მენჯის ვენები

ადამიანის ნორმალური ანატომია. მენჯის ვენები

მენჯის ღრუს ორგანოებიდან და კედლებიდან ვენური სისხლი გროვდება ორ მსხვილ ვენურ სისხლძარღვში  რომლებიც ერთდებიან და წარმოქმნიან თეძოს საერთო ვენას. >>>>

ლალი დათეშიძე

მენჯის ღრუს ორგანოებიდან და კედლებიდან ვენური სისხლი გროვდება ორ მსხვილ ვენურ სისხლძარღვში: თეძოს შიგნითა ვენაში – v. iliaca interna, და თეძოს გარეთა ვენაში – v. iliaca externa, რომლებიც ერთდებიან და წარმოქმნიან თეძოს საერთო ვენას – v. iliaca communis.

მენჯის ვენები


I. თეძოს საერთო ვენა – v. iliaca communis, წყვილი სისხლძარღვია; იწყება გავა-თეძოს სახსრის – Articulatio sacroiliaca დონეზე, თეძოს შიგნითა და გარეთა ვენების v. iliaca extema და v. i liaca interna შეერთების შედეგად. ორივე ვენა მიემართება ზემოთ და მედიალურად, წელის IV და V მალების ხრტილის დონზე უერთდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან ქვემო ღრუ ვენას – v. cava inferior. მარჯვება თეძოს საერთო ვენა უფრო მოკლეა მარცხენაზე. მარცხენა თეძოს საერთო ვენა ღებულობს გავის შუა ვენას – v. sacralis mediana, რომელიც მიემართება გავის მენჯისმხრივ ზედაპირზე, თანამოსახლე არტერიასთან ერთად. იგი უერთდება გავის ლატერალური ვენების ტოტებს და წარმოქმნის გავის ვენურ წნულს – plexus venosus sacralis. იგი ქმნის ანასტომოზურ კავშირს სწორი ნაწლავის ვენურ წნულთან – plexus venosus rectalis, და ბუშტის ვენურ წნულთან – plexus venosus vesicalis. თეძოს საერთო ვენას ხშირად უერთდება თეძო – წელის ვენა – v. iliolumbalis.

II. თეძოს გარეთა ვენა – v. iliaca externa, წარმოადგენს ბარძაყის ვენის – v. femoralis გაგრძელებას და თავის საწყის ნაწილში აქვს ერთი, ან ორი სარქველი. იგი მდებარეობს საზარდულის იოგიდან – Lig. inguinale გავა – თეძოს სახსრამდე; ვენა იმეორებს თანამოსახელე არტერიის გზას, და მოთავსებულია ამ უკანასკნელის შიგნით. თეძოს გარეთა ვენა აღწევს გავა – თეძოს სახსარს – Articulatio sacroiliaca, უერთდება თეძოს შიგნითა ვენას და, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, წარმოქმნის თეძოს საერთო ვენას. თავის გზაზე თეძოს გარეთა ვენას უერთდება შემდეგი ვენები:

1. ქვემო ეპიგასტრული ვენები – vv. epigastricae inferiores,- წყვილია, მიყვებიან თანამოსახელე არტერიას; აგროვებენ სისხლს მუცლის წინა კედლის ქვემო ნაწილებიდან და ქმნიან ანასტომოზს ზემო ეპიგასტრულ ვენებთან – vv. epigastricae superiores, ასევე პარაუმბილიკალურ [ჭიპისახლო] ვენებთან – vv. paraumbilicales, და დამხურავ ვენებთან – vv. obturatoriae.

2. თეძოს ღრმა შემომხვევი ვენა – v. circumflexa ilium profunda, მიემართება თანამოსახელე არტერიასთან ერთად, აგროვებს სისხლს მუცლის კედლის ქვემო ნაწილის გვერდებიდან.

III. თეძოს შიგნითა ვენა – v. iliaca interna, – მსხვილი სისხლძარღვია, მდებარეობს თანამოსახელე არტერიის უკან და წარმოიქმნება დიდი საჯდომის ხვრელის – Foramen ischiadicum majus ზემო კიდის დონეზე იმ ვენების შეერთებით, რომელთაც სისხლი მოაქვთ მენჯის ორგანოებიდან და კედლებიდან. თეძოს შიგნითა ვენა აყვება მენჯის გვერდით კედელს ზემოთ და სასაზღვრო ხაზთან – Linea terminalis, გავა-თეძოს სახსრის წინა ზედაპირზე, უერთდება თეძოს გარეთა ვენას. თეძოს შიგნითა ვენის წარმომქმნელი ვენები იყოფა ორ ჯგუფად: პარიეტულ და ვისცერულ ტოტებად.

თეძოს შიგნითა ვენის პარიეტული ვენებია:

1. თეძო – წლის ვენა – v. iliolumbalis, ზოგჯერ ორმაგია, ახლავს თანამოსახელე არტერიას და აგროვებს სისხლს მალთაშუა ვენებიდან – V. intervertebralis, წელის ვენიდან და თეძოს ფოსოს – Fossa iliaca კედლებიდან. თეძო – წელის ვენა ხშირად უერთდება თეძოს საერთო ვენას. იგი ეანასტომოზება თეძოს ღრმა შემომხვევ ვენას – v. circumflexa ilium profunda, ასევე გავის ლატერალურ ვენებს – vv. sacrales laterales და წელის ასწვრივ ვენას – v. lumbalis ascendens.

მენჯის ვენები

2. ზემო დუნდულოვანი ვენები – vv. gluteae superiores, აგროვებენ სისხლს დუნდულა მიდამოს ზემო ნაწილებიდან; ზემო მსხლისებრი ხვრელის გავლისას მის ირგვლივ წარმოქმნიან წნულს.

3. ქვემო დუნდულოვანი ვენები – vv. gluteae inferiores, მიემართებიან თანამოსახელე არტერიებთან ერთად, აგროვებენ სისხლს დიდი დუნდულა კუნთიდან – m. gluteus maximus, ასევე საჯდომი ნერვის თანამგზავრი არტერიის – A. comitans n. ischiadici თანმხლები ვენებიდან და ბარძაყის კუნთებიდან. თავის გზაზე ისინი ეანასტომოზებიან პირველ გამგმირავ ვენას – v. perforans (prima), და ბარძაყის მედიალურ შემომხვევ ვენას – v. circumflexa femoris medialis.

4. დამხურავი ვენა – v. obturatoria, იმეორებს დამხურავი არტერიის გზას; იგი ეანასტომოზება თეძოს გარეთა ვენას, და ბარძაყის მედიალურ შემომხვევ ვენას.

5. გავის ლატერალური ვენები – vv. sacrales laterales, მიყვებიან თანამოსახელე არტერიას, ღებულობენ ზურგის ტვინის ვენებს – vv. spinales, რომლებიც გამოდიან გავის ძვლის მენჯისმხრივი ხვრელებიდან – Foramina sacralia pelvina, ეანასტომოზებიან გავის შუა ვენას და გავის მენჯისმხრივ ზედაპირზე წარმოქმნიან გავის ვენურ წნულს – plexus venosus sacralis.

თეძოს შიგნითა ვენის ვისცერული ვენები:

1. შიგნითა სასირცხო ვენა – v. pudenda interna, ხშირად ორმაგია, ახლავს თანამოსახელე არტერიას. ბოლო ნაწილებში ზოგჯერ უერთდება ქვემო დუნდულოვან ვენას. იწყება ბოქვენის სიმფიზის ქვეშ, აქ უერთდება ასოს (სავნებოს) დორსალურ ღრმა ვენას – v. dorsalis penis profunda (clitoridis), და ასოს (სავნებოს) ღრმა ვენებს – vv. profundae penis (clitoridis). თავის გზაზე შიგნითა სასირცხო ვენას უერთდება შიგნითა სასირცხო არტერიის ტოტების შესაბამისი ვენები. მათ მიეკუთვნება: ა) შარდსადენის ვენები; ბ) ასოს ბოლქვის ვენები – vv. bulbi penis (ქალებში – საშოს კარიბჭის ბოლქვის ვენები – vv. bulbi vestibuli); გ) სათესლე პარკის უკანა ვენები – vv. scrotales posteriores (ქალებში – სასირცხო ბაგეების უკანა ვენები – vv. labiales posteriores); დ) შორისის ვენები; ე) სწორი ნაწლავის ქვემო ვენები – vv. rectales inferiores. შიგნითა სასირცხო ვენა შიგნითა სასირცხო არტერიასთან – a. pudenda interna ერთად მსხლისებრი ხვრელით შედის მცირე მენჯის ღრუში.

2. შარდის ბუშტის ვენური წნული – plexus venosus vesicalis, – მენჯის ვენურ წნულებს შორის ყველაზე კარგადაა განვითარებული. იგი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემო ნაწილში და მამაკაცებში გადადის წინამდებარეს ვენურ წნულში – plexus venosus prostaticus, ქალებში კი – შარდსადენის დასაწყის ნაწილზე, სადაც უერთდება საშოს ვენურ წნულს – plexus venosus vaginalis. წნული ღებულობს სისხლს: მამაკაცებში – შარდის ბუშტიდან, თესლის გამომტანი სადინრებიდან, სათესლე ბუშტუკებიდან და წინამდებარე ჯირკვლიდან. ქალებში – შარდის ბუშტიდან, შარდსადენის დასაწყისი ნაწილიდან და საშოდან.

შარდის ბუშტის ვენური წნული ქმნის ფართო ანასტომოზს: წინამდებარეს ვენურ წნულთან – plexus venosus prostaticus; საშვილოსნოს ვენურ წნულთან – plexus venosus uterinus; საშოს ვენურ წნულთან – plexus venosus vaginalis, სწორი ნაწლავის ვენურ წნულთან – plexus venosus rectalis, ასევე შიგნითა სასირცხო ვენასთან – v. pudenda interna, ქვემო დუნდულოვან ვენასთან – v. glutea inferior, ზემო დუნდულოვან ვენასთან – v. glutea superior, დამხურავ ვენასთან – v. obturatoria.  წნულიდან სისხლის შარდის ბუშტის ვენებით – vv. vesicates შედის თეძოს შიგნითა ვენის სისტემაში.

3. წინამდებარეს ვენური წნული – plexus venosus prostaticus, კენტია, მდებარეობს ბოქვენის სიმფიზის – Symphysis pubica უკან, და წინამდებარე ჯირკვლის – Prostata წინ. წნული ღებულობს წინამდებარე ჯირკვლიდან, შარდის ბუშტის ქვემო ნაწილიდან, შარდსადენიდან, შარდის ბუშტის წინა სივრცის შემაერთებელი ქსოვილიდან გამომავალ პატარა ვენებს, ასევე მსხვილ ვენებს – ასოს დორსალურ ღრმა ვენას – V. dorsalis penis profunda, და ნაწილობრივ ასოს ღრმა ვენებს – vv. profundae penis: ა) ასოს დორსალური ღრმა ვენა – V. dorsalis penis profunda (V. dorsalis clitoridis profunda) იწყება ასოს თავის გვირგვინის – corona glandis მიდამოში თავის, ჩუჩის ვენებიდან, წვება ასოს დორსალურ ღარში – sulcus dorsaiis penis, და თავის გზაზე ღებულობს ვენებს ასოს (სავნებოს – Clitoris) კანიდან, მისი მღვიმოვანი სხეულებიდან და სათესლე პარკიდან (სასირცხო ბაგეებიდან); ბ) ასოს ღრმა ვენებს – Vv. profundae penis (cliioridis), სისხლი გამაქვთ ასოდან (კლიტორიდან), გამოდიან ასოს  ფეხების – Crus penis შიგნითა ზედაპიზე, შემოუვლიან ბოქვენის ძვლის ქვემო ტოტს, უერთდებიან წინამდებარე ვენურ წნულსა და შარდის ბუშტის ვენურ წნულს (ქალებში); წინამდებარეს ვენური წნულიდან – Plexus venosus prostaticus სისხლი გადადის თეძოს შიგნითა ვენაში – v. iliaca interna, შიგნითა სასირცხო ვენაში – v. pudenda interna, ასევე შარდის ბუშტის წნულში – plexus vesicalis და შარდის ბუშტის ვენებში – vv. vesicales.

4. სწორი ნაწლავის წნული – plexus venosus rectalis, იყოფა სწორი ნაწლავის შიგნითა და გარეთა წნულებად: ა) სწორი ნაწლავის შიგნითა წნული მოთავსებულია სწორი ნაწლავის ლორწქვეშა ქსოვილში და ყითას მიდამოს კანქვეშ; ბ) სწორი ნაწლავის გარეთა წნული მდებარეობს სწორი ნაწლავის კუნთოვანი გარსის ზედაპირზე შემაერთებელ ქსოვილში. შიგნითა წნულიდან სისხლი პატარა ვენებით, რომლებიც ხვრეტენ ნაწლავის კუნთოვან გარსს, მიემართება სწორი ნაწლავის გარეთა წნულში. აქედან სისხლის გაედინება სამი გზით: სწორი ნაწლავის ზემო ნაწილებიდან – სწორი ნაწლავის ზემო ვენით – v. rectalis superior, გადის ჯორჯლის ქვემო ვენაში – v. mesenterica inferior; სწორი ნაწლავის შუა ნაწილიდან – სწორი ნაწლავის შუა ვენებით – Vv. rectales mediae, რომლებსაც გზაზე უერთდება შარდის ბუშტის ვენები, წინამდებარეს ვენები და სათესლე ბუშტუკების ვენები (ქალებში – საშოსა და საშვილოსნოს), და შედიან თეძოს შიგნითა ვენაში. სწორი ნაწლავის ქვემო ნაწილიდან  – სწორი ნაწლავის ქვემო ვენებით – Vv. rectales inferiores შიგნითა სასირცხო ვენაში – v. pudenda interna.

5. საშვილოსნოს ვენური წნული – Plexus venosus uterinus, მდებარეობს საშოს უკანა და გვერდითი კედლების მიდამოში და საშვილოსნოს გვერდით პერიფერიაზე, ასევე პარამეტრიუმში; უკავშირდება გარეთა სასქესო ორგანოების ვენებს, სწორი ნაწლავის, შარდის ბუშტის ვენურ წნულებს, ასევე მტევნისებრი წნულს – Plexus pampiniformis; ამ წნულს სისხლი მოაქვს საშოდან, საშვილოსნოდან, საშვილოსნოს ლულიდან და საშვილოსნოს განიერი იოგიდან – Lig. latum uteri. საშვილოსნოდან სისხლი გაედინება: საშვილოსნოს ფსკერიდან და მისი ზემო ნაწილიდან – საშვილოსნოს ვენებით, საშვილოსნოს მრგვალი და განიერი იოგის ვენებთან ერთად, საკვერცხის მტევნისებრ წნულში – Plexus pampiniformis; საშვილოსნოს სხეულის ქვემო ნაწილიდან და საშვილოსნოს ყელის ზემო ნაწილიდან – თეძოს შიგნითა ვენაში; საშვილოსნოს ყელის ქვემო ნაწილიდან და საშოდან – ასევე თეძოს შიგნითა ვენაში (შიგნითა სასირცხო ვენის – V. pudenda interna გავლით).

6. საშოს ვენური წნული – Plexus venosus vaginalis სისხლს აგროვებს საშოს კედლებიდან და უკავშირდება საშვილოსნოს ვენურ წნულს – Plexus venosus uterinus.

 

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.