გარეთა საძილე არტერია

ადამიანის ნორმალური ანატომია. გარეთა საძილე არტერია Arteria carotis externa;  External carotid artery

გარეთა საძილე არტერია –  მდებარეობა, მიმართულება, გარეთა საძილე არტერიის ტოტები  >>>>

ლალი დათეშიძე

გარეთა საძილე არტერია – a. carotis externa გამოეყოფა რა საერთო საძილე არტერიას, მიემართება ზემოთ, შიგნითა საძილე არტერიის წინ და მედიალურად, შემდეგ წვება მის წინ. თავდაპირველად ის ზედაპირულად მდებარეობს, შემდეგ მას ფარავს პლატიზმა (კანქვეშა კუნთი) – platysma და კისრის ფასციის ზედაპირული ფირფიტა. იგი გაივლის ორმუცელა კუნთის – m. digastricus უკანა მუცლისა და სადგის – ინის კუნთის – m. stylohyoideus უკან, მიემართება ზევით და წვება ქვედაყბის უკანა ფოსოში – fosa retromandibularia, შედის ყბაყურა ჯირკვლის – glandula parotis ქსოვილში და ქვედა ყბის როკისებრი მორჩის ყელის დონეზე იყოფა:

ზედა ყბის არტერია – a. maxillaris

საფეთქლის ზედაპირული არტერია – a. temporalis superficialis, რომლებიც წარმოქმნიან გარეთა საძილე არტერიის საბოლოო ტოტების ჯგუფს.

გარეთა საძილე არტერია

გარეთა საძილე არტერია იძლევა ტოტებს, რომლებიც ტოპოგრაფიულად იყოფა 4 ჯგუფად – წინა, უკანა, მედიალური და საბოლოო ჯგუფის ტოტები.

წინა ჯგუფის ტოტებია:

1. ზემო ფარისებრი არტერია – a. thyroidea superior, გამოდის საერთო საძილე არტერიიდან გარეთა საძილე არტერიის გამოყოფისთანავე, ინის ძვლის დიდი რქების დონეზე. არტერია მიემართება ზემოთ, შემდეგ რკალისებურად უხვევს მედიალურად, მიდის ფარისებრი ჯირკვლის გვედითი წილის ზემო პოლუსისაკენ და მთავრდება წინა და უკანა ტოტებით – r r. anteriores et posteriores. ჯირკვლის ქსოვილში ზემო ფარისებრი არტერია ქმნის ანასტომოზებს ქვემო ფარისებრ არტერიის – a. thyroidea inferior ტოტებთან. ზემო ფარისებრი  არტერია იძლევა შემდეგ ტოტებს: ა) ენისქვეშა ტოტი – ã. infrahyoideus, რომელიც კვებავს ინის ძვალსა და მასზე დამაგრებულ კუნთებს; ქმნის ანასტომოზებს მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე ტოტთან; ბ) მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი ტოტი – r. sternocleidomastoideus, კვებავს თანამოსახელე კუნთს; გ) ხორხის ზემო არტერია – a. laryngea superior, მიემართება მედიალურად, წვება ფარისებრი ხრტილის ზემო კიდის ზევით, ფარ – ინის კუნთის – m. thyrohyoideys ქვეშ, ხვრეტს ფარ – ინის აპკს – membrana hyothyroidea, და სისხლის ამარაგებს ხორხის კუნთებსა და  ლორწოვან გარს, ნაწილობრივ –  ინის ძვალსა და ხორხსარქველს; დ) ბეჭდ – ფარისებრი ტოტი – r. cricothyroideus, სიხლით ამაგარებს თანამოსახელე კუნთსა და წარმოქმის რკალისებრ ანასტომოზს მოპირდაპირე მხარის არტერიასთან.

2. ენის არტერია – a. lingualis, იწყება გარეთა საძილე არტერიის წინა კედლიდან., ინის ძვლის ზედა რქების დონეზე, მიემართება ზემოთ და მედიალურად. თავდაპირველად მას ფარავს ორმუცელა კუნთის – m. digastricus უკანა მუცელი და სადგის – ინის კუნთი – m. stylohyoideus, შემდეგ გადადის ენა – ინის კუნთის – m. hyoglossus, ქვეშ, მასა და ხახის შუა მომჭერი კუნთს – m. constrictor pharyngis medius შორის, უახლოვდება ენის ქვემო ზედაპირს და შედის მისი კუნთების სისქეში. ენის არტერია იძლევა შემდეგ ტოტებს: ა) ინისზედა ტოტი – r. suprahyoideus, რომელიც გაივლის ინის ძვლის ზემო კიდეზე, რკალისებურად ქმნის ანასტომოზს მოპირდაპირე მხარეზე თანამოსახელე ტოტთან; კვებავს ინის ძვალსა და მასთან მიმდებარე ქსოვილებს; ბ) ენის დორსალური ტოტები – rr. dorsales linguae, გამოდიან ენის არტერიიდან სადგის – ინის კუნთის ქვეშ, მიემართებიან ზემოთ, აღწევენ ენის ზურგის უკანა ნაწილს და სისხლით ამარაგებენ მის ლორწოვანსა და ნუშურებს. მათი საბოლოო ტოტები აღწევენ ხორხსარქველს და ქმნიან ანასტომოზს მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე არტერიებთან. გ) ენისქვეშა არტერია – a. sublingualis, გამოდის ენის არტერიიდან, მიემართება წინ, გაივლის ყბა – ინის კუნთის – m. mylohyoideus ზემოთ, ქვედაყბისქვეშა სადინარის – ductus submandibularis-ის გარეთ; შემდგომ იგი აღწევს ენისქვეშა ჯირკვალს, კვებავს მას და მიმდებარე კუნთებს და ბოლოვდება პირის ღრუსა და ღრძილების ლორწოვანში. რამოდენიმე ტოტი ქმნის ანასტომოზს ნიკაპქვეშა არტერიასთან – a. submentalis (სახის არტერიის – a. facialis ტოტი); დ) ენის ღრმა არტერია – a. profunda linguae, ენის არტერიის ყველაზე ძლიერი ტოტია და წარმოადგენს მის გაგრძელებას; იგი მიემართება ზემოთ, შედის ენის სისქეში ნიკაპ – ენის კუნთსა – m. genioglossus და ენის ქვემო გასწვრივი კუნთს – m. longitudinalis inferior (linguae) შორის და აღწევს მწვერვალს. თავის გზაზე არტერია იძლევა მრავალრიცხოვან ტოტებს, რომლებიც კვებავენ ენის საკუთარ კუნთებსა და ლორწოვან გარსს; ამ არტერიის საბოლოო ტოტები აღწევენ ენის ლაგამს.

3. სახის არტერია – a. facialis,  იწყება გარეთა საძილე არტერიის წინა ზედაპირიდან, ენის არტერიის ზემოთ, მიემართება წინ და ზემოთ, გაივლის ორმუცელა კუნთის – m. digastricus უკანა მუცელიდან და სადგის – ინის კუნთიდან – m. stylohyoideus ქვედყბისქვეშა სამკუთხედში – trigonum submandibulare. აქ იგი ესაზღვრება ყბისქვეშა ჯირკვალს ან გაივლის მის ქსოვილში, გარედან აყვება ქვედა ყბას და მიემართება თვალის მედიალური კუთხისაკენ ზედაპირული და ღრმა მიმიკური კუნთებს შორის.

284

თავის გზაზე სახის არტერია იძლევა შემდეგ ტოტებს:

ა) სასის ასწვრივი არტერია – a. palatina ascendens, გამოდის სახის არტერიის დასაწყისი ნაწილიდან, მიემართება ზემოთ ხახის გვედით კედელზე, გაივლის სადგის – ენის კუნთსა – m. styloglossus და სადგის – ხახის კუნთს – m. stylopharyngeus შორის და კვებავს მათ. ამ არტერიის საბოლოო ტოტები იშლება სასმენი ლულის ხახისკენა ხვრელის – ostium pharyngeum tubae auditivae მიდამოში, სასის ნუშურებში და, ნაწილობრივ, ხახის ლორწოვან გარსში, სადაც ქმნის ანასტომოზს ხახის ასწვრივ არტერიასთან – a. pharyngea ascendens.

ბ) ნუშის ტოტი – r. torisillaris, მიემართება ზემოთ ხახის გვერდით ზედაპირზე, შედის ხახის ზემო მომჭერ კუნთში – m. constrictor pharyngis superior და მთავრდება მრავალრიცხოვანი ტოტებით სასის ნუშში; ნუშის ტოტი გზავნის ტოტებს ხახის კედლისა და ენის ფესვისაკენ.

გ) ჯირკვლოვანი ტოტები – rr. glandulares წარმოდგენილია რამდენიმე ტოტით, რომლებიც გამოდიან სახის არტერიის ძირითადი ღეროდან, სადაც იგი ესაზღვრება ყბისქვეშა ჯირკვალს;

დ) ნიკაპქვეშა არტერია – a. submentalis, საკმაოდ ძლიერი ტოტია; გამოდის სახის არტერიიდან მისი ქვედაყბისქვეშა ფოსოდან – fossa submandibularis გამოსვლამდე, მიემართება წინ, გაივლის ორმუცელა კუნთის – m. digastricus წინა მუცლისა და ყბა – ინის კუნთს – m. mylohyoideus შორის და სისხლის ამარაგებს მათ. იგი ქმნის ანასტომოზს a. sublingualis-თან და კვებავს ქვედა ტუჩებისა და ნიკაპის კუნთებსა და კანს;

ე) ტუჩის ზემო და ქვემო არტერიები – aa.. labiales inferior et superior, გამოდიან: პირველი – პირის კუთხის ქვემოთ, მეორე – კუთხის დონეზე და შედის პირის ირგვლივი კუნთის – m. orbicularis oris სისქეში, ტუჩების კიდეებსა და პირის კარიბჭის ლორწოვან გარსთან ახლოს. არტერია კვებავს პირის ნაპრალის ლორწოვან გარსს, კუნთებსა და კანს, ქმნის ანასტომოზს მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე არტერიებთან.

ვ) კუთხის არტერია – a. angularis წარმოადგენს სახის არტერიის საბოლოო ტოტს. იგი მიემართება ზემოთ ცხვირის გვერდით ზედაპირზე, გზავნის წვრილ ტოტებს ცხვირის ზურგისა და ფრთებისაკენ. შემდეგ კუთხის არტერია აღწევს თვალის კუთხემდე, სადაც ქმის ანასტომოზს ცხვირის დორსალურ არტერიასთან – a. dorsalis nasi (რომელიც წარმოადგენს თვალის არტერიის – a. ophthalmica ტოტს).

უკანა ჯგუფის ტოტები:

მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი ტოტი – r. sternocleidomastoideus, ხშირად გამოდის კეფის არტერიიდან – a. occipitalis, ან გარეთა საძილე არტერიიდან სახის არტერიის დასაწყისის დონეზე ან ცოტა ზემოთ და შედის მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის – m. sternocleidomastoideus სისქეში, მისი შუა და ზემო მესამედის საზღვარზე.
კეფის არტერია – a. occipitalis, მიემართება უკან და ზემოთ. თავდაპირველად მას ფარავს ორმუცელა კუნთის – m.digastricus უკანა მუცელი და გადაუვლის შიგნითა საძილე არტერიის გარეთა კედელს. შემდეგ ორმუცელა კუნთის უკანა მუცლის ქვეშ იგი იხრება უკან და წვება დვრილისებრი მორჩის კეფის არტერიის ღარში – sulcus a. occipitalis. აქ კეფის არტერია თავის უკანა ღრმა კუნთებს შორის კვლავ მიემართება ზემოთ და გამოდის მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის მიმაგრების მედიალურად; შემდგომ გამოდის ქალასარქველის აპონევროზის – galea aponeurotica ქვეშ, სადაც იძლევა საბოლოო ტოტებს. კეფის არტერიიდან გამოდის შემდეგი ტოტები: ა) კუნთების ტოტები. მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი ტოტები – rr. sternocleidomastoidei, – ისინი კვებავენ მკერდ – ლავიწ – დვრილისებრ კუნთს, ასევე კეფის ახლომდებარე კუნთებს, ზოგჯერ დასწვრივი ტოტის – r. descendens სახით; ბ) დვრილისებრი ტოტი – r. mastoideus, დვრილისებრი ხვრელის გავლით მიემართება ტვინის მაგარი გარსისაკენ; გ) ყურის ტოტი – r. awicularis, მიიმართება წინ და ზემოთ; კვებავს ყურის ნიჟარის უკანა ზედაპირს; დ) კეფის ტოტები – rr. occipitales, წარმოადგენს საბოლოო ტოტებს, რომლები ქმნიან ანასტომოზებს ერთმანეთს შორის და მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე ტოტებთან, ასევე ყურის უკანა არტერიისა  – a. auricularis posterior და საფეთქლის ზედაპირული არტერიის –  a. temporalis superficialis ტოტებთან. ე) მენინგეალური ტოტი – r. meningeus, წვრილი ღეროა, რომელიც თხემის ხვრელით – foramen parietale მიემართება თავის ტვინის მაგარ გარსისაკენ.
ყურის უკანა არტერია – a. auricularis posterior,  მცირე ზომის სისხლძარღვია, რომელიც იწყება გარეთა საძილე არტერიიდან – a. carotis externa, კეფის არტერიის ზემოთ. იგი მიემართება ზემოთ; თავდაპირველად იგი დაფარულია ყბა-ყურა ჯირკვლით. შემდგომ მიემართება დვრილისებრი მორჩისაკენ, წვება მასა და ყურის ნიჟარას შორის. აქ არტერია იყოფა წინა და უკანა საბოლოო ტოტებად.

თავის გზაზე ყურის უკანა არტერია იძლევა შემდეგ ტოტებს: ა) სადგის – დვრილისებრი არტერია – a. stylomastoidea, გაივლის თანამოსახელე ხვრელს, შედის სახის არხში. არხში შესვლამდე მისგან გამოდის დაფის უკანა არტერია – a. tympanica posterior, რომელიც დაფ – კლდოვანის ნაპრალით – fissura petrotympanica აღწევს დაფის ღრუში; სახის ნერვის არხში იგი გზავნის დვრილისებრ ტოტებს – rr. mastoidei დვრილისებრი მორჩისაკენ და უზანგის ტოტს – r. stapedius, – უზანგის კუნთისაკენ; ბ) ყურის ტოტი – r. auricularis, გაივლის ყურის ნიჟარის უკანა ზედაპირზე, შედის მასში მას და გზავნის ტოტებს წინა ზედაპირისაკენ; გ) კეფის ტოტი – r. occipitalis, მიიმართება უკან და ზემოთ, ქმნის ანასტომოზს კეფის არტერიის საბოლოო ტოტებთან.

გარეთა საძილე არტერია

მედიალური ჯგუფის ტოტები:

ხახის ასწვრივი არტერია – a. pharyngea ascendens, იწყება გარეთა საძილე არტერიის შიგა კედლიდან. იგი მიემართება ზემოთ, წვება გარეთა და შიგნითა საძილე არტერიებს შორის, უახლოვდება ხახის გვერდით კედელს და იძლევა შემდეგ ტოტებს: ა) ხახის ტოტები – rr. pharyngei, (2 – 3), რომლებიც მიემართებიან ხახის უკანა კედელზე და კვებავენ მის უკანა ნაწილს სასის ნუშურებთან ერთად ქალას ფუძემდე, ასევე რბილი სასის ნაწილსა და, ნაწილობრივ, სასმენ ლულას; ბ) უკანა მენინგეალური არტერია – a. meningea posterior, მიემართება ზემოთ და მიჰყვება შიგნითა საძილე არტერიას, ან გაივლის საუღლე ხვრელს – foramen jugulare გადის ქალას ღრუში და იტოტება თავის ტვინის მაგარ გარსში; გ) დაფის ქვემო არტერია – a. tympanica inferior აღწევს დაფის ღრუში დაფის მილაკის ქვემო გასასვლელით – apertura inferior canaliculi tympanici და კვებავს მის ლორწოვან გარსს.

საბოლოო ტოტების ჯგუფი:

ზედა ყბის არტერია გამოდის გარეთა საძილე ატერიიდან სწორი კუთხით ქვედა ყბის ყელის დონეზე. არტერიის საწყისი ნაწილი დაფარულია ყბა-ყურა ჯირკვლით, შემდეგ იგი მიიმართება ჰორიზონტალურად წინისაკენ, ქვედა ყბის ტოტსა და სოლისებრ-ქვედაყბის-იოგს – lig. sphenomandibulare შორის. შემდეგ არტერია წვება ფრთისებრი ლატერალურ კუნთსა – m. pterygoideus lateralis და საფეთქლის კუნთს – m. temporalis შორის და აღწევს ფრთა – სასის ფოსოში – fossa pterygopalatina, სადაც იყოფა საბოლოო ტოტებად. ზედა ყბის არტერიიდან გამომავალი ტოტები იყოფა სამ ჯგუფად: პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან ტოტები, რომლებიც გამოდიან ზედა ყბის არტერიის ძირითადი ღეროდან. მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან ტოტები, რომლებიც გამოდიან ზედა ყბის არტერიის იმ ნაწილიდან რომელიც მდებარეობს ფრთისებრ ლატერალურ კუნთსა – m. pterygoideus lateralis და საფეთქლის კუნთს – m. temporalis შორის. მესამე ჯგუფს მიეკუთვნებიან ტოტები, რომლებიც გამოდიან არტერიის იმ ნაწილიდან, რომელიც მდებარეობს ფრთა – სასის ფოსოში – fossa pterygopalatina (ზედა ყბის არტერიის ფრთა – სასის ნაწილის ტოტები)

გარეთა საძილე არტერია

ქვედა ყბის ნაწილის ტოტებია:

ურის ღრმა არტერია – a. auricularis profunda, პატარა ტოტია, რომელიც გამოდის ძირითადი ღეროს საწყისი ნაწილიდან, მიიმართება ზემოთ და კვებავს საფეთქელ – ზედაყბის სახსრის სასახსრე კაფსულას, გარეთა სასმენი ლულის ქვემო კიდელსა და დაფის აპკს.

დაფის წინა არტერია – a. tympanica anterior, ხშირად წარმოადგენს ყურის ღრმა არტერიის ტოტს. დაფ – კლდოვანი ნაპრალით – fissura petrotympanica აღწევს დაფის ღრუში და კვებავს მის ლორწოვან გარსს.

კბილბუდეთა ქვემო არტერია – a. alveolaris inferior, საკმაოდ მსხვილი სისხლძარღვია, მიიმართება ქვემოთ, ქვედა ყბის ხვრელის გავლით გადის ქვედა ყბის არხში, სადაც წვება თანამოსახელე ვენასთან და ნერვთან ერთად.
არხში გავლისას არტერია იძლევა ტოტებს: კბილის ტოტები – rr. denåtales (კბილებისაკენ, კბილის ალვეოლებისაკენ, ღრძილის, ქვედა ყბის ღრუბლისებრი ნივთიერებისაკენ);  ა) ყბა – ინის ტოტი – r. mylohyoideus, გამოდის კბილბუდეთა ქვემო არტერიიდან მისი ქვედა ყბის არხში შესვლამდე, წვება ქვედა ყბა – ინის ღარში – sulcus mylohyoideus და სისხლით ამარაგებს ყბა – ინის კუნთსა – m. mylohyoideus და ორმუცელა კუნთის – m. digastricus წინა მუცელს; ბ) ნიკაპის არტერია – a. mentalis, წარმოადგენს კბილბიდეთა ქვედა არტერიის გაგრძელებას; იგი გამოდის ნიკაპის ხვრელით სახეზე, იტოტება, და კვებავს ნიკაპისა და ქვედა ტუჩის მიდამოს და ქმნის ანასტომოზებს ტუჩის ქვემო არტერიისა – a. labialis inferior და ტუჩის ზემო არტერიის – a. submentalis ტოტებთან.
ფრთისებრი ნაწილის ტოტებია:
1. შუა მენინგელური არტერია – a. meningea media – ზედა ყბის არტერიიდან გამომავალი ყველაზე მსხვილი სიხლძარღვია; მიიმართება ზემოთ, წვეტიანი ხვრელით შედის ქალას ღრუში, სადაც იყოფა შუბლისა და თხემის ტოტებად (rr. frontalis et parietalis). ეს უკანასკნელი ტვინის მაგარის გარსის გარეთა ზედაპირზე მიემართება ქალას ძვლების არტერიების ღარებში – suici arteriosi, კვებავს მათ, ასევე გარსის საფეთქლის, შუბლის და თხემის ნაწილებს. თავის გზაზე შუა მენინგეალური არტერია – a. meningea media იძლევა შემდეგ ტოტებს: ა) დამატებითი მენინგეალური ტოტი – r. meningeus accessories, გამოდის ძირითადი ღეროდან, ჯერ კიდევ ქალაში შესვლამდე, კვებავს ფრთისებრ კუნთებს, სასმენ ლულას, სასის კუნთებს, ოვალური ხვრელის გავლით შედის ქალას ღრუში და კვებავს სამწვერა კვანძს – ganglion trigeminale; ბ) დაფის ზემო არტერია – a. tympanica superior, მცირე კლდოვანი ნერვის არხის ნაპრალით – hiatus canalis n. petrosi minoris შედის დაფის ღრუში, კვებავს მის ლორწოვან გარსს. გ) კლდოვანი ტოტი – ramus petrosus, იწყება წვეტიანი ხვრელიდან ზემოთ, მიემართება ლატერალურად და უკან, შედის დიდი კლდოვანი ნერვის არხის ნაპრალში – hiatus canalis n. petrosi majoris, სადაც ქმნის ანასტომოზს ყურის უკანა არტერიის ტოტთან – სადგის – დვრილისებრ არტერიასთან – a. stylomastoidea.

2. საფეთქლის ღრმა არტერიები – aa.. temporales profundae, ძირითადი ღეროდან მიიმართებიან საფეთქლის ფოსოში და კვებავენ საფეთქლის კუნთის ღრმა და ქვემო ნაწილებს.

3. საღეჭი არტერია – a. masseterica, ზოგჯერ იწყება საფეთქლის უკანა ღრმა არტერიიდან, ქვედა ყბის ნაჭდევის გავლით გადის ქვედა ყბის გარეთა ზედაპირზე, მიდის საღეჭ კუნთამდე და კვებავს მას.

4. კბილბუდეთა ზემო უკანა  არტერია – a. alveolaris superior posterior, იწყება ზედა ყბის ბორცვთან ახლოს ერთი, ან ორი – სამი ტოტით, მიიმართება ზემოთ, კბილბუდეთა ხვრელების –  foramina alveolaria გავლით გადის ზედა ყბის თანამოსახელე არხებში და აღწევს ზედა ყბის დიდი ძირითადი კბილების ფესვებს და ღრძილებს.
5. ლოყის არტერია – a. buccalis, პატარა სისხლძარღვია, მიიმართება წინ და ქვემოთ, წვება ლოყის კუნთზე, კვებავს მას, პირის ღრუს ლორწოვან გარსს, ღრძილებს ზედა კბილების მიდამოში და მიმდებარე მიმიკურ კუნთებს. ლოყის არტერია ქმნის ანასტომოზს სახის არტერიასთან.
6. ფრთისებრი ტოტები – rr. pterygoidei, ასეთი ტოტი 2 – 3, მიიმართებიან ფრთისებრი ლატერალური და ფრთისებრი მედიალური კუნთებისაკენ.

გარეთა საძილე არტერია

ფრთა – სასის ნაწილიდან გამოდის:

1. თვალბუდის ქვემო არტერია – a. infraorbitalis, თვალბუდის ქვემო ნაპრალის გავლით შედის თვალბუდეში და წვება თვალბუდის ქვედა ღარში – sulcus infraorbitalis; შემდეგ გაივლის თანამოსახელე არხს, ქვედა ყბის ხვრელით – foramen infraorbitale გამოდის სახის ზედაპირზე და იტოტება, გზავნის საბოლოო ტოტებს სახის თვალბუდის მიდამოს ქსოვილებისაკენ. თავის გზაზე თვალბუდის არტერია იძლევა ტოტებს: ა) თვალბუდის ტოტები, რომლებიც კვებავენ თვალის კაკლის კუნთებს – m. rectus inferior და m.. obliquus inferior; ბ) კბილბუდეთა ზემო წინა არტერიები – aa.. alveolares superiores anteriores, რომლებიც არხებით მიემართებიან ზედა ყბის წიაღის გარეთა კედელში და უერთდებიან კბილბუდეთა ზემო უკანა არტერიის – a. alveolaris superior posterior ტოტებს; კვებავენ ზედა ყბის კბილებს, ღრძილებსა და ზედა ყბის წიაღის ლორწოვან გარსს.
2.     სასის დასწვრივი არტერია – a. palatina descendens, თავდაპირველად იძლევა ტოტს – ფრთისებრი არხის არტერიას – a. canalis pterygoidei, რომელიც ამ არხით აღწევს სასმენ ლულამდე, თვითონ კი მიიმართება ქვემოთ, გაივლის სასის დიდ არხს – canalis palatinus major და იყოფა სასის მცირე და დიდ არტერიებად – aa.. palatinae minores et major. სასის მცირე არტერიები გადიან სასის მცირე ხვრელში – foramina palatina minora და კვებავენ რბილი სასის ქსოვილებსა და სასის ნუშს. სასის დიდი არტერია არხიდან გამოდის სასის დიდი ხვრელით – foramen palatinum majus, წვება მაგარი სასის ღარში – sulcus palatinus, მიიმართება წინისაკენ და სისხლით ამარაგებს მის ლორწოვან გარსს, ჯირკვლებს, ღრძილებს და შემდგომ საჭრელი რხით – canalis incisivus გადის ზემოთ და ქმნის ანასტომოზს ცხვირის ძგიდის უკანა არტერიასთან – a. nasalis posterior septi.

3. სოლისებრ – სასის არტერია – a. sphenopalatina – ზედა ყბის არტერიის ბოლო სისხლძარღვია. იგი სოლისებრ – სასის ხვრელით – foramen sphenopalatinum გადის ცხვირის ღრუში და იძლევა აქ ტოტებს: ა) ყველაზე ზემო ხახის არტერია მიიმართება ხახის ზემო კიდისაკენ, კვებავს მას, ქმნის ანასტომოზს ხახის ასწვრივ არტერიასთან – a. pharyngea ascendens. ბ) ცხვირის უკანა გვერდითი არტერიები – aa.. nasales posteriores laterales სკმაოდ მსხვილი ტოტებია; კვებავენ შუა და ქვემო ნიჟარების ლორწოვან გარსს, ცხვირის ღრუს გვერდით კედელს და მთავრდებიან შუბლისა და ზედა ყბის წიაღების ლორწოვან გარსებში. გ) ცხვირის ძგიდის უკანა არტერია – a. nasalis posterior septi იყოფა ორ ტოტად (ზედა და ქვედა); სისხლით ამარაგებს ცხვირის ძგიდის ლორწოვან გარსს. ეს არტერია მიიმართება წინისაკენ, ქმნის ანასტომოზს საჭრელი არხის მიდამოში სასის დიდ არტერიასთან და ზედა ტუჩების არტერიასთან.

საფეთქლის ზედაპირული არტერია – a. temporalis superficialis, გარეთა საძილე არტერიის მეორე საბოლოო ტოტია და წარმოადგენს მის გაგრძელებას; იწყება ქვედა ყბის ყელთან. მიიმართება თავდაპირველად ზემოთ, გაივლის ყბა-ყურა ჯირკვალში, შემდეგ წვება კანის ქვეშ ზედაპირულად და მიჰყვება ყვრიმალის რკალს. ამ რკალის ზემოთ არტერია იყოფა საბოლოო ტოტებად: შუბლის ტოტად – r. frontalis და თხემის ტოტად – r. parietalis. თავის გზაზე ის იძლევა შემდეგ ტოტებს:

ყბა-ყურა ჯირკვლის ტოტები – rr. parotidei, (2 – 3) კვებავენ ყბა-ყურა ჯირკვალს;

სახის განივი არტერია – a. transversa faciei თავდაპირველად მდებარეობს ყბა-ყურა ჯირკვალში, კვებავს მას, შემდეგ გაივლის ჰორიზონტალურად საღეჭი კუნთის – m. masseter ზედაპირზე, ყვრიმალის რკალის ქვემო კიდესა და ყბა-ყურა სადინარს შორის, გზავნის ტოტებს მიმიკური კუნთებისაკენ და ქმნის ანასტომოზს სახის არტერიის ტოტებთან.
ყურის წინა ტოტები – rr. auriculares anteriores, (2 – 3) მიიმართებიან ყურის ნიჟარის წინა ზედაპირისაკენ, კვებავენ მის კანს, ხრტილსა და კუნთებს.
საფეთქლის შუა არტერია – a. temporalis media, მიიმათება ზემოთ, ხვრეტს საფეთქლის ფასციას ყვრიმალის რკალს ზემოთ, შედის საფეთქლის კუნთში და კვებავს მას.

ყვრიმალ – თვალბუდის არტერია – a. zygomaticoorbitalis, მიიმართება ყვრიმალის რკალის ზემოთ წინ და ზემოთ, აღწევს თვალის ირგვლივ კუნთს – m. orbicularis oculi. არტერია კვებავს მიმიკურ კუნთებსა და ქმნის ანასტომოზს სახის განივ არტერიასთან, შუბლის ტოტთან და საცრემლე არტერიასთან – a. lacrimalis.
შუბლის ტოტი – r. frontalis, საფეთქლის ზედაპირული არტერიის ერთ – ერთი საბოლოო ტოტია; მიიმართება წინისაკენ და ზემოთ და კვებავს venter frontalis m. occipitofrontalis, m. orbicularis oculi, galea aponeurotica და შუბლის კანს.

თხემის ტოტი – r. parietalis, საფეთქლის ზედაპირული არტერიის მეორე საბოლოო ტოტია. იგი მიიმართება ზემოთ და უკან, წვება ფასციის ქვეშ, კვებავს საფეთქლის მიდამოს კანს, ქმნის ანასტომოზს მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე ტოტთან.

 

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.