სისხლის მიმოქცევის მცირე წრე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სისხლის მიმოქცევის მცირე წრის სისხლძარღვები

სისხლის მიმოქცევის მცირე წრე იწყება მარჯვენა პარკუჭიდან, საიდანაც მიიმართება ფილტვებისაკენ; შემდეგ კი  ბრუნდება მარცხენა წინაგულში. >>>

ლალი დათეშიძე

სისხლის მიმოქცევის მცირე წრე იწყება მარჯვენა პარკუჭიდან, საიდანაც სისხლი ფილტვის ღეროთი – truncus pulmonalis მიიმართება ფილტვებისაკენ; შემდეგ სისხლი ფილტვის ვენების – vv. pulmonales საშუალებით ბრუნდება მარცხენა წინაგულში.

ფილტვის ღერო – truncus pulmonalis, 5 – 6 სმ სიგრძისა და 3 სმ დიამეტრის ძარღვია; ფილტვის ღერო წარმოადგენს მარჯვენა პარკუჭის არტერიული კონუსის – conus arteriosus გაგრძელებას და იწყება ფილტვის ღეროს ხვრელიდან – ostium trunci pulmonalis, მარცხენა მესამე ნეკნის ხრტილის მკერდის ძვალთან მიმაგრების დონეზე; მისი საწყისი ნაწილი მდებარეობს ასწვრივი აორტის წინ და მარცხნივ, მიიმართება ქვემოდან ზემოთ და მარჯვნიდან მარცხნისაკენ.

გული

შემდგომ ფილტის ღერო შემოუხვევს მარცხნიდან აორტის ასწვრივ ნაწილს, გაივლის მარცხენა წინაგულის წინ და წვება აორტის რკალის ქვეშ; აქ გულმკერდის მეოთხე მალის სხეულის დონეზე ან მარცხენა მეორე ნეკნის ხრტილის ზემო კიდის დონეზე, იგი იყოფა ორ ტოტად: მარჯვენა ფილტვის არტერია – arteria pulmonalis dextra, და მარცხენა ფილტვის არტერია –  arteria pulmonalis sinistra.

გული

თითოეული ტოტი მიემართება შესაბამისი ფილტვის კარში და მიაქვს ვენური სისხლი მარჯვენა პარკუჭიდან. მარჯვენა არტერია რამდენადმე უფრო გრძელი და ფართოა მარცხენაზე; იგი მიემართება განივად მარცხნიდან მარჯვნივ, თავსდება აორტის ასწვრივი ნაწილისა და ზემო ღრუ ვენის უკან, მარჯვენა ბრონქის წინ. მარჯვენა ფილტვის ფესვში შესვლისას იგი იყოფა სამ ძირითად ტოტად, რომლთაგან თითოეული მათგანი მიიმართება მარჯვენა ფილტვის შესაბამისი წილის კარში.
მარცხენა არტერია მიემართება ასევე განივად, მაგრამ მარჯვნიდან მარცხნივ, აორტის დასწვრივი ნაწილისა და მარცხენა ბრონქის წინ. მარცხენა ფილტვის ფესვში იგი იყოფა ორ ძირითად ტოტად, რომლებიც შედიან მარცხენა ფილტვის შესაბამისი წილის კარში. ფილტვის ღეროდან აორტის რკალის წინა ზედაპირისაკენ მიიმართება ფიბროზულ – კუნთოვანი ჭიმი – არტერიული იოგი – ligamentum arteriosum, სიგრძით 1 სმ-მდე და 3 მმ სისქისა; არტერიული იოგი გამოდის მარცხენა ფილტვის არტერიიდან, იშვიათად ფილტვის ღეროდან და მთავრდება აორტაზე, მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის გამოსვლის ადგილიდან ლატერალურად. მუცელშიგა პერიოდში ეს იოგი წარმოადგენს არტერიულ სადინარს – ductus arteriosus, რომლის გავლითაც სისხლი ფილტვის ღეროდან გაივლის აორტაში. დაბადების შემდგომ სადინარი განიცდის ობლიტერაციას და გარდაიქმნება ზემოთ აღნიშნულ იოგად.

ფილტვის ვენები. მარჯვენა და მარცხენა ფილტვის ვენებს – venae pulmonales dextrae et sinistrae, გამოაქვთ არტერიული სისხლი ფილტვებიდან; ვენები გამოდიან ფილტვის კარიდან, ჩვეულებრივ ორ – ორი თითოეული ფილტვიდან (თუმცა მათი რიცხვი შესაძლოა იყოს 3 – 5 ან მეტიც). თითოეულ წყვილში არჩევენ: ფილტვის ზემო ვენას – v. pulmonalis superior, და ფილტვის ქვემო ვენას – v. pulmonalis inferior. თითოეული მათგანი ფილტვის კარიდან – hilus pulmonum გამოსვლისას მიიმართება განივი მიმართულებით მარცხენა წინაგულისაკენ და იხსნება მის უკანა გვერდით მიდამოში. მარჯვენა ფილტვის ვენები შედარებით გრძელია მარცხენაზე და მდებარეობენ ფილტვის მარჯვენა არტერიის ქვემოთ და ზემო ღრუ ვენის, მარჯვენა წინაგულისა და აორტის ასწვრივ ნაწილის ზემოთ; მარცხენა ფილტვის ვენები გადიან აორტის დასწვრივი ნაწილის წინ. ფილტვის კარში ფილტვის არტერია, მთავარი ბრონქი და ფილტვის ვენები იტოტებიან. ერთად ყველა ეს ტოტები წარმოქმნიან ფილტვის ცალკეული წილის ფესვებს. თითოეული წილის კარის ფორმა და სიღრმე ინდივიდუალურია. ცალკეული წილის კარი შედის ფილტვის კარის შემადგენლობაში.

გული

მარჯვენა ფილტვის ზემო წილების კარში არის 2 – 3 არტერიული ტოტი, ასეთივე რაოდენობით ვენა და ერთი ბრონქი. შუა წილის კარში –  2 არტერიული ტოტი, ერთი ვენური ტოტი და ერთი ბრონქი. ქვემო წილის კარში არის 2 არტერიული და 2 ვენური ტოტი და 2 ბრონქი.
მარცხენა ფილტვში ზემო წილის კარში ხშირად არის ფილტვის არტერიის 3 – 4 ტოტი, ფილტვის ვენის 2 – 3 ტოტი და 2 ბრონქი. ქვემო წილის კარში – 3 არტერიული ტოტი, 2 – 3 ვენური ტოტი და 2 ბრონქი.

ფილტვის არტერიის ტოტები მდებარეობენ წილების კარებების ლატერალურად, ფილტვის ვენების ტოტები – მედიალურად; ბრონქებს უჭირავთ შუა მდებარეობა.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.