ნეკნთაშუა ვენები

ადამიანის ნორმალური ანატომია. ნეკნთაშუა ვენები Venae intercostales; Intercostal veins

ნეკნთაშუა წინა და უკანა ვენები მიყვებიან ნეკნთაშუა არტერიების ტოტებს. ნეკნთაშუა წინა ვენები  მოთავსებულნი არიან ზემო 9 – 10 ნეკნთაშუა სივრცეში და უერთდებიან  გულმკერდის შიგნითა მარჯვენა და მარცხენა ვენას. >>>>

ლალი დათეშიძე

ნეკნთაშუა წინა და უკანა ვენები – vv. intercostales anteriores et posteriores – მარჯვენა და მარცხენა – თავისი ტოტებით მიყვებიან ნეკნთაშუა არტერიების ტოტებს. ნეკნთაშუა წინა ვენები – vv. intercostales anteriores მოთავსებულნი არიან ზემო 9 – 10 ნეკნთაშუა სივრცეში – Spatium intercostale და უერთდებიან  გულმკერდის შიგნითა მარჯვენა და მარცხენა ვენას – v. thoracica interna dextra et sinistra.

374

ნეკნთაშუა უკანა ვენები – vv. intercostales posteriores განლაგებულნი არიან თითოეულ ნეკნთაშუა სივრცეში, ნეკნთაშუა შიგნითა და გარეთა კუნთებს შორის. აქ თითოეული ნეკნთაშუა ვენა ნეკნთაშუა არტერიასთან და ნეკნთაშუა ნერვთან – n. intercostalis, ერთად წარმოქმნის ნეკნთაშუა ნერვულ – სისხლძარღვოვან კონას. XII ნეკნის ქვემო კიდის გასწვრივ მიმავალ ვენურ სისხლძარღვს ნეკნქვეშა ვენა – v. subcostalis ეწოდება. ვენები, რომლებსაც სისხლის გამოაქვთ ზედა ნეკნთაშუა სივრცეებიდან, ერთდებიან და წარმოქმნიან ნეკნთაშუა ზემო მარჯვენა და მარცხენა ვენებს – vv. intercostales superiores dextra et sinistra.

ნეკნთაშუა ზემო მარჯვენა ვენა – v. intercostalis superior dextra, სისხლს კრებს 3 ზემო ნეკნთაშუა სივრციდან (I – III) და ერთვის კენტ ვენას.

ნეკნთაშუა ზემო მარცხენა ვენას – v. intercostalis superior sinistra სისხლი გამოაქვს პირველი ნეკნთაშუა სივრციდან და ერთვის მარცხენა მხარ – თავის ვენას. 9 – 10 ნეკნთაშუა ზემო უკანა ვენები – vv. intercostales posteriores, წინა ნეკნთაშუა მიდამოში უერთდებიან ნეკნთაშუა წინა ვენებს – vv. intercostales anteriores, დანარჩენი ნეკნთაშუა უკანა ვენები და ნეკნქვეშა ვენა არ უერთდება გულმკერდის შიგნითა ვენას. თითოეული ნეკნთაშუა უკანა ვენა უკანა ნეკნთაშუა არეში ღებულობს: დორსალურ ვენებს – vv. dorsales, რომლებსაც სისხლი მოაქვთ ზურგის კუნთებიდან და კანიდან, ხერხემლის ვენური წნულიდან – plexus venosi vertebrales – მალთაშუა ტოტით – v. intervertebralis, და ზურგის ტვინისა და მისი გარსებიდან – ზურგის ტვინის ტოტებით – rr. spinales.

ნეკნთაშუა უკანა მარჯვენა ვენები – vv. intercostales posteriores dextrae, და მარჯვენა ნეკნქვეშა ვენა – v. subcostalis dextra, ერთვიან კენტ ვენას – v. azygos.

ნეკნთაშუა უკანა მარცხენა ვენებს – vv. intercostales posteriores sinistrae, ასევე მარცხენა ნეკნქვეშა ვენას – v. subcostalis sinistra, სისხლი მოაქვთ ნახევრად კენტ ვენაში – v. hemiazygos. დანარჩენი ნეკნთაშუა უკანა ვენები ერთვიან დამატებით ნახევრად კენტ ვენას – v. hemiazygos accessoria. გარდა ამისა, ზედა ნეკნთაშუა სივრცეებიდან სისხლი გაედინება ნეკნთაშუა ზემდებარე მარჯვენა და მარცხენა ვენებში – vv. intercostales supremae dextra et sinistra.

ნეკნთაშუა ზემდებარე მარცხენა ვენა – v. intercostalis suprema sinistra, სისხლს კრებს 3 – 4 ნეკნთაშუა ზემო ვენებიდან და ერთვის კენტ ვენას – v. azygos, ან ნახევრად კენტ ვენას – v. hemiazygos.

ნეკნთაშუა ზემდებარე მარჯვენა ვენა – v. intercostalis suprema dextra, სისხლს კრებს 2 – 3 ნეკნთაშუა ზემო ვენებიდან და ერთვის მარჯვენა მხარ – თავის ვენას – v. brachiocephalica dextra, იშვიათად – კენტ ვენას – v. hemiazygos.

 

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.