ქვემო ღრუ ვენა

ადამიანის ნორმალური ანატომია. ქვემო ღრუ ვენა Vena cava inferior; Inferior vena cava

ქვემო ღრუ ვენა – ადამიანის სხეულის ყველაზე მსხვილი ვენური სისხლძარღვი. სისხლი მოაქვს ქვემო კიდურებიდან, მენჯის ღრუსა და მუცლის ღრუს ორგანოებიდან და კედლებიდან >>>>

ლალი დათეშიძე

ქვემო ღრუ ვენა – v. cava inferior, ადამიანის სხეულის ყველაზე მსხვილი ვენური სისხლძარღვია. იგი ღებულობს სისხლს ქვემო კიდურებიდან, მენჯის ღრუსა და მუცლის ღრუს ორგანოებიდან და კედლებიდან.

ქვემო ღრუ ვენა

ქვემო ღრუ ვენა იწყება წელის IV-V მალების დონეზე, მარჯვენა და მარცხენა თეძოს საერთო ვენების – vv. iliacae communes dextra et sinistra შეერთების შედეგად. ადის ზევით, ხერხემლის მარჯვნივ, მიყვება მალების გვერდით ზედაპირს ღრუ ვენისეული ხვრელისაკენ – foramen venae cavae. ქვემო ღრუ ვენის მარცხენა კიდე საკმაოდ დიდ მანძილზე ეხება აორტას. ვენის უკანა ზედაპირი ესაზღვრება თავდაპირველად მარჯვენა სუკის დიდ კუნთს – m. psoas major dexter, შემდეგ შუასაძგიდის მარჯვენა ფეხს. ვენის უკან მდებარეობს წელის მარჯვენა არტერიები – aa.. lumbales dextrae, და მარჯვენა თირკმლის არტერია – a. renalis dextra. აღნიშნული არტერიის დონეზე ვენა გაფართოებულია, გადახრილია მარჯვნივ, მიემართება მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვლის მედიალური კიდის წინ და წვება ღვიძლის უკანა ზედაპირზე, ქვემო ღრუ ვენის ღარში. შემდეგ ვენა გაივლის შუასაძგიდის ღრუ ვენისეულ ხვრელში – foramen venae cavae, ხვდება პერიკარდიუმში და მაშინვე შედის მარჯვენა წინაგულში – atrium dextrum. ქვემო ღრუ ვენის წინ, ქვემოდან ზემოთ განლაგებულია: წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ფესვი და მარჯვენა სათესლის არტერია – a. testicularis, შემდეგ თორმეტგოჯა ნაწლავის ჰორიზონტალური ნაწილი, რომლის თავზეც მდებარეობს პანკრეასის თავი და, ნაწილობრივ, თორმეტგოჯა ნაწლავის დასწვრივი ნაწილი. კიდევ უფრო ზემოთ მოთავსებულია განივი კოლინჯის ჯორჯლის ფესვი. ვენის ყველაზე ზემო ბოლო მცირედ გაფართოებულია და სამი მხრიდან გარშემორტყმულია ღვიძლით. ქვემო ღრუ ვენის წინა ზედაპირის უბნები, დაწყებული ქვემოდან,- მისი წარმოქმნის ადგილიდან, და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ფესვის დონემდე, ასევე ზემოთ, განივი კოლინჯის ჯორჯლის ფესვის დონიდან ღვიძლის ქვემო კიდემდე, დაფარულია პერიტონეუმით.

ქვემო ღრუ ვენა ღებულობს ორი ჯგუფის ტოტებს: პარიეტულსა და ვისცერულს.

ქვემო ღრუ ვენის პარიეტული ტოტებია:

1. წელის ვენები (III-IV) – vv. lumbales (III-IV),- ორ – ორი მარჯვნივ და მარცხნივ, მიემართებიან მუცლის კედლის კუნთებს შორის, ნეკნთაშუა ვენების მსგავსად; მოთავსებულნი არიან წელის არტერიების – aa.. lumbales ზემო კიდის გასწვრივ, და იმეორებენ წელის არტერიების გზას. წელის ვენების ღეროები გამოდიან სუკის დიდი კუნთის მედიალური კიდიდან, მიემართებიან ხერხემლის სვეტის წინა ზედაპირზე, ქვემო ღრუ ვენისაკენ და უერთდებიან მას უკანა კედლის მიდამოში. წელის ვენებს აქვთ  მცირე რაოდენობით სარქველები; ისინი ერთდებიან  ვერტიკალურად მიმავალი ანასტომოზებით, რომლებიც წარმოქმნიან  წელის მარცხენა ასწვრივ ვენას – v. lumbalis ascendens sinistra, და წელის მარჯვენა ასწვრივ ვენას – v. lumbalis ascendens dextra. მარცხენა ვენები უფრო გრძელია მარჯვენაზე, ვინაიდან ქვემო ღრუ ვენა მდებარეობს ხერხემლის მარჯვნივ.

2. შუასაძგიდის ქვემო ვენა – v. phrenica inferior, წყვილია, მიემართება თანმოსახელე არტერიის ტოტებთან ერთად შუასაძგიდის ქვემო ზედაპირზე და შედის ქვემო ღრუ ვენაში.

ქვემო ღრუ ვენის ვისცერული ტოტებია:

1. სათესლის ვენა – v. testicularis, იწყება სათესლე პარკში სათესლეს საკუთარი ვენებით; ეს უკანასკნელნი გამოდიან სათესლის უკანა ზედაპიზე, უერთდებიან სათესლეს დანამატის ვენებს და ქმნიან ღეროებს, რომლებიც ეანასტომოზებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან მტევნისებრ წნულს – Plexus pampiniformis. ეს წნული ახლავს სათესლეს არტერიას საზარდულის არხში – Canalis inguinalis. საზარდულის  ღრმა რგოლთან მიახლოებასთან ერთად, სისხლძარღვთა რაოდენობა წნულში თანდათანობით კლებულობს, და საბოლოოდ მუცლის ღრუში შედის მხოლოდ ორი ღერო. ეს უკანასკნელნი მიემართებიან რეტროპერიტონეულად ზემოთ და გავა-თეძოს სახსრის – articulatio sacroiliaca დონეზე ერთდებიან და წარმოქმნიან ერთ ღეროს – სათესლის ვენას – v. testicularis. მარჯვენა სათესლის ვენა – v. testicularis dextra, მიემართება ზემოთ და ერთვის უშუალოდ ქვემო ღრუ ვენას, მარცხენა – ერთვის მარცხენა თირკმლის ვენას – v. renalis. ქალებში საკვერცხის ვენა – v. ovarica, შეესაბამება მამაკაცებში სათესლის ვენას – v. testicularis. იგი იწყება საკვერცხის გარსის მიდამოში, ჯორკვლის ქსოვილიდან გამომავალი მრავალრიცხოვანი ვენებით. აღნიშნული ვენები საკვერცხის ჯორჯალში წარმოქმნიან საკვერცხის წნულს. ეს წნული გადადის განიერი იოგის სისქეში და მას მტევნისებრი წნული – Plexus pampiniformis (ovarii). ეწოდება. ეს წნული მოთავსებულია საშვილოსნოს განიერი იოგის – Lig. latum uteri ფურცლებს შორის, ქმნის ანასოტომოზურ კავშირს საშვილოსნოს ვენურ წნულთან – plexus venosus uterinus, და საშვილოსნოს ლულის ტოტებთან. მტევნისებრი წნული გრძელდება საკვერცხის ვენაში – v. ovarica, რომელიც თანამოსახელე არტერიასთან ერთად გაივლის საკვერცხის საკიდ იოგს – lig. suspensorium ovarii, შემდეგ რეტროპერიტონეულად მიემართება ზემოთ.

2. თირკმლის ვენა – v. renalis,  წარმოიქმნება თირკმლის კარის მიდამოში, თირკმლის კარიდან გამომავალი 3-4, ზოგჯერ მეტი ვენის შერწყმით. თირკმლის ვენები მიემართებიან თირკმლის კარიდან მედიალურ მხარეზე და სწორი კუთხით ერთვიან ქვემო ღრუ ვენას წელის I და II მალების მალთაშუა ხრტილების დონეზე (მარცხენა უფრო ზემოთ, ვიდრე მარჯვენა). თირკმლის ვენები ღებულობენ ვენებს თირკმლის ცხიმოვანი კაფსულიდან – Capsula adiposa და შარდსაწვეთიდან. თირკმლის მარცხენა  ვენა – v. renalis sinistra, გრძელია მარჯვენაზე; იგი ღებულობს თირკმელზედა ჯირკვლის მარცხენა ვენას – v. suprarenalis sinistra და სათესლეს ვენას – v. testicularis და გადაუვლის წინიდან აორტას. თირკმლის ვენები ქმნიან ანასოტომოზურ კავშირს წელის ვენებთან – vv. lumbales, ასევე კენტ და ნახევრად კენტ ვენებთან – v. azygos et v. hemiazygos.

3. თირკმელზედა ჯირკვლის ვენები – vv. suprarenales, წარმოიქმნებიან თირკმელზედა ჯირკვლიდან გამომავალი პატარა ვენებიდან. თირკმლზედა ჯირკვლის მარცხენა ვენები – vv. suprarenales sinistrae, ერთვიან თირკმლის მარცხენა ვენას – v. renalis sinistra; ხოლო თირკმელზედა ჯირკვლის მარჯვენა ვენები – vv. suprarenales dextrae, უფრო ხშირად ერთვიან ქვემო ღრუ ვენას – v. cava inferior, ზოგჯერ თირკმლის მარჯვენა ვენას – v. renalis dextra; გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი ერთვის შუასაძგიდის ქვემო ვენებს – Vv. phrenicae inferiores.

4. ღვიძლის ვენები – vv. hepaticae, ბოლო ტოტებია, რომლებსაც ღებულობს ქვემო ღრუ ვენა მუცლის ღრუში და საერთოდ, მისი მარჯვენა წინაგულში შესვლამდე. ღვიძლის ვენები აგროვებენ სისხლს კარის ვენისა და ღვიძლის არტერიის კაპილარული სისტემიდან. ისინი გამოდიან ღვიძლიდან ქვემო ღრუ ვენის ღარის – Sulcus venae cavae მიდამოში და მაშინვე ერთვიან ქვემო ღრუ ვენას. ღვიძლის ვენები ღებულობენ ღვიძლის მცირე და დიდ ვენებს. ღვიძლის მსხვილ ვენებს მოაქვთ სისხლი: ღვიძლის მარჯვენა წილიდან – ღვიძლის მარჯვენა ვენა – v. hepatis dextrae; კვადრატული და კუდიანი წილებიდან – ღვიძლის შუა ვენა – v. hepatis mediae და ღვიძლის მარცხენა წილიდან – ღვიძლის მარცხენა ვენა – v. hepatis sinistrae. ეს უკანასკნელი ქვემო ღრუ ვენაში შესვლამდე უერთდება ვენურ იოგს – Lig. venosum.

 

 

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.