საერთო საძილე არტერია

ადამიანის ნორმალური ანატომია. საერთო საძილე არტერია A. carotis communis Common carotid artery

საერთო საძილე არტერია წყვილი სისხლძარღვია; მარცხენა საერთო საძილე არტერია გამოდის აორტის რკალიდან, მარჯვენა კი – მხარ – თავის ღეროდან >>>>

ლალი დათეშიძე

საერთო საძილე არტერია – a. carotis communis, წყვილი სისხლძარღვია; მარცხენა საერთო საძილე არტერია გამოდის აორტის რკალიდან, მარჯვენა კი – მხარ – თავის ღეროდან. ამიტომ, მარცხენა საერთო საძილე არტერია რამდენიმე სანტიმეტრით გრძელია მარჯვენაზე. საერთო საძილე არტერია მიემართება თითქმის ვერტიკალურად ზემოთ და გულმკერდის ზემო ხვრელის – apertura thoracis superior საშუალებით ამოდის კისრის მიდამოზე. აქ ის თავსდება კისრის მალების განივი მორჩებისა და მათი მფარავი კუნთების წინა ზედაპირზე, სასულესა და საყლაპავის გვერდით, მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის – m. stemocleidomastoideus ქვეშ. საერთო საძილე არტერიის გარეთ მდებარეობს შიგნითა საუღლე ვენა – v. jugularis interna, უკან – ცთომილი ნერვი – n. vagus. ეს სამი წარმონაქმნი შეხვეულია შემაერთებელ ქსოვილში და მას ნერვ – ძარღვთა კონა ეწოდება; კონა მდებარეობს კისრის ღრმა კუნთებზე.

საერთო საძილე არტერია

ფარისებრი ხრტილის ზემო კიდის დონეზე საერთო საძილე არტერია იყოფა: გარეთა საძილე არტერია – a. carotis externa და შიგნითა საძილე არტერია – a. carotis intema. გაყოფის ადგილზე აღინიშნება საერთო საძილე არტერიის გაფართოებული ნაწილი საძილე სინუსი – sinus caroticus, აქვეა მცირე ზომის კვანძი – საძილე გლომუსი – glomus caroticum. საძილე გლომუსი დაკავშირებულია საძილე არტერიის ადვენტიციასთან და შედგება შემაერთებელი ქსოვილისა და მასში მოთავსებული სპეციფიკური უჯრედებისაგან. საძილე გლომუსი შეიცავს დიდი რაოდენობით სისხლძარღვებსა და ნერვებს. საძილე აგლომუსის კედელი გამოირჩევა იმით, რომ მისი tunica media სუსტადაა განვითარებული, ხოლო tunica adventitia გასქელებულია და შეიცავს დიდი რაოდენობით ელასტიკური ბოჭკოებსა და მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.