კავა-კავალური და პორტო-კავალური ანასტომოზები

ადამიანის ნორმალური ანატომია. კავა-კავალური და პორტო-კავალური ანასტომოზები

კავა-კავალური და პორტო-კავალური ანასტომოზები – ანასტომოზები ზემო და ქვემო ღრუ ვენებს შორის, ანასტომოზები კარის ვენის სისტემასა და ზემო და ქვემო ღრუ ვენებს შორის >>>>

ლალი დათეშიძე

ანასტომოზები ზემო და ქვემო ღრუ ვენებს შორის

1. ზემო ღრუ ვენა – vena cava superior ქმნის ანასოტომოზურ კავშირს ქვემო ღრუ ვენასთან – vena cava inferior ტანის წინა გვერდითი კედლების ვენებით. ჭიპის არეში არსებულ ვენურ წნულში არსებობს ანასტომოზები ზემო და ქვემო ეპიგასტრულ ვენებს შორის. ქვემო ეპიგასტრული ვენები – V. epigastrica inferior, რომლებიც მიემართებიან თეძოს გარეთა ვენებში – V. iliaca externa, მათგან კი – თეძოს საერთო – V. ILIACA COMMUNIS და ქვემო ღრუ ვენაში, ეანასტომოზებიან ზემო ეპიგასტრულ ვენებს – Vv. epigastricae superiores, რომლებიდანაც სისხლი გულმკერდის შიგნითა ვენებითა და მხარ – თავის ვენებით გადაედინება ზემო ღრუ ვენაში. ზედაპირული ეპიგასტრული ვენები – V. epigastrica superficialis, რომლებიც ერთვიან ბარძაყის ვენებს, მათგან კი გადადიან თეძოს, შემდეგ კი ქვემო ღრუ ვენაში, ჭიპის მიდამოში ეანასტომოზებიან კანის ვენებს, რომლებიც ერთვიან გულმკერდის შიგნითა ვენას  – Vv. thoracicae internae ზემო ღრუ ვენის სისტემიდან. გულმკერდ – ეპიგასტრული ვენა – v. thoracoepigastrica, რომელიც მიყვება გულმკერდისა და მუცლის გვერდით კედელს, აკავშირებს ბარძაყის ვენას – V. femoralis (ქვემო ღრუ ვენის სისტემა) იღლიის ვენასათან – V. axillaris (ზემო ღრუ ვენის სისტემა)

2. კენტი და ნახევრად კენტი ვენების სისტემა წარმოადგენს საკმაოდ კარგად განვითარებულ ანასოტმოზს ზემო და ქვემო ღრუ ვენებს შორის. კენტი ვენა – VENA AZYGOS, რომელიც თავის შემადგენლობაში ღებულობს ნახევრად კენტ – V. hemiazygos და მარჯვენა ნეკნთაშუა ვენებს, ერთვის უშუალოდ ზემო ღრუ ვენას. კენტი და ნახევრად კენტი ვენების საწყის ნაწილებს წარმოადგენს წელის ასწვრივი ვენები – V. lumbalis ascendens; ეს ვენები ქმნიან ანასოტმოზს წელის ვენებთან – Vv. lumbales, რომლებიც უშუალოდ ერთვიან ქვემო ღრუ ვენას, ასევე უკავშირდებიან თეძოს საერთო ვენებს.

3. ხერხემლის გარეთა და შიგნითა ვენური წნულები წარმოადგენენ უწყვეტ ჯაჭვს, რომელიც იწყება კეფის დიდი ხვრელიდან – Foramen magnum და გრძელდება გავის არხის – Canalis sacralis  ბოლომდე. მკერდის არეში სისხლი ხერხემლის ვენური წნულებიდან გადადის ნეკნთაშუა უკანა ვენებში – Vv. intercostales posteriores; ეს უკანასკნელნი უერთდებიან კენტ და ნახევრად კენტ ვენებს და შემდეგ – ზემო ღრუ ვენას. წელის ნაწილში ხერხემლის ვენური წნულები უერთდებიან წელის ვენებს, რომლებიც ერთვიან ქვემო ღრუ ვენას. გავის ნაწილში ხერხემლის ვენური წნულები ეანასტომოზებიან გავის ლატერალურ და შუა ვენებს, რომლებსაც სისხლის მიაქვთ ქვემო ღრუ ვენის სისტემაში. ამგვარად, ანასტომოზების დიდი რაოდენობის წყალობით, ხერხემლის წნულების გავლით მყარდება ფართო კავშირი ქალას ღრუს ვენებსა და მცირე მენჯის ვენებს შორის.

ანასტომოზები კარის ვენის სისტემასა და ზემო და ქვემო ღრუ ვენებს შორის

1. კარის ვენა ზემო და ქვემო ღრუ ვენებთან ამყარებს ანასოტომოზურ კავშირს ჭიპისახლო – vv. paraumbilicales, ვენების საშუალებით. ჭიპისახლო ვენების ცენტრალური ბოლო უერთდება კარის ვენას ან მის მარცხენა ტოტს.

2. კარის ვენა ზემო ღრუ ვენის სისტემასთან ანასტომოზურ კავშირს ამყარებს საყლაპავის ვენებით. საყლაპავის ვენები წარმოქმნიან ვენურ წნულს

3. კარის ვენა ქვემო ღრუ ვენასთან ამყარებს ანასოტმოზურ კავშირს სწორი ნაწლავის ვენური წნულით. სწორი ნაწლავის ქვემო და შუა ვენებს სისხლი მიაქვთ თეძოს შიგნითა ვენებში და ქვემო ღრუ ვენის სისტემაში. წნულის ზედა ნაწილიდან სისხლი კარის ვენის სისტემაში გადადის ჯორჯლის ქვემო ვენით.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.