ადამიანის ნორმალური ანატომია. აორტა Aorta
აორტა – aorta, სხეულის ყველაზე მსხვილი სისხლძარღვია. აორტა გამოდის გულის მარცხენა პარკუჭიდან..>>>>
ლალი დათეშიძე
აორტა – aorta, სხეულის ყველაზე მსხვილი სისხლძარღვია. აორტა გამოდის გულის მარცხენა პარკუჭიდან; მისი საწყისი მდებარეობს ფილტვის ღეროს უკან და შეესაბამება მესამე მარცხენა ნეკნთაშუა დონეს. აორტა იწყება შედარებით გაგანიერებული ნაწილით, რომელსაც აორტის ბოლქვი – bulbus aortae ეწოდება. აორტაში არჩევენ შემდეგ ნაწილებს: ასწვრივი აორტა – aorta ascendes, აორტის რკალი – arcus aortae, დასწვრივი აორტა – aorta descendens, რომელიც თავის მხრივ იყოფა: გულმკერდის აორტად – aorta thoracica, და მუცლის აორტად – aorta abdominalis.
აორტის ბოლქვი მოთავსებულია პარკუჭის ძირთან, მას მოსდევს აორტის ასწვრივი ნაწილი, რომელიც მეორე ნეკნის მკერდის ძვალთან შეერთების დონეზე ქმნის აორტის რკალს – arcus aortae; აორტის რკალი იხრება მარცხნივ და უკან და გულმკერდის მეოთხე მალის დონეზე გადადის დასწვრივ აორტაში – aorta descendes. დასწვრივი აორტა ეშვება ქვევით, გაივლის დიაფრაგმის ხვრელში და გადადის მუცლის აორტაში – aorta abdominalis, რომელიც წელის მეოთხე მალის დონეზე იყოფა ორად (bifurcatio aortae). აორტიდან გამომავალი არტერიები ქმნიან სისხლის მიმოქცევის დიდ წრეს.