ლიმფური სისტემა

ადამიანის ნორმალური ანატომია. ლიმფური სისტემა Systema lymphaticum  Lymphatic system

ლიმფური სისტემა – სისხლძარღვთა სისტემის ნაწილი; მონაწილეობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში, გამოაქვს უჯრედებიდან და ქსოვილებიდან ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროდუქტები, ასევე უცხო სხეულები (ბაქტერიები), რომლებიც აღწევენ სისხლძარღვთა სისტემაში >>>>

ლალი დათეშიძე

ლიმფური სისტემა – systema lymphaticum სისხლძარღვთა სისტემის ნაწილია. მონაწილეობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში, გამოაქვს უჯრედებიდან და ქსოვილებიდან ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროდუქტები, ასევე უცხო სხეულები (ბაქტერიები), რომლებიც აღწევენ სისხლძარღვთა სისტემაში.

ლიმფურ სისტემას მიეკუთვნება:
1. ლიმფური კაპილარები – უწვრილესი ლიმფურ ძარღვებია, რომელთა კედლები აგებულია მხოლოდ ენდოთელური უჯრედებისაგან. ლიმფური კაპილარები, მრავალჯერადად უკავშირდებიან ერთმანეთს და ყველა ორგანისა და ქსოვილში წარმოქმნიან სხვადახვა კაპილარულ ლიმფურ ქსელებს.
2. ლიმფური ძარღვები – vasa lymphatica, წარმოიქმნებიან ლიმფური კაპილარების შერწყმით. ლიმფური ძარღვების კედელი უფრო თხელია სისხლძარღვების კედელზე და შედგება სამი გარსისაგან: შიგნითა – tunica intima, ენდოთელური; შუა, – tunica media, წარმოქმნილი უპირატესად ირგვლივი გლუვი კუნთოვანი ბოჭკობით, ელასტიკური ბოიჭკოების შერევით; გარეთა, – ადვენტიციური – tunica externa, s. adventitia, რომლის შემადგენლობაში შედის შემაერთებელქსოვილოვანი კონები, ელასტიკური გასწვრივი კუნთოვანი ბოჭკოები. ლიმფური ძარღვები მომარაგებულია დიდი რაოდენობის წყვილი ნამგლისებრი სარქველებით, რომლებიც ლიმფას ატარებენ მხოლოდ ცენტრალური მიმართულებით, აქვთ ძარღვთა ძარღვები vasa vasorum და ნერვები. ლიმფური ძარღვები კრებენ ლიმფას ამა თუ იმ მიდამოს ლიმფური კაპილარებიდან და მიაქვთ მსხვილი ლიმფური სადინრების მიმართულებით. არჩევენ ზედაპირულ ლიმფურ ძარღვებს – vasa lymphatica superficialia, რომლებიც მდებარეობენ კანქვეშა შემაერთებელ ქსოვილში, და ღრმა ლიმფურ ძარღვებს, – vasa lymphatica profunda, რომლებიც განლაგებულნი არიან მსხვილი არტერიული ღეროების გაყოლებაზე. ლიმფური ძარღვები უერთდებიან ერთმანეთს, წარმოქმნიან წნულებს კანქვესა შემაერთებელ ქსოვილში, ორგანოებსა და სისხლძარღვთა გაყოლებაზე. ზედაპირული და ღრმა ლიმფური ძარღვები და მათი წნულები ქმნიან ანასტომოზებს ერთმანეთთან.
3. ლიმფური კვნძები – nodi lymphatic, განლაგებულნი არიან ზდაპირული და ღრმა ლიმფური ძარღვების გზაზე და მათი გავლით ღებულობენ ლიმფას იმ ქსოვილებიდან, ორგანოებიდან ან სხეულის ნაწილებიდან, საიდანაც ეს ძარღვები იწყებიან. ამიტომ მათ ეწოდებათ რეგიონული ლიმფური კვანძები. ლიმფურ კვანძში არჩევენ ლიმფურ ძარღვებს, რომლებიც შედიან მასში და ლიმფურ ძარღვებს რომლებიც გამოდიან მისგან. პირველებს ეწოდება მომტანი ძარღვები – vasa afferentia, და მათ მიაქვთ ლიმფა კვანძისაკენ, მეორეებს ეწოდება გამომტანი ძარღვები – vasa efferentia, და მათ ლიმფა გამოაქვთ კვანძიდან. ამგვარად, ლიმფური ძარღვები ლიმფურ კვანძებში წყდებიან, რაც წარმოადგენს ლიმფური სისტემის ერთ – ერთ დამახასიათებელ თავისებურებას. ლიმფურ კვანძებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა ფორმა და ზომა. თითოეულ კვანძს აქვთ კაფსულა – capsula, რომელიც წარმოადგენს მჭიდრო შემაერთებელქსოვილოვან გარსს გლუვი კუნთოვანი ბოჭკოების შერევით; ეს უზრუნველყოფს კვანძის შეკუმშვის უნარსა და ლიმფური სითხის აქტიურ გადაადგილებას. კაფსულიდან კვანძის სისქეში გადიან მორჩები – ხარიხები – trabeculae, რომლებიც ერთდებიან და წარმოქმნიან კვანძის ჩონჩხს. კვანძის ადგილი, სადაც მისგან გამოდიან გამომტანი ლიმფური ძარღვები და შედიან ძარღვები და ნერვები, კარი – hilus. ეწოდება. კვანძის ძირითად მასას წარმოქმნის ლიმფური ქსოვილი, რომელიც ავსებს ხარიხებშორის სივრცეებს. იგი წარმოქმნის მოწითალო-ყვითელი ფერის, ქერქოვან ნივთიერებას – cortex, და ტვინოვან ნივთიერებას – medulla, რომელსაც მოწითალო ფერი აქვს. კაფსულას, ხარიხებსა და ლიმფურ ქსოვილს შორის არსებობს თავისუფალი სივრცე, რომელიც ენდოთელიუმითაა ამოფენილი. კვანძში შესული ლიმფა შემოუვლის კვანძის ლიმფოიდურ ქსოვილს,  თავისუფლდება უცხო სხეულებისაგან (ბაქტერიები, სიმსივნის უჯრედების და სხვ.) და ლიმფოციტებით გამდიდრებული, გაედინება კვანძიდან გამომტანი ძარღვებით. ლიმფური ძარღვები, რომლებსაც მიაქვთ ლიმფა რეგიონული ლიმფური კვანძებიდან, ერთდებიან მსხვილ ლიმფურ ღეროებად და საბოლოო ჯამში წარმოქმნიან ორ მსხვილ ლიმფურ სადინარს; ესენია: გულმკერდის სადინარი – ductus thoracicus, და მარჯვენა ლიმფური სადინარი – ductus lymphaticus dexter.

გულმკერდის სადინარი – ductus thoracicus კრებს ლიმფას ორივე ქვემო კიდურიდან, მუცლისა და მენჯის ღრუს ორგანოებიდან და კედლებიდან, მარცხენა ფილტვიდან, გულის მარცხენა ნახევრიდან, გულმკერდის მარცხენა ნახევრის კედლიდან, მარცხენა ზემო კიდურიდან და კისრისა და თავის მარცხენა ნახევრებიდან. გულმკერდის სადინარი წარმოიქმნება მუცლის ღრუში, წელის მეორე მალის დონეზე სამი ლიმფური ძარღვის შეერთებით: წელის მარცხენა ღეროს და წელის მარჯვენა ღეროს – truncus lumbalis sinister et truncus lumbalis dexter, და ერთი კენტი ნაწლავის ღეროსაგან – truncus intestinalis. წელის მარცხენა და მარჯვენა ღეროები კრებენ ლიმფას ქვემო კიდურებიდან, მენჯის ღრუს კედლებიდან და ორგანოებიდან, მუცლის კედლიდან, ზურგის ტვინის არხის წელისა და გავის ნაწილებიდან და ზურგის ტვინის გარსებიდან. ნაწლავის ღერო კრებს ლიმფას მუცლის ღრუს ყველა ორგანიდან. წელის ორივე და ნაწლავის ღეროები შეერთებისას წარმოქმნიან გულმკერდის სადინრის გაფართოებულ ნაწილს, რომელსაც წრბოლის ცისტერნა – cistema ductus thoracici ეწოდება და რომელიც ხშირად საერთო არ არსებობს. და მაშინ აღნიშნული სამი ღერო ერთვიან უშუალოდ გულმკერდის სადინარს. წრბოლის ცისტერნა მდებარეობს მალების სხეულების წინა ზედაპირზე, დაწყებული წელის მეორე მალიდან გულმკერდის მეთერთმეტე მალამდე, შუასაძგიდის ფეხებს შორის ადგილამდე. ცისტერნის ქვემო ნაწილი ძევს აორტის უკან, ზემო – მისი მარჯვენა კიდის გასწვრივ. ზემოთ გულმკერდის სადინრის ცისტერნა ვიწროვდება და გრძელდება უშუალოდ გულმკერდის სადინარში – ductus thoracicus. გულმკერდის სადინარი აორტასთან ერთად შუასაძგიდის აორტული ხვრელით – hiatus aorticus diaphragmatis გადის გულმკერდის ღრუში. გულმკერდის ღრუში გულმკერდის სადინარი ძევს უკანა შუასაყარში, აორტის მარჯვენა კიდის გასწვრივ, აორტასა და კენტ ვენას შორის, მალების სხეულების წინა ზედაპირზე. აქ გულმკერის სადინარი გადაუვლის მარჯვენა ნეკნთაშუა არტერიების წინა ზედაპირს. გულმკერდის სადინარი მიემართება ზემოთ, იხრება მარცხნივ, წვება საყლაპავი მილის უკან და გულმკერდის მესამე მალის დონეზე მდებარეობს მისგან მარცხნივ და მიემართება კისრის მეშვიდე მალის დონემდე. აქ გულმკერდის სადინარი ბრუნდება წინ, შემოუვლის პლევრის მარცხენა გუმბათს, გაივლის მარცხენა საერთო საძილე არტერიასა და მარცხენა ლავიწქვეშა არტერიას შორის და ჩაერთვება მარცხენა ვენურ კუთხეში (შიგნითა საუღლე ვენისა და ლავიწქვეშა ვენის შეერთების ადგილი). გულმკერდის ღრუში VII-VIII მალების დონეზე გულმეკრდის სადინარი შესაძლოა გაიყოს ორ ან რამოდენიმე ღეროდ, რომლებიც შემდგომ კვლავ ერთდებიან. გულმკერდის სადინარი გულმკერდის ღრუში ღებულობს ნეკნთაშუა ლიმფურ ძარღვებს, ასევე მსხვილ ბრონქ – შუასაყარის ღეროს – truncus bronchomediastinalis, იმ ორგანოებიდან, რომლებიც მოთავსებულნი არიან გულმეკერის ღრუს მარცხენა ნახევარში (მარცხენა ფილტვი, გულის, საყლაპავის და სასულეს მარცხენა ნახევარი) და ფარისებრი ჯირკვლიდან. ლავიწზედა მიდამოში, მარცხენა ვენურ კუთხეში შერთვის ადგილზე, გულმკერდის სადინარი თავის შემადგენლობაში ღებულობს კიდევ ორ მსხვილ ლიმფურ ძარღვს:
1. მარცხენა ლავიწქვეშა ღეროს – truncus subclavius sinister, რომელიც ლიმფას კრებს მარცხენა ზემო კიდურიდან;
2. მარცხენა საუღლე ღეროს – truncus jugularis sinister, – თავისა და კისრის მარცხენა ნახევრებიდან.

გულმკერდის სადინრის სიგრძე 35 – 45 სმ-ია. მისი სანათურის დიამეტრი ყველგან ერთნაირი არ არის: გარდა საწყისი გაფართოებისა, რომელსაც წრბოლის ცისტერნა – cistema ductus thoracici ეწოდება,  მას აქვს კიდევ რამდენიმე გაფართოება ბოლო ნაწილში. სადინრის გაყოლებაზე განლაგებულია დიდი რაოდენობით ლიმფური კვანძები. ლიმფის მოძრაობა ხორციელდება ერთის მხრივ, გულმკერდის ღრუში და მსხვილ ვენებში არსებული უარყოფითი წნევის შედეგად, მეორეს მხრივ – შუასაძგიდის ფეხების პრესული მოქმედებით და სარქველების არსებობით. სარქველები გულმკერდის სადინრის მთელს გაყოლებაზეა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი მის ზემო ნაწილშია. სარქველები განლაგებულია სადინრის შეერთების ადგილას მარცხენა ვენურ კუთხეში და ეწინააღმდეგებიან ლიმფის უკუდინებას და სისხლის გადასვლას ვენებიდან გულმკერდის სადინარში.

მარჯვენა ლიმფური სადინარი – ductus lymphaticus dexter მოკლე, 1- 1,5 სმ და 2 მმ დიამეტრის მქონე ლიმფური ძარღვია, რომელიც მდებარეობს მარჯვენა ლავიწზედა ფოსოში და ერთვის მარჯვენა ვენურ კუთხეს (შიგნითა საუღლე ვენისა და ლავიწქვეშა ვენის შეერთების ადგილი). მარჯვენა ლიმფური სადინარი კრებს ლიმფას მარჯვენა ზემო კიდურიდან, თავისა და კისრის მარჯვენა ნახევრებიდან და გულმკერდის მარჯვენა ნახევრიდან. მას წარმოქმნიან შემდეგი ლიმფური ღეროები:
1. მარჯვენა ლავიწქვეშა ღერო – truncus subclavius dexter, რომელსაც მიაქვს ლიმფა ზემო კიდურიდან;
2. მარჯვენა საუღლე ღერო – truncus jugularis dexter, – თავისა და კისრის მარჯვენა ნახევრიდან.
3. მარჯვენა ბრონქ – შუასაყარის ღერო – truncus bronchomediastinalis dexter,- კრებს ლიმფას გულის მარჯვენა ნახევრიდან, მარჯვენა ფილტვიდან, საყლაპავის მარჯვენა ნახევრიდან და სასულეს ქვემო ნაწილიდან, ასევე გულმკერდის ღრუს მარჯვენა ნახევრის კედლებიდან.

მარჯვენა ლიმფურ ღეროს აქვს სარქველები. ლიმფური ღეროები, რომლებიც წარმოქმნიან მარჯვენა ლიმფურ სადინარს, შესაძლოა შეუერთდნენ ერთმანეთს აღნიშნული ლიმფური სადინრის შექმნამდე.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.