არტერია გაივლის შუასაძგიდის ფეხების უკან, ქვემო ორი არტერია კი წვება სუკის დიდი კუნთის – m. psoas major უკან. აღწევენ რა მალების განივ მორჩებს, თითოეული წელის არტერია – a. lumbalis იძლევა დორსალურ ტოტს – ã. dorsalis. შემდგომ წელის არტერია მიეართება წელის კვადრატული კუნთის – m. quadratus lumborum უკან, კვებავს მას, მიემართება მუცლის წინა კედლისაკენ, წვება მუცლის განივი კუნთისა – m. transversus abdominis და მუცლის შიგნითა ირიბ კუნთებს – m. obliquus internus abdominis შორის და აღწევს მუცლის სწორ კუნთს – m. rectus abdominis. წელის არტერიები ეანასტომოზებიან ერთმანეთს და ზემო და ქვემო ეპიგასტრულ არტერიებს, კვებავენ მუცლის სწორ კუნთს. თავის გზაზე არტერიები იძლევიან წვრილ ტოტებს, რომლებიც მიემართებიან კანქვეშა შემაერთებელ ქსოვილსა და კანში; თეთრი ხაზის – Linea alba მიდამოში იგი ზოგგან ეანასტომოზება მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე არტერიებს. გარდა ზემო და ქვემო ეპიგასტრული არტერიებისა, წელის არტერიები ეანასტომოზებიან ნეკნთაშუა არტერიებს – aa.. intercostales, თეძო – წელის არტერიებს – a. iliolumbalis, თეძოს ღრმა შემომხვევ არტერიას – a. circumflexa ilium profunda, და ზემო დუნდულოვან არტერიას – a. glutea superior. დორსალური ტოტი – ã. dorsalis მიემართება უკან,  ზურგის კუნთებისა და წელის მიდამოს კანისაკენ. გზაზე იგი გზავნის ზურგის ტვინისაკენ ზურგის ტვინის ტოტს – ã. spinalis, რომელიც მალთაშუა ხვრელებით შედის ხერემლის არხში, კვებავს ზურგის ტვინსა და მის გარსებს.

გავის შუა არტერია – a. sacralis mediana, წარმოადგენს მუცლის აორტის პირდაპირ გაგრძელებას; წვრილი, სისხლძარღვია, იწყება მუცლის აორტის  უკანა ზედაპირიდან, წელის მეხუთე მალის დონეზე; მიემართება ზემოდან ქვემოთ გავის მენჯისმხრივი ზედაპირის შუაში და მთავრდება კუდუსუნზე. წელის მეხუთე მალის მიდამოში გავის შუა არტერიიდან გამოდის წყვილი წელის ყველაზე ქვემო არტერია – a. lumbalis ima, რომელიც კვებავს თეძო – სუკის კუნთს – m. iliopsoas. გზაზე არტერია იძლევა დორსალურ ტოტს, რომელიც მონაწილეობს ზურგის ღრმა კუნთებისა და ზურგის ტვინის სისხლმომარაგებაში. თითოეული მალის დონეზე გავის შუა არტერია იძლევა წვრილ ტოტებს, რომლებიც იტოტებიან გავის წინა ზედაპირზე, ქმნიან ანასოტმოზებს გავის ლატერალური არტერიების ტოტებთან. გავის შუა არტერიის ქვემო ნაწილიდან გამოდის რამოდენიმე ტოტი, რომლებიც კვებავენ სწორი ნაწლავის ქვემო ნაწილებსა და მის ირგვლივ მდებარე ფაშარ შემაერთებელ ქსოვილს.

მუცლის აორტა

მუცლის აორტის ვისცერული ტოტებია:
I. ფაშვის ღერო – truncus celiacus – მოკლე სისხლძარღვია, სიგრძით 1 – 2 სმ; გამოდის აორტის წინა ზედაპირიდან, გულმკერდის XII მალის დონეზე და იყოფა სამ ტოტად: კუჭის მარცხენა, ღვიძლის საერთო და ელენთის არტერიებად.
1. კუჭის მარცხენა არტერია – a. gastrica sinistra, ყველაზე წვრილია ფაშვის ღეროდან გამომავალი არტერიებიდან; მიემართება ცოტა ზემოთ და მარცხნივ, უახლოვდება კუჭის კარდიის ნაწილს, გზავნის საყლაპავის მხარეზე – საყლაპავი მილის ტოტებს – rami esophagei, თვითონ კი ეშვება მარჯვნივ კუჭის მცირე სიმრუდეზე – Curvatura ventriculi minor, ქმნის ნასტომოზს კუჭის მარჯვენა არტერიასთან – a. gastrica dextra. თავის გზაზე, კუჭის მცირე სიმრუდის გასწვრივ კუჭის მარცხენა არტერია გზავნის წვრილ ტოტებს კუჭის წინა და უკანა კედლებისაკენ.

2. ღვიძლის საერთო არტერია – a. hepatica communis, შედარებით ძლიერი ტოტია, სიგრძით 4 სმ-მდე. ფაშვის ღეროდან გამოსვლის შემდეგ წვება შუასაძგიდის მარჯვენა ფეხზე და მიჰყვება პანკრეასის ზემო კიდეს მარცხნიდან მარჯვნივ, შედის მცირე ბადექონში; აქ იგი იყოფა ორ ტოტად: ღვიძლის საკუთარი არტერიად  და კუჭ-თორმეტგოჯას არტერიად.

ა) ღვიძლის საკუთარი არტერია – a. hepatica propria, გამოდის ძირითადი ღეროდან, მიემართება ღვიძლის კარისაკენ, ექცევა ღვიძლ – თორმეტგოჯას იოგის – lig. hepatoduodenale სისქეში, ნაღვლის საერთო სადინრის – ductus choledochus მარცხნივ და კარის ვენის – v. portae წინ. ღვიძლის კართან ღვიძლის საკუთარი არტერია იყოფა მარცხენა და მარჯვენა ტოტებად; მარჯვენა ტოტიდან გამოდის ნაღვლის ბუშტის არტერია – a. cystica. თავის გზაზე ღვიძლის საკუთარი არტერია იძლევა კუჭის მარჯვენა არტერიას – a. gastrica dextra, რომელიც ზოგჯერ გამოდის ღვიძლის საერთო არტერიიდან – a. hepatica communis;  იგი მიემართება ზემოდან ქვემოთ, კუჭის მცირე სიმრუდისაკენ, მარჯვნიდან მარცხნივ, და ეანასტომოზება კუჭის მარცხენა არტერიას – a. gastrica sinistra. კუჭის მარჯვენა არტერია იძლევა რიგ ტოტებს, რომლებიც კვებავენ კუჭის წინა და უკანა კედლებს. ღვიძლის კარში ღვიძლის საკუთარი არტერიის მარჯვენა ტოტი – ã. dexter გზავნის არტერიებს: კუდიანი წილისაკენ – კუდიანი წილის არტერიას – a. lobi caudati, და ღვიძლის მარჯვენა წილის შესაბამისი სეგმენტებისაკენ: წინა სეგმენტისაკენ – წინა სეგმენტის არტერია – a. segmenti anterioris, და უკანა სეგმენტისაკენ – უკან სეგმენტის არტერიას – a. segmenti posterioris. მარცხენა ტოტი – ã. sinister იძლევა შემდეგ არტერიებს: კუდიანი წილის არტერიას – a. lobi caudati, და არტერიებს ღვიძლის მარცხენა წილის მედიალური და ლატერალური სეგმენტებისათვის, ესენია: მედიალური სეგმენტის არტერია – a. segmenti medialis და ლატერალური სეგმენტის არტერია – a. segmenti lateralis;

ბ) კუჭ – თორმეტგოჯას არტერია – a. gastroduodenalis, საკმაოდ ძლიერი ღეროა, მიემართება ღვიძლის საერთო არტერიიდან ქვემოთ, კუჭის პილორუსის ნაწილის უკან; იყოფა ორ არტერიად: პანკრეას – თორმეტგოჯას ზემო არტერია – a. pancreaticoduodenalis superior და კუჭ – ბადექონის მარჯვენა არტერია – a. gastroepiploica dextra.
პანკრეას – თორმეტგოჯას ზემო არტერია – a. pancreaticoduodenalis superior მდებარეობს რკალისებურად, პანკრეასის თავისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დასწვრივ ნაწილის მედიალურ კიდეს შორის. მიემართება ქვემოთ და იძლევა: პანკრეასის ტოტებს – rr. pancreatici, თორმეტგოჯას ტოტებს – rr. duodenales, ქმნის ანასტომოზებს პანკრეას – თორმეტგოჯას ქვემო არტერიასთან – a. pancreaticoduodenalis inferior.
კუჭ – ბადექონის მარჯვენა არტერია – a. gastroepiploica dextra წარმოადგენს კუჭ -თორმეტგოჯა არტერიის – a. gastroduodenalis გაგრძელებას, მიემართება მარცხნივ, კუჭის დიდი სიმრუდის – curvatura ventriculi major გასწვრივ, დიდი ბადექონის – Omentum majus ფურცლებს შორის; გზავნის ტოტებს კუჭის წინა და უკანა ზედაპირებისაკენ, ასევე ბადექონის ტოტებს – rr. epiploici დიდი ბადექონისაკენ. დიდი სიმრუდის მიდამოში იგი ეანასტომოზება კუჭ – ბადექონის მარცხენა არტერიას – a. gastroepiploica sinistra (ელენთის არტერიის – a. lienalis ტოტი)

3. ელენთის არტერია – a. lienalis, ფაშვის ღეროს ყველაზე მსხვილი ტოტია. არტერია მიემართება მარცხნივ და თანამოსახელე ვენასთან ერთად თავსდება პანკრეასის ზემო კიდის უკან. პანკრეასის კუდთან იგი შედის კუჭ – ელენთის იოგში – Lig. gastrolienale და იტოტება საბოლოო ტოტებად, რომლებიც მიემართებიან ელენთისაკენ. ელენთის არტერია იძლევა ტოტებს, რომლებიც კვებავენ პანკრეასს, კუჭსა და დიდ ბადექონს.

ა) პანკრეასის ტოტები – rr. pancreatici, გამოდიან ელენთის არტერიიდან მთელს გაყოლებაზე და შედიან ჯირკვლის პარენქიმაში. ესენია: პანკრეასის დორსალური არტერია – a. pancrealica dorsalis, პანკრეასის დიდი არტერია – a. pancreatica magna და პანკრეასის კუდის არტერია – a. caudae pancreatis.

ბ) ელენთის ტოტები – rr. lienales, მათი რაოდენობა 4 – 6, წარმოადგენენ ელენთის არტერიის საბოლოო ტოტებს; ელენთის კარიდან შედიან ელენთის პარენქიმაში.

გ) კუჭის მოკლე არტერიები – aa.. gustricae breves (3 – 7) გამოდიან ელენთის არტერიის ბოლო ნაწილიდან და კუჭ-ელენთის იოგის სისქეში მიემართებიან კუჭის ძირისაკენ, ქმნიან ანასტომოზებს კუჭის სხვა არტერიებთან.

დ) კუჭ-ბადექონის მარცხენა არტერია – a. gastroepiploica sinistra იწყება ელენთის არტერიიის იმ ნაწილიდან, საიდანაც გამოდიან ელენთისაკენ მიმავალი საბოლოო ტოტები; ეშვება ქვემოთ, პანკრეასის წინ, აღწევს კუჭის დიდ სიმრუდეს, მიემართება მის გასწვრივ მარცხნიდან მარჯვნივ, დიდი ბადექონის ფურცლებს შორის. დიდი სიმრუდის მარცხენა და შუა მესამედის საზღვარზე იგი ეანასტომოზება კუჭ-ბადექონის მარჯვენა არტერიას – a. gastroepiploica dextra (კუჭ-თორმეტგოჯა არტერიის – a. gastroduodenalis ტოტი). თავის გზაზე არტერია გზავნის ტოტებს  კუჭის წინა და უკანა ზედაპირებისაკენ და დიდი ბადექონისაკენ.

მუცლის აორტა

II. ჯორჯლის ზემო არტერია – a. mesenterica superior მსხვილი სისხლძარღვია; იწყება აორტის წინა ზედაპირიდან, წელის პირველი მალის დონეზე, ფაშვის ღეროს ცოტა ქვემოთ (1 – 3 სმ-ით), პანკრეასის უკან. გამოდის ჯირკვლის ქვემო კიდესა და თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო კიდეს შორის არსებულ სივრცეში. მის მარჯვნივ მოთავსებული ჯორჯლის ზემო ვენასთან ერთად იგი წვება თორმეტგოჯა ნაწლავის ჰორიზონტალური ნაწილის წინა ზედაპირზე, გადაუვლის მას, აღწევს წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ფესვს, შედის მის ფურცლებს შორის, წარმოქმნის რკალს და აღწევს მარჯვენა თეძოს ფოსომდე – Fossa iliaca. თავის გზაზე ჯორჯლის ზემო არტერია გზავნის ტოტებს: წვრილი ნაწლავისაკენ (გარდა თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაწილისა), ბრმა ნაწლავისაკენ ჭიანაწლავთან ერთად, ასწვრივი და, ნაწილობრივ, განივი კოლინჯისაკენ. ჯორჯლის ზემო არტერიიდან გამოდიან შემდეგი არტერიები:
პანკრეას – თორმეტგოჯას ქვემო არტერია – a. pancreatico-duodenalis inferior – იწყება ჯორჯლის ზემო არტერიის დასაწყისი ნაწილის მარჯვენა კიდიდან, მიემართება ქვემოთ და მარჯვნივ, პანკრეასის წინა ზედაპირზე. გზავნის ტოტებს პანკრეასისაკენ და თორმეტგოჯა ნაწლავისაკენ და ეანასტომოზება პანკრეას – თორმეტგოჯას ზემო არტერიას – a. pancreaticoduodenalis superior (კუჭ – თორმეტგოჯა არტერიის – a. gastroduodenalis ტოტი)

ნაწლავის არტერიები, მათი რაოდენობა 15-მდეა, – გამოდიან ერთმანეთის მიყოლებით ჯორჯლის ზემო არტერიის რკალის გამოდრეკილი ნაწილიდან. ნაწლავის არტერიები მიემართებიან ჯორჯლის ფურცლებს შორის მლივი და თეძოს ნაწლავების მარყუჟებისაკენ, ესენია: თეძოს ნაწლავის არტერიები – aa. ilei და მლივი ნაწლავის არტერიები – aa.. jejunales. თავის გზაზე თითოეული ტოტი იყოფა ორ ღეროდ, რომლებიც ეანასტომოზებიან მეზობელი ნაწლავის არტერიებიდან გამოყოფილ ღეროებს. ამგვარ ანასტომოზებს აქვთ რკალებისა და არკადების სახე. ამ რკალებიდან გამოდიან ახალი ტოტები, რომლებიც ასევე იყოფიან და წარმოქმნიან მეორე რიგის რკალებს. მეორე რიგის რკალებიდან კვლავ გამოდიან არტერიები, რომლებიც იყოფიან მესამე რიგის რკალებად და ა. შ. ბოლო, უფრო დისტალური რკალებიდან გამომავალი ტოტები მიდიან უშუალოდ წვრილი ნაწლავის მარყუჟების კედლებისაკენ. ეს რკალები, გარდა ნაწლავის მარყუჟებისა, გზავნიან წვრილ ტოტებს, რომლებიც კვებავენ ჯორჯლის ლიმფურ კვანძებს.
თეძო – კოლინჯის არტერია – a. ileocolica გამოდის ჯორჯლის ზემო არტერიის ზემო, დასაწყისი ნაწილიდან, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ფესვის მარჯვნივ. მიემართება რა, მარჯვნივ და ქვემოთ მუცლის უკანა კედლის პარიეტული პერიტონეუმის ქვეშ, თეძოსა და ბრმა ნაწლავისაკენ, თეძო – კოლინჯის არტერია იყოფა ორ ტოტად, რომლებიც კვებავენ ბრმა ნაწლავს, კოლინჯის დასაწყის ნაწილსა და თეძოს ნაწლავის ბოლო ნაწილს. თეძო – კოლინჯის არტერიიდან გამოდიან ტოტები: ა) ბრმა ნაწლავის წინა და უკანა არტერიები – aa.. cecales anterior et posterior მიემართებიან ბრმა ნაწლავის შესაბამის ზედაპირებზე; ბ) თეძოს ნაწლავის ტოტი წარმოადგენს თეძო – კოლინჯის არტერიის – à. ileocolica გაგრძელებას, მიემართება ქვემოთ, თეძო – ბრმა ნაწლავის კუთხემდე, სადაც უერთდება თეძოს ნაწლავის არტერიებს – aa.. ilei; წარმოქმის რკალს, საიდანაც გამოდიან ტოტები თეძოს ნაწლავის ბოლო ნაწილისაკენ; გ) კოლინჯის ტოტი მიემართება მარჯვნივ ასწვრივი ნაწლავისაკენ. არმისული ამ ნაწლავის მედიზალურ კიდემდე, იგი იყოფა ორ ტოტად, რომელთაგან ერთი – ასწვრივი ტოტი – ã. ascendens ადის ასწვრივი კოლინჯის მედიალური კიდის გასწვრივ და ეანასტომოზება (წარმოქმნის რკალს) კოლინჯის მარჯვენა არტერიასთან – a. colica dextra;  მეორე ტოტი ეშვება კოლინჯის მედიალურ კიდეზე და ეანასტომოზება (წარმოქმნის რკალს) თეძო – კოლინჯის არტერიასთან – a. ileocolica. აღნიშნული რკალებიდან გამოდიან ტოტები, რომლებიც კვებავენ ასწვრივ კოლინჯსა და ბრმა ნაწლავს, ასევე ჭიანაწლავს ჭიანაწალავის არტერიის – a. appendicularis მეშვეობით.
კოლინჯის მარჯვენა არტერია – a. colica dextra, გამოდის ჯორჯლის ზემო არტერიის მარჯვენა ნაწილიდან, მის ზემო მესამედში, განივი კოლინჯის ჯორჯლის ფესვის დონეზე და მიემართება თითქმის განივად მარჯვნივ, ასწვრივი კოლინჯის მედიალური კიდისაკენ. ასწვრივი კოლინჯიდან გარკვეულ მანძილზე კოლინჯის მარჯვენა არტერია იყოფა ასწვრივ და დასწვრივ ტოტებად. დასწვრივი ტოტი უერთდება თეძო – კოლინჯის არტერიის – a. ileocolica ტოტს, ხოლო ასწვრივი ტოტი – ეანასტომოზება კოლინჯის შუა არტერიის – a. colica media მარჯვენა ტოტს. ამ ანასტომოზებით წარმოქმნილი რკალებიდან გამომავალი ტოტები მიემართებიან ასწვრივი კოლინჯისაკენ – colon ascendens, კოლინჯის მარჯვენა ნაკეცისა – flexura coli dextra და განივი კოლინჯისაკენ – colon transversum.

კოლინჯის შუა არტერია – a. colica media, გამოდის ჯორჯლის ზემო არტერიის დასაწყისიდან, მიემართება წინ და მარჯვნივ, განივი კოლინჯის ჯორჯლის ფურცლებს შორის და იყოფა ორ ტოტად: მარჯვენა და მარცხენა ტოტებად. მარჯვენა ტოტი უერთდება კოლინჯის მარჯვენა არტერიის – a. colica dextra,  ასწვრივ ტოტს, მარცხენა – მიემართება განივი კოლინჯის ჯორჯლისეული კიდის გასწვრივ, ქმნის ანასტომოზს კოლინჯის მარცხენა არტერიის – a. colica sinistra ასწვრივ ტოტთან. ამგვარი შეერთებებით კოლინჯის შუა არტერია ქმნის რკალებს. ამ რკალების ტოტები წარმოქმნიან მეორე, მესამე რიგის რკალებს, რომლებიც გზავნიან ტოტებს განივი კოლინჯისაკენ, კოლინჯის მარჯვენა და მარცხენა ნაკეცებისაკენ – flexura coli dextra et sinistra.

მუცლის აორტა

III. ჯორჯლის ქვემო არტერია- a. mesenterica inferior გამოდის მუცლის აორტის წინა ზედაპირიდან, წელის მესამე მალის ქვემო კიდის დონეზე. არტერია მიემართება რეტროპერიტონეულად მარცხნივ და ქვემოთ და იყოფა სამ ტოტად:

1. კოლინჯის მარცხენა არტერია – a. colica sinistra, მდებარეობს რეტროპერიტონეულად, მარცხენა ჯორჯლის სინუსში, მარცხენა შარდსაწვეთისა და მარცხენა სათესლის (საკვერცხის) არტერიის – a. testicularis (ovarica) sinistra წინ და იყოფა ასწვრივ და დასწვრივ ტოტებად. ასწვრივი ტოტი ქმნის ანასტომოზს კოლინჯის შუა არტერიის მარცხენა ტოტთან და წარმოქმნის რკალს; იგი კვებავს განივი კოლინჯის მარცხენა ნაწილსა და კოლინჯის მარცხენა ნაკეცს – flexura coli sinistra. დასწვრივი ტოტი უერთდება სიგმოიდურ არტერიას და კვებავს დასწვრივ კოლინჯს.

2. სიგმოიდური არტერია – a. sigmoidea მიემართება ქვემოთ, თავდაპირველად რეტროპერიტონეულად, შემდეგ სიგმოიდური კოლინჯის ფურცლებს შორის; იგი ეანასტომოზება კოლინჯის მარცხენა არტერიის ტოტებს და სწორი ნაწლავის ზემო არტერიის – a. rectalis superior ტოტებს და წარმოქმნის რკალებს; რკალებიდან გამომავალი ტოტები კვებავენ სიგმოიდურ კოლინჯს.

3. სწორი ნაწლავის ზემო არტერია- a. rectalis superior წარმოადგენს ჯორჯლის ქვემო არტერიის საბოლოო ტოტს; მიემართება ქვემოთ, იყოფა ორ ტოტად, რომელთაგან ერთი ეანასტომოზება სიგმოიდური არტერიის ტოტს და კვებავს სიგმოიდურის კოლინჯის ქვემო ნაწილს, ხოლო მეორე მიემართება მცირე მენჯის ღრუში, წინიდან გადაუვლის მარცხენა თეძოს საერთო არტერიას, თავსდება სიგმოიდური კოლინჯის მენჯის ნაწილის ჯორჯალში და იყოფა მარჯვენა და მარცხენა ტოტებად, რომლებიც კვებავენ სწორი ნაწლავის ამპულურ ნაწილს. ნაწლავის კედელში იგი ეანასტომოზება სწორი ნაწლავის შუა არტერიას – a. rectalis media (თეძოს შიგნითა არტერიის – a. iliaca interna ტოტი).

IV. თირკმელზედა შუა არტერია – a. suprarenalis media, წყვილი, პატარა სისხლძარღვია; გამოდის აორტის ზემო ნაწილის გვერდითი კედლიდან, ჯორჯლის ზემო არტერიის გამოსვლის ადგილიდან ცოტა ქვემოთ; მიემართება განივად, გადაუვლის შუასაძგიდის ფეხს, აღწევს თირკმელზედა ჯირკვალს და მის პარენქიმაში ქმნის ანასტომოზს თირკმელზედა ზემო და ქვემო არტერიების ტოტებთან.

V. თირკმლის არტერია – a. renalis, წყვილი, მსხვილი სისხლძარღვია; იწყება აორტის გვერდითი კედლიდან წელის მეორე მალის დონეზე, აორტისადმი სწორი კუთხით, 1 – 2 სმ-ით ქვემოთ ჯორჯლის ზემო არტერიის გამოსვლის ადგილიდან. მარჯვენა თირკმლის არტერია უფრო გრძელია მარცხენაზე; მიემართება რა თირკმლისაკნ, მარჯვენა თირკმლის არტერია გაივლის ქვემო ღრუ ვენის უკან. არმისული თირკმლის კარამდე, თითოეული არტერია იძლევა თირკმელზედა ქვემო არტერიას – a. suprarenalis inferior, რომელიც შედის თირკმელზედა ჯირკვლის პარენქიმაში, ქმნის ანასტომოზს თირკმელზედა შუა და ზემო არტერიების ტოტებთან. თირკმლის კარის – Hilus renalis მიდამოში თირკმლის არტერია იყოფა წინა და უკანა ტოტებად – rr. anterior et posterior. წინა ტოტი გზავნის არტერიებს თირკმლის ოთხი სეგმენტისაკენ: ზემო სეგმენტისაკენ – ზემო სეგმენტური არტერია –  a. segmenti superioris, ზემო წინისაკენ – წინა ზემო სეგმენტური არტერია – a. segmenti anterioris superioris, ქვემო წინისაკენ – წინა ქვემო სეგმენტური არტერია a. segmenti anterioris inferioris, და ქვემოსკენ – ქვემო სეგმენტური არტერია – a. segmenti inferioris. თირკმლის არტერიის უკანა ტოტი მიემართება უკანა სეგმენტში – უკანა სეგმენტის არტერია – a. segmenti posterioris, და თავის გზაზე იძლევა შარდსაწვეთის ტოტს – ã. uretericus.

VI. სათესლეს არტერია – a. testicularis, წყვილი, წვრილი სისხლძარღვია; გამოდის მუცლის აორტის წინა ზედაპირიდან, თირკმლის არტერიის ცოტა ქვემოთ. მიემართება ქვემოთ და ლატერალურად, წვება სუკის დიდ კუნთზე – m. psoas major, გადაუვლის თავის გზაზე შარდსაწვეთს, თეძოს გარეთა არტერიას. სათესლეს არტერია გზავნის ტოტებს თირკმლის ცხიმოვანი კაფსულისაკენ – Capsula adiposa და შარდსაწვეთისაკენ – შარდსაწვეთის ტოტებს – rr. ureterici, და მიემართება საზარდულის ღრმა რგოლისაკენ, გადის სათესლე პარკში და იტოტება მრავალ წვრილ ტოტად, რომლებიც მიემართებიან სათესლესა და მისი დანამატის პარენქიმაში. თავის გზაზე სათესლეს არტერია – a. testicularis ქმნის ანასტომოზს სათესლეს ამწევი კუნთის არტერიასთან – a. cremasterica (ქვემო ეპიგასტრული არტერიის – a. epigastrica inferior ტოტი) და თესლის გამომტანი სადინარის არტერიასთან – a. ductus deferentis (თეძოს შიგნითა არტერიის – a. iliaca interna ტოტი).

ქალებში საკვერცხი არტერია – a. ovarica გაივლის საშვილოსნოს განიერი იოგის ფურცლებს – Lig. latum uteri შორის, მისი თავისუფალი კიდის გასწვრივ და გზავნის ტოტებს საშვილოსნოს ლულისაკენ და საკვერცხის კარისაკენ – Hilus ovarii. საკვერცხის არტერიის საბოლოო ტოტი ქმნის ანასტომოზს საშვილოსნოს არტერიის საკვერცხის ტოტთან – ã. ovaricus a. uterinae.

 

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.